x
image
მანანა თურმანიძე
პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა
image


სიტყვის ძალა და მნიშვნელობა არა მხოლოდ ქრისტიანული და ფილოსოფიური მოძღვრების მიერ არის აღიარებული, მას ეზოთერიკოსებიც ცნობენ. პრეისტორიულ ხანაში სიტყვით ხდებოდა შელოცვები, მკურნალობა, წყევლა, ანათემაზე გადაცემა და ა.შ. სიტყვის ძალაზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდა ძველი ეპოქის ხალხებს, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე.


რა არის სიტყვა, რა დატვირთვა აქვს მას და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?


ადამიანები ხშირად არიან უკმაყოფილო ბედით, თუმცა არ ფიქრდებიან მათი პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე. არა და ყველაფერი ხომ მიზეზ-შედეგობრივია სამყაროში. ნებისმიერი პრობლემის გადალახვას ღრმა მეტაფიზიკური გააზრება სჭირდება, რათა დაძლეულ იქნას.



დავუბრუნდეთ ყველასთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობ ჭეშმარიტებას - პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. სიტყვა არის ის პირველსაწყისი, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო.


ლოგოსი ბერძნული სიტყვაა (Logos) და ქართულად ითარგმნება, როგორც სიტყვა, ცნება, აზრი, გონი. ძველ ბერძნულ, მატერიალისტურ ფილოსოფიაში, ჰერაკლიტესთან ლოგოსი საყოველთაო კანონზომიერებაა. იდეალისტურ ფილოსოფიაში კი სულიერი პირველსაწყისი, ღვთაებრივი გონი.


ძველი ბერძნები შესანიშნავად აცნობიერებდნენ ლოგოსის მნიშვნელობას, ის მათთვის იყო უპირატესი ღვთიური ძალა, რომელიც პრივალირებს სამყაროში, ძალა, რომლის მეშვეობითაც იმართება სამყარო და შენარჩუნებულია სიცოცლხე დედამიწაზე, ძალა, რომელიც ხასიათდება გეგმაზომიერებით, რომელმაც „შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა“; ეს სწორედ ის ძალაა, რომელზეც დიდი რუსთაველი საუბრობდა. ზვიად გამსახურდია ნაშრომში „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“ შესავალ ნაწილში წერს: „.. ლიტერატურის ისტორია განუყოფელია აზროვნების, სულის ისტორიისაგან. დიდი ლიტერატურა ყოველთვის ღრმა ურთიერთკავშირში იმყოფებოდა თავისი ეპოქის მითოლოგიურ, რელიგიურ-ფილოსოფიურ, თუ მხატვრულ აზროვნებასთან და თავად იყო გამომხატველი ყოველივე ამისა.“

image


ჰერაკლიტეს ფილოსოფიის მიხედვით, ლოგოსი აწესებს წესრიგს, რომლითაც სამყარო იმართება, მაგრამ ეს წესრიგი არა მარტო საგნებში არსებობს, არამედ მთელ ქვეყნიერებაზე. არაფერი ხდება უმიზეზოდ და უმიზნოდ, ყველაფერს თავისი გეგმა და მიზანი აქვს, ხოლო ამ გეგმებსა და მიზნებს მართავს ლოგოსი.


იგივე ჰერაკლიტე ამბობს: „რა არის ჩვენში ისეთი, რაც გვკარნახობს, რა არის ცუდი და კარგი? რა გვაძლევს ფიქრისა და აზროვნების უნარს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიქცეთ მართებულად და შევიმეცნოთ ჭეშმარიტება? იგი თვლის, რომ აზროვნებას, ჭეშმარიტების ცოდნასა და უნარს, გაარჩიოს კეთილი ბოროტისგან, ადამიანს მასში მყოფი ლოგოსი აძლევს.



ჰერაკლიტეს თანახმად, ლოგოსი იყო უფლის აზრი, რომელიც ყველას და ყველაფერს მართავდა სამყაროში. მისი ეს ფილოსოფიური განმარტება მალევე იქნა აღიარებული ბერძნულ საზოგადაოებაში და მათ მსოფლმხედველობაში მყარად გაიდგა ფესვები.


სოკრატესთვის შემეცნება სხვა არაფერია, თუ არა იმ ძველი ცოდნის აღდგენა მოგონებით, რომელიც ადამიანმა მიიღო „მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო კაცი“.


იესოს თანამედროვე, ფილონ იუდეველი, იგივე ფილონ ალექსანდრიელი, ღვთისმეტყველი, რომელიც ელინიზმის ცენტრში, ალექსანდრიაში ცხოვრობდა, თვლიდა, რომ არ არსებობს ლოგოსზე ძველი რამ სამყაროში და რომ ეს არის ღვთის ძალა, რომლის მეშვეობით ღმერთმა შექმნა სამყარო: „ლოგოსი არის სამყაროში ჩაბეჭდილი ღმერთის აზრი, ლოგოსით ღმერთმა შექმნა სამყარო და ის, რაც სამყაროშია“. ფილონის აზრით, ღმერთი ლოგოსის მეშვეობით აძლევს ადამიანებს აზროვნების უნარს. ის ამბობდა: „ლოგოსი არის შუამავალი ამ ქვეყანასა და ღმერთს შორის“.


როგორც ფილოსოფიური ტერმინი, ლოგოსი აღნიშნავს ადამიანის ინტელექტუალურ და რაციონალურ საწყისს, ან, ადრინდელი განმარტების თანახმად, გონებას, როგორც კოსმოსის არსებით პრინციპს. თეოლოგიაში კი ლოგოსი თვით იესო ქრისტეს აღნიშნავს, როგორც მამა ღმერთთან ერთ მთლიანს, მისივე ღვთაებრივი ბუნების თანამოზიარეს, წმინდა სამების ჰიპოსტაზს, რომელიც მამა ღმერთთან ერთად მოიაზრებს ძე იესოს და სულიწმინდას, შექმნისა და გამოცხადების დასაბამსა და არსს.


იოანეს სახარება იწყება სიტყვებით: დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.


იოანესეულ ხედვას ლოგოსის, ანუ იესოს, როგორც პირველსაწყისის შესახებ, პავლე მოციქული იგივენაირად ეხმიანება: „ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში (კოლოსელები 1:16, 17).


ამრიგად, მოციქულები საერთო აზრს გადმოსცემენ: ლოგოსი ღმერთთან იყო დასაბამიდან და მისი მონაწილეობით, მისი მეშვეობით შეიქმნა ყველაფერი, ანუ სამყარო.


„სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა“ (იოან.1:14). იოანეს ეს სიტყვები ასეც შეგვიძლია გავიგოთ, რომ ღმერთის აზრი და სიტყვა, ლოგოსი განკაცდა. ღმერთმა კაცობრიობას მისი სიტყვა მოუვლინა, იესოს სახით, რომელიც სწორედ სიტყვით მოძღვრავდა, ლურნავდა, მკვდრეთით აღადგენდა, სიყვარულს და სათნოებას ქადაგებდა, არავის განიკითხავდა და მიმტევებლობას, თავმდაბლობას, ადამიანების სიყვარულს, ჰუმანურობას ასწავლიდა ადამიანებს. ქრისტიანული მორალი სწორედ ადამიანების სიყვარულს და სათნოებას გვასწავლის, ამიტომ, მისი სახელით ადამიანების განკითხვა და ჩაგვრა, თუნდაც ყველაზე ცოდვილების და ჩვენთვის მიუღებლების, არის ღვთის გმობა და ამისთვის ადამიანებს ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს ლოგოსისგან, ანუ უმაღლესი გონისგან.


ვიდრე სიტყვას ამოვუშვებთ, უპრიანი იქნებოდა დავფიქრდეთ, რამდენად სასარგებლო ან სიკეთის მომტანია ის სიტყვა.

ერთხელ სოკრატეს უთხრეს:

  • იცით, რა მითხრა თქვენმა მეგობარმა თქვენზე?
  • შეჩერდი! უპასუხა სოკრატემ. სანამ რამეს იტყვი, სათქმელი ჯერ სამ საცერში გაცერი. თავდაპირველად სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ რისი თქმაც გინდა, სიმართლეა?
  • არა, მე უბრალოდ მოვისმინე.
  • ესე იგი, არ იცი სიმართლეა თუ არა. მაშინ მოდი, გავცრათ მეორე – სიკეთის საცერში. შენ ჩემთვის კარგის თქმას აპირებ?
  • არა, პირიქით.
  • ესე იგი, – გააგრძელა სოკრატემ, შენ აპირებ ცუდის თქმას ისე, რომ დარწმუნებული არ ხარ, რომ სიმართლეა. ვცადოთ მესამე – სარგებლის საცერი. ნამდვილად აუცილებელია ჩემთვის იმის მოსმენა, რისი მოყოლაც გსურს?
  • არა, ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას.
  • ამდენად, დაასკვნა სოკრატემ, რის თქმასაც შენ აპირებ, მასში არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ, რატომ უნდა თქვა?

ადამიანი თავად არის მისი ბედის შემომქმედი. უფალმა თავისუფალი ნება მოგვანიჭა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სიტყვით სიხარული მოვუტანოთ ადამიანებს, განვკურნოთ, გაჭირვება და ტკივილი დავაძლევინოთ, ანდა პირიქით, დავგესლოთ და მოვუკლათ გული. ამიტომაც იგი ღვთიურ იარაღად უნდა ვაქციოთ და არა ეშმაკის სამიზნედ.


ყველაფერი ხომ ბუმერანგის პრინციპით იმართება სამყაროში, ყოველი წარმოთქმული სიტყვა, ყოველი გაელვებული აზრი, ზეცაში ისმის და ჩვენს ბედ-იღბალს ჩარხავს. თითქოს უხილავი ზეინკალი დგას და გველოდება, რა მასალასაც მივაწვდით, ისეთ ყალიბს გამოგვიჩარხავს. ბოროტი სიტყვა და აზრი, ბოროტებად გვიბრუნდება უკან, კეთილი კი - სიკეთედ. არანაირი ენერგია არ იკარგება, არაფერი არ ქრება უკვალოდ, ყველაფერი, რასაც სამყაროში ვუშვებთ, უკანვე გვიბრუნდება. ასეთია სამყაროს და ლოგოსის პრინციპები. ეს არის კანონზომიერება, რომლის დარღვევაც იწვევს იმ დისბალანსს და სავალალო მოვლენებს, რომელთა მომსწრეც პერიოდულად ხდება კაცობრიობა, როდესაც ივიწყებს პრიორიტეტებს და ლოგოსის მთავარ პრინციპებს.

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0