x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ გაიტაცა ქართველმა ჯარისკაცმა ბერლინის საიუველირო მაღაზიიდან 2 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა
image




ძარცვა



1989 წლის 9 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში ასეულ-ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. ისინი 105 კილომეტრის სიგრძის გამყოფ კედელს შეესიენ და ეგრეთ წოდებული, ბერლინის კედელი მიწასთან გაასწორეს. გერმანელები ზეიმობდნენ და ბერლინსა და ორივე გაყოფილ გერმანიაში ისეთი ჟივილ-ხივილი და ქაოსი სუფევდა, რაც ემოციურ სამხრეთელებს თუ სჩვევიათ და არა ცივსისხლიან გერმანელებს.
ერთი სიტყვით, საყოველთაო ზეიმი ზენიტში იყო, ამ დროს კი ბერლინის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში ავტომატებით შეიარაღებული ოთხი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. იქ მყოფ პერსონალს იატაკზე დაწოლა უბრძანეს, სულ რაღაც ხუთიოდე წუთის განმავლობაში იქაურობა პირწმინდად „გაასუფთავეს“ და მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკვლევა დაიწყო და ძარცვის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ გატაცებული ნივთების ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენდა. გამოძიებაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საუკეთესო მაძებრები ჩაერთნენ.



ვერსიები




საიუველირო მაღაზიის ძარცვის საქმეს გამოცდილი გერმანო-უნგრული წარმოშობის გამომძიებელი მანფრედ სალაი უძღვებოდა. მას სხვადასხვა სამუშაო ვერსიები ჰქონდა შემუშავებული, რომლებიც მოწმდებოდა. თავად სალაი კი უპირატესობას ანიჭებდა, ეგრეთ წოდებულ, „ალბანურ ვარიანტს“ – გერმანიაში ეთნიკური ალბანების ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფება მოქმედებდა. ისინი სხვადასხვა ბოროტმოქმედებებს სჩადიოდნენ და სალაი არ გამორიცხავდა, რომ საიუველირო მაღაზიის ძარცვაც მათი ნამოქმედარი იყო. გამომძიებელმა ალბანელებს თვალთვალი დაუწესა და ამ საქმეში აგენტურული ქსელიც ჩართო, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ. ალბანელებს რკინის ალიბი აღმოაჩნდათ და ამას ადასტურებდა იმ ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი ვიდეოკამერების ჩანაწერებიც, რომლებიც 1989 წელს იყო დამონტაჟებული ბერლინის ქუჩებში და ისინი ევროპაში მხოლოდ მაშინ იკიდებდნენ ფეხს. ვიდეოკამერების ჩანაწერებში ოთხი ნიღბიანი მძარცველიც მოხვდა. თუმცა მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო. კადრებში ჩანდა, რომ მძარცველები დანაშაულის ადგილზე „შკოდას“ მარკის გატაცებული მანქანით მივიდნენ და „შკოდათივე“ გაიქცნენ. მოგვიანებით მანქანა მდინარის პირას აღმოაჩინეს. თუმცა, მანქანაში არც რაიმე სამხილი აღმოჩნდა, არც მძარცველთა თითების ანაბეჭდები, რადგან ისინი ხელთათმანებით მოქმედებდნენ. ერთი სიტყვით, საქმე ჩიხში შევიდა და მართალია, არ დახურულა, მაგრამ თაროზე შემოიდო.



20 წლის შემდეგ



2009 წელს უკვე გაერთიანებული გერმანიის სამართალდამცველთა სისტემაში იდენტიფიკაციის პროგრამა Z-2 დაინერგა. ეს პროგრამა საშუალებას იძლეოდა, რომ მომხდარიყო ყველა იმ პიროვნების იდენტიფიკაცია, ვინც თუნდაც ერთხელ იყო ნამყოფი გერმანიაში და დაფიქსირებული ვიდეოკადრებზე. ანუ, იგულისხმებოდა ისეთი სიტუაცია, როდესაც საიდენტიფიკაციო პიროვნების სახე არ ჩანდა ან ცუდად ჩანდა და იდენტიფიკაცია სხეულის პარამეტრებისა და მოძრაობის ამპლიტუდით ხერხდებოდა. 2009 წელსვე გერმანიის პოლიციაში დაიწყო გაუხსნელი საქმეების მონიტორინგი. ამ სიაში მოხვდა საიუველირო მაღაზიის ძარცვის საქმეც და განხორციელდა Z-2-ის პროგრამის ამოქმედება. ამან კი შედეგი გამოიღო და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ოთხი ნიღბიანიდან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულ იქნა. ის 41 წლის მერაბ ქურციკიძე აღმოჩნდა, რომელსაც გერმანიის მოქალაქეობა ჰქონდა და 2008 წელს ინსულტით გარდაიცვალა კელნის კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელჩასაჭიდი ჯაჭვი გაწყვეტილი ჩანდა, პოლიციამ თავიდან გახსნა საქმე და 20 წლის შემდეგ საიუველირო მაღაზიის გაძარცვის გამოძიება განახლდა.


ვერდიქტი



განახლებულ საქმეს პროკურორი გიუნტერ კოხი იძიებდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან. მან რუსი კოლეგების მეშვეობით დაადგინა, რომ 41 წლის მერაბ ქურციკიძე ოცი წლის წინ სამხედრო სავალდებულო სამსახურს გერმანიაში გადიოდა, 1989 წლის 9 ნოემბერს იმყოფებოდა სატანკო ნაწილში, რომელიც ქალაქ ბერლინში იყო დისლოცირებული. ამგვარად, ლოგიკა იმაზე მიუთითებდა, რომ ქურციკიძის „პაძელნიკები“, სავარაუდოდ, მისივე თანამოსამსახურე ჯარისკაცები იყვნენ. ასევე, რუსების მეშვეობით, კოხმა ქურციკიძის ყოფილი უფროსი, თადარიგის პოლკოვნიკი ანტონ როგოვი დაჰკითხა. გერმანელ პროკურორებს მან აუწყა, რომ ქურციკიძე კავკასიელებთან მეგობრობდა. ჩეჩენ შამილ ასთეროვთან და ქართველებთან – ოთარ ჭიაურელთან და ბონდო ლაღიძესთან.
როგორც გაირკვა, ასთეროვი ჩეჩნეთ-რუსეთის ომში დაიღუპა და მისი დაკითხვა-იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ცოცხლები იყვნენ ჭიაურელი და ლაღიძე, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ლაღიძე, ერთ-ერთი წარმატებული ფირმის პრეზიდენტი იყო, ჭიაურელი კი – იმავე ფირმის ვიცე-პრეზიდენტი. ანუ, ორივე წარმატებულ ბიზნესს ეწეოდა. გერმანულმა მხარემ ოფიციალურად მოითხოვა ქართველი ბიზნესმენების გამოკითხვა-იდენტიფიკაცია, თუმცა ეს არ მოხერხდა, რადგან ჭიაურელმა და ლაღიძემ (რა თქმა უნდა, მთავრობის დახმარებით) უარი განაცხადეს. ამიტომ გერმანულმა მხარემ სასამართლოში შეიტანა საჩივარი და ორივე ქართველი ბიზნესმენი გერმანელებმა ძებნილად გამოაცხადეს. 2012 წელს ქართველმა ბიზნესმენებმა ბიზნესი გაყიდეს და გაუჩინარდნენ, თუმცა ისინი დღემდე ძებნილები არიან."


შენიშვნა:გარკვეული მიზეზების გამო, მთარი გმირების სახელი შეცვლილია


მოზადებულია ჟურნალ "თბილისელების" მიხედვით


სხვა ისტორიები რუბრიკით "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ ამ ბმულზე

0
790
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0