x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსს რაც არ უნდა უგალობო დღეს, პატრიარქ კირილისაგან ნაკურთხი ბომბების ხმას მაინც ვერ გადაფარავ...
რამ გადარია ეს ვითომ "დიდმორწმუნე ხალხი", რა ეკუმენიზმი, რა ერესი, რა მასონ - სიონიზმი, რა მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა, რისი შეთქმულება! გაჩაღდა უდროო ყელყელაობა ფანატიკოს – ფუნდამენტალისტებისა, რომელთაც საეჭვოა, სიტყვა "ევქარისტიის" მნიშვნელობა ზუსტად იცოდნენ. მავანმა ისტორიულ სქიზმაში რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ლამის საპატრიარქოს გუნდი დაადანაშაულოს.. არადა რა მოხდა ასეთი გაურკვეველი?
image
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში – ბრამანტეს, მიქელანჯელოს, სანგალოს, რაფაელის, დელა პორტას და ბერნინის საოცარი ქმნილების კედლებში და ზუსტად დიდი ბუონაროტის "განკითხვის დღის" ფრესკის (შედევრი, რომლითაც ხელოვნებაში აღორძინების ეპოქა დასრულდა) წინ (და არა რ ნიკიტა ხრუშჩოვისეულ მოსკოვის კრემლის სხდომათა დარბაზში კანდელაკის და გაზმანოვის თანამონაწილეობით) დემეტრე I გენიალური იამბიკო "შენ ხარ ვენახი" აჟღერდა.
ქართველებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ევროპას, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და რა უძველესი კულტურის მატარებლები. კმარა, გავიგეთ, რომ წმინდა პეტრეს ტაძარი ყოფილა ასპიტთა ბუდე, სადაც პაპები ცოდვებში იხრჩობოდნენ (ჰო, ცოტა ლეო ტაქსილსაც დაეჯერება რა თქმა უნდა და ალექსანდრე ბორჯია და ბალთაზარ კოსაც ისტორიაა, მაგრამ ახლა ეს არ გვაინტერესებს).
თურმე დღეს იქ ქართული გალობა არღვევს მართლმადიდებლურ ტრადიციას და ეკუმენისტური შეთქმულების მანიშნებელი ყოფილა?
ყველაზე სახიფათონი მართლმადიდებლობისათვის ვითომ რომ იცავენ იმას, რასაც სინამდვილეში არავითარი დაცვა არ სჭირდება.
ჩვენ დედამიწას რელიქტური ნამცეცივით შემორჩენილი უძველესი მართლმადიდებელი ერი ვართ, რობაქიძისეული კარდუს ქვეყანა და ამ პატარა ერის გადარჩენის, ჩვენი საოცარი ჯიშის შენარჩუნების დიდი მისია გვაკისრია გაცილებით მეტი სიძალუმით, ვიდრე რომელიმე სხვა მრავალმილიონიან ერს. ამიტომაც ჩვენი ეროვნული კულტურის გაზიარებაც ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ იოანე ზოსიმეს იგავმიუწვდომელი ჰიმნისა და დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის", "შენ ხარ ვენახის", წმინდა ნინოს, ხახულის ღვთისმშობლის შეუფასებელი კარედის ქვეყანა ვართ, რომელმაც ერთ დროს მთელ ევროპას (არავის გაუკვირდეს –ევროპას!) გადაჯიშების საფრთხე აარიდა.
დიდი გერმანელი ქართველოლოგი და "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი ჰუგო ჰუპერტი არ ცდებოდა, როცა ამბობდა: "ქართველები, ეს საოცარი რასა რომ არა, დღეს ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი იდგებოდაო".
იმათ, ვინც ვერ გაარკვია, რა გვესაქმება რომში, შევახსენებ, რომ ჩვენ რომაელებს ადრეც დავანახეთ ჩვენი შემართება და კულტურა, პომპეუსს კი მცხეთასთან მაშინ ვებრძოდით, როცა არათუ რუსის, ზოგადად სლავის წინაპრის აჩრდილიც კი არ ჭაჭანებდა დღევანდელი ევროპა- აზიის ტერიტორიაზე.
როცა იმპერატორ ანტონინუს პიუსთან II საუკუნეში ქართლის მეფე ფარსმან II ჩავიდა რომში, დიდი შეხვედრა მოუწყეს. ქართველი მეფის ვაჟკაცობით, სიქველითა და სიბრძნით აღტაცებულმა რომაელებმა პატივისცემის ნიშნად ცენტრალურ მოედანზე მას მისივე ცხენოსანი ქანდაკება დაუდგეს....პაპების მიერ მოვლინებული იტალიელი კათოლიკე მისიონერებიც არ დაგვავიწყდეს, რომელთაც საქართველოს მეფე – მთავრები ყოველთვის პატივით მასპინძლობდნენ და თავის მხრივ მათაც ფასდაუდებელი ცნობები შემოგვინახეს ქართველი ხალხის ადათ –წესებზე. სახელები სამეგრელოში მოღვაწე კასტელისა, ანდრეა ბორომეოსი, არქანჯელო ლამბერტისა, პიეტრო ავიტაბილესი და სხვათა დიდი ხანია ჩვენი კულტურისა და ისტორიის ნაწილი გახდა.
კათოლიკურ ტაძარში იგალობესო? სულხან-საბა ორბელიანი (რომლის განათლებამ და მჭევრმეტყველებამ დიდად მოხიბლა რომის პაპი კლიმენტი XI), პეტრე მელიქიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, იოსებ ოცხელი, პეტრე ოცხელი, ფელიქს ვარლამიშვილი, პეტრე უმიკაშვილი და სხვები ქართველი კათოლიკები არ იყვნენ? მიხეილ თამარაშვილი და იტალია ხომ ცალკე თემაა...დიდგორი და ევროპელი ჯვაროსნები?
გვიყვარს გამეორება "ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" და რაღაცეები კი გვეშლება. თუ ევროპულ ფასეულობებს ვიზიარებთ და ვაფასებთ, მათ ჩვენი ფასეულობებიც უფრო ახლოს უნდა გავაცნოთ, გალობა იქნება ეს, მხატვრობა, მწერლობა, მეცნიერება, ადათ –წესები, ქორეოგრაფია, მეურნეობა, სამზარეულო, მეღვინეობა –მევენახეობა თუ სხვა ბევრი რამ..... სხვაგვარად არაფერი გამოვა...
Ps. აბა რუსს რაც არ უნდა უგალობო დღეს, პატრიარქ კირილისაგან ნაკურთხი ბომბების ხმას მაინც ვერ გადაფარავ...
ისე მართლმადიდებლებს, ვისაც ეს ამბები არ მოსწონს, იტალიაში მოგზაურობასა და განსაკუთრებით ვატიკანში რენესანსის ეპოქის (გამორჩევით მიქელანჯელოსეული) ფრესკების დათვალიერებას (ან მათ ფონზე სელფების გადაღებას) არ ვურჩევ.. ემანდ ეკუმენიზმის ან კათოლიციზმის რომელიმე კონფესიის ბაცილა არ შეგეყაროთ..
1
36
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
36
  
2022, 16 ივლისი, 6:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1