x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122661
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
ირანელი ქალები ქალწულობაზე ტესტირებას აპროტესტებენ
image

ძალიან კონსერვატიულ და დახურულ ირანულ საზოგადოებაში, ქორწინებამდე უბიწოების შენარჩუნება მრავალი გოგონასა და მათი ოჯახის ღირებულებითი სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ზოგიერთი მამაკაცი ითხოვს პატარძალმა ქორწინებამდე მიაწოდოს უბიწოების სამედიცინო ცნობა - მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ პრაქტიკას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. თუმცა ბოლო დროს ქვეყნის სულ უფრო მეტი მაცხოვრებელი ღიად ეწინააღმდეგება მსგავს შემოწმებებს.



"მომატყუე ცოლა მოგიყვანე, დამიმალე, რომ ქალწული არ იყავი! არავინ დაქორწინდებოდა შენზე, სიმართლე რომ სცოდნოდათ", - დაიყვირა მარიამის ქმარმა ქორწილის ღამის შემდეგ, როდესაც ზეწარზე სისხლის კვალი ვერ აღმოაჩინა.


მარიამი ცდილობდა ქმარი დაერწმუნებინა, რომ ის მისი პირველი მამაკაცი იყო და აქამდე სექსი არასდროს ჰქონია, მაგრამ არ დაუჯერა და ქალიშვილობის ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მიტანა მოითხოვა. ირანში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი გოგონა ნიშნობის შემდეგ მიდის ექიმთან, რათა მან ოფიციალურად დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ მათ ჯერ არ დაუწყიათ სექსუალური აქტივობა.



და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „ქალწულობის მოწმობას“ არ აქვს სამეცნიერო და სამედიცინო საფუძველი. ასე, მაგალითად, მარიამის მოწმობაში ნათქვამია, რომ მისი საქალწულე აპკი არის „ელასტიური ტიპის“, ანუ შეღწევისას ის მხოლოდ იჭიმება, მაგრამ არ ირღვევა, ამიტომ შესაძლოა სისხლი არ იყოს.


- მტკივნეულად შეეხნენ ჩემს ღირსებას, - დამწუხრებული ამბობს მარიამი, - არაფერში არ ვიყავი დამნაშავე, მაგრამ ქმარი განაგრძობდა ჩემს შეურაცხყოფას.

მარიამი საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს და ის გადაარჩინეს. "არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღეები. ამ დროს თითქმის 20 კილოგრამი დავიკელი", - ამბობს მარიამი.

image

მარიამის მსგავსი ისტორიები ბევრი ირანელი ქალისთვის საშინელი რეალობაა, რადგან მათი ოჯახები ყოველთვის შფოთავენ გოგონას ქორწინებამდე უბიწოების შენარჩუნებაზე. ეს არის ღირებულება, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული კონსერვატიულ კულტურაში. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ყველაფერი შეიცვალა. ირანში არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც სულ უფრო და უფრო ეწინააღმდეგებიან „ქალწულობის დამტკიცების“ პრაქტიკას. შესაბამის პეტიციას, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, პირველ თვეში 25000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. ასე ფართოდ და ღიად ქალწულობის ტესტები ირანში არასოდეს ყოფილა განხილული.


„ეს არის პირადი საზღვრების უხეში დარღვევა და ეს პრაქტიკა დამამცირებელია“, - განაცხადა ნედამ. რომელმაც აღიარა, რომ ქალიშვილობა 17 წლის ასაკში დაკარგა, სტუდენტობის პერიოდში, მაშინდელ მეგობარ ბიჭთან ურთიერთობის შემდეგ.


-პანიკაში ჩავვარდი, - ამბობს ნედა, - იმ აზრმა, რომ ჩემი ოჯახი ამას გაიგებდა, შემაშინა.

ნედამ გადაწყვიტა ქალიშვილობის აღდგენა პლასტიკური ქირურგის დახმარებით. ტექნიკურად, ეს პროცედურა ლეგალურია ირანში, მაგრამ ის სავსეა საზოგადოებრივი აზრის სერიოზული დაპირისპირების რისკით, ხოლო საავადმყოფოები არ არიან მზად ასეთი რისკის მისაღებად.


ამიტომ ნედას კერძო კლინიკის ძებნა მოუწია, სადაც ოპერაციისთვის უზარმაზარი თანხა მოთხოვეს.

"[პროცედურის გადასახდელად] მთელი ჩემი დანაზოგი დავხარჯე, - იხსენებს გოგონა. " გავყიდე ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი და ჩემი ოქროს სამკაულები."

image

ამასთანავე გოგონამ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი სრულად იყო პასუხისმგებელი ოპერაციის შედეგებზე ან იმ შემთხვევაშიც, თუ პროცედურის დროს რაიმე არასწორედ წარიმართებოდა.

თავად პროცედურას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა, მაგრამ ნედა კიდევ რამდენიმე კვირა ვერ გამოჯანმრთელდა, მას ტკივილები აწუხებდა მუცლის ქვედა ნაწილში – ისე, რომ ფეხებს ძლივს ამოძრავებდა. მშობლებისთვის სიტყვაც არ უთქვამს.

"ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, ვფიქრობ, მშობლების შიში ძალიან დამეხმარა ტკივილთან გამკლავებაში", - იხსენებს ნედა.


თუმცა გოგონას მთელი ტანჯვა ამაო იყო. ერთი წლის შემდეგ იგი შეხვდა მამაკაცს, რომელმაც მასზე დაქორწინება ისურვა, მაგრამ ქორწილის ღამის შემდეგ ზეწარზე სისხლი ვერ აღმოაჩინეს. მხოლოდ მაშინ მიხვდა გოგონა, რომ პლასტიკური ოპერაცია ტყუილად გაიკეთა.

„ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ მას მოტყუებით მივთხოვდი, დამადანაშაულა ტყუილში და მიმატოვა“, - ამბობს ნედა.


ჯანმო „ქალწულობის მოწმობებს“ არაეთიკურ და მეცნიერულად დაუმტკიცებელ პრაქტიკად მიიჩნევს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული არა მარტო ირანში, არამედ ზოგიერთ სხვა უპირატესად მუსულმანურ ქვეყანაში, როგორიცაა ინდონეზია, თურქეთი ან ერაყი. ირანის სამედიცინო ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქალიშვილობის ტესტები ტარდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - მაგალითად, გაუპატიურებაზე ბრალდების გამოძიების დროს.


თუმცა, ქალწულობის დამადასტურებელი ცნობა კვლავ მოთხოვნადია წყვილებისთვის, რომლებიც აპირებენ დაქორწინებას. ამიტომ ახალგაზრდები მიმართავენ კერძო კლინიკებს - ხშირად საკუთარი დედების თანხლებით.


გინეკოლოგი ან ბებიაქალი ატარებს გამოკვლევას, რის შედეგადაც გაიცემა ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია ქალის სრული სახელი, მამის სახელი, პასპორტის ნომერი და ზოგჯერ ერთვის ფოტოსურათი. გასინჯვისას პაციენტის საქალწულე აპკის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ ექიმი გამოსცემს დასკვნას: „ეს გოგონა დიდი ალბათობით ქალწულია“. ყველაზე კონსერვატიულ ოჯახებში მოწმობას დამატებით ხელს აწერს ორი მოწმე - ყველაზე ხშირად პატარძლისა და სიძის დედები.



დოქტორი ფარიბა უკვე მრავალი წელია გასცემს ასეთ სერთიფიკატებს. ის აღიარებს, რომ ეს დამამცირებელი პრაქტიკაა, მაგრამ თვლის, რომ ეს რეალურად ბევრ ქალს ეხმარება. „ოჯახის ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან, ხანდახან ფაქტობრივად მივდივარ გაყალბებაზე: როცა ვხედავ წყვილს, რომელიც სექსუალურად აქტიურია და აპირებს დაქორწინებას, ახალდაქორწინებულთა თხოვნით, მათ ოჯახებს ვეუბნები, რომ გოგონა ქალწულია. ”- აღიარებს ექიმი.


ბევრი ირანელი მამაკაცისთვის ქალწულზე დაქორწინება ჯერ კიდევ პრინციპული საკითხია. "თუ გოგომ ქალიშვილობა გათხოვებამდე დაკარგა, მისი ნდობა არ შეიძლება. მას შეუძლია ქმარი მიატოვოს და სხვა კაცს მგაეკიდოს ", - ამბობს 34 წლის ალი, ელექტრიკოსი შირაზიდან. თავადაც აღიარებს, რომ 10 გოგოსთან ჰქონდა სექსი, რადგან „წინააღმდეგობა ვერ გაუწია საკუთარ თავს“.

ალი აღიარებს, რომ ირანულ საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტებია, მაგრამ ტრადიციების მიტოვების მიზეზს ვერ ხედავს. „სოციალური ნორმები ადგენს იმ ფაქტს, რომ მამაკაცს უფრო მეტი თავისუფლება აქვს ვიდრე ქალს“, - განმარტავს ის.


ქალწულობის ტესტირების წინააღმდეგ მზარდი პროტესტის მიუხედავად, ბევრი ირანელი თვლის, რომ ეს პრაქტიკა ღრმად არის ფესვგადგმული ადგილობრივ კულტურაში და მისი აკრძალვა ხელისუფლების მხრიდან კიდევ დიდხანს არ არის მოსალოდნელი.

0
346
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0