x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
1992 წლის 24 ივნისი-კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი უახლესი საქართველოს ისტორიაში
image30 წლის წინანდელი მოვლენა, 1992 წლის 24 ივნისი კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელია საქართველოს უახლესი ისტორიიდან, დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები ვალტერ შურღაიას ხელმძღვანელობით შეიჭრნენ ტელევიზიაში და გამოცხადეს, რომ "ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია და წითელი ხუნტის დასასრული იწყებაო".შედეგად ამ ყველაფერს ისევ და ისევ უდანაშაულო ადამინები შეეწირნენ .გთავაზობთ იმ დროინდელი მოვლენების ქრონიკებს ორივე დაპირისპირებული მხრიდან:




"1992 წლის 24 ივნისს უნდა გავფრენილიყავი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ, ბორის ელცინთან შესახვედრად, რათა მოგველაპარაკა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების მექანიზმის შესახებ...რუსეთი ბლოკავდა გაეროში საქართველოს წევრად მიღებას...

...იმავე დღეს, თბილისში ზვიად გამსახურდიას მომხრეთა რაზმმა იერიში მიიტანა შინაგანი ჯარების ლეგიონის ყაზარმებზე, ხელში ჩაიგდო ტანკი და რამდენიმე ასეული ცეცხლსასროლი იარაღი, შემდეგ კი დაუბრკოლებლად გადაჭრა მთელი ქალაქი და დაიკავა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს შენობა. მეამბოხეთა მოთავეები ეთერში გამოვიდნენ და მოსახლეობას მოუწოდეს „კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა“ და „შევარდნაძის სისხლიანი ხუნტის დამხობისაკენ“.

ამ დროს მოვიდა ცნობა: სოხუმში მონონაციონალური აფხაზური გვარდიის ქვედანაყოფი აპირებს იერიში მიიტანოს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე, რომ იქიდან „განდევნოს“ (არძინბას გამოთქმაა) ქართველი მინისტრი, გივი ლომინაძე, რომელიც უკანონოდ გაათავისუფლეს ამ პოსტიდან მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი იყო. ზვიადისტების გამოსვლა თბილისში და სოხუმის „აქცია“ აშკარად სინქრონიზირებული ჩანდა“...(ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან)




"ქართველი ერისადმი

თანამემამულენო! ძმანო და დანო!

დღეს, 24 ივნისს, თბილისში მოხდა ახალი ტრაგედია. შევარდნაძის ნეოკომუნისტური, სისხლიანი ხუნტის ანტიეროვნულმა და ანტიხალხურმა პოლიტიკამ, საქართველოს ინტერესების გაყიდვამ, სამაჩაბლოს შესახებ ორმხრივ გარიგებაზე დათანხმებამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცალკე სახელმწიფოდ აღიარებამ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზებამ, ტერორმა და რეპრესიებმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში.

როგორც დეპუტატმა ვალტერ შურღაიამ რადიოთი განაცხადა, აქცია იყო მშვიდობიანი, ისინი არ აპირებდნენ ძალადობას და სურდათ მშვიდობიანი გზით აღედგინათ კანონიერი ხელისუფლება, ხალხისათვის მიეცათ ჭეშმარიტი ინფორმაცია ყოველივე იმის შესახებ, რაც დღეს ხდება საქართველოში. მიუხედავად ამისა, ხუნტის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს იერიში ტელევიზიის შენობაზე, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაჭრილები და დაპატიმრებულები.

სამართლიანობისათვის მებრძოლებს ხუნტა დღეს ტერორისტებად სახავს და ემუქრება ანგარიშსწორებით.

ეს არის მორიგი დანაშაული უზურპატორთა ხუნტისა ქართველი ერის წინაშე, რომელიც უნდა დაგმოს ჩვენმა ერმა და მთელმა მსოფლიომ.

მოგიწოდებთ, უზურპატორთა და მოღალატეთა წინააღმდეგ, ერთიანი ფრონტით იბრძოლოთ მათი ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის, კონსტიტუციური წყობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის. საქართველოს ხსნა მხოლოდ ჩვენს ერთობას ძალუძს.

გვფარავდეს ღმერთი!"(საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 24 ივნისი, 1992 წ.


"მათ უნდათ, ტელევიზიის საქმეში გამსახურდია გარიონ, მაგრამ ვაცხადებ: ზვიადს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ტელევიზიის ცოდვა ჩემს კისერზეა".

ვალტერ შურღაია




"1992 წლის 24 ივნისს დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისში ტელევიზიის აღება სცადეს; თუმცა, მანამდე, 10 ივნისს, ჩიქოვანის ქუჩაზე ჯაბა იოსელიანის აფეთქებას შეეცადნენ.

ტერაქტმა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა (3 იქვე დაიღუპა, 2 - საავადმყოფოში), მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ჯაბა იოსელიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

პეტრე გელბახიანმა და ირაკლი დოკვაძემ წითელი "ზაპოროჟეცი", რომელშიც ტროტილი იდო (ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციური პულტით იმართებოდა), საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე, ვინმე გოჩა ერაძის სახლთან დააყენეს (ყოველდღე, 11 საათზე, სწორედ ეს მონაკვეთი უნდა გაევლო იოსელიანს და მისი დაცვის წევრებს. 10 ივნისს, 11 საათსა და 10 წუთზე, როდესაც იოსელიანის ესკორტმა ერაძის სახლს ჩაუარა, აფეთქების ხმა გაისმა (ტერაქტის ორგანიზატორები იქვე, კორპუსიდან უთვალთვალებდნენ გზას).

"აფეთქებამდე სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ვიდექი და მეზობელს ვესაუბრებოდი, რომელიც შვილს ეძებდა. მერე ქუჩაში გავიდა. ცოტა ხანში მეც მოვტრიალდი და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ აფეთქების ხმა გაისმა. დავინახე, ის ჩემი მეზობელი სისხლის გუბეში იწვა უგონოდ, მხოლოდ კუნთებიღა უთრთოდა. ირგვლივ წივილ-კივილი ისმოდა. მინდოდა, ვინმეს სასწრაფოში დაერეკა, მაგრამ ტელეფონები გათიშული იყო. მეორე მეზობელი, მამუკა, განწირული ხმით ბღაოდა და ნანგრევებში დედამისს ეძებდა. ამ დროს ჩემი ცოლი შევნიშნე - უმცროსი ბიჭი, ბექა ეჭირა ხელში. ბავშვს თავიდან სისხლი სდიოდა. ანაზდად ჩემი უფროსი ვაჟი, ოთო გამახსენდა. ცოლმა მანამდე მითხრა, - შინ მძინარე დავტოვეო. შევვარდი საძინებელში, მაგრამ ბავშვი იქ არ დამხვდა. ჩემი ოთო სამზარეულოს ნანგრევებიდან ამოვიყვანე დასახიჩრებული. ერთი წაილუღლუღა, - მამაო და გონება დაკარგა. ხელში ატატებული ჩამოვიყვანე ხილიანზე, საავადმყოფოში. გონს აღარ მოსულა, ისე დალია სული. ექიმებმა ჩემი 7 წლის ოთოს დაგლეჯილი თირკმელი და ელენთა მაჩვენეს. მაშინ დავიფიცე, რომ მკვლელების შვილების თირკმლებს ოთოს საფლავზე ავიტანდი, მაგრამ ვერ გავაკეთე. პეტრე გელბახიანს შინ შევუვარდი ხანჯლით. მისი ცოლი გადამეღობა და მეხვეწებოდა, - ბავშვებს ნუ დამიხოცავ, მე მომკალიო. მაშინ ხანჯალი გადავაგდე და ოჯახს ვაპატიე, მაგრამ თავად მკვლელებს არასოდეს ვაპატიებ".

გოჩა ერაძის ნაამბობიდან



"1992 წელს ზვიად გამსახურდია ჰელსინკში ეუთოს კონფერენციაზე იყო მიწვეული. Kკრემლის პროპაგანდამ კი დასავლეთი დაარწმუნა, რომ ტელევიზიაზე იერიში გამსახურდიამ მოაწყო. ამის გამო მას ტერორისტის იარლიყი მიაკერეს და სამიტზეც აღარ დაუშვეს".

მერაბ კიკნაძე



" დავით ნადირაძე, იმ საბედისწერო დღეს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონიდან იყო ჩამოსული და ზურგჩანთამოკიდებული, კოსტავას ქუჩის გავლით, სახლისკენ - დოლიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბრმა თუ სპეციალურად დამიზნებულმა ტყვიამ მოცელა: ოსების ტყვიებს გადარჩენილი უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი ქართველის მიერ ნასროლმა ტყვიამ მოკლა. "



"რევოლუციური ხელისუფლება ჯერ 10 ივნისის ტერაქტისგან არ იყო გონს მოსული, რომ 24 ივნისს ტელევიზიასთან სროლა ატყდა. ტელევიზიის აღებაში მონაწილეობდა დაუმორჩილებლობის კომიტეტი (ხელმძღვანელი ვალტერ შურღაია) და შინაგანი ჯარების ერთი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც გამსახურდიას მხარდამჭერებისგან შედგებოდა, მოგვიანებით ამ ოპერაციის წარუმატებლობაში ყოფილმა თანამოაზრეებმა ერთმანეთს ბრალი დასდეს.

"როდესაც ზუგდიდში დაუმორჩილებლობის კომიტეტი შევქმენი, ამ ხალხს (ხუნტას, - ავტ.) პოლიტიკურად და იარაღითაც დავუპირისპირდი. თვითონაც გვხოცავდნენ და ჩვენც ვხოცავდით. მაგრამ დავინახე, რომ სამეგრელოს მეტი აღარ შეეძლო. ჩვენ კი ვალდებულები ვიყავით, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის გვებრძოლა. გროზნოში ჩავედი და ზვიად გამსახურდიას შევხვდი. ვუთხარი, - ბატონო ზვიად, სამეგრელოს მეტი აღარ შეუძლია, თბილისში უნდა გადავიდე და იქ გავაგრძელო დაუმორჩილებლობის კამპანია-მეთქი. ზვიადმა მითხრა, - შენი ტვირთი აიღე, ბრძოლა გვაქვს გადაწყვეტილი და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ თბილისში გადასვლას არ გირჩევ და ამას, როგორც პრეზიდენტი, გიკრძალავო. გამოკვეთილი ლიდერი ხარ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაგსვარონ და ეროვნულ მოძრაობას ჩამოგაშორონო.

ჩემი არ დავიშალე. ბოლოს კი მივხვდი, რომ გამსახურდია მართაAლი იყო და მე მომატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

თბილისში აქტიურად დავიწყეთ მოქმედება - ზვიადს აქ მხარდამჭერები ბლომად ჰყავდა.

ერთ დღეს ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, - თქვენთან შეხვედრა შინაგანი ჯარების ოფიცრებს უნდათო. თავიდან ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ამიხსნეს, - ჩვენები არიან, უბრალოდ თავი იქ შეაფარესო.

დავთანხმდი.

შეხვედრაზე ზურა იმედაძე (მოგვიანებით საზღვაო ძალების სარდალი. - ავტ.) და რამდენიმე ოფიცერი მოვიდა. მითხრეს - ყველაფერი გაკეთებულია. შევარდნაძეს დავიჭერთ და კანონიერ ხელისუფლებას აღვადგენთო.

ერთი კი ვკითხე, - თუ ყველაფერი გაკეთებულია, მე რაღა საჭირო ვარ-მეთქი. ჩვენ ლიდერი გვჭირდება. შენ ხომ დაუმორჩილებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი ხარო. შემდეგ კი მთხოვეს, - გროზნოში გვინდა წასვლა და პრეზიდენტთან შეხვედრა, რადგან გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ზვიად გამსახურდია გენდობაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

მეორე დღეს უნდა წავსულიყავით... მთელი დღე ველოდი... ბოლოს, გავიგე, რომ უჩემოდ წასულან. მეორე დღეს ზვიადმა დამირეკა და მითხრა, - ეს რა ხალხი გამომიგზავნე, ოქროს მთებს რომ მპირდებიანო. რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, - ბატონო ზვიად, არ ვიცი, ვინ არიან, არც სიტუაციას ვფლობ და ჯერ გადაწყვეტილებაც არ მიმიღია-მეთქი. ზვიადმა მომიჭრა, - ფრთხილად იყავი, რამე შარში არ გაგხვიონო.

არ ვიცოდი, რა ოპერაციას ამზადებდნენ, ან რის გაკეთებას ცდილობდნენ; მხოლოდ ოპერაციის დაწყების დრო ვიცოდი.

ერთხელაც მოვიდნენ ირემაძე და მისი მეგობრები. მითხრეს, - ან ხვალ გავაკეთებთ, ან არასოდესო. მოფიქრების ვადა დილამდე გაქვსო, - მომაძახეს.

ასაკიც მქონდა და გამოცდილებაც. არ უნდა მოვტყუებულიყავი. მითხრეს, ახლა შევარდნაძის გარე დაცვაში ვმსახურობთო.

გეგმით, ისინი 24 ივნისს, დილით დააპატიმრებდნენ შევარდნაძეს და დღის პირველ საათზე ჩემთან მოიყვანდნენ იოსელიანთან ერთად. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი კაცის ხელშეუხებლობა მთხოვეს - კიტოვანს ვერ დავიჭერთო. ვიფიქრე, უარი რომ ვუთხრა, - მთელი ეროვნული მოძრაობის და პრეზიდენტის გასაგონად იყვირებდნენ, - მოღალატე შურღაიას გადაწყვეტილება რომ მიეღო და სათავეში ჩაგვდგომოდა, გავიმარჯვებდითო, ამიტომ დავთანხმდი".

ვალტერ შურღაია


"1992 წლის 24 ივნისს, გამთენიისას, 4.30 საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების #2052 ოპერატიულ პოლკს, განაიარაღეს დაცვა და გაიტაცეს კალაშნიკოვის სისტემის 241 ავტომატი - საბრძოლო მასალით, ხელის ტყვიამფრქვევი - ტყვია-წამლით, ერთი საბრძოლო ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი სატვირთო მანქანა. ავტომატური იარაღით დაცხრილეს ფუნიკულორის პლატოზე ტელეანძა და დაჭრეს ერთი პოლიციელი, შემდეგ კი, შეტევით აიღეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა, საიდანაც 6 საათიდან 8 საათამდე გადიოდნენ ეთერში და კითხულობდნენ ეროვნული გვარდიისადმი გამსახურდიას მიმართვას, რადიოგამოსვლებით მოუწოდებდნენ ხალხს შეიარაღებისა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ. თავდამსხმელებმა დალეწეს და დაანგრიეს შენობის ფასადი და ვიტრაჟები, გაანადგურეს და გაიტაცეს ძვირად ღირებული აპარატურა".

სისხლის სამართლის მასალებიდან


"რიგითი ომონელი გელა ლანჩავა(პრეზიდენტის მიერ დაპატიმრებული ჯაბა იოსელიანი, კგბ-ს ციხიდან, ლანჩავამ გაათავისუფლა. ლანჩავა, გადატრიალების შემდეგ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგებსაც ხვრეტდა), ჯერ ჯაბა იოსელიანმა დანიშნა ქალაქის კომენდატად, ხოლო შევარდნაძემ, შინაგანი ჯარის სარდლად დააწინაურა. მოგვიანებით კი(24 ივნისს ტელევიზიის წარმატებული პროვოკაციისათვის) მას გენერლის წოდებაც მიანიჭეს; 1992 წლის24 ივნისს, ლანჩავას გეგმის მიხედვით მოხდა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შეტყუება სახელმწიფო ტელევიზიის შენობასა და ტელეანძაზე, რისთვისაც გამოყენებულ იყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვალტერ შურღაია, აქტივისტი სტუდენტი ეკა ხერხეულიძე, ხატია ღუდუშაური და სხვ. როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი დაარწმუნა ლანჩავამ, რომ გარედან მის მიერ იქნებოდნენ დაცულნი. ოღონდ, საზოგადოებისათვის ბოლომდე გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩა შურღაიასა, ღუდუშაურისა და ხერხეულიძის კავშირები ლანჩავასთან და სახელმწიფო ტელევიზიაში მათი შესვლის სერიოზული მიზანი. ტელევიზიაში და ანძაზე შეტყუებულ“ზვიადისტებს” გარედან ტანკებით და თვითმფრინავიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამ დღეს ტელევიზიის მიმდებარედ, მთაწმინდის პარკში და გერგეთის ქუჩაზე მოკლეს: დავით ნადირაძე, ნუგზარ დვალიშვილი, ნუკრი არჩვაძე, რეზო ბროძელი, მერაბ სულაძე, ლიმა გიორგაძე. დაიჭირეს უზენაესი საბჭოს დეპუტატები(ბიძინა ჩოლოყაშვილი, ვალტერ შურღაია, ბიძინა დანგაძე, აგრეთვე გივი კალმახელიძე და სხვ.). ვალტერ შურღაია, ფურთხითა და ბილწი გინებით, “სირცხვილის დერეფანში” გაატარეს.(ლელა ცომაია "პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა)



"ამ დღეს ტელევიზიის მიმდებარედ, მთაწმინდის პარკში და გერგეთის ქუჩაზე მოკლეს: დავით ნადირაძე, ნუგზარ დვალიშვილი, ნუკრი არჩვაძე, რეზო ბროძელი, მერაბ სულაძე, ლიმა გიორგაძე. "

2
92
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
2022, 25 ივნისი, 21:01
1998 წლის 26 მაისს (თარიღს კარგად დააკვირდით) შევარდნაძემ ბუფერულ მდგომარეობაში მყოფი გალის რაიონი სისხლით მიყიდა ღრუსებს და სეპარატისტებს (ე.წ. ,,გალის ომი''). https://kvirispalitra.ge/article/21779-1998-tslis-26-maisi-q20-saqarthvelo-meored-damarckhdaq/. შევარდნაძის ჯერ კიდევ 1993 წელს დაწყებული სააკაშვილმა 2008 წელს მოამთავრა.
2022, 25 ივნისი, 20:56
ამონარიდი ირაკლი ალადაშვილის სტატიიდან: ,,კვირის პალიტრა'' - ,,სახელმწიფო საბჭო ალყაში, ტელევიზია ტანკის სამიზნეში'': ,,1992 წლის 24 ივნისს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე, თურმე, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან ხელს აწერს ხელშეკრულებას (ზვიადისტების მიერ ტელევიზიის შენობაში შეჭრის დრო შემთხვევით არ დამთხვევია სოჭის მოლაპარაკებებს), რომელიც ისტორიაში "დაგომისის შეთანხმების" სახელით შევა და რომელიც მართალია 12 წლით, 2004 წლის ზაფხულამდე შეწყვეტს ცეცხლს ქართველებსა და ოსებს შორის, მაგრამ, სამაგიეროდ, სამაჩაბლოში ოფიციალურად განთავსდებიან რუსული და ჩრდილოოსური "სამშვიდობო " ბატალიონები, რომლებიც თავის, "ტროას ცხენის" ფუნქციას შეასრულებენ უკვე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს...''
0 1 2