x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
“რატომ არ სხედან საბრალდებო სკამზე “მუშკეტერები”? მინისტრი ტყუის?” - რას წერს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ პანდემიის განმავლობაში მთელ რიგ დარღვევებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ე.წ. "მუშკეტერების" გასამართლებას ითხოვს:


"ჯანდაცვის მინისტრმა ცხადზე ცხადად თქვა, რომ საწოლფონდებით და ციფრებით მანიპულირება ხდებოდა! ვერ გავიგე რატომ არ სხედან საბრალდებო სკამზე საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი “მუშკეტერები”? სხვა შემთხვევაში მინისტრი ტყუის?"- წერს ლალი მოროშკინა.


"​შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, – განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს.


"ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების ათი-თორმეტი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მიღების მკაცრი კრიტერიუმები, რა კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაშიც უნდა მიიღოს კლინიკამ პაციენტი და ასევე, გაწერის კრიტერიუმები.


სამწუხაროდ, არც ერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ როგორც შესვლის, ისე გაწერის კრიტერიუმებს.


ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ იყო გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ სულ 6 000 პაციენტი იყო კლინიკებში. ის 9 200 მობილიზებული საწოლი, იანვრის დასაწყისში რომ მოვედი, პირველივე კვირაში დავინახე გასული და პიკური პერიოდიდან გამომდინარე, რომ არ იყო ამდენი საწოლის არსებობის აუცილებლობა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



მისივე თქმით, 1 700 საწოლი მინისტრობის პირველივე კვირაში გააუქმა.


"მაშინაც იყო ძალიან ბევრი პრეტენზია, მაშინაც ტელევიზიებთან იყო საჩივრები, რომ თითქოს არასწორად ვაკეთებდით რამეს, თითქოს ქვეყანა პიკზე მიდიოდა და ჩვენ არ გვექნებოდა საკმარისი საწოლები. ახლა ხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინაც სწორი იყო, თან ვსაუბრობთ ისეთ საწოლებზე, რომლებიც იყო ცარიელი და რომელშიც სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში იხდიდა თანხას, არც თუ ისე ცოტას.


თითოეულ ცარიელ საწოლში დაახლოებით 120+60 ლარს იხდიდა სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში. მთლიან დატვირთულობას რომ გადავხედოთ, ანუ მათი პრეტენზიების საპასუხოდ, საშუალოდ 60 პროცენტი იყო დატვირთულობა და წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 40 პროცენტ ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, სანამ შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ, სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში ერთი მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში.


დანაშაული, რასაც ჩემი აზრით სჩადიოდნენ, როცა ექთნებსა და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში არის შემთხვევები, როდესაც დირექტორები და მოადგილეები ხუთჯერ-ათჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს და სახელმწიფოს ხარჯზე. ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, როცა გვექნება საერთო სურათი, გპირდებით, კონკრეტული კლინიკის დასახელებებს, სად რა პრობლემაა ინფექციის კონტროლის, მკურნალობის პროტოკოლის შეუსრულებლობის კუთხით, ფინანსური დარღვევების კუთხით, აუცილებლად გაცნობებთ.


დანაშაულს თუ ვინმე სჩადიოდა, აუცილებლად გამოიკვეთება მათი პასუხისმგებლობის საკითხი და მათი პასუხისმგებლობაც დადგება. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ გზით კლინიკები შოულობდნენ ფულს", – აღნიშნა აზარაშვილმა.





0
478
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
478