x
image
მანანა თურმანიძე
ურბანიზაცია, ფეკალიები, განახლებული თბილისი და "ჩამოთრეულები"
image


ურბანიზაცია ძველი და მასშტაბური გამოწვევაა მთელს მსოფლიოში, რომელიც სადღაც გადაჭრეს, სადღაც კი ჯერ ვერ გადაიჭრა. თბილისში ხშირად გაიგონებთ - "ამ სოფლელებმა ხომ შეგვჭამეს"! არა და ის სოფლელები ჩვენი მოქალაქეები არ არიან, რას ვერჩით, ურბანიზაცია მათი მოგონილი ხომ არაა? ადრე როგორ გვიყვარდა სოფლელები, მახსოვს, როგორი სითბოთი ვხვდებოდით ქალაქში ჩამოსულ გლეხებს, გასაყიდად ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი თუ სოფლის სხვა ნობათი რომ ჩამოჰქონდათ. ქალაქს ყოველთვის უყვარდა მშრომელი, ალალი და გულთბილი გლეხი, რომელიც თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა, კვებავდა ქალაქს და ქალაქიც სათანადო სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდა. მაგრამ დღეს რა ხდება? ხდება ის, რომ სოფელი აღარ გვაქვს და შესაბამისად, აღარც ქალაქი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ის კონგლომერატი, რაც მივიღეთ აღარ გავს ქალაქს.


image


ცხადია, ყველას გვესმის საკითხის აქტუალურობა - ვეღარ ერევა ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურა ასეთ გადატვირთვას. ახლახანს ვაკეში საჭირო გახდა ძველი კომუნიკაციების ახლით ჩანაცვლება, კოლოსალური სამუშაოები ჩტარდა, რასაც ნამდვილად მივესალმები და ქების სიტყვებს არასდროს ვიშურებ. განახლებული ჭავჭავაძის გამზირი, მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ჩვენი ახლანდელი მერიის, ახალ ავტობუსებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი. ვიცი, ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ჩემი აზრით სულ ტყუილად, დიდი საქმე გაკეთდა, თუნდაც კომუნიკაციების გამოცვლა რად ღირდა, აღარაფერს ვამბობ ვიზუალზე, რომელიც თვალს ახარებს.



image


თუმცა, თბილისი სულ უფრო იზრდება და ამ ახლად გაქალაქელებულების ცნობიერებაში ასე კარგად გამჯდარი ვაკე არ არის ოდენ ეს ქალაქი. ვაკემდე ეს ქალაქი ძველი თბილისი და მისი ულამაზესი უბნები იყო. თუმცა, კიდევ კარგი, რომ ჯერ ეს არ ესმით ახლად "გაქალაქელებულებს", თორემ ხომ დავიღუპებოდით. ისედაც, იმდენად გადაიტვირთა ჩვენი ძველი უბნების კომუნიკაციები, რომ რამოდენიმე წლის წინ სოლოლაკში, ჩემი ახლობლის ბინაში ფეკალურმა მასებმა ამოხეთქა. დიახ, არ მოგეჩვენათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უნიტაზიდან ამოხეთქა ვულკანივით. წარმოიდგინეთ, რა საამური იქნებოდა ცხოვრება! სწორედ იმ ფეკალიებმა, ყოველი დიდი წვიმის დროს ვერა-ვაკის ქუჩებში რომ ამოხეთქავდა ხოლმე საკანალიზაციო ჭებიდან და ქუჩებში დგებოდა, უკვე კარგა ხანია სახლებში იწყო ამოხეთქვა ძველი თბილისის უბნებში. ცხადია, ცოტა დივერსიაც წაეშველა, სისტემის მექანიკური დაზიანების მცდელობებიც შეინიშნებოდა.


image


ახლახანს ეს პრობლემა რუსთაველის გამზირზე შეგვექმნა. კაფეს, ყოფილ საღვეზელეს, რომელიც შენობის ქვედა სართულზეა განლაგებული, ყოველი წვიმის შემდეგ ეს მასები სტუმრობენ საკანალიზაციო სისტემიდან. ცხადია, ეს საკითხი თუ არ მოგვარდა, მთელს სახლს შეექმნება პრობლემა. მივმართეთ მერიის ცხელ ხაზს და გადაგვამისამართეს "ჯორჯიან ვოთერ & ფაუერს"-ის ცხელ ხაზზე. საბოლოო ჯამში, ორივემ ხელი დაიბანა, ეგ თქვენი, ანუ მოსახლეობის პრობლემააო, ზედ რუსთაველზე რომ იყოს კიდევ ხო და ეზოში, ანუ რამოდენიმე მეტრში, უკვე ჩვენ აღარ გვეხებაო. ჩნდება კითხვა - ამ სახლებს ძეგლების სტატუსი აქვთ მინიჭებული და სადარბაზო ან ეზო რომ შეაკეთო, გადაღებო, ან ბათქაშის სამუშაოები შეასრულო და განაახლო, ამაზე არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურების ნებართვები გჭირდება. ახლა, მთელი სანიაღვრე თუ საკანალიზაციო სისტემის გამოცვლას ჩვენ, ანუ მოსახლეობას გვანდობენ? რაღაც ლოგიკაში მთლად ვერ უნდა ჯდებოდეს საკითხის ამგვარი გადაწყვეტა. ჩვენ კიდეც რომ ავიღოთ ასეთი კოლოსალური სამუშოები ჩვენს თავზე და ამის სახსრებიც რომ გვქონდეს მოსახლეობას, ალბათ ამის უფლებასაც არ უნდა გვაძლევდნენ. ამას სჭირდება პროფესიონალების ჩართულობა და ის კოლოსალური სამუშაოები, რაც ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარდა. ეს ქალაქი ჯერ რუსთაველის გამზირი იყო და შემდეგ ის ახალი უბნები, ვერა, ვაკე თუ საბურთალო და ა.შ.. ამ ისტორიული ცენტრის მოფრთხილება, პრეზერვაცია, კონსერვაცია თუ შენარჩუნება, რაც გინდათ დაარქვით, წესით ეროვნული სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. ასე იყო მუდამ და სრულიად მართებულად ქალაქის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულად ზრუნავდა მასზე, საბჭოთა დროსაც კი. ვიმედოვნებ, რომ დღესაც გათვალისწინებული იქნება ეს პრიორიტეტული საკითხი და მერია იზრუნებს ქალაქის ცენტრის ინფრასტრუქტურის სიჯანსაღეზე.



სხვათაშორის, როდესაც ურბანიზაციის მწვავე შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებს ვეხებით, უნდა გავიაზროთ, რომ ეს თემა ძალიან მასშტაბურია. აქ მხოლოდ თბილისის გადატვირთულობაზე არაა საუბარი, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგრამ, სოფელი თუ არ გაძლიერდა, ქვეყანას არაფერი ეშველება და ვერც უკიდეგანო უბანიზაციის პროცესი შეჩერდება და ვერც ქალაქი განიტვირთება. საქართველო აგრარული ქვეყანა იყო მუდამ, ახლა კი სოფლის მეურნეობის კულტურები, ენდემური ჯიშები იკარგება, რადგან აღარავის უნდა სოფლის მეურნეობით დაკავდეს. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ვერ უწევს სათანადო კონკურენციას იმპორტირებულ იაფფასიან პროდუქციას. ამიტომ, თბილისის ინფრასტრუქტურის პარალელურად, სოფლად ინფრასტრუქტურის შექმნაზე და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზეც უნდა იზრუნონ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებების ყველა შტომ, მ.შ. საკანონმდებლომ. სოფლის გაძლიერებას უნდა დაეთმოს ჯეროვანი ყურადღება.



ურბანიზაციის პრობლემა ეკოლოგიურად იმდენად საყოველთაო, ყოვლიმომცველი და აქტუალურია, რომ ალბათ ამით უნდა დაგვეწყო საუბარი. სუნთქვა რომ უკვე შეუძლებელია ამ ქალაქში, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება, ყველა წუწუნებს და ყველას შესანიშნავად ესმის, თუ რაოდენ საჭირბოროტოა ეს საკითხი. ჟანგბადის გარეშე ვერანაირი სულიერი, ვერავინ და ვერაფერი ცოცხლობს დედამიწაზე, ჩვენ კი კარგა ხანია გამონაბოლქვით ვსუნთქავთ, ვსულდგმულობთ და ვიწამლებით. აღარ ვსაუბრობ სურსათის უვნებლობაზე, რომელიც ასევე ეკოლოგიასთან, ჰაერის და ნიადაგის დაბინძურებასთან არის უშუალო კავშირში. ეს ის თემაა, სადაც ვერც ფული და ვერც გავლენები ვერ გიშველის, ჰაერი, ნიადაგი და წყალი ერთნაირად სჭირდება ყველას. ეს ის საერთო სიკეთეა, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, რადგან საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.



ურბანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს აღარც კი ვეხები ამჯერად, უხეშობაზე და უხამსობაზე აღარც კი ვსაუბრობ, თუმცა არანაკლებ მტკივნეულია. არა და როგორი უცხო იყო თბილისისთვის ეს სტილი, ახლა კი მგონი ნორმად იქცა. რაც მთავარია - ჩვენს ახალგაზრდობას ეს მისაღებად მიაჩნია და მათ ეს სტილი აიტაცეს. უხეშობა, უზრდელობა და უხამსობა, ანუ ეს სუბკულტურა მკვიდრდება ჩვენში, სამწუხაროდ. ბუნებრივია, ადამიანის აღზრდაში გარემოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოზარდი თაობა, ახალგაზრდები მაგალითებზე იზრდებიან. ისინი იმას იმეორებენ, რასაც ხედავენ და რაც ესმით. მათი ქცევის ნორმაში ის ჯდება, რასაც გარემოდან ითვისებენ.



ამდენად, ურბანიზაციის უარყოფითი შედეგების მიტიგაცია ჩვენთვის ერთობ მნიშვნელოვანი საკითხია, ის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა იყოს. ერთი სიტყვით, ურბანიზაციამ ყველა გაგებით აგვაქოთა, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის და ვიდრე ფიზიკურადაც დაგვანგრევდეს, მოხედვა გვინდა. მოგვხედეთ თუ შეიძლება, ძველი თბილისი ძველ თბილისში ცხოვრობს და ვიდრე ფეკალურ მასებში დავიხრჩვებით, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, შველა გვჭირდება!



და ბოლოს, რაც შეეხება "ჩამოთრეულებს". სამწუხაროდ ადრე ურბანიზაციას გარკვეული პოზიტიური შედეგები მოჰქონდა ქვეყნისთვის და ამდიდრებდა ეროვნულ კულტურას, მის ყოფაზე დადებით გავლენას ახდენდა. ამის მაგალითები არაერთხელ გაჟღერდა და სიამოვნებით გავიმეორებ იმ საამაყო არა თბილისელი მამულიშვილების სიას, რომელთაც გაამდიდრეს საქართველოს ისტორია:


ილია ჭავჭავაძე – ყვარელი;

აკაკი წერეთელი – სოფელი სხვიტორი, საჩხერის მუნიციპალიტეტი;

იაკობ გოგებაშვილი – სოფელი ვარიანი, გორი;

სულხან-საბა ორბელიანი – ტანძია, ბოლნისი;

გალაკტიონ ტაბიძე – ჭყვიში, ქუთაისის მაზრა;

ვაჟა-ფშაველა – ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი;

ლადო ასათიანი – ქუთაისი;

კოლაუ ნადირაძე – ქუთაისი;

კონსტანტინე გამსახურდია – სოფელი ძველი აბაშა;

ექვთიმე თაყაიშვილი – ლიხაური;

ნიკო ფიროსმანი – სოფელი მირზაანი;

დავით კლდიაშვილი – სოფელი ზედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი;

კოტე მარჯანიშვილი – ყვარელი;

ელენე ახვლედიანი – თელავი;

ტიციან ტაბიძე – ჭყვიში, ვანის მუნიციპალიტეტი;

მიხეილ ჯავახიშვილი – სოფელი წერაქვი, მარნეულის რაიონი;

მელიტონ ბალანჩივაძე – სოფელი ბანოჯა;

ვანო სარაჯიშვილი – სიღნაღი;

ზაქარია ფალიაშვილი – ქუთაისი;

პაოლო იაშვილი – გამოღმა არგვეთი, საჩხერე;

ეკატერინე გაბაშვილი – გორი;

ოთარ ჭილაძე – სიღნაღი;

მუხრან მაჭავარიანი – სოფელი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი;

გრიგოლ რობაქიძე – სვირი, ქუთაისის მაზრა;

დავით კაკაბაძე – სოფელი დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი;

ალექსანდრე ყაზბეგი – სტეფანწმინდა;

გოდერძი ჩოხელი – დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხი;

ოტია იოსელიანი – სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;

ანა კალანდაძე – სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;

რევაზ ინანიშვილი – სოფელი ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;

გიორგი ლეონიძე – სოფელი პატარძეული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;

რევაზ ლაღიძე – ობჩა, ქუთაისის მაზრა;

ბიძინა კვერნაძე – სიღნაღი;

სულხან ცინცაძე – გორი;

ჰამლეტ გონაშვილი – ანაგა;

რეზო ჩხეიძე – ქუთაისი;

ჯანსუღ კახიძე – ობჩა, ბაღდათის რაიონი;

თენგიზ აბულაძე – ქუთაისი.

ვერიკო ანჯაფარიძე – ქუთაისი;

სესილია თაყაიშვილი – ბათუმი;

ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია;

მედეა ჩახავა – სერგიეთი, მარტვილი;

სანდრო ახმეტელი – სოფელი ანაგა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი;

სანდრო ჟორჟოლიანი – ოზურგეთი;

ილიკო სუხიშვილი – სოფელ მეჯვრისხევი, გორი;

ზურაბ ანჯაფარიძე – ქუთაისი;

კარლო საკანდელიძე – სოფელი ზედა ბზვანი, ვანის მუნიციპალიტეტი;

დოდო ჭიჭინაძე – შილდა, ყვარელი;

აკაკი ხორავა – სოფელი ოჩხომური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;

იპოლიტე ხვიჩია – სოფელი კონტუათი, ხონის მუნიციპალიტეტი;


და ა.შ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ “ჩამოთრეულების”, ვისი სახელებითაც ვამაყობთ, ვინც ჩვენს ცნობიერებაზე წარუშლელი გავლენა მოახდინა და გაამდიდრა ჩვენი კულტურა. ასეთები ღმერთმა მომავალშიც გვიმრავლოს.


0
182
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0