x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492648
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა დედები გიორგის დედას წყევლიან
image

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე წარმართული გამოძიებით ოჯახი კმაყოფილია, რადგან ყველა კანონის შესაბამისად ისჯება, თუმცა მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები განაჩენს ასაჩივრებენ. ისინი დღემდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შაქარაშვილების ოჯახს ემუქრებიან.


გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.


- გაჰკივიან, ოჯახმა ძალით დააჭერინაო… ოჯახს ვინ ეკითხება, როცა გამოძიებით ყველა ბრალი დადგენილია?! ოჯახმა შეიძლება თქვას, რომ გამოძიებას ენდობა ან არ ენდობა. ამას ამბობს ის, ვინც თავად მოიქცეოდა ისე, მისიანი რომ მოეკლათ. თურმე უსამართლოდ სხედან ციხეში ჩვენი პოზიციის გამო. ხალხი ჭკუიდან არის გადასული. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა ჰქონდეთ, საკუთარ დანაშაულს იაზრებდნენ, შვილებს მიხედონ, რომ ისინიც და თავადაც მთლად ბოლომდე არ წახდნენ, იქით ავრცელებენ უაზრო ბრალდებებს. ციხეში ჩაწერილ საუბარშიც ჩანდა, როგორ მოიქცნენ და ამის გარდა, ბავშვების გაქცევა და მათი დადევნება ვიდეოკამერებითაა ასახული, ამის მერე აღმოჩნდა ბავშვი გარდაცვლილი. წარმოგიდგენიათ, ეს კადრები რომ არ იყოს, რა დღეში იქნებოდნენ გამოძიებაც და ოჯახიც?!



- გასამართლებულების ოჯახიდან ვინმე მოვიდა, ბოდიში მოუხადა შაქარაშვილებს?


- რა ბოდიში, ემუქრებიან ოჯახს და არიან ერთ ამბავში. თამუნამ პროცესზე რომ ჩვენება მისცა, შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოსასმენად რომ მივიდნენ, მაშინაც შეურაცხყვეს, რა ბოდიში, რის ბოდიში…


- ბრალდებულების დედებმა და მამებმა?


- დედებმა ლანძღეს და წყევლეს თამუნა. შვილმკვდარ დედას რომ შეურაცხყოფას აყენებ… ასეთები ზრდიან სწორედ მკვლელებს.


შეაგახსენებთ, 2020 წლის 19 ივნისის დილას გახდა ცნობილი, რომ გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა. არაგვის ხეობაში მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.


დაპირისპირება, რომელსაც საბოლოოდ გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, მცხეთაში მოხდა. აგარაკის ინციდენტში ახალგაზრდა ფეხბურთელი არ მონაწილეობდა. ჩაშლილი წვეულების გასაგრძელებლად ის რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად, თბილისში ბრუნდებოდა. გზად მათ პირველი ინციდენტის დროს დაშავებული ვახო ჩიქოვანი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და სცემეს. გიორგი გაიქცა, თუმცა თავდამსხმელების ალყაში აღმოჩნდა, არაგვის ხეობაში დამალვა სცადა, იქაც მიაგნეს.


გამოძიების მტკიცებით, „ტოიოტა ქამრის“ ხუთივე მგზავრი მას მდინარესთან სასტიკად გაუსწორდა და წყალში გადააგდო. გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის ყველამ მიატოვა. ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დაასახელა.


ხანგრძლივი და ხმაურიანი პროცესების შემდეგ მოსამართლემ 2 არასრულწლოვანს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სრულწლოვან ბრალდებულებს ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს კი 16-16 წელი.

1
716
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
716
  
0 1 1