x
image
თორ ნიკე
Mediator image
მულტისამყაროს მოწყობის სხვადასხვა თეორია
მულტისამყაროს მოწყობის სხვადასხვა თეორია


სრულიად რეალისტურია, რომ ჩვენი სამყარო ერთადერთი არაა და ნაწილია სამყაროთა იმ სიმრავლის, რომელსაც მულტისამყარო ეწოდება. ერთი შეხედვით ეს ფატანსტიკას ჰგავს, მაგრამ არსებობს ძალიან მყარი სამეცნიერო ბაზა, რომელიც მის მართებულობაზე მეტყველებს. თეორეტიკოსი ფიზიკოსები მულტისამყაროს 5 მთავარ თეორიაზე საუბრობენ, ესენია: უსასრულო სამყაროები (Infinite Universes), ბუშტი სამყაროები (Bubble Universes), პარალელური სამყაროები (Parallel Universes), შვილობილი სამყაროები / შვილი სამყაროები (Daughter Universes) და მათემატიკური სამყაროები (Mathematical Universes).



1. უსასრულო სამყაროები (Infinite Universes)


უსასრულო სამყაროებთან დაკავშირებით მეცნიერებს დღემდე არ შეუძლიათ დაადგინონ თუ როგორია დრო-სივრცის ფორმა, თუმცა ერთ-ერთი თვალსაზრისით ის ბრტყელია და უსასრულოდ გადაჭიმული. ამგვარად, ამ თეორიის მიხედვით, ის არ არის არც სფერული და არც დონატის ფორმის, როგორც სხვა თეორიები ვარაუდობს. ეს არის ე.წ. ინფლაციური სამყარო. თუ სივრცე და დრო უსასრულოდ გაგრძელებადია, მაშინ რომელიმე წერტილზე მისი განმეორება უნდა მოხდეს, რადგან დრო-სივრცეში ნაწილაკების გავრცელების ორგანიზაციის კომბინაციების რაოდენობასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დრო-სივრცის უსასრულობა ჩვენი სამყაროს ზუსტი ასლის სადმე განმეორების შესაძლებლობას უშვებს. ამ თეორიის მიხედვით, თუ საკმარისად შორს მოვძებნით, მაშინ ჩვენს მრავალ ვერსიასაც შევხვდებით. ამ "ტყუპებიდან" ზოგიერთი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ზოგი კი ამ დილით სხვა სვიტერს ჩაივამს, ზოგი კი კარიერასა და ცხოვრებაში სრულიად სხვა არჩევანს გააკეთებს და ცხოვრებას სულ სხვაგვარად წარმართავს, ჩვენგან სრულად განსხვავებულად.

იმის გამო, რომ დაკვირვებადი სამყარო ვრცელდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც სინათლეს ჰქონდა შანსი მიეღწია 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში (ეს არის 13.8 მილიარდი სინათლის წლის მანძილი). ამ მანძილის მიღმა არსებული დრო-სივრცე შეიძლება ჩაითვალოს ცალკე არსებულ სამყაროდ. ამგვარად, სამყაროთა სიმრავლე არსებობს ერთმანეთის გვერდიგვერდ და ქმნიან სამყაროთა გიგანტურ მოზაიკას უსასრულოდ დიდ სივრცეებში.



უსასრულო სამყაროები (Infinite Universes)




2. ბუშტი სამყაროები (Bubble Universes)


დრო-სივრცის უსასრულოდ გაფართოებით შექმნილი მრავალი სამყაროს გარდა კიდევ ერთი თეორია მარადიულ ინფლაციას ვარაუდობს. სხვა სამყაროები შეიძლება წარმოიშვას "მარადიული ინფლაციითაც". ეს მოსაზრება გვაუწყებს, რომ არსებობს შესაძლებლობა რომ სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ სწრაფად გაფართოვდა, რაც შეიძლება შევადაროთ ჩვეულებრივი ბუშტის გაბერვას. მარადიული ინფლაციის თეორია პირველად ტაფტსის უნივერსიტეტის კოსმოლოგმა ალექსანდრე ბილენკინმა შემოგვთავაზა. ის ვარაუდობს, რომ კოსმოსის ზოგიერთი ნაწილი გაფართოებას აჩერებს, ხოლო დანარჩენი ნაწილები აგრძელებენ "გაბერვას", რითაც წარმოიქმნება მრავალი იზოლირებული "ბუშტი სამყარო". ამ თეორიის მიხედვით ჩვენი სამყარო არის ის ადგილი, სადაც ინფლაცია დამთავრდა და ამრიგად საშუალება მიეცა ვარსკვლავებს და გალაქტიკებს, რომ წარმოშობილიყვნენ. ეს ჩვენი სამყარო კი არის მხოლოდ ერთ-ერთი პატარა ბუშტი ვრცელ ზღვაში, რომლის შემადგენელი ბუშტებიდან მრავალი ჯერ კიდევ "იბერება" და რომელიც შეიცავს ბევრ სხვა ბუშტს, ისეთივეს, როგორიც ჩვენია. ზოგიერთ ამ "ბუშტ სამყაროში" ფიზიკის კანონები და ფუნდამენტური მუდმივები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი სამყაროს ფიზიკური კანონებისა და ფუნდამენტური მუდმივებისგან, რაც ბევრ სამყაროს მართლაც უცნაურ ადგილად აქცევს.


ბუშტი სამყაროები (Bubble Universes)




3. პარალელური სამყაროები (Parallel Universes)


კიდევ ერთი იდეა, რომელიც წარმოშობილია სიმების თეორიიდან, არის ცნება "ბრენო სამყაროები" - პარალელური სამყაროები, რომლებიც ჩვენგან მიუწვდომელია. ეს ვარიანტი შემოთავაზებული იქნა პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერის - პოლ სტეინჰარდტის და კანადაში, ონტარიოში მდებარე თეორიული ფიზიკის პერიმეტრის ინსტიტუტის მეცნიერის - ნილ ტუროკის მიერ. იდეა მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი სამყარო ბევრად მეტ განზომილებას მოიცავს, ვიდრე ოთხს - 3 განზომილება + დრო. ჩვენი საკუთარი სამგანზომილებიანი სივრცის - "ბრანის" გარდა კიდევ არსებობს სხვა სამგანზომილებიანი ბრანები, რომლებიც დაცურავენ უფრო მაღალგანზომილებიან სივრცეში. კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ბრაიან გრინი აღწერს იდეას, როგორც დაშვებას, რომ "ჩვენი სამყარო არის ერთ-ერთი, პოტენციურად მრავალრიცხოვანი სამყაროებიდან - "ფილებიდან", რომლებიც ცურავენ უფრო მრავალგაზომილებიან სივრცეში, ისევე როგორც პურის ნაჭერი უფრო დიდ კოსმოსურ პურში" (ბრაიან გრინი, დამალული რეალობა, 2011).

ამ თეორიის შემდგომი ნაწილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ბრანული სამყაროები ყოველთვის არ არის პარალელური და მიუწვდომელი. ხანდახან ისინი შეიძლება ერთმანეთს შეეჯახონ, რაც იწვევს ახალ-ახალ დიდ აფეთქებებს კიდევ და კიდევ, ყოველი შეჯახების შემდეგ, რაც წარმოქმნის ახალ სამყაროებს ყოველი აფეთქების შემდგომ.


 პარალელური სამყაროები (Parallel Universes)




4. შვილი სამყაროები (Daughter Universes)


კვანტური მექანიკის თეორია, რომელიც სუბატომური ნაწილაკების პაწაწინა სამყაროს ფიზიკურ კანონებს და მახასიათებლებს შეისწავლის, გვთავაზობს მრავალი სამყაროს წარმოშობის გაგების სხვა გზას. კვანტური მექანიკა აღწერს სამყაროს ალბათობებით და არა გარკვეული შედეგებით. ამ თეორიის მათემატიკა, გამოთვლები ვარაუდობს, რომ კონკრეტული სიტუაციის ყველა შედეგი ნამდვილად ხდება, ოღონდ ცალკეულ სამყაროებში. მაგალითად თუ მიაღწევთ გზაჯვარედინს, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ მარჯვნივ ან მარცხნივ, ამჟამინდელი სამყარო წარმოშობს ორ შვილ სამყაროს. აქედან ერთში მარჯვნივ მიდიხართ, მეორეში კი მარცხნივ. ბრაიან გრინი თავის წიგნში "ფარული რეალობა", ამაზე წერს: "და თითოეულ ამ სამყაროში არის თქვენი ასლი, რომელიც აკეთებს ამ ორიდან ერთ-ერთ მოქმედებას, მიდის მარჯვნივ და მეორე კი მარცხნივ, და ამავე დროს, ორივე არასწორად ფიქრობს, რომ მისი რეალობა ერთადერთი რეალობაა."


შვილი სამყაროები (Daughter Universes)




5. მათემატიკური სამყაროები (Mathematical Universes)


მეცნიერები დიდხანს მსჯელობდნენ იმაზე, არის თუ არა მათემატიკა უბრალოდ სასარგებლო ინსტრუმენტი სამყაროს აღწერისთვის, თუ თავად მათემატიკა არის ფუნდამენტური რეალობა და ჩვენი დაკვირვებები სამყაროზე მისი ჭეშმარიტი მათემატიკური ბუნების მხოლოდ არასრულყოფილი აღქმაა. თუ ეს მეორე მტკიცებაა ჭეშმარიტი, მაშინ შესაძლოა კონკრეტული მათემატიკური სტრუქტურა, რომელიც ქმნის ჩვენს სამყაროს არ არის ერთადერთი ვარიანტი და სინამდვილეში ყველა შესაძლო მათემატიკური სტრუქტურა არსებობს, როგორც განცალკევებული სამყარო. მათემატიკური სამყარო არის ის, რაც შეგვიძლია აღვწეროთ ისე, რომ სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს ადამიანური სისუსტისგან, აღქმის შეზღუდულობისგან და იყოს ზუსტი.


მათემატიკური სამყაროები (Mathematical Universes)






წყარო: 5 Reasons We May Live in the Multiverse - Space.com


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
144
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
144
  
2022, 22 ივლისი, 22:35
Does infinity exist? - plus.maths.org
0 1 1