x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
ვინ იყვნენ მესოპოტამიელი ოლიგარქები და რა გავლენა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაზე

ბიზნესი, ყველა ადამიანის წარმოდგენაში, კარგად მოწყობილი ოფისი, «დრეს-კოდით» გამოწყობილი თანამშრომლები, დახვეწილი, ელეგანტურად ჩაცმული ხელმძღვანელი და კომპიუტერზე წამებში შექმნილი დოკუმენტია, რომლის ადრესატთან გადაგზავნა, შეთანხმების მიღწევა და უკან დაბრუნება, წამების საქმეა. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი საათივით აწყობილი მექანიზმია.


image


მაგრამ, საინტერესოა, როგორი იყო ის უძველეს დროში? მაგ., ძველ ბაბილონში, ან მესოპოტამიის სხვა ქალაქებში? ბევრს შესაძლოა გაეცინოს და იფიქროს, რომ ლურსმული დამწერლობის პირობებში, ბიზნესის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა და რომ იმ დროს, მხოლოდ მეფე, მისი მსახურები და უბრალო მოსახლეობა არსებობდა, რომელსაც მეფის ხაზინაში საკუთარი შრომით მიღებული სარჩო-საბადებლის ნაწილი შეჰქონდა. რეალურად, ეს ყველაფერი, მწერლების და კინომწარმოებლების მიერ მოგონილი მითებია. რეალურად, ცხოვრება ათასობით წლის წინ, ძალიან განსხვავდებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებულ, ჩვენს წარმოდგენებში არსებულ სტერეოტიპებისგან... და თუ როგორი იყო ის, ამის გაგება, მეცნიერებმა თიხის ფირფიტების გაშიფვრის შემდეგ შეძლეს. აქ სწორედ კვლევის შედეგების მოკლე რელიზს წარმოგიდგენთ, რომელიც გარკვეულ წარმოდგენებს იძლევა, იმ დროს არსებული ბიზნესის წარმოების, ბიზნეს ურთიერთობის და ხელისუფლების მისდამი დამოკიდებულების შესახებ.



«თქვენი ხელმოწერა, პარტნიორო!»


imageთიხის ფირფიტაზე წერა ადვილი არ იყო და ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო. მაგრამ, არა იმიტომ, რომ ვერ ისწავლიდნენ, უბრალოდ, საამისოდ დიდი დრო, ნებისყოფა და სურვილი იყო საჭირო, რაც ხშირ შემთხვევაში, საქმიან ადამიანს არა ჰქონდა და ისე, როგორც დღეს, ყველა ბიზნესმენს მდივანი ჰყავდა. კითხვა ბევრს შეეძლო, მაგრამ წერა, მხოლოდ ე. წ. კალიგრაფისტებმა იცოდნენ და მიუხედავად ამისა, უამრავი თიხის ფირფიტა არის აღმოჩენილი, რომელზეც სავაჭრო ხელშეკრულებები, თუ ბიზნეს შეთანხმებებია გაფორმებული.

მაგ., ბაბილონში, ძვ. წ. აღრ. 2000 წ. მიღებული კანონის თანახმად, ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა, თუნდაც სულ პატარა, მხარეთა შორის დაფიქსირებული და ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო. imageეს ბიზნესის თაღლითებისგან დასაცავად კეთდებოდა და უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კანონი, ინგლისში, მხოლოდ XVII საუკუნეში მიიღეს!.. და აქ უკვე რთულია იმის გარკვევა, კაცობრიობა 2700 წლის მანძილზე რეგრესის გზით მიდიოდა, თუ პროგრესის…

და რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ რა ხელმოწერაზე შეიძლებოდა საუბარი, თუ მოსახლეობის უმრავლესობამ წერა არ იცოდა?! მაგრამ, მესოპოტამიაში, ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი და მახვილგონივრული გამოსავალი იპოვეს. თავის ხელმოწერას ყველა თან, ყელზე დაკიდებულს ატარებდა! ეს პატარა, დაახლოებით, 2 სმ. სიგრძის ბეჭდის მაგვარი ქვა იყო, რომელზეც მისი მფლობელის ემბლემა იყო ამოტვიფრული (ჩვეულებრივ, საკულტო ნივთი ან სცენა). როდესაც დოკუმენტი უკვე მზად იყო, მოლაპარაკებაში მონაწილე და შეთანხმებული მხარეები, მასზე საკუთარი ბეჭდის ანაბეჭდს ტოვებდნენ, ხოლო მდივანი, მის გვერდით, ბიზნესმენის სახელს წერდა.


ბაბილონის «ბირჟა»


ბაბილონის ცივილიზაციის საქმიანი ცხოვრება ქალაქის ჭიშკართან ჩქეფდა, – ეს ერთგვარი ბირჟა იყო, სადაც ხალხი იკრიბებოდა და მიმდინარე საკითხები იხილებოდა. ხოლო, კალიგრაფისტები თავიანთ მომსახურებას სთავაზობდნენ, ვისაც ეს ესაჭიროებოდა. ხან ისეც ხდებოდა, რომ ერთდროულად, დოკუმენტის ორი ასლი იქმნებოდა – თითოეული მხარისთვის ცალ-ცალკე. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, დოკუმენტი მხოლოდ ერთი იყო.


მესოპოტამიის ოლიგარქები


ძველი მესოპოტამიის ტაძრების უმრავლესობა, მხოლოდ რელიგიური კი არა, კულტურული, ადმინისტრაციული, საწარმოო (იქ ძირითადად, ქალები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც ძაფს რთავდნენ და ქსოვილს ამზადებდნენ) და კომერციული ცენტრიც იყო. მოცემულ შემთხვევაში, ძველი ბაბილონის ბიზნესს განვიხილავთ და მხოლოდ მის კომერციულ დანიშნულებას შევეხებით, რადგან სხვა ქალაქებშიც მსგავსი სიტუაცია იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის თვალსაზრისით, ტაძრები სხვადასხვა მიმართულებით ფუნქციონირებდნენ:

I. ყველა ტაძარს საკუთრებაში, საკმაოდ დიდი ფართობის მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელსაც ამუშავებდნენ და ამისთვის მუშა ხელს ქირაობდნენ, ან მიწას იჯარით გასცემდნენ და ორივე შემთხვევაში, საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდნენ. ამას მრევლის შემოწირულებაც ემატებოდა და ტაძარში იმაზე მეტი დოვლათი გროვდებოდა, ვიდრე მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ფუნქცია, რომელსაც ძველ ბაბილონში ტაძრებში ახორციელებდნენ, ხოლო ჩვენს რეალობაში, ამას ბანკი აკეთებს:

II. ფულის სესხში გაცემა (ფული აქ პირობითი ცნებაა, რადგან იმ დროს, ფულადი სისტემა ნაკლებად იყო განვითარებული და აღებ-მიცემა, ძირითადად, ნატურით ხორციელდებოდა). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სესხის პროცენტზე ლიმიტი არ არსებობდა და ჩვეულებრივ, ის 20, 30, და 33 პროცენტსაც კი შეადგენდა!

III. არსებობდა განსაკუთრებით პრივილეგირებული ტაძრები, რომლებიც ზემოთ ხსენებული, მიწის იჯარით გაცემით და საბანკო საქმის ბიზნესით არ კმაყოფილდებოდნენ და მოსახლეობისგან, რომელიც იმ ტაძრის «მრევლში» (თვალთახედვის არეში) ირიცხებოდა, «შესაწირს» ითხოვდნენ (საეკლესიო მეათედის მსგავსად, რომელსაც მრევლის წევრი საკუთარი შემოსავლის მეათედს ეკლესიის სასარგებლოდ იხდიდა. ეს გადასახადი VIII – XVIII საუკუნეებში სავალდებულო იყო ევროპაში და ყველა ქვეყანაში, სადაც კათოლიკური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდებოდა). ამ გადასახადისგან თავის არიდება არავის შეეძლო, რადგან ტაძარი, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების რეზიდენციას წარმოადგენდა და მასთან დაპირისპირება არავის უნდოდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ტაძრებს ქურუმები მართავდნენ, რომლებიც თავს ღმერთებსა და ხალხს შორის, შუამავლებად მიიჩნევდნენ და სუსტი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები სწორედ ისინი იყვნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სსრ კავშირი – რიგების ქვეყანა

* ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება

* რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება

* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...

* ისტორიულ ფასეულობის 10 ძველი ფოტო, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება

* და ისევ მარიხუანაზე...

* წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ





0
333
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0