x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იოანე მახარაძის რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც გეოგრაფიას აბარებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 მიმდინარეობს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, პირველადი შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი კვირიდან დაიწყება. ჩვენ ვუკავშირდებით სხვადასხვა საგნის გამოჩენილ სპეციალისტებს და ვთხოვთ მათ რჩევებს აბიტურიენტებისთვის. დღეს შემოგთავაზებთ გეოგრაფიის ახალგაზრდა სპეციალისტის, იოანე მახარაძის რჩევებს გეოგრაფიის გამოცდის შესახებ, რომელიც 21 ივლისს გაიმართება.

-დავიწყოთ ერთქულიანებით, რამდენი ტესტური დავალება ელოდებათ აბიტურიენტებს გეოგრაფიის გამოცდაზე და რაზე გაამახვილონ ყურადღება?

აბიტურიენტებს გამოცდაზე 17 ტესტური შეკითხვა დახვდებათ, ტესტი სწორედ ამ კითხვებით დაიწყება, როგორც წესი შეკითხვები გაჰყვება სააბიტურიენტო პროგრამას. თითოეულ კითხვას ახლავს 4 შესაძლო ვარიანტი, აბიტურიენტი ირჩევს ერთ-ერთს. შეკითხვები შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე, თუმცა აბიტურიენტებს აუცილებლად ვურჩევდი, რომ გადახედონ რელიგიების რუკებს, ასევე ენების გავრცელებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცხრილებს, გაიმეორონ მარტივი გეოგრაფიული ამოცანების ამოხსნის პრინციპი, როგორებიცაა შობადობის კოეფიციენტი, მოსახლეობის ცვლილება, აზიმუტი, ვერტიკალური გრადიენტი, მასშტაბი.

- რა ელით აბიტურიენტებს დახურული კითხვების შემდგომ?


როგორც ნაეკის მიერ გამოქვეყნებული პასუხების ფურცელი გვიჩვენებს, შემდეგ აბიტურიენტები გადავლენ მე-18 საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ იქნება რომელიმე სახელმწიფო, ვფიქრობ, უფრო მოსალოდნელია საკითხი იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც ჯერ გამოცდაზე არ მოსულა- ასეთი შეიძლება იყოს მექსიკა, იტალია, იაპონია, ს.ა.რ ეგვიპტე და ინდოეთი. აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ სახელმწიფოების ზოგად გეოგრაფიას, დიდ ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს, მმართველობის ფორმებსა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას. შემდეგ მე-19 საკითხი დიდი ალბათობით იქნება ტოპოგრაფიული რუკა, სადაც როგორც წესი არ იცვლება საკითხები, მოვა ტრადიციული აზიმუტის დადგენა, მდინარის მიმართულებები, ვარდნა, სიჩქარე, ან შეცდომები ჰიდროლოგიურ კონტექსტში, შეიძლება ბავშვებს მოუწიოთ რომელიმე გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლის დადგენა, რისთვისაც ტოპოგრაფიულ რუკაზე გავლებული ჰორიზონტალები უნდა გამოიყენონ, ლეგენდაში მოიძიონ, თუ რამდენ მეტრშია გავლებული თითოეული ჰორიზონტალი.

ამის შემდეგ გვაქვს რამდენიმე საკითხი, ღია კითხვები, რომელშიც გამოჩნდება ბავშვის ზოგადი, გეოგრაფიული ცოდნა. სავარაუდოდ, კითხვები იქნება კლიმატურ სარტყლებზე, სიმჭიდროვეზე, დედამიწის მოძრაობაზე, მიქცევ-მოქცევაზე, ზოგად შეკითხვებში ნაკლებსავარაუდოა, რომ საქართველოს გეოგრაფია მოვიდეს, აქ უფრო გეოგრაფიული სქემები, დიაგრამები, მშპ-ს სექტორული დანაწილება, სეისმოლოგიური რუკები არის მოსალოდნელი.

-ელოდონ თუ არა აბიტურიენტები საქართველოს გეოგრაფიას?

მაინც მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია, რომელიც ძალიან მდიდარი და საინტერესოა, აბიტურიენტებს ბოლო საკითხში შეხვდებათ, სადაც შეიძლება საუბარი იყოს შავ ზღვაზე, ან რომელიმე რეგიონზე დაწვრილებით, სასარგებლო წიაღისეულებზე ან სოფლის მეურნეობაზე. არ ვფიქრობ, რომ დაცული ტერიტორიები მოვა დაწვრილებით, რადგან საკითხი ამის შესახებ უკვე იყო.

-რა ცვლილებები შეეხო გეოგრაფიის წლევანდელ გამოცდას?

წელს გეოგრაფიაში აბიტურიენტებს რუკა ელექტრონულად ექნებათ, ეს კარგიც არის, რადგან ობიექტებს უკეთ დააკვირდებიან მასზე. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ცვლილებაა და ამის გამო აპლიკანტებმა არ უნდა ინერვიულონ.

-დიდი მადლობა, ბოლოს კი რა ზოგად მითითებებს მისცემდით მათ?

ჩემი მთავარი მითითება არის ის, რომ არ აურიონ საკითხები, მიჰყვნენ იმ თანმიმდევრობით, როგორც გამოცდაზე დახვდებათ, თუ რაიმეს ვერ გაიხსენებენ გამოტოვონ და ბოლოსთვის მოიტოვონ, გეოგრაფია ისეთი საგანია და მისი ტესტი ისეა შედგენილი, რომ აბიტურიენტმა შეიძლება 15 წუთის შემდეგ გაშიფროს ის საკითხი და მივიდეს პასუხამდე, რომელსაც მანამდე ვერ ხვდებოდა, ამის გამო პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. დარჩენილ დღეებში აიღეთ კონტურული რუკები და დაიტანეთ მათზე ყველა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტი, გადაიმეორეთ ე.წ გეოგრაფიული რეკორდები, საქართველოს წიაღი და მყინვარები, კონტინენტებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩრდილოეთ ამერიკას, გაიმეორეთ ენები და რელიგიები, ასევე საერთაშპორისო ორგანიზაციები, შეისწავლეთ უკრაინა-რუსეთის ომის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები, რადგან ეს საკითხი მეტად აქტუალურია წლევანდელ წელს. ნუ ინერვიულებთ თუ ფიქრობთ, რომ ბევრი შეცდომა დაუშვით, გეოგრაფია ისევე, როგორც ფიზიკა ეროვნულზე ცოტა რთულია და მისი შედარებით დაბალი ქულა მაინც იძლევა გრანტის აღების საშუალებას.

დიდი მადლობა. ჩვენი გუნდი წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს, რომელიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.

image

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა ადამია
ლელა ადამია
47