x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121409
  • ვიდეო:354790
  • სურათი:493433
კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები – I ნაწილი

image


* ბნაინცვაჰა (აფხ.) – ტყის ღმერთი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და მის ბინადართ განაგებს. აფხაზი ტყეში შესვლის ან იქ ღამის გათევის შემთხვევაში აბნა ინცვახუს მფარველობას შესთხოვს. აფხაზების ყოფაში ბოლო ხანებამდე წესად იყო მიღებული ყოველი ათასი სული საქონლიდან ასი ტყეში გაეშვათ ამ ღვთაების სახელზე, რასაც ისინი მათი წინაპრებისაგან, ნართებისაგან, მომდინარედ მიიჩნევდნენ (ნართულ გადმოცემებში დაცული ეს ჩვეულება ერთადერთი ცნობაა ნართებში მსხვერპლშეწირვის არსებობის თაობაზე).
ნადირობისა და გარეული ცხოველების მფარველი აფხაზური ღვთაება ზოგჯერ „აბნა ინცვაჰად“ იწოდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადიღეელების ღვთაება მეზითხი ნადირთა მფარველის გარდა ტყის ბატონადაც ითვლებოდა, „აბნა ინცვაჰა“ შეიძლება აჟვეიფშაას მეორე სახელადაც მივიჩნიოთ.
* დაუშჯერჯი /ჯარჯ-ი / აუშიჯერ-ი / აუშიგერ-ი (ადიღ. Даущджэрджий, Джэрдж, Аущыджэр, Аущыгьэр ) – წმინდა გიორგი – მამაკაცთა ღვთაება, მოთარეშეთა და მონადირეთა მფარელი ადიღურ მითოლოგიაში;
ჩერქეზეთში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან წარმოადგენდა ზეკოთჰასა და მეზითჰას დუბლიკატს. რიგ სიუჟეტებში დაუშჯერჯი გვევლინება მონადირედ ან მონადირეთა მფარველად, რომლის შეხებითაც გმირის იარაღი უფრო ბასრი ხდება.
წმ. გიორგის თაყვანისცემაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ადიღთა შორის XIX ს-ის შუახანებში სახელი გიორგი ფართოდ იყო გავრცელებული. ამასვე მოწმობს ყაბარდოში არსებული სოფლის „აუშიგერის“ სახელწოდებაც.
* დიდება – წვიმის გამოწვევის მესხურ-ჯავახური რიტუალი – საწესო მსვლელობა სიმღერით. ხანგრძლივი გვალვების დროს, როდესაც წვიმის მოსვლას ლაზარობის გამართვა ვერ უზრუნველყოფდა, ასრულებდნენ ე. წ. დიდებას. საამისოდ, ასაკმოყრილი დედაკაცები ფეხშიშველა დაივლიდნენ სოფელს სიმღერით: „ღმერთო, მოგვეც ტალახი, აღარ გვინდა გოროხი“.
შემდეგ ქვრივი ქალები გუთანს შეებმებოდნენ და მას წყალში გაატარებდნენ; ერთი მათგანი გუთნისდედა იყო და წყალში მარცვლებს ყრიდა, თითქოს, თესავდა. სოფლის ქალები მათ წყლით წუწავდნენ.
ასეთივე რიტუალი სრულდებოდა კამბეჩოვანშიც, სადაც დიდებაზე მოსიარულე ფეხშიშველა დედაკაცებს ხალხი ფულით ასაჩუქრებდა. ამ ფულით ისინი „საღვთოს“ ყიდულობდნენ და ელიას სწირავდნენ.
გვალვების დროს იცოდნენ აგრეთვე უპატრონო მკვდრის საფლავიდან მიწის ამოღება და ამ მიწით ტლაპოს გაკეთება. წვიმის გამოწვევის სხვა ხერხი იყო ხუთშაბათ დღეს უცხო ადამიანის საფლავზე კუტი ბავშვების დაბანა (სოფ. კოთელიაში ვირებს აბანავებდნენ).
„დიდებაზე სიარული“ იცოდნენ მძიმე ავადმყოფობის დროსაც: ხატს შეუთქვამდნენ
„დიდებას“ და, ამ მიზნით, ორი ქალი სოფელს დაივლიდა.
ყოველ ოჯახში მისვლისას იტყოდნენ: „დიდებას დავდივართ და რასაც გაიმეტებთ, გვიწყალობეთ“. ასე აგროვებდნენსანთელს, ფულს, კვერცხებს, ყველს და სხვა სანოვაგეს.
ამ შესაწევარს გაყიდდნენ და ავადმყოფისთვის თეთრი ფერის ტანისამოსს შეიძენდნენ. ასეთ სამოსში გამოწყობილი დაავადებულს, რომელსაც ხელში კელაპტარი ეკავა, ხატთან მიიყვანდნენ და განკურნებას შეთხოვდნენ. ავადმყოფი თეთრ სამოსს იქვე გაიხდიდა და დატოვებდა.
* ელსირათ-ი დიგ. (ოს. Елсират) – მკვდართა საუფლოში სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ბეწვის ხიდი, რომელიც „სულის ცხენის“ დამკურთხებლის მიერ წარმოთქმულ საწესო მიმართვაში ზოგჯერ „ახალი ხიდის“ სახელით იწოდება. ელსირათი არის მინის ძალზე წვრილი ძაფი, გადებული საშინელ უფსკრულზე, საიდანაც აალებულ ტბაში მყოფ ადამიანთა სხეულებს შემოხვეული ცეცხლოვანი გველები ჩანან.
სახილველად ამ ამაზრზენ სურათს საიქიოში მიმავალნი ვერ უძლებენ და ადვილად ხდებიან ჯოჯოხეთის მსახურთა მსხვერპლნი. ეშმაკები მათ ცეცხლოვან ტბაში თავდაღმა აგდებენ. ამიტომ საიქიოში მიმავალმა მიცვალებულმა ხიდი ელვისებურად უნდა განვლოს. ტერმინი „ელსირათი“ მომდინარეობს არაბული ალ-სირათ სიტყვიდან, რაც ნიშნავს – „ბეწვის ხიდი, რომელზედაც ცოდვილები ვერ გადადიან“.
* ეფშა (ადიღ. Епщэ – „შებერვა“) – ჩერქეზული ირაციონალური მკურნალობის წესი: ექიმბაშის მიერ გათვალულის „განთავისუფლება“ შელოცვითა და სულის შებერვით.
* ვათი ხიცაუ (ოს. Уаты хицау – „საძინებლის ანგელოზი“) – ცოლ-ქმრული კავშირის მფარველი ანგელოზი, რომელსაც საქორწილო რიტუალის დროს მიმართავენ.
ქორწილის ღამეს ხელისმომკიდეს პატარძალი ქმრის საძინებელ ოთახში შეჰყავდა და ტოვებდა რა იქ ახაშეუღლებულებს მარტო, და ილოცებოდა: „დე, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დე, ვერაფერი დაგაკლონ ავსულებმა. ღმერთმა გაშოროთ შეყვარებული ცოლ-ქმრისთვის უღირსებო, ბიწიერი აზრი. დე, ღმერთმა ჯანმრთელი ვაჟებით დაგაჯილდოონ. დე, ვათი-ხიცაუ იყოს თქვენი სიყვარულის მოწმე და მფარველი!“.
image
* ადამი და ანამი (აფხ.) – დედამიწაზე გაჩენილი პირველი ადამიანები (ცოლ-ქმარი) აფხაზური ეტიოლოგიური გადმოცემების მიხედვით (ბიბლიური თქმულება).
მათ გაუჩნდათ სამი ვაჟი, და, რადგან იმ უხსოვარ დროში საჭმელი ჯერ კიდევ არ იყო, შვილებს ჰაერით კვებავდნენ.
ერთხელაც ეშმაკმა ადამს წითელი ვაშლი მისცა. ვაშლნაჭამმა ადამმა ჩაისვარა. უფროსმა შვილებმა ასეთ მდგომარეობაში მყოფი მამა რომ იხილეს, იზიზღეს და გარეთ გავარდნენ; მხოლოდ უმცროსმა დაბანა იგი.
ადამმა უფროსი ვაჟები დაწყევლა, შრომა არ მოგაკლოთ ღმერთმაო, ხოლო უმცროსი დალოცა, ჯაფა ნუმც გენახოს, თავი ისე გერჩინოსო.
ასე რომ, ბევრის მშრომელი ადამიანები ადამის უფროსი ვაჟების შთამომავლები არიან, უჯაფოდ თავის მარჩენელნი – უმცროსისა.
* შაკობზა (ადიღ. ШэкIуабз/ЩакIуэбзэ; шэкIуа/щакIуэ – „მონადირე“, бзэ – „ენა“; ) – ადიღ მონადირეთა საიდუმლო, ქარაგმული ენა, რომელშიც საგნები და მოვლენები, ასე თუ ისე დაკავშირებული ნადირობასთან, მეტაფორულად აღინიშნებიან.
როგორც ვხედავთ, შაკობზა არის არა რაიმე განსაკუთრებული ენა, არამედ იგი გენეტიკურად ტაბუსა და ევფემიზმის მოვლენებს (ცალკეული სიტყვების წარმოთქმის აკრძალვასა და სხვა სიტყვებით მათ შეცვლას) უკავშირდება, რის შედეგადაც წარმოიქმნებიან მოცემული ენის სისტემიდან აღებული, მაგრამ ახალი სპეციალიზაციის მქონე სუბსტიტუტები.
მკვლევართა აზრით, ეს მოვლენა ანიმისტური წარმოდგენების წიაღში დაიბადა. ძირითადი ფსიქოლოგიური პირობები, რომლებშიც ნადირობის დროს სიტყვიერი აკრძალვები წარმოიშობა, დ. ზელენინის მიხედვით, „ეს არის პირველყოფილი ადამიანის რწმენა, რომ ცხოველებს ესმით და გაეგებათ ადამიანური ენა“.
„სარეწაო ცხოველების სახელები, – აგრძელებს იქვე ავტორი, – აკრძალული იყო, რათა არ დაეფრთხოთ ეს ცხოველები და მათგან მონადირის განზრახვა დაემალათ.
მოგვიანებით განვითარდა წარმოების იარაღებთან და გარემოებებთან დაკავშირებული სიტყვიერი აკრძალვები, ანუ განვითარდა სარეწაო სამონადირეო ენა, როგორც რეწვის წარმატების უზრუნველმყოფელი პირობა“.
უნდა ითქვას, რომ სამონადირეო ენობრივი ტაბუ ამა თუ იმ ხარისხით მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო. მაგალითად, იგი კავკასიაში ადიღებთან შედარებით გაცილებით სრული მოცულობით შემონახულია ქართველებში (განსაკუთრებით სვანებში), ოსებში და აფხაზებში.
* ფოთლით ცეკვა (გურ.) – საგაზაფხულო ეროტიკული ცეკვა, რომელსაც სათამაშოდ შეკრებილი გურულები აღდგომიდან ახალკვირამდე ასრულებდნენ.
ა. წულაძის აღწერის თანახმად, „10-15 საცოლედ შეღერებული ჭაბუკი სათამაშოდან მოშორებით ერთ-ერთ კარგ მოცეკვავე ვაჟს მთლიანად მორთავდნენ მწვანე ფოთლებით, დაამსგავსებდნენ ადამიანის ფიტულს, ქუდი და ქამარ-ხმალიც კი ფოთლებისაგან უნდა ყოფილიყო და ამავე დროს დამალული ჰქონოდა თავის ადგილას კარგა მოზრდილი მწვანე „ფალოსი“.
ვაჟი არ უნდა ეცნოთ. როცა ქალ-ვაჟი თავდავიწყებით უვლიდნენ, ამ ფოთლის ვაჟს შემოატარებდნენ, გაარღვევდნენ წრეს და საცეკვაო წრეში შეაგდებდნენ. ის დაიწყებდა ცეკვას და ვაჟს ქალს წაართმევდა, დაღლიდა ერთს, გაიწვევდა მეორეს, მესამეს და შეიძლება მეტსაც, და როცა თვითონაც დაღლას იგრძნობდა, მაშინ „ფალოსს“ იშიშვლებდა და იმათ ყველა მხრივ სალამს აძლევდა – „აბაბრიკებდა“.
შეიქმნებოდა ქალების წიოკი; დაირცხვენდნენ, მაგრამ ცალი თვალით მაინც უცქერდნენ; ვაჟები ჟრიამულობდნენ, იცინოდნენ, ამავე დროს წაეტანებოდნენ მას და ცდილობდნენ ფოთლის შემოგლეჯას, მაგრამ ის წრიდან თავის ტოლებს გაჰყავდათ. ზოგჯერ ვერც კი გაიგებდნენ, თუ ვინ ცეკვავდა“. ა. წულაძე სავსებით სამართლიანად ასკვნის: „ეს ცეკვა, უსათუოდ, გაზაფხულის მიგებებისა და გამრავლების კულტის არის“.
* სუნატრა (აფხ.) – წინადაცვეთის ჩვეულება მუსლიმ აფხაზებში. მართალია, წინადაცვეთას ბავშვობის ასაკში მიმართავდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა თურქი მოლები ამ წესის შესრულებას ახალმოქცეულ ასაკოვან და მოხუც მამაკაცებსაც აიძულებდნენ, რაც ხშირად სერიოზული გართულებებით მთავრდებოდა.
ტერმინი „ა-სუნატრა“ მომდინარეობს ამავე შინაარსის თურქული სიტყვიდან „სუნნეტ“ (არაბ. „სუნნა“). რიტუალური წინადაცვეთის ჩვეულება გაცილებით ადრე, პირველყოფილი საზოგადოების წიაღში ჩაისახა და ინიციაციის თანმხლები წესი იყო. ისლამსა და იუდაიზმში მან ახალი ინტერპრეტაცია მიიღო და რელიგიური მიკუთვნებულობის გარეგნული მახასიათებელი გახდა.
* ბერად შეყენება – შეთქმის საფუძველზე გარკვეული ვადით ხატის სამსახურში ჩაყენების ქართლური წესი.
„როცა ოჯახს შვილი არ უჩნდებოდა, ან უჩნდებოდა და არა რჩებოდა, ან ავადმყოფობდა, ოჯახის უფროსი კაცი ან ქალი (და ან თვით ავადმყოფი) თავის სალოცავს შეუთქვამდა: ოღონდ შვილი გამიჩინე, ან გამიზარდე თუ ავადმყოფი მომირჩინე და ამდენი ხნით „ბერად დაგიყენებო“.
რამდენი წლითაც შეუთქვამდნენ, იმდენი წლის განმავლობაში შეთქმულ პირს თმას არ მოპარსავდნენ და უზრდიდნენ, შემდეგ ხატში წაიყვანდნენ საკლავით და სანთელ სამწყალობნოთი და დეკანოზს ან მღვდელს შეაკრეჭინებდნენ ბერად შეყენებულის თმას. „ბერად შეყენება“ იცოდნენ 10-13 წლის ბავშვისაც და დიდი ვაჟკაცისაც“.
* დიგორი ზად-ი / დიგორი ვასგერგი (ოს. Дигори зæд – „დიგორის მწინდანი“; Дигори Уасгерги – „დიგორის წმ. გიორგი“) – დიგორელ ოსთა ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, რომლის თაყვანისცემა როგორც ჩანს, წმ. გიორგის კულტს უკავშირდება.
აღნიშნული ღვთაების ადგილსამყოფელი ოსების რწმენით, არის სოფ. ზადელსკთან ახლომდებარე კლდოვანი მთის მღვიმე, რომელიც მისი სახელობის სამლოცველოს წარმოადგენს.
დიგორი ზადის დღესასწაული ყოველი წლის 15 იანვარს იწყება და მთელი ერთი კვირა გრძელდება. საამდღისოდ ყოველი ოჯახი ღვთაებას ცხვარს ან ბატკანს სწირავს და ხეობის მფარველს უხვმოსავლიან წელიწადს, საქონლის გამრავლებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შესთხოვს. დიგორი ზადის კულტი დიგორელ ოსთა ეთნოგრაფიული ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში ჩანს დაფუძნებული.
* ეშექ ათხა მინდირიუ (ბალყ.-ყარაჩ. Эшек атха миндириу – „ვირზე დასმა“) – ბალყარულ-ყარაჩული რიტუალი, რომელიც ნახევრად წვერგაპარსული და ხელშეკრული დამნაშავის ვირზე უკუღმა დასამასა და სოფლის შემოვლას გულისხმობდა.
* ილანჩა (ჩეჩნ. Илланча) – ჩეჩნური საგმიროეპიკური სიმღერების – ილების – პროფესიონალი შემსრულებელი. ილანჩას მოეთხოვებოდა არა მარტო მუსიკალურობა და სიტყვის ფაქიზი შეგრძნება, არამედ არტისტული უნარჩვევები, რამდენადაც სიმღერა თანხლებული იყო მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით;
გარდა ამისა, უნდა გამოეხატა გმირებთან თავისი დამოკიდებულება მათი ხმისა და დიქციის თავისებურებათა გადმოცემის მეშვეობით.
ილანჩას მსმენელები ამ წარმოდგენის აქტიური მონაწილეები იყვნენ: ისინი თანაუგრძნობდნენ ილების დადებითი გმირების განსაცდელს, მათი დიადი ქმედებების მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ და ეს წარმოდგენის სავსებით ბუნებრივი ნაწილი ხდებოდა.
image* აფხაზურ ტრადიციაში მიცვალებულის გვამის "ჰაერზე დამარხვის" უცნაური წესის შესახებ XVII-XVIII საუკუნეების ავტორების – ჯიოვანი ლუკას, არქანჯელო ლამბერტის და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებშია გადმოცემული.
აფხაზი მეცნიერები (და არამარტო ისინი) აფხაზთა ყოფაში დამოწმებული ამ წესის მემკვიდრეობით პარალელს კოლხების მიერ ხარის ტყავში გახვეული მიცვალებულის ხეზე ჩამოკიდების ჩვეულებაში ხედავენ.
ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებში „ჰაერზე დამარხვის“ წესის არსებობა ანტიკური ეპოქის შემდგომ XVII საუკუნემდე არ დასტურდება.
ანტიკური პერიოდის ავტორთა (აპოლონიოს როდოსელი, ნიკოლოზ დამასკელი, კლავდიუს ელიანუსი) მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კოლხების მიერ მიცვალებულის გვამის „ჰაერზე დამარხვა“ სქესობრივი ნიშნითაა განსაზღვრული.
კოლხები „ჰაერზე ასაფლავებდნენ“ მამაკაცს, რომელიც, ცის მამრული საწყისის გათვალისწინებით, ცისიერად ანუ ცის კუთვნილებად მიაჩნდათ, ხოლო ქალს მიწაში მარხავდნენ, რადგანაც მიწა, მათი რწმენით, მდედრული ბუნების იყო.
რამდენადაც ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხალხებში ყოველგვარი კვლავწარმოება ცისა (მამრისა) და მიწის (მდედრის) საკრალური კავშირით განისაზღვრებოდა, ბუნებრივია, განაყოფიერების პროცესის მონაწილე მიცვალებულთა სულებიც (ასე მოიაზრებოდნენ ისინი) შესაბამისად იყვნენ განაწილებულნი (ზემოთ და ქვემოთ, ცაში და მიწაში).
* ბჲორჲუ სოღუუ (ბალყ.-ყარაჩ. Бёрю согъуу – „მგლის მელოდია“) – მგელთაგან მოსალოდნელი ზიანის გამაუვნებელმყოფელი მუსიკალური მაგია, რომლის შესრულებას, ბალყარებისა და ყარაჩების რწმენით, მგლების მოჯადოება, მათი ადგილზე გაქვავება შეეძლო.
მელოდიური მაგიის ნიმუშია ცხვართა მფარველი აჲმუშის მელოდია (უკრავდნენ სალამურზე), რომელიც გაფანტული ცხვრის ფარის შეკრებას უზრუნველყოფდა. სალამური წყალში დამხრჩვალი ადამიანის გვამის ძიების დროსაც გამოიყენებოდა: სწამდათ, რომ მაგის ხელში მელოდია სწორედ იმ ადგილზე წყდებოდა, სადაც სავარაუდოდ მიცვალებულის ცხედარი უნდა ყოფილიყო.
* დეძდი (ქისტ. Дедзди) – ასე უწოდებენ პანკისელი ქისტები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; დანარჩენი ვაინახები მას აღნიშნავენ ტერმინით „მარხა“ (ქართ. „მარხვა“).
წარმოადგენდა სამდღიან დღესასწაულს, რომლის განმავლობაში სქესობრივი კავშირი იკრძალებოდა. აღდგომა დღეს პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მოსახლეობა ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართული სამლოცველოს ნანგრევებთან, რომელსაც ადგილობრივები „წიინდ გიურგს“.
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ყველა მორწმუნე უნდა განბანილიყო, რათა დღესასწაულს განწმენდილი შეხვედროდა. რამდენადაც დეძდიზე კოლექტიური მსხვერპლშეწირვა არ იცოდნენ, საკლავი (მკითხავის მითითებით: ცხვარი, ხბო ან მამალი) ერთი კვირით ადრევე უნდა შეეძინა.
საამდღისოდ ამზადებდნენ სანთლებს, სხვადასხვა სახის ღვეზლებს, ლუდს და არაყს; გარდა აღნიშნულისა, სალოცავში მიჰქონდათ უხეშუ თეთრი ქსოვილი, რომელსაც ქალები იქვე მდგარ ხეზე ჰკიდებდნენ ან ქვაზე ამაგრებდნენ. მლოცველები საკულტო ნაგებობისგან დარჩენილ ქვის სვეტს სამჯერ შემოუვლიდნენ; აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული კულტმსახური სანთლითა და ჭიქა არყით ხელში ლოცვას აღავლენდა: „ღმერთო, გვიწყალობე სიკეთე, გაგვამრავლე, გაგვიმრავლე ხარ-ცხვარი, რომელსაც შენ შემოგწირავთ; გვალვის დროს წვიმა მოგვეცი, ხშირი წვიმების დროს – მზე; დაგვიცავი ჩვენ და ჩვენი საქონელი ავადმყოფობისაგან, გვიწყალობე ჯანმრთელობა“.
ლოცვის დასრულებისთანავე კულტმსახური სამსხვერპლო ცხოველს შუბლს ანთებული სანთლით შეუტრუსავდა, დაკლავდა და მის სისხლს შემწირველს შუბლზე წაცხებდა.
მსხვერპლის ხორცს იქვე მოხარშავდნენ და საწესო სუფრაზე დებდნენ (სახლში წაღება არ შეიძლებოდა). სუფრასთან ქალები, მამაკაცები და ახალდშეუღლებულები ცალ-ცალკე სხდებოდნენ. აღდგომის მეორე დღეს ომალოელები შუადღიდან მზის ჩასვლამდე ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ სოფლის ველობზე მდგარ სამ ხესთან, რომელსაც თუშუოლს, ღვთისმშობლის სალოცავს უწოდებდნენ;
მესამე დღეს მიდიოდნენ წმინდა სამების (სანება-წუ) სალოცავში, რომელიც კუშტანაშვილების კუთვნილ ნაკვეთში ეგულებოდათ. ანალოგიური წესები დაცული იყო ხეობის სოფლების – ჯოყოლოს, დუისის, კაკლიანის – მკვიდრ ქისტებშიც. განსხვავება ის იყო, რომ აქაურები აღდგომის პირველ დღეს ბალთაგორაზე მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში ატარებდნენ, მეორეს დღეს – ჩობიოს ხევში არსებულ „ლაშარის ჯვარში“, რომელსაც „ჩვიბიერ წუს“ უწოდებდნენ, მესამე დღეს – ჯოყოლოს ეკლესიაში.
* ზარდავარან-ი ირ., ზალდავარდან-ი, ზალდგარდან-ი დიგ. (ოს. Зæрдæвæрæн, зæлдæвæрæн, зæлдгæрдæн) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული დღეობა, რომლის დროსაც იცოდნენ საფლავის გახსნა, მიცვალებულის სხეულის დათვალიერება და გვამზე მსხვერპლად შეწირული ცხოველის – ცხვრის სისხლის წასმა და საფლავში პირუტყვის გულის, ღვიძლისა და თირკმლების ჩაფლვა (ერთი აზრით, სწორედ ამ რიტუალიდან მომდინარეობს თვით ტერმინი – зæрдæ „გული“, æвæрын – „დადება“, „ჩადება“, ე. ი. „გულის ჩაფლვა საფლავში“).
ზარდავარანს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე აღნიშნავდნენ. ამავე დღეს იცოდნენ ახალგარდაცვლილთა საფლავების განახლება.
როცა მიცვალებულს მარხავდნენ საფლავზე ქვის ფილებს დაალაგებდნენ და ზედ მიწას დააყრიდნენ. ზარდავარანის დღეს საფლავიდან მიწას მოაშორებდნენ და ერთ დიდ ფილას დადებდნენ. იცოდნენ ასევე აკლდამის აგება, მიცვალებულის ტანსაცმლისა და ლოგინის დაკურთხება; ქუვდის – საწესო სუფრის გამართვა და სტუმრების მოწვევა. მართალია, ამჟამად მიცვალებულის მოხსენიების ბოლო აკორდს წლისთავი (афæдзы хист) წარმოადგენს, მაგრამ როგორც ჩანს, შორეულ წარსულში ზარდავარანით მთავრდებოდა მკვდრების ხსენებასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა მთელი ციკლი.
არაპირდაპირი მითითება იმაზე, რომ ზარდავარანი საიქიოში სულის საბოლოო გადასვლის დღედ ითვლებოდა, შესალოა, არის აღნიშნული დღეობისა და ამაღლების დღესასწაულის კალენდარული დამთხვევა. საქმე ისაა, რომ მაცხოვრის ზეცად ამაღლება, ქრისტიანული მოძღვრების ზერელედ მცოდნე ოსებისათვის, შეიძლება გააზრებული ყოფილიყო, როგორც მისი საიქიოში გადასვლა. სამსხვერპლო ცხოველის ნაწილების საფლავში ჩაფლვის ჩვეულებას კავკასიის ხალხები არ იცნობენ.
მის ანალოგიად მიიჩევენ ერთერთ ძველინდურ წესს – კრემაციის წინ მიცვალებულის სხეულზე სამსხვერპლო ძროხის – ანუსტარანის ნაწილების დალაგებას. სწორედ ანუსტარანს უნდა გადაეყვანა მკვდრის სული მდინარე ვაითარანზე, რომელიც შავეთისა და სამზეოს გამყოფი იყო.
მართალია ზარდავარანის აშკარად წარმართულმა რიტუალმა ჩვენამდე ტრანსფორმირებული სახით მოაღწია და მისი თავდაპირველი მნიშვნელობა დავიწყებას მიეცა, მაგრამ, რამდენადაც ძველირანული (და არა მარტო ძველირანული) რწმენით, ცხვარი სკნელთა შორის გადაადგილების საშუალებას წარმოადგენდა და ემსახურებოდა მიცვალებულის სულთა საიქიოში ტრანსპორტირებას (ანუსტარანის ფუნქციაც ესაა), იდეები, რომლებიც ძველინდურ და ოსურ რიტუალებს უდევთ საფუძვლად, იდენტურნი არიან.
სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია ტერმინ зæрдæвæрæн-ის ახსნის სხვა ვარიანტები. მისი დიგორული ფორმისა (Зæлдæвæрæн) და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დღეობაზე იცოდნენ საფლავზე კორდის (зæлдæ) ჩანერგვა, ვ. აბაევი ტერმინს შიფრავს, როგორც „კორდის დალაგების დღე“ (ტერმინის -æн ფორმანტი აქ დროზე მიანიშნებს).
ვ. მილერს ჩვენთვის საინტერესო სიტყვა დამოწმებული აქვს Зæлдæгæрдæн ფორმით და სხვაგვარად ხსნის: „კორდისჭრა“ (кæрдын – „ჭრა”).
* ბოლამ-დჲალა (ინგუშ. Болам-Даьла) – ინგუშეთში, მეცხალის თემში შემავალ სოფელ არზთან ახლომდებარე სალოცავი, რომლის სახელობის დღეობის დაწესებაზე შემდეგი გადმოცემაა ჩაწერილი: სოფელ არზის მკვიდრმა ორაკოვების გვარმა საქართველოში გადასახლება გადაწყვიტა; მთის გადალახვის დროს კი სასწაული მოხდა: ნისლი დაეშვა და როცა გაიფანტა, მთის უნაყოფო ნიადაგი მწვანე ბალახით შეიმოსა; გოგონამ, რომელმაც ეს შენიშნა, წამოიძახა: „ო, ღმერთო!“ ამ სასწაულის გავლენით, ორაკოვები უკან მობრუნდნენ და ბოლამდჲალას სალოცავი ააგეს, სადაც ყოველწლიურად ზაფხულში, თიბვის პერიოდში, დღეობას იხდიდნენ.
ბოლამ-დჲალას დღეობისათვის კულტმსახური ორაკოვების გვარიდან ირჩევდა ექვს ქალს და სამ ქალიშვილს, რომლებსაც სამი დღე უნდა ემარხულათ; დღესასწაულზე ღვთისმსახური უფროს ქალიშვილს მარჯვენა მხარეს დააყენებდა, დანარჩენ ორს კი – მარცხენა მხარეს.
ექვსი ქალი მარცხნივ მდგართა უკან გამწკრივდებოდა, რის შემდეგაც ხატისმსახური ხის ჩაქუჩს ურტყამდა ფიცარს, რომელიც ხელში ეჭირა. უფროსი ქალიშვილი გამოვიდოდა წინ, სამჯერ დატრიალდებოდა და ქალებთან ერთად დაიყვირებდა: „დალოჲ, გელოჲ“.
ორი უმცროსი ქალიშვილი გაუნძრევლად იდგა. ხატისმსახური ბოლამ-დჲალას ადიდებდა და წყალობას შეთხოვდა, შემდეგ კი ცხვრებს დაკლავდნენ, საწესო სუფრას გაშლიდნენ და დროს ცეკვა-თამაშში ატარებდნენ.
* ზოსხან-ი / ახჷ ზოსხან-ი (აფხ. „ოქროს ზოსხანი“) - ინფექციურ დაავადებათა (დიდი ბატონები, წითელა ბატონები, ყველა ბატონები) მფარველი ღვთაება;
ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ერთად სახედრით დროდადრო სოფლიდან სოფელში მოგზაურობს და ადამიანებს ყვავილებს აყრის.
ოთახში, სადაც ბატონები ბრძანდებიან სუფევს სიმშვიდე, იკრძალება უცხო პირთა შესვლა და ხმაური. ბატონებისათვის გაშლილ სუფრაზე ყვავილების გარდა არის მოხარშული ან შემწვარი დედალი, გოჭი, ღომი, ყველი, ხილეული;
იქვე აწყვია მუსიკალური ინსტრუმენტები; ახლო მდგარ სკამზე თეფშით დაჭრილი ჩალა დევს ბატონების სახედრისათვის. ცოლქმარს უმღერიან მუხლმოყრით ჩონგურის, აფხჲარცას (ჭიანურის მსგავსი ორსიმიანი საკრავი) ან აჭარპინის (სალამური) თანხლებით და წყალობას შესთხოვენ.
აფხაზეთის ზოგიერთ კუთხეში სრულდებოდა ამ ღვთაებათა „შვილად აყვანის“ განსაკუთრებული წესი, რომელიც ნ. ჯანაშიას აქვს აღწერილი. როცა სოფელში ვინმე დაავადდებოდა საერთო სახსრებით კარგად ნასუქებ ორ თეთრ თხას (დედალ-მამალს) შეიძენდნენ, დაკლავდნენ და სხვა სანოვაგესთან ერთად ტყისკენ გასწევდნენ;
დადგამდნენ ორ საწოლს, ზედ დასვამდნენ ორ ლამაზ ქალს (აუცილებლად „სუფთას“), რომლებსაც გადახსნილ მკერდზე აბრეშუმის ცხვირსახოცები ეფინათ. ხალხი მუხლს მოიყრიდა, სოფლის თაკვაცი ახი ზოსხანსა და მის ცოლს მოუხმობდა, შესთხოვდა მიეღოთ მსხვერპლი, თავი ქალების მკერდზე მიედოთ და, წინაპართა ჩვეულების თანახმად, სოფელს შვილებოდნენ.
აქვე, ბატონების „მკვებავი“ ქალების გვერდით იდგა ორი საუკეთესო ცხენი მამაკაცისა და ქალის უნაგირებით. შვილად აყვანის წესის შესრულების შემდეგ ცხენებზე „შემსხდარ“ ბატონებს, როგორც საპატიო სტუმრებს სოფლიდან სიმღერით გააცილებდნენ. ახჷ ზოსხანთან ტიპოლოგიურად ახლო დგას ოსური ალარდი (დიგორულად ალაურდი) და ქართული „ბატონები“.
image* ანტე – ანტიქრისტე, მაცხოვრის ღვთაებრივ საქმეთა ანტაგონისტი ძველქართულ ხალხურ რწმენა-წარმოდგენათა მიხედვით. ამ წარმოდგენათა თანახმად, ანტე, რომელიც მომავალში უნდა დაიბადოს, მაცხოვრის ანტიპოდი იქნება: მახინჯი, არაადამიანური გარეგნობის, არაჩვეულებრივად მაღალწვივებიანი (იოანე ზოსიმე. კალანდაი. III. მთოვარისა ბედნიერებაჲ და უკუღმართობაჲ...“).
მაღალწვივებიანი ანტეს შესახებ წარმოდგენის ილუსტრაციაა შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტრიქონი, რომელშიც ნათქვამია: „ ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით“ (ე. ი. ანტედ ვაქციეთ, ანტეს დავამსგავსეთ). ტარიელმა და ფრიდონმა თავიანთი მტრები ანტეს იმით დაამსგავსეს, რომ მათ წვივები დაულეწეს (ხალური შეხედულებით, მომავალში ანტე
წვივებდალეწილი უნდა დაღუპულიყო).
შ. რუსთაველმა, რა თმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ანტიქრისტე უნდა მოკვდეს არა ისე, როგორც ქრისტე გარდაიცვალა, – მაცხოვარმა პილატესა და მრავალ სხვა თვითმხილველთა გასაკვირად, წვივების დალეწვის გარეშე განუტევა სული (მარკოზი. XV, 44), „... რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ ძვალი მისი არა შეიმუსროს“ (იოანე. XIX, 36).
ახალი „ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტში საქართველოში თემურ-ლენგის შემოჭრის აღწერას წინ უსწრებს მისი წინაპრის – ჩინყიზ სამარყანელის – უწმინდური, სატანისეული ჩასახვის შესახებ ამბის თხრობა. ტექსტის ავტორი ჩინყიზ სამარყანელის დედის დაორსულებას ანტესებრივ დაორსულებას („მიდგომილება ანტესებრივი“) უწოდებს და, ამდენად, თემურ- ლენგს ანტიქრისტედ სახავს (თემურ-ლენგს ანტიქრისტეს უწოდებს ძველი სომხური საისტორიო ტრადიციაც).
საკითხთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ, ძველ ქრისტიანთა წარმოდგენით, ანტიქრისტე უნდა დაიბადოს ქალწულად მიჩნეული მეძავი ქალისაგან (ქრისტეს უმანკო ჩასახვის პაროდია);
სხვა ვერსიით, აღქმაგატეხილი მონაზვნისაგან (როგორც განდგომის სამომავლო ხორცშესხმა), ან სისხლაღრევითი კავშირით (ინცესტით). როგორც ჩანს, ძველ საქართველოში ანტეს დაბადება სწორედ ასე ესახებოდათ.
* შარვად ილან-ი, შარვან ილან-ი (თაბ. Шарвад илан, Шарван илан) – ფუძის ანგელოზი, საძირკვლის გველი დაღესტნელ (თაბასარანელ) აზერბაიჯანელებში; გველის მოკვლა იკრძალებოდა, რადგან, მათი რწმენით, ამას ოჯახის უბედურება და საქონლის გაწყვეტა მოყვებოდა. ოჯახში მის ყოფნაზე იყო დამოკიდებული ბერექეთი (ბარაქა). შარვად ილანს საცხოვრებლის კუთხეში რძით ან წყლით სავსე ჯამს უდგამდნენ.
* ქვინი ლიტხე (სვ.) – „სულის დაბრუნება“ – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული სვანური რიტუალი; სრულდებოდა ოჯახს გარეთ დაღუპული ადამიანის ცხედრის გადმოსვენების დროს, როცა გვამთან ერთად შინ მიცვალებულის სულიც „მოყავდათ“.
ქვინი ლიტხეს მაშინაც მიმართავდნენ, როდესაც მკვდრის ნეშტის გადმოსვენება შეუძლებელი იყო (მაგალითად, თუ ადამიანი წყალში დაიხრჩო ან ნადირობისას კლდის ნაპრალში დაიღუპა და გვამი ნაპოვნი არაა).
ჭირისუფლები იმ ადგილას მიდიოდნენ, სადაც ადამიანი მოკვდა (ვთქვათ, წყლის ნაპირზე ან კლდესთან). რიტუალის ერთ მონაწილეს ჩანგი მიჰქონდა, მეორეს მარჯვენა იღლიაში მამალი ეჭირა. ადგილზე მისულნი იწყებდნენ მოთქმას და დაღუპულის მწარე ბედს დასტიროდნენ, თან მის სულს შინ დაბრუნებას ევედრებოდნენ.
ამის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ: პროცესიას, რომელიც ძალზე ნელი მსვლელობით მოემართებოდა, წინ მიუძღოდა მეჩანგე, რომელიც ინსტრუმენტზე განუწყვეტლივ უკრავდა; თუ სიმები კარგად ჟღერდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ სული თან მოჰყვებოდათ; ამას თუ გზად მამლის ყივილი დაერთვოდა, პროცესია სულის „წამოყვანაში“ საბოლოოდ დარწმუნდებოდა.
ვიდრე შინ სულს არ „მიიყვანდნენ“, ოჯახის წევრებს მთვარის სახელის ხსენება ეკრძალებოდათ, რადგან სწამდათ, რომ დაღუპულის სულს, რომელიც მდინარის ნაპირთან ქვაზე იჯდა (თუ კაცი დამხრჩვალი იყო), შეეშინდებოდა – სინათლეზე მიპოვნიან და სახლში დამაბრუნებენო – და წყალში გადახტებოდა. ქვინე ლიტხეს ანალოგიური რიტუალი საქართველოს სხვა კუთხეებშიც სრულდებოდა.
* საჩეხა გორა (ხევს.) – შატილში არსებული ერთი ადგილის სახელწოდება. საჩეხა გორაზე მხოლოდ მშობიარობის დროს დაღუპულ ქალებსა და ბავშვებს მარხავდნენ, რადგან ისინი უწმინდურად იყვნენ მიჩნეულნი.
* ჟეღ-ი (მრ. რ. ჟეღარ) – „ძაღლი“ („ძაღლები“) – დიდი ღმერთის, წმინდა გიორგის, მაცხოვრისა და სხვა ღვთაებათა დაქვემდებარებაში მყოფი ძაღლები, რომელთა ქვეშ სვანური მითოლოგია მგლებს გულისხმობდა.
მათ ფუნქციას ურჩ მეთემეთა დასჯა შეადგენდა და ამიტომაც სვანები ამა თუ იმ ღვთაებას ევედრებოდნენ, მათთვის ძაღლები (მგლები) არ მიესია. ძაღლები (მგლები) ხშირად იხსენიებოდნენ წყევლის სვანურ ფორმულებში, რომლებშიც გამოხატულია სურვილი, ღვთაებამ მაწყევარისთვის არასასურველ პირს თავისი ძაღლები მიუსიოს.
* ბნალარა (აფხ. „ტყეში გაქცევა“) – დამნაშავის მიერ წმინდა ტყეში (კორომში) გასვლა თავშესაფრისა და ხელშეუხებლობის უფლების მოპოვების მიზნით.
ტერმინს პირველად ყურადღება მიაქცია ი. შიფნერმა, რომელმაც იგი ჩვეულებითი სამართლიდან კარგად ცნობილ droit d'asile-ს (თავშესაფრის უფლებას) დაუკავშირა.
აღნიშნული ჩვეულება წმინდა ტყეების, კორომების, როგორც საკრალური სივრცის და მასში არსებული საგნების (მათ შორის ადამიანის) ხელშეუხებლობის რწმენიდან მომდინარეობს. თავშესაფრის უფლების მოპოვების მიზნით წმინდა ტყეში გასვლა, როგორც ჩანს, კავკასიის ხალხებში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო.
კ. გლავანის ცნობით, დანაშაულში (მათ შორის მკვლელობაში) ეჭვმიტანილი ჩერქეზი მამაკაცები და ქალები თუ წმინდა ტყეს შეაფარებდნენ თავს და რომელიმე ხეზე ჩამოკიდებულ (შეწირულ) ქსოვილის ნაჭერს ყელზე შემოიხვევდნენ, სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ.
საინტერესოა გადმოცემები ერთ-ერთი ჩერქეზი მხედართმთავრის, ინალის შვილიშვილზე – ხეთაგზე, რომელთანაც დევნის დროს წმინდა კორომი თავად მივიდა და შეიფარა იგი. მოგვიანებით აღნიშნული ჩვეულება კლასობრივი ბრძოლის პასიური ფორმის გამოხატულება ხდება (შდრ. აბრაგობა, ფირალობა).
* თავდამარხვა, თავდამარხვაჲ – საქართველოს მთიანეთსა (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი) და ბარის ზოგიერთ რეგიონში (გურია-სამეგრელო, კახეთი) გავრცელებული რიტუალური თავდამარხვა, რომელსაც უმემკვიდრეოდ (უძეოდ) დარჩენილი და ნათესავების იმედის არმქონე ასაკმოყრილი პირები (მამაკაცაბიც და დედაკაცებიც, ცოლ-ქმარი ერთად) ასრულებდნენ;
გამოიხატებოდა მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯის (ქელეხის და სხვ.) გაწევაში (ზოგჯერ დამარხვის შემდგომი „რიგის“ გამართვაშიც.
მაგ., სვანურ თავდამარხვაში შედიოდა როგორც ქელეხი – „ლუხორი“, ისე „ლაგვანი“, რომელსაც ჩვეულებრივ შემთხვევაში მიცვალებულს სამი წლის შემდეგ უხდიდნენ).
„თავდასამარხად“ მზადება ქართველ მთიელებში, სადაც იგი XX ს-ის შუა ხანებამდე შემორჩა, და გურულებში ისეთივე იყო, როგორც მიცვალებულთა სახელზე გამართული ჩვეულებრივი „რიგების“ დროს.
მთაში „თავდამმარხავი“ ხარშავდა ლუდს, ხდიდა არაყს, აცხობდა პურს, „სულის ცხენსაც“ დაიკურთხებდა და დოღსა და ღაბაჴს გამართავდა, ნათესავ-მეზობლებს მოიწვევდა და ქელეხსაც გადაიხდიდა.
საუკეთესო სამოსში გამოწყობილი „თავდამმარხავი“ ნაკურთხ ტაბლასთან დაჯდებოდა, მაგრამ შენდობანათქვამ საჭმელს არ მიეკარებოდა, რადგან საიქიოში არ მიუვიდოდა. ხევსურეთში სულის ხუცესის მიერ ტაბლის დალოცვის დროს მას გარშემო დასალოცს შემოუწყობდნენ, ხოლო ცხენის დაკურთხებისას სადავე თავად ეჭირა; საწესო სუფრის დამთავრებისთანავე „თავის დამმარხავი“ დარჩენილ სასმელ-საჭმელს მეზობლებში დაარიგებდა, „დოღვს“ (დოღში გამარჯვებულისათვის განკუთვნილი ჯილდო) გასცემდა;
ტანსაცმელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ანდერძის მიხედვით გაანაწილებდნენ. როცა „თავდამმარხავი“ გარდაიცვლებოდა, მხოლოდ „საპირიჴსნოს“ დაკლავდნენ და ერთ საარყეს გამოხდიდნენ, რათა მისი ტალავარი დაელოცათ და შესანდობარი ეთქვათ.
სვანეთში „რიგების მომწყობ ოჯახებში თუ მიცვალებულთა ცოლები და რძლები, ან, პირიქით, ქმრები და ხანდაზმული ვაჟიშვილები ცოცხლები იყვნენ, მაშინ რიგებს, მიცვალებულთან ერთად, ამ ცოცხალი პირების სახელზეც იხდიდნენ და მათ შესაფერის საკურთხ ცხოველებს დაუკლავდნენ.
ასეთ შემთხვევაში სარიგო სუფრის წინ, მიცვალებულთა ფიტულების, ე. წ. „ნახაზების“, გვერდით მათი ცოცხალი მეუღლეები ისხდნენ საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილები და საჭურველ-სამკაულით დამშვენებულები. როდესაც ოჯახს მემკვიდრე არ გააჩნდა ან ოჯახის უფროსს იმედი არ ჰქონდა, რომ სიკვდილის შემდგომ მის სახელზე რიგს მოაწყობდნენ, მაშინ თავის სახელობის რიგებს სიცოცხლეშივე თავად გამართავდა და ყველაფერს ისე შეასრულებდა, როგორც ამას მიცვალებულთა რიგები მოითხოვდა.
პირველი იმპერიალისტური ომის წინ ჩუბიხევის მოსახლის მიერ მოწყობილ ლუხორში (რომელმაც თავისი დიდი ხარჯითა და საზეიმო ხასიათით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მხცოვანი და მორწმუნე სვანების თაობაში და „ბაძუანთ ლუხორის“ სახელით საარაკო ამბად იქცა) ერთი მოხუცი სტუმარი ქალი საჯაროდ აცხადებდა, რომ მას საიქიოში 35 ხარისაგან შემდგარი ჯოგი ჰყავს წამძღვარებული და რომ ამის შემდეგ მას სიკვდილიც კი არ ეზარება“ (ვ. ბარდაველიძე). მართალია, ასეთ სუფრას სვანები სალხინო სუფრად მიიჩნევდნენ, მაგრამ ნამდვილი ლხინი და საზეიმო განწყობა სუფევდა გურული „თავდამარხვის“ სუფრაზე, რომელსაც თან სდევდა მხიარულება, სიმღერა, ცეკვა, თოფდამბაჩის სროლა.
„თავდამარხვის“ წესის გამოძახილია კახეთში უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი ჩვეულება: მოხუცები, რომელთაც იმედი არ ჰქონდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ ვინმე ხარჯს გადაუხდიდა, სასმელ-საჭმელს მოამზადებდნენ და სხვაზე გასცემდნენ: „იქნებ ჩემი სიკვდილის შემდეგ არაფერი გამიკეთონ.
მე რომ ჩემს სიცოცხლეშივე ჩემივე ხელით გავცემ – საიქიოში მომივაო“. კახელი მხცოვანის მდგომარეობაში მყოფი უშვილძირო მეგრელი ძვირფასი ხის (წაბლის, მუხის, ძელქვის) მასალისაგან კუბოს გააკეთებიებდა, შინ ღამით მიიტანდა და საცხოვრებლის სხვენში, სასიმინდეში ან ბეღელში შეინახავდა. რა თქმა უნდა ეს ფაქტი სოფელს არ გამოეპარებოდა, მაგრამ კრინტსაც კი არ დაძრავდა, ვიდრე „თავდამმარხავი“ უახლოეს ნათესავ-მეზობლებს არ დაპატიჟებდა და ამის თაობაზე სასხვათაშორისოდ არ იტყოდა.
სტუმრები მასპინძელს დალოცავდნენ, დღეგრძელობას უსურვებდნენ და ტაქტიანად დააყოლებდნენ: კაცი ყველაფრისათვის მზად უნდა იყოსო. „თავდამარხვის“ დროს მეგრელებს „ნიშნით ტირილიც“ ცოდნიათ. აღნიშნული წეს-ჩვეულება ეფუძნება საიქიოს შესახებ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს, რომლის თანახმად ხარჯების, რიგების ყველა შესაწირი სულეთში გადაინაცვლებდა და „თავდამარხულთა“ სამუდამო საკუთრებად იქცეოდა.
რიტუალური „თავდამარხვის“ შესაწირავთა სახით ადამიანი წინასწარ აგზავნიდა საიქიოში ყოველივეს, რაც, მისი რწმენით, სულეთში ცხოვრებისათვის იყო საჭირო.
* ჲალგიზ-თერექი (ნოღ. Ялгыз-терек – „მარტოხე“) – საკულტო ხე. მართალია, ნოღაელებში განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობდა ე. წ. „ნატვრის ხე“ (ырымли терек), რომლის ტოტებზე ქსოვილის ნაჭრებს ჰკიდებდნენ და ხის სულს ნაირი სურვილების ასრულებას შესთხოვდნენ, მაგრამ ხალხური რწმენა არანაკლებ მნიშვნელობას სტეპში მარტო მდგარ ხესაც ანიჭებდა. მისი ხელის ხლება, ტოტის მოტეხვაც კი, იკრძალებოდა.
თუკი მგზავრი გზად ასეთ ხეს გადაეყრებოდა, მასთან აუცილებლად შეჩერდებოდა და ილოცებდა, თან სურვილებსაც დააყოლებდა. ნოღაელები აქვე ზოგიერთ რიტუალებსაც ასრულებდნენ: სამკურნალოდ მოჰყავდათ მძიმე ავადმყოფები, იკრიბებოდნენ ახალმთვარობაზე, ცეკვავდნენ, ანთებდნენ კოცონს, რომელზედაც შეჭირვებულ ქალიშვილებს ახტუნებდნენ. განკურნების ან სურვილის ასრულების
შემთხვევაში ხესთან კვლავ მოდიოდნენ და მღეროდნენ:
Ялгыз терек, ялгыз терек,
Яйда берер салкынлык.
Ялгыз терек, ялгыз терек,
Ясынок урса болар отын.
Ялгыз терек, ялгыз терек,
Яралыга эмге керек.
Ялгыз терек, ялгыз терек,
Кар куьреген куьрек.
(მარტო ხეო, მარტო ხეო,
ხვატში სიგრილის მომცემო.
მარტო ხეო, მარტო ხეო,
თუ მეხი დაგკრავს – საწვავი იქნება.
მარტო ხეო, მარტო ხეო,
შენ დაჭრილის სამკურნალოდ გაჩენილო.
მარტო ხეო, მარტო ხეო,
შენ თოვლის ამღები ნიჩაბი ხარ).
* მაზარლა (ბალყ.-ყარაჩ. Мазарла) – დიდ ყარაჩში არსებული წმინდა საფლავები (суаб къабырла/сыйлы), რომელთა შორის განსაკუთრებული კულტის ობიექტი იყო მიწისქვეშა აკლდამები, ე. წ. ჯურთ ყაბირლა (Джурт къабырла) და ჯურთ შიჲაქილა (Джурт шиякила), ყუბანის ხეობაში განმარტოებით არსებული საფლავი (Сууаб къабыр).
ძალზე სათაყვანებლი იყო თებერდის ხეობაში მდებარე აბდულახ-შეიხისა და შაქაჲ-ულუს (ბოთაშევის) საფლავები. აღნიშნულ საფლავებთან სხვადასხვა მიზეზით მისულ მთხოვნელებს (ყარაჩების, ბალყარებისა და მეზობელ ხალხების წარმომადგენლებს) შესაწირის სახით თან ღვეზელები (бёрекле, хычынла), ტკბილეული, მოხარშული ხორცი და სხვ. მიჰქონდათ.
ასეთ საფლავებს ხშირად სტუმრობდნენ უნაყოფო ქალები, რომლებიც მათ სამჯერ ლოცვით შემოუვლიდნენ და დედობის მფარველ უმაჲანასა და შვილიერების მომნიჭებელ ბაჲრიმ-ბიიჩეს ბავშვის მოცემას შეთხოვდნენ;
საფლავზე აღებულ ერთ მუჭა მიწას ან ქვის ნატეხს კი თილისმად იყენებდნენ. გარდა წმინდა საფლავებისა, ყარაჩები და ბალყარები საკრალური სივრცედ, საკულტო ობიექტებად კორომებს (дарийгъын-чымиртла), ხეებს (иман терекле), ხეთა ჯგუფებს (суаб терекле), წყაროებს (шийих суула) მოიაზრებდნენ.
image* ავარშა (თაბ. Аварша) – დაღესტნური (თაბასარანული) რიტუალური ჰალვა; მზადდებოდა ფქვილისგან მარილისა და შაქრის გარეშე; ამ ჰალვას ხუთშაბათ საღამოს ან პარასკევ (მუსულმანთათვის საკრალურ დღეს) დილით „სახლის გველისთვის“ წირთხლის ქვეშ დებდნენ.
თაბასარანელები „სახლის გველს“ ოჯახის კეთილდღეობისა და ბარაქის მფარველად მიიჩნევდნენ და არაფერს უშავებდნენ.ამ აკრძალვის დარღვევა, მათი აზრით, ოჯახის უფროსის სიკვდილს მოასწავებდა.
მსგავსი წარმოდგენა კახეთშიც არის "ფუძის გველზე". სახლში (ეზოში) მცხოვრები გველი "ფუძის გველად" არის მიჩნეული და არაფერი არ უნდა დაუშავო, წყნარად უნდა გაატარო თავის გზაზე, თორემ ოჯახის უფროსის სიკვდილს ან ოჯახის გაუბედურებას მოასწავებს.
* ობურ მარე – ავი თვალ-ფეხის მქონე ბოროტი მამაკაცი სვანური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. სვანებს სწამდათ, რომ ასეთი მამაკაცი ყოველ სოფელში ცხოვრობდა და შეეძლო ზიანი მიეყენებინა (სნეულება შეეყარა) როგორც ადამიანებისთვის, ისე – საქონლისთვის (დაეშრო რძე, დაეჩიავებინა, ავად გაეხადა და სხვ.).
გარდა აღნიშნულისა, გავრცელებული იყო რწმენა, რომ ობურ მარე ღამღამობით შინაურ ცხოველებს სისხლს სწოვდა.
* ჟორალაუ (ბალყ.-ყარაჩ Жоралау – „ხელდასხმა“) – ინიციაცია. სათანადო გამოცდის შემდეგ, ბალყარელი და ყარაჩელი ახალგაზრდები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მებრძოლები ხდებოდნენ და წმინდა ცოდნას ეზიარებოდნენ.
კურთხევის ნიშნად მარჯვენა ბეჭზე ჯვარს გამოუსახავდნენ (ამას უკავშირდება ტერმინი жоралау – „ჯვრის აღება [მიღება]“). ეპოსის თანახმად, ინიციაციის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც შამბალიყის სალოცავში სრულდებოდა, ცეცხლზე გავლას ითვალისწინებდა.
* უსაგ-ი (ოს. Усаг – „ცოლად, პატარძლად სახელდებული“) – საცოლედ, პატარძლად დანიშნული მცირეწლოვანი ქალიშვილი. ძველი ოსური ტრადიციით, შეიძლებოდა ჩვილთა დაწინდვა როგორც აკვანში, ისე ადრეულ ასაკში, რაც გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვდა.
რომელიმე მხარის მიერ დადებული შეთანხმების დარღვევა ან დანიშნულის ვინმეს მიერ მოტაცება სისხლის აღების წესის ამოქმედებას იწვევდა.
* შაცვა-ჩაფაცვა (აფხ.) – „ბედის მწერელნი“, ადამიანთა ბედის წინასწარმეტყველი სულები. აფხაზური წარმოდგენებით, ისინი ან ორნი არიან, ან მრავალნი; განსაზღვრავენ ახალშობილის მომავალს, მის ბედნიერებასა თუ უბედობას, სიცოცხლის ხანგრძლივობასა თუ სიკვდილის ჟამს და ყოველივე ამის თაობაზე ბავშვს შუბლზე წააწერენ.
ზოგი ავტორის ცნობით, მათ მსვერპლად სწირავდნენ ძროხას. ს. ჯანაშიას განმარტებით, ტერმინი „აშაცვა“, ისევე როგორც უზენაესი ღვთაების აფხაზური სახელწოდება „ანცვა“ მრავლობით რიცხვში დგას, ღმერთის ეპითეტს წარმოადგენს და ქართული „გამჩენის“ იდენტურია. ტერმინ „ჩაფაცვას“ ორნაირად განმარტავენ: „მკეთებელნი“ და „გამომჭედელნი“ (მართებული ჩანს მეორე განმარტება).
„ჩაფაცვა“ სიტყვისთვის ამოსავალია ტერმინი „ა-ჩაფარა“ (ჭედვა, კვერში გამოყვანა), რაც საგნის გამოყვანის, გამოსახვის ცნებას უკავშირდება და სემანტიკურ პარალელს ქართული „წერას“ სახით პოულობს.
*
*
*

წყარო: ანთელავა – კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

0
137
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0