x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სპეციალური ოპერაციები და ქვედანაყოფები - საწყისები

როგორც ამერიკელი მომღერალი მაიკ ლავი (Mike Love) ამბობს - „კაცობრიობის ისტორია, ომების ისტორიაა“. სამწუხაროა, მაგრამ ამას ჩვენი უახლესი ისტორიაც მოწმობს. ყოველდღიურად ნებისმიერი საინფორმაციო გადაცემა გაჯერებულია მიმდინარე კონფლიქტების შესახებ რეპორტაჟებით. აჩვენებენ ავიაციის თუ არტილერიის დარტყმებს, ტექნიკისა თუ პირადი შემადგენლობის გადაადგილებასა და მანევრს, მაგრამ ომს მეორე მხარეც აქვს, რომელიც ჟურნალისტებისა თუ მაყურებლის ინტერესის მიუხედავად დაფარული და გასაიდუმლოებულია. ესაა სპეციალური ოპერაციები.

სპეციალური ოპერაციები ომის უნიკალური მხარეა. მათზე უამრავი ინფორმაცია და ისტორია არსებობს, მაგრამ უშუალო მონაწილეთა გარდა არავინ იცის რა არის ამ ისტორიებში სიმართლე და რა სპეციალურად შექმნილი, დაინტერესებული მკითხველის შეცდომაში შესაყვანად.

კონფლიქტების ისტორიაში უამრავი მაგალითის მოძიება შეიძლება იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწია ორი დაპირისპირებული მხარიდან ერთერთმა წარმატებას, სპეციალურად მომზადებული, მცირერიცხოვანი ჯგუფის დახმარებით. ზოგჯერ ასეთი ჯგუფები სპონტანურად, ცალკეული მიზნებისათვის ყალიბდებოდნენ. ზოგჯერ კი მათ უფრო ხანგრძლივი გამოყენებისათვის ქმნიდნენ და რეგულარული ქვედანაყოფის სახეს აძლევდნენ.

დღეს ასეთ დანაყოფებს ზოგადად „სპეციალური ოპერაციების ძალები“ (დასავლეთში), ან „სპეციალური დანიშნულების ძალები“ (რუსეთში და ყოფილ საბჭოეთში) ეწოდება.

ოპერატორი


სპეციალური ძალები მნიშვნელოვან და ხშირად შეუცვლელ როლს ასრულებდნენ, როდესაც მოწინააღმდეგეზე ზემოქმედების მიზნით საჭირო იყო ტრადიციული, კონვენციური ბრძოლის ნაცვლად „დარტყმისა და გაქცევის“ ტაქტიკის ან საბოტაჟის გამოყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რაც ამ ტიპის ქვედანაყოფებს ეკისრებოდათ იყო რეკოგნოსცირების ჩატარება და მოწინააღმდეგის ძალებზე, ინფრასტრუქტურაზე თუ მოქმედებებზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება.

image

პირველი ასეთი ოპერაცია დაფიქსირებულია დაახ. ძვ. წ. XIII-XII სს. ტროას ომში, როდესაც ოდისევსის რჩევით, საუკეთესო ბერძენი მეომრები უზარმაზარ ხის ცხენში დაიმალნენ, შეაღწიეს ქალაქში, ღამით მალულად ამოწყვიტეს კარიბჭის მცველები და დანარჩენ ლაშქარს გაუადვილეს ტროას აღება. დაახლოებით იმავე პერიოდში ჩინელმა სტრატეგმა ჯიანგ ზიამ (ძვ. წ. XII-XI სს.) თავის ნაშრომში „ექვსი საიდუმლო სწავლება“, განიხილა სპეციალიზებულ ელიტურ დანაყოფებში, რომელთა ამოცანები იყო გაბატონებული სიმაღლეების დაკავება და მოწინააღმდეგის სიღრმეში სწრაფად შეჭრა, ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების დაქირავების საკითხები. ცნობილია, რომ ჰამილკარ ბარკას, სიცილიაში ბრძოლების დროს (ძვ. წ. 249), ყავდა დღეში რამდენიმე შეტევის ჩასატარებლად მომზადებული სპეციალური რაზმები. გვიან რომაულ ან ადრეულ ბიზანტიურ პერიოდში რომაული ფლოტი, სადაზვერვო და კომანდოს ტიპის ამოცანებისთვის იყენებდა შერჩეული ხალხით დაკომპლექტებულ პატარა, სწრაფ და შენიღბულ ხომალდებს. ასეთივე ხომალდებს იყენებდნენ მუსლიმი მეომრები სადაზვერვო მოქმედებებისა და რეიდების ჩასატარებლად. მათ ასევე ჰყავდათ საზღვაო სპეციალური ოპერაციების რაზმები, რომელთა მეომრებსაც შეეძლოთ სხვადასხვა ხრიკების მეშვეობით ჯვაროსნების ხომალდებზე შეღწევა, მათი დაკავება და განადგურება. შუა საუკუნეების ევროპაში რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული, როცა სპეციალური ოპერაციის ჩასატარებლად გამოიყენეს ასევე სპეციალურად მომზადებული რაზმები. ამის მაგალითია რეკონკისტას პერიოდის პორტუგალიელი მეომრისა და სახალხო გმირის, ჯერალდ უშიშარის (XII ს.) სპეციალური რაზმი - მესნადა. იაპონიაში ნინძების კლანებიდან დაქირავებულ მებრძოლებს იყენებდნენ დაზვერვისთვის და ჯაშუშობისთვის, ან როგორც მკვლელებსა თუ პირად მცველებს. შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში არსებული ასასინთა სექტა თავისი ძლიერების ზენიტში თავზარს სცემდა მონარქებსა და სხვა გავლენიან პირებს პორტუგალიიდან ინდოეთამდე. შემდეგ უკვე ნაპოლეონის არმიაში შეიქმნა მსროლელთა და ინჟინერთა დანაყოფები, რომლებიც დაზვერვისა და შეტაკებების დროს ასრულებდნენ სპეციალურ დავალებებს და არ იყვნენ ჩართულნი ფორმალურ საბრძოლო ოპერაციებში. იმავე ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის დროს, პეტრე ბაგრატიონის „კურთხევით“, მისმა ყოფილმა ადიუტანტმა დენის დავიდოვმა, შექმნა პარტიზანული რაზმი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ნაპოლეონის არმიის დეზორგანიზებასა და დასუსტებაში და ერთხელ თავად ნაპოლეონიც შემთხვევით გადაურჩა დენის დავიდოვის ხელში ტყვედ ჩავარდნას. image


რადგან პეტრე ბაგრატიონი ვახსენეთ, საქართველოშიც გადმოვინაცვლოთ და ვნახოთ რა ცნობებს გვთავაზობენ ჩვენი მემატიანეები.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება ვიპოვოთ, რომლებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებზე და სპეციალურ ოპერაციებზე ცნობებად. რა თქმა უნდა უმეტესი მათგანი ეკუთვნის საქართველოს ოქროს ხანას - დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე პერიოდს.

სწორედ დავით აღმაშენებელმა შექმნა პირველი რეგულარული, თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფი - „და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა“ (მემატიანე, XIIს. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა). ამ ქვედანაყოფს „მონა-სპა“ ეწოდებოდა.

მათ მიერ ჩატარებული რამოდენიმე უნიკალური სპეციალური ოპერაციაც შემოგვინახა მატიანემ. ისეთები, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე სპეციალური ქვედანაყოფების ისტორიას დაამშვენებდა. მაგალითად: განდგომილი, თანამედროვე ენით, რომ ვთქვათ სეპარატისტული კახეთის მეფის, აღსართანის შეპყრობის დაგეგმვა და განხორციელება, რასაც კახეთის ერთიან საქართველოში დაბრუნება მოჰყვა - „რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ჴსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი“ (იქვე). მეფე არ არის მინდორში მარტო მობოდიალე გლეხი და შესაბამისად მისი შეპყრობაც მარტივი საქმე არ იქნებოდა, მისი პირადი დაცვის თუ სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით. ანუ თანამედროვე გაგებით ეს იყო კლასიკური სპეციალური ოპერაცია.

ასევე მონა-სპის კვალი ჩანს დავითის სარდლების მიერ სამშვილდის ციხის აღებაში. როგორც მემატიანე წერს „... სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე“. ციხის „მოპარვაც“ ნამდვილად არ გულისხმობს ციხის შეტევით აღებას. აქაც საქმე კარგად დაგეგმილ და შესრულებულ სპეციალურ ოპერაციასთან გვაქვს.

კიდევ ერთი მაგალითია თირქაშ აბულეთისძის ისტორია (XII სს). ეს მაღალი რანგის თავადი, გამოცდილი სარდლის ივანე აბულეთისძის შვილი, დემეტრე I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, მეფი რისხვას გაექცა და შაჰ არმენთან გადაიხვეწა. შაჰმა მას არშარუნის ქვეყანა უბოძა სამართავად, საიდანაც მოღალატე თავადი საქართველოზე ახორციელებდა რეიდებს. ამის გამო დემეტრე I-მა იგი შეპყრობინა და საქართველოში ჩამოაყვანინა. ესეც და დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის მეფის შეპყრობის ამბავი, ისეთივე ტიპის სპეციალური ოპერაციაა, როგორიც ისრაელის დაზვერვის სამსახურმა, მოსადმა ჩაატარა 1960 წელს, როცა ყოფილი SS-ის ობერშტურმბანფიურერი ადოლფ ეიხმანი მოიტაცა არგენტინაში.

რა თქმა უნდა ოქროს ხანის შემდეგ როგორც საქართველოს, ისე მისი არმიის ძლიერება საკმაოდ დაეცა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამქრალა. ამისი მაგალითია თბილისის ამაოხრეებლის აღა მაჰმად ხანის სიკვდილის გარემოებანი. ის, 1797 წელს კვლავ აპირებდა საქართველოზე გამოლაშქრებას და ზუსტად ლაშქრობის წინ, ღამით მოკლეს საკუთარ კარავში. ისტორიული ცნობებით მისი მკვლელი იყო, შაჰის კარზე მსახურად მყოფი მცხეთელი კაცი სახელად სადიხა (ნათლობის სახელი ანდრია). არსებობს ვარაუდი, რომ იგი ერეკლეს მიერ სპეციალურად იყო შეგზავნილი აღა მაჰმად ხანის გარემოცვაში.

საუკუნეების მანძილზე სპეციალური ოპერაციების, ან მათი მსგავსი ქვედანაყოფების მნიშვნელობა განიცდიდა აღმავლობისა და დაცემის პერიოდებს, მაგალითად II მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, როდესაც ჯერ მასიურად იქმნებოდა მსგავსი ტიპის ქვედანაყოფები და შენაერთები გამომდინარე უზარმაზარი მოთხოვნიდან, შემდეგი რამდენიმე წელი კი იყო პერიოდი, როცა წამყვან არმიებში ფიქრობდნენ, რომ სპეციალური დანაყოფები საჭირო აღარ იყო და ასევე მასობრივად მოხდა მათი შემცირება და რიგ შემთხვევებში ზოგიერთი დანაყოფის გაუქმებაც კი. თუმცა, მალევე მოეგნენ გონს და დღეს უკვე არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არამცთუ საკამათო თემა არ არის სპეციალური ოპერაციების კომპონენტის საჭიროება, არამედ მათი რაოდენობა, მნიშვნელობა და ჩართულობა ნებისმიერი ტიპის კონფლიქტში უფრო და უფრო იზრდება.

შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ ფართო საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილ სპეციალურ ქვედანაყოფებსა და მათ ჩატარებულ ოპერაციებს. გავაანალიზებთ ამ ოპერაციების მნიშვნელობასა და შედეგებს. ასევე მათი დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესის იმ ასპექტებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ან შეუშალა ამ ოპერაციების წარმატებას.


0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ბექა ოტიაშვილი
ბექა ოტიაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0