x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ არის ფლამინგო ვარდისფერი?

image


ბუნებაში უამრავი უნიკალური და გასაოცარი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი ვარდისფერი ფლამინგოა. რა თქმა უნდა, საინტერესოა ამ ეგზოტიკური ფრინველის წარმოშობისა და ცხოვრების პირობები, თუმცა კიდევ უფრო დიდ ინტერესს სწორედ მისი უცანაური შეფერილობა იწვევს. რითია ეს განპირობებული და როგორ ინარჩუნებს ეს ფრინველი ასეთ საუცხოო ფერს?




ფლამინგოს რაციონი და ბუმბულის ფერი


image


ამ ფრინველის ბარტყი სამყაროს რუხი ფერი ევლინება. თავდაპირველად მისი შეფერილობა ფერფლისფერია, ხოლო როდესაც იზრდება - თეთრდება, სიმწიფის მიხედვით მისი ბუმბული ეგზოტიკურ ელფერს - ვარდისფერს, ნარინჯისფერს ან წითელს იძენს.


image


რა ფერის იქნება საბოლოოდ, ზრდასრული ფლამინგოს ბუმბული, ეს მის საცხოვრებელ გარემოსა და პირობებზეა დამოკიდებული. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფრინველის ფერს მის რაციონში არსებული საკვები განაპირობებს. ვარდისფერი შეფერილობა შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს, ის ფრინველის საკვებში კაროტინოიდების კონცენტრაციის მიხედვით განისაზღვრება.




რა არის კაროტინოიდები და როგორ მოქმედებს ის ბუმბულის ფერზე?


image


კაროტინოიდები ორგანული პიგმენტია, რომელიც მეცნიერების მიერ მცენარეებში, ბოსტნეულსა და ფოტოსინთეზურ ორგანიზმებში იქნა აღმოჩენილი. ფლამინგო იკვებება საკვებით, რომელსაც ნარინჯისფერი და წითელი შეფერილობა აქვს, სწორედ აქედან გამომდინარეობს - მისი ლამაზი, ვარდისფერი ბუმბულის ფერიც. კაროტინოიდები ცხიმში ხსნადი ნივთიერებებია, როდესაც ის ფლამინგოს ორგანიზმში ხვდება, ეგზოტიკური ფრინველის ღვიძლში იხსნება და მის ბუმბულებში გროვდება, რომელიც მისთვის ერთგვარ რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. ბუმბული ორიგინალურ შეფერილობას სწორედ ამ პიგმენტის კონცენტრაციის გამო იღებს.


image
საინტერესო ფაქტი: თუ ფრინველი ამ ორგანული პიგმენტის ნაკლებობას განიცდის, მისი ფერის ინტენსივობაც იკლებს. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ზოგიერთი ფრინველის ბუმბულის ფერი განსხვავდებოდეს.


image


ფლამინგოს ფერი - ვარდისფერი, ნარინჯისფერი ან წითელი კაროტინოიდების მრავალფეროვნების მიხედვით მერყეობს, რომელსაც ფრინველები მოიხმარენ. სწორედ ამიტომ ბუნებაში ეს ეგზოტიკური ფრინველი სხვადასხვა ფერის ინტენსივობით გვხვდება, თუ ფლამინგოები ამ ორგანული პიგმენტებით მდიდარი საკვების მიღებას შეწყვეტენ, მათი ფერი კვლავ თეთრი გახდება.


image


წყალმცენარეები და ზღვის პროდუქტები - ფლამინგოს რაციონის მთავარი პროდუქტებია. ასეთი საკვებით ზღვების სანაპიროები და მარილიანი ტბებია მდიდარი, სადაც ამ სახეობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. სპირულინას წყალმცენარეები, კრევეტები, კიბორჩხალები - სწორედ ეს პროდუქტები ანიჭებს ფლამინგოს ვარდისფერ შეფერილობას.


image


ზოოპარკებში ფრინველის ბუმბულისთვის ეგზოტიკური ფერის შესანარჩუნებლად, მათ საკვებად კაროტინით მდიდარ საკვებს - სტაფილოს, ბულგარულ წიწაკასა და მოლუსკებს აძლევენ.




კიდევ რომელი ფრინველები "იღებებიან" საკვების გამო?


image


ფლამინგო - ერთადერთი ფრინველი არ არის, რომელიც ბუნებამ ასეთი საუცხოო გარეგნობით დააჯილდოვა. ბუმბულის ასეთივე ეგზოტიკური შეფერილობა აქვს - ვარდისფერ თოლიას, ვარდისფერ კოჭობას, ვარდისფერ ტარბს და ვარდისფერ ვარხვს, თუმცა ყველა მათგანი ვარდისფერი ბუმბულით იბადება, ფლამინგო კი ასეთ საოცარ ფერს სიცოცხლეში იძენს.




0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
216