x
image
მანანა თურმანიძე
აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა
image
რეგიონში მიმდინარე მწვავე პროცესების ფონზე საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა იმატებს და დუღილის ტემპერატურას ინარჩუნებს. დღეს ხშირია კამათი და დაპირისპირება, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსებს შორის. ამ კონტექსტში თვალშისაცემია ლიბერალიზმის და ლიბერალების აუგად მოხსენიება, ერთგვარი სტიგმატიზირებაც კი ხდება ლიბერალობის. მავანნი კნინებით ფორმაში მოიხსენიებენ ლიბერალებს, ტერმინიც კი დაამკვიდრეს - „ლიბერასტი“, რომელიც მათი აღქმით ასოცირდება რუსულ უცენზურო სიტყვასთან „პედერასტი“, ანუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირი. ეს ხაზს უსვამს მათ აგდებულ დამოკიდებულებას ლიბერალური მსოფლმხედველობის მიმართ. დასაფიქრებელია, რაშია საქმე, რა იმალება დეტალებში, რომლებშიც ყოველთვის ის იმალება, რომლის ხსენებაც არავის სურს და რომელსაც არასოდეს სძინავს!

რაოდენ სამწუხარო და გასაოცარიც არ უნდა იყოს, ლიბერალიზმი მართლაც სალანძღავი სიტყვა ჰგონია გარკვეულ კასტას. აღსანიშნავია, რომ ლიბერალიზმის წინააღმდეგ ძირითადად ილაშქრებენ ადამიანები, ვისაც, ვითომდა ქრისტიანული რწმენის და ჩვენი ტრადიციების დაცვის წმიდათაწმიდა მისია არ აძლევს მოსვენებას დღენიადაგ. აშკარაა, რომ ზოგიერთ მათგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას უკავშირდება ქართული ლიბერალიზმის ისტორია და რას უპირისპირდებიან. არა და უკავშირდება წმინდანად აღიარებული ილია მართლის, ერის სათაყვანებელ მამად წოდებული ილია ჭავჭავაძის სახელს.

ქართული ლიბერალიზმის ისტორია მჭიდრო კავშირშია სწორედ ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, მწერლის ბიოგრაფიასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში. ილიას მნიშვნელობა არ განისაზღვრება მხოლოდ მისი, როგორც პოეტის, მწერლის და პუბლიცისტის ტექსტების ოდენ მხატვრული ღირებულებებით, მისი ზეგავლენა ქართულ კულტურაზე, ქართულ აზროვნებაზე, მის მიერ დამკვიდრებული პარადიგმები, კოლოსალურია. მისი შემოქმედება კონცეპტუალური შეხედულებების მთელი სისტემაა, რომელმაც შეცვალა ქართული ცნობიერება.

image


ლიბერალიზმი საქართველოში, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, უკავშირდება ისეთი ინტელექტუალების და საზოგადო მოღვაწეების სახელებს, როგორიცაა ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვა საამაყო ქართველი მოღვაწეები. „კონსტიტუციური მმართველობა არსებობს ყოველს ევროპის სახელმწიფოებში, რუსეთის და ოსმალეთის გარდა.“ წერდა ნიკო ნიკოლაძე 1866 წელს გამოქვეყნებულ წერილში „მოკლე განხილვა მმართველობის სხვა და სხვა ფორმისა“, სადაც საუბრობს სახელისუფლებო შტოების დანაწილებაზე, სადაც ის მკაცრად აკრიტიკებს ცარიზმის წეს-წყობილებას, მის აბსოლიტურ ძალაუფლებასა და ერთპიროვნულ მმართველობას. ნიკო ნიკოლაძის აღნიშნული წერილი სხვა არაფერია, თუ არა რესპუბლიკური წყობის და ძალაუფლების გადანაწილების მართებულობის დასაბუთება, რაც ლიბერალიზაციის ერთ-ერთი საწყისი გამოვლინებაა.

ქართულ ლიბერალურ მოძრაობაზე საუბრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩილ ჯორჯაძის კვალი ქართულ ცნობიერებაში. მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული პოლიტიკური პარტიის დაარსება. 1901 წელს არჩილ ჯორჯაძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოლიტიკური კონცეფცია სათაურით „საერთო მოქმედების ნიადაგი“, რომელშიც უაღრეასად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა. იგი მიმოიხილავს ისეთ საჭირბოროტო საკითხებს, როგორიც არის:

- ქართული ენის დაცვა;
- ეროვნული ბურჟუაზიის შექმნა და ადგილობრივი კაპიტალის განვითარება;
- ქართული ინტელექტუალური ელიტის აქტიური კულტურული მოღვაწეობა;
- ქალაქების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

ჯორჯაძეს პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ქართული კაპიტალიზმის განვითარება მიაჩნია, რომელმაც უნდა შეადუღაბოს ქართველი ერი და შექმნას მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა. ავტორისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური მოდელების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იგი ფართოდ ეხება ქართველთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. 1900-იანი წლების დამდეგს ქართველები საჯარო პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად ჩანდნენ, სწორედ ამ მანკიერების წინააღმდეგ ილაშქრებს არჩილ ჯორჯაძე თავის „საერთო მოქმედების ნიადაგში“. (ვიკიპედია)

შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი „ლიბერასტი“ იქცა ერთგვარ წყალგამყოფად ინტელექტსა და უინტელექტობას შორის, მისი გამოყენება გაუნათლებლობასთან და კოლაბორაციონიზმთან ასოცირდება, რადგან ამით ადამიანები დასავლური ღირებულებების, დასავლური ცივილიზაციის ნიველირებას ახდენენ, იმ დასავლური გზის და ღირებულებების, რომელიც ქართველ მოაზროვნეთა და ზოგადად ქართველი ხალხის მრავალმა თაობამ აირჩია და რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთადერთი და უალტერნატივო გზად მიაჩნია საზოგადოების უმრავლესობას დღემდე.

ნუთუ ხალხს, ვინც ლიბერალიზმს და დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება ილია ეცოტავებათ ავტორიტეტად? მიმაჩნია, რომ ყოველ ქართველს მასზე უნდა ჰქონდეს სწორება და არა მხოლოდ მასზე, ჩვენს ბრძენ, საამაყო წინაპრებზე, რომლებსაც სწორი თვალსაწიერი და მსოფლმედველობა ჰქონიათ, მართებული სავალი გზა აურჩევიათ და თაობებს მართებთ მათი არჩეული გზით სიარული, ამ გზიდან არ გადახვევა, რისკენაც მოწოდებები სწორედ „ლიბერასტების“ შემრისხველი წრეებისგან მომდინარეობს, რომლებმაც ეს ტერმინი დაამკვიდრეს საზოგადოებაში.

რას ნიშნავს ლიბერალიზმი და ვინ ებრძვის მას ქართულ სინამდვილეში? დავიწყოთ იქედან, რომ სიტყვის ეტიმოლოგიას, რომელიც სადავეს იღებს ლათინური ძირიდან - liber, მივყავართ მის მნიშვნელობამდე, ანუ თავისუფლებამდე. სიტყვა liberty ინგლისურ ენაში, დღემდე სწორედ თავისუფლების აღმნიშნელი სიტყვაა, ასევეა ფრანგულში - Liberté, ასევე ესპანურში - Libertad და რასაკვირველია თავად იტალიურშიც - Libertà. ანუ ამ სიტყვის მნიშვნელობას მივყავართ ჭეშმარიტად მოაზროვნე ქართველების, მრავალი თაობისთვის ესოდენ სანუკვარ და სანატრელ ცნებამდე - თავისუფლებამდე.

ლიბერალიზმი არის იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულებების ერთობლიობა და პოლიტიკური დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ადამიანის პიროვნული თავისუფლება ძირითად ღირებულებას წარმოადგენს.

ქართული ლიბერალიზმის ისტორიაში იკვეთება ორი პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მათ ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ - ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეას და თავისუფლებისადმი სწრაფვას უკავშირდება ორივე.

აღსანიშნავია, რომ ლიბერალური მოძრაობის პირველი ეტაპი ქართულ სინამდვილეში შეიმჩნევა 1860 -იანი წლებიდან და სრულდება 1921 წელს ქვეყნის ოკუპაციით, ხოლო მეორე ეტაპი აღმოცენდა 1990-იან წლებში და ვიმედოვნებთ, რომ ოკუპაციით არ დასრულდება.

ზოგადად, ლიბერალიზმი დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში იღებს სათავეს. ფართო გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდის სოციალური და პოლიტიკური უფლებებია. ის ასოცირდება საზოგადოებასთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, საბაზრო ეკონომიკა და ხელისუფლების გამჭვირვალე სისტემა, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე ეპოქაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას, ღია და გამჭვირვალე არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები აქვს კანონით მინიჭებული. შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალიზმი თავისუფლების და თანასწორობის იდეას ემსახურება. ლიბერალები მოუწოდებენ ხელისუფალთ ანტი-დისკრიმინაციული კანონების მიღებისკენ, საყოველთაო განათლების შემოღებისკენ და ა.შ..

როგორც აღვნიშნეთ, ქართული ლიბერალური მოძრაობის ისტორიაში გამოიყოფა ორი პერიოდი, რომლებიც ერთმანეთისგან ქრონოლოგიურად და თვისობრივად განსხვავდება. პირველი ეტაპი, XIX საუკუნის ქართული ლიბერალური მოძრაობა, თავისი არსით უფრო პოლიტიკურ თავისუფლებაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მონარქიული ბიუროკრატიის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული და ნაკლებად მოიცავდა ეკონომიკურ დოქტრინებს.

რუსული ლიბერალიზმის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს XIX საუკუნის საქართველოში ლიბერალიზმის ჩამოყალიბების საქმეში. ისინი მოითხოვდნენ დასავლური ტიპის რესპუბლიკანიზმს, პარლამენტარიზმს, პრესის და სიტყვის თავისუფლებას, ბატონ-ყმობის გაუქმებას და ა.შ. რაც ასევე იკვეთება ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაში.

1832 წლის შეთქმულების ჩახშობის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში ერთგვარად მინელდა. 1860-იანი წლებიდან „თერგდალეულები“ ბრუნდებიან სამშობლოში, აქტიურად იწყებენ კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას პრესის ფურცლებზე, უარს ამბობენ ნიჰილიზმზე, უძრაობასა და უმოქმედობაზე. მათ შორის, 1861 წელს, პეტერბურგიდან საქართველოში ბრუნდება ილია ჭავჭვაძე. სწორედ ამ მოგზაურობას ეძღვნება მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება „მგზავრის წერილები“, სადაც ავტორი საუბრობს მომავალი ქართული ლიბერალური პროექტის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე. "მგზავრის წერილები" ერთგვარი პირველი მერცხალია, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისს გვაუწყებს. თხზულების დასაწყისშივე ვხვდებით საინტერესო პასაჟს, სადაც დიალოგი ვითარდება მთხრობელსა და ფრანგ მოგზაურს შორის, სამოგზაურო ეტლის შესახებ, რომელიც ფრანგ მოგზაურში ირონიას იწვევს.

„- ეგ ეტლი ვისი მოგონილია? - მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა.
- რუსისა, - ვუპასუხე მე.
- მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.
- არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე.
- მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.
ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც მარტო ევროპელმა იცის ხოლმე.“

აღნიშნულ ეპიზოდში აშკარად ჩანს რუსეთის იმპერიის ჩამორჩენილობა და ის სხვაობა, რომელიც მოდერნიზებულ დასავლეთსა და მეფის რუსეთს შორის არსებობდა ჯერ კიდევ იმ ეპოქაში.

ილია, რომელმაც რუსეთში განათლება მიიღო, სხვა თერგდალეულების მსგავსად, კარგად იცნობდა ლიბერალურ იდეებს, ამასთანავე იგი გულშემატკივარობდა ირლანდიასა და იტალიაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ ბრძოლებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ავტონომია, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება და თავისუფალი სასამართლო. "მგზავრის წერილებში" ილია სვამს შეკითხვას: „რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“ მას აღელვებს მისი პოლიტიკური ხედვის და მისი ახალი იდეების ბედი, რომელთა განხორციელებაც მას საკუთარ კოსმიურ მისიად მიაჩნია ერის წინაშე.

ლიბერალური შეხედულებებითაა ასევე გამსჭვალული დიალოგი ლელთ-ღუნიასთან, რომელიც ადგილობრივი მოხევეა. სწორედ აქ წარმოთქვამს იგი ყოველი ქართველისათვის ნაცნობ, ერის თავისუფლებისაკენ ლტოლვის მანიფესტად ქცეულ სიტყვებს: „ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდვნეს“. სწორედ თავისუფლების იდეაა ფასეული მოხევესათვის, რომელიც ამ ნაწარმოებში იმ ქართველის სახე-ხატია, რომელიც პიროვნულ, ინდივიდუალურ თავისუფლებას ამჯობინებს ყველა სხვა კეთილდღეობას. „მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ - სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..“

ფაქტობრივად „მგზავრის წერილები“ იქცა ქართული ლიბერალური მიმდინარეობის ერთ-ერთ მთავარ მანიფესტად, რომელიც ახლო ხედიდან გვიჩვენებს ქართული სინამდვილის რაობას და რუსული იმპერიალიზმის მანკიერებებს, რომლის წინააღმდეგაც ქართული ლიბერალური მსოფლმხედველობა ილაშქრებს.

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს "საქართველოს მოამბეს", ხოლო 1877 წლიდან "ივერიას", როგორც ახალი კონცეფციის პლატფორმას, ახალი სიტყვის და ახალი იდეების ფლაგმანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ „ივერიის“ ფურცლებზე ვხვდებით პირველად ლიბერალური ნაციონალიზმის იდეებს, რომელიც წინ წამოსწევს საერთო კულტურულ იდენტობას, ერთიანობის იდეას და ემიჯნება გათითოკაცებას, რაც თვალთხედვის ვიწრო თვალსაწიერს მოაქვს. „ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ, ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავისთავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან. ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება.“ (ილია ჭავჭავაძე, 1888 წ.).

ილია ჭავჭავაძე ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ქართული ლიბერალური მოძრაობის, თუმცა მისი პოლიტიკური ხედვები მუდმივად იცვლებოდა. ახალგაზრდობის ადრეულ პერიოდში იგი ნაციონალისტია, შემდგომ ხდება ლიბერალი, მოგვიანებით ტრადიციოანალიზმის იდეებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მისი შემოქმედება, როგორც მხატვრული ასევე პუბლიცისტური ბიოგრაფია, მკაფიოდ გამოხატავს ავტორის პოლიტიკურ ხედვას და მის ფილოსოფიას. ილია, რაციონალიზმის, როგორც ფილოსოფიური დოქტრინის მიმდევარი, რომლისთვისაც სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, მხარს უჭერს ეპოქის მოდერნისტულ ხედვას, პოლიტიკურ თავისუფლებას, ხაზს უსვამს სასამართლოს მნიშვნელობას, იბრძვის წოდებრიობისა და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებების შელახვის წინააღმდეგ. ზოგადად, ილია უთანასწორობის წინააღმდეგ მებრძოლია და როგორც ჰუმანისტი, ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. იმდენად, რამდენადაც რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ილია ადამიანების თანაბარი უფლებების დამცველია, იგი თანასწორუფლებიანობის მეხოტბეა. ამასთანავე, ჰუმანიზმის ძლიერი მხარეა ეთიკა, რაც ილიას შემოქმედებას მწყაზარი მაქმანივით გასდევს და ამშვენებს. იგი მკაცრად აკრიტიკებს ძველ, ტრადიციულ წყობას, რომელიც ერთის მხრივ, თავადაზნაურობის ძალაუფლებაშია, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის იმპერიის ბიუროკრატიასა და რეპრესიულ სისტემაში. მის ნაწარმოებებში იგი მკაფიოდ გმობს თავადაზნაურობის თავაშვებულ, დარდიმანდულ და უზრუნველ ცხოვრებას და ხაზს უსვამს შრომისა და გაჭირვებისგან გატანჯული გლეხების ჩაგრულ ყოფას, რითაც სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ილაშქრებს. თუმცა, არა მხოლოდ კალმით, არამედ მისი ჰუმანიტარული საქმიანობით. სწორედ გლეხებზე ზრუნვის და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითი იყო მისი აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მის ფუნქციონირებაში. აგრეთვე, მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ილიას ლიბერალური მსოფლმხედველობისთვის ადამიანის უფლებები და თავისუფლება ხელშეუხებელია, არავის აქვს უფლება შელახოს სხვა ადამიანის უფლებები, მისთვის ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხედავდა ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზაციას რუსეთის იმპერიის გუბერნიად ქცეულ საქართველოში.

თანამედროვე ეპოქაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 1991 წლიდან, საქართველოში ლიბერალური მიმდინარეობა თვისობრივად განსხვავებულ ხასიათს იღებს. თუკი მე-19 საუკუნეში ქართული ლიბერალიზმი არ ჰგავდა კლასიკურ ლიბერალიზმს, როდესაც პოლიტიკური უფლებების მოპოვება თუ ეროვნული საკითხი პირველხარისხოვანი იყო, მე-20 საუკუნის მიწურულს მიმდინარეობა უფრო მეტად ადამიანის უფლებებსა და ეკონომიკურ დოქტრინაზე ორიენტირდება. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, ჩვენს რეალობაში გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ბაზარი, ეკონომიკური თავისუფლება, პიროვნების ინდივიდუალური თავისუფლება, რელიგიური ტოლერანტობა და სხვა ლიბერალური ცნებები.

ე.წ. ვარდების რევოლუცია, ქვეყნის მოდერნიზაციასთან ერთად, ლიბერალიზაციასთან ასოცირდება. 2003 წლიდან ლიბერალური მოძრაობები, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, ქართულ საჯარო სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ქვეყანაში დაიწყო აღმშენებლობა და რეფორმები, მაგრამ მალევე საზოგადოება დაიყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად, ერთნი ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს, მეორენი კი მისი მწვავე კრიტიკით კავდებიან. ნაციონალების 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გატარდა რეფორმები, რომელთა გამოც საქართველო იქცა რეგიონში მოწინავე დემოკრატიად და რეფორმების და აღმშენებლობის ფლაგმანად. თუმცა, ამავე დროს, დაშვებულ იქნა შეცდომები, რომელთა პატიებაც საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საზოგადოებაში მმართველი პარტიისადმი უკმაყოფილებამ მწვავე ხასიათი მიიღო და არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ეს წინგაადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიის ისტორიაში. პირველად, რევოლუციის და გადაყენების გარეშე, არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გაიმარჯვეს და დღეს მმართველ ძალას წარმოადგენენ, ქართული ოცნება ისევ კრიტიკის და ოპონირების რეჟიმში განაგრძნობს პოლიტიკურ ცხოვრებას. შექმნილი სიტუაცია, ხშირად წინაპრების ნათქვამს მომაგონებს: "ბავშვს ნაბან წყალს ნუ გადააყოლებთო!" არ შეიძლება ქვეყნის ბედი, მისი სახელმწიფოებრიობა და მისი ეროვნული ინტერესები, ვიწრო პარტიული ინტერესების, თუნდაც იდეოლოგიურ-პოლიტიკური დაპირისპირების გამო სასწორზე შეაგდო, რაც ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს. დემოკრატიულ საზოგადოებებში ახერხებენ სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე მყოფი ოპოზიციური პარტიები თანაცხოვრებას, თანაარსებობას და ასე განსაჯეთ, თანამშრომლობასაც კი. ეს მეტყველებს ერის პოლიტიკურ კულტურაზე, მის ტრადიციებზე, მისი საზოგადოების და პოლიტიკური ლიდერშიფის პოლიტიკურ სიმწიფეზე, თუ რამდენად შეუძლიათ განსხვავებული იდეოლოგიის და განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მქონე ჯგუფებს მშვიდობიანი თანაარსებობა ანუ, ყბადაღებული "კო-ჰაბიტაცია", რომელიც ზოგიერთს სასაცილოდაც არ ჰყოფნის.

დღეს, როდესაც ბევრს ვსაუბრობთ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შესუსტებაზე და ერთიანობაზე, რომელიც ასე გვჭირდება, ძალაზე, რომელიც ერთობაშია და რომელიც სახელმწიფო გერბზე რჩება მოწოდებად, სასურველია თვალი გავუსწოროთ სიმართლეს - ვის აწყობს დღეს საქართველოში ლიბერალური იდეების და პროექტების დამარცხება, ვის აძლევს ხელს ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია, დაქსაქსულობა? მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს პასუხი. ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ერს, უნდა აერთიანებდეს ეროვნული სტრატეგია, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების იდეა, რომელსაც პროპაგანდისტული მანქანა ებრძვის და ჩვენ, ნებსით თუ უნებლიედ ხშირად მის სამსახურში ვდგებით, ისე, რომ ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ.

უცნაურია, მაგრამ საქმე იქამდეც კი მიდის, რომ აშკარად და ღიად არარაციონალურ იდეებს და ძალებს მივემხრობით ხოლმე, ოღონდაც ოპონენტებს დავუპირისპირდეთ. რა ლიბრი გვეფარება ამ დროს თვალზე, ან რა კვამლი გვიბინდავს გონებას, რა გვაიძულებს ლიბერალები გვძულდეს, რომლებიც თავისუფლებასთან და წმინდანად აღიარებულ ჩვენი ერის მამასთან ასოცირდებიან?! ისევ ილიას „მგზავრის წერილები“ მახსენდება და კვლავაც მას დავესესხები, რადგან მეეჭვება მასზე უკეთ გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ: „კვამლი ფრიად სასიამოვნოა, - პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ“.

„არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, - და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..“

„გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები.“



26
115
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
115
  
2022, 28 აპრილი, 11:49
მე ვცდილობ ხოლმე კამათში ჭეშმარიტებამდე მივიდეთ, მაგრამ არიან ასეთები, ვისთანაც კამათი უაზრობაა, დაშტამპულად აზროვნებს გარკვეული კასტა, მისი აზრის შეცვლა შეუძლებელია, ილიას არ ეთანხმებაა და რა გასაკვირია მე არ მეთანხმებოდეს. :)))
2022, 26 აპრილი, 3:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 21 აპრილი, 23:01
მადლობა მხარდაჭერისთვის! ნურც თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდამ ბოღმას ანთხევენ, მებრალებიან, არ მაქვს არანაირი აგრესია და არც თქვენ უნდა გქონდეთ, მითუფრო ექიმს, ფსიქიატრს, პროფესიული თვალით შეხედეთ. მე ფსიქიატრი არ ვარ, მაგრამ ვხვდები, რა სახის პრობლემებია. თავიდან ვცდილობ თავაზიანი და ადამიანური მოპყრობით გავაადამიანურო, მაგრამ დროის კარგვაა ხშირ შემთხვევაში.
2022, 21 აპრილი, 18:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2022, 21 აპრილი, 16:27
შენაირებზე წერს ამ სტატიას,კარგად რო წაგეკითხა მიხვდებოდი. ააა,გამახსენდა რო შენ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს და რას გაიგებდი
2022, 21 აპრილი, 12:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2022, 21 აპრილი, 12:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 21 აპრილი, 12:03
ასე ხდება,როცა რაიმეს კრიტიკული აზროვნების გარეშე კითხულობთ და საშუალებას აძლევთ ვიღაცას დაგიმონოთ. წავიკითხე ბევრი რამე,რა გგონიათ რო მარტო თქვენ იცით და კარგად რას რისთვის იყენებდნენ. მე არ ვარ თქვენაირი,არ შემიძლია ბრმად მივენდო ვინმეს,თუნდაც ღმერთს და ამის დამალვას არ ვცდილობ, არიქა მანანამ ურწმუნო არ დაიძახოს ან მწვალებელითქო. საკუთარ პერსონაზე აქცენტს კი არ ვაკეთებ გენაცვალე,რასაც თქვენ და თქვენაირები იფიქრებთ ეგ დავწერე. გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით,სწორე ეგრე გაიფიქრეთ ხო? ჯერ მარტო მარაზმის მაშტაბი ვნახოთ,ეკლესიაში კორონას და ჯანდაბას რა უნდაო,ხოდა მიყვებოდით ბრმად ამ ყველაფერს? რაო კორონამ,ბოდიში მოიხადა და გაბრუნდა?

ჩემო მანანა,ფანატიზმი და რწენა ერთამანეში არ აურიოთ არასოდეს და კრიტიკულად შეხედეთ ყველაფერს. არ შეგეშინდეთ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება და არც იარლიყების მოკვრის გეშინოდეთ,რაც არ ხართ ის ვერ გახდებით,თუ ვიღაცამ ასე თქვა. თუ ნეონაცისტი არ ხართ,მაშინ ჩემს თქმაზე ვერ გახდებით,მარა დარწმუნებული ვარ რო ხართ და ამას აქვს თავისი მიზეზი. გითხარით უკვე,როგორც დავიწყე საუბარი და ვახსენე ნაციზმი,მაშინვე რწმენაზე გაამახვილეთ ყურადღება და აზრის ფორმირება სცადეთ. სტალინი სასულიერო აკადემიაში სწავლობდა და მამა მღვდელი ყავდა,მარხულობდა ალბათ და ამან ხელი არ შეუშალა გამხდარი კომუნსიტი,ვინც მილიონობით ადამიანი მოკლა. დიდი განსხვავება არ არის ნაციზმსა და კომუნიზმს შორის,ბიძაშვილები არიან ესენი,ხოლო მათი ბაბუა რელიგიური ფუნდამენტალისტები არიან.
2022, 21 აპრილი, 11:46
ერთერთი დიდი ქრისტიანული დღესასწაული მოდის და ხვალ ჯვარცმის დღეა. სწორედ ამაზე უნდა დავწერო,რომ ჯვარზე გაკვრა ქრისტესთვის არ მოუგონიათ მხოლოდ,ეგრე სჯიდნენ ადამიანებს იმ დროში. თქვენ და თქვენაირებმა ეს ძალადობის გამომხატველი მეთოდი კერპად აქციეთ და გულზე დაიკდეთ,ეამბორებით კიდეც. თან ყველაფერთან ერთად,ქრისტე თავისი განსხვავებულობის გამო დასაჯეს და იმ ეპოქისთვის შეუფერებელი ქცევისთვის. რა თქმა უნდა არ ვედრები,მაგრამ მასაც ცილისმწამებელად და მწვალებლად მოიხსენიებდნენ იმ დროში,რისთვისაც დასაჯეს კიდეც. კიდევ ბევრი მაგალითია ისტორიაში,როცა თავისუფლების სურვილის და მარაზმის ნგრევის გამო ადამიანებს სჯიდნენ,ცეცხლზე წვავდნენ და ამას ქრისტეს სახელით აკეთებდნენ. რწმენა ადამიანის თავშია და არა ეკლესიებში,ხატებში ან ჯვარში. წესით უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი ქრისტეს შედარებისთვის და მისნაირად გახდომამდე,მაგრამ მე არ/ვერ გავუქაჩავ მაგდენს :) მე მაქვს ჩემი რწმენა,ჩემი წესები და ჩემი შეხედულება,ამის გამო მწვალებელი არანაირად არ ვარ და არც უსამართლოდ ვექცევი ვინმეს. რამდენადაც ცნობილია,საპატრიაქოს აქვს პრივილეგიები და მე ვერ ვიტან პრივილეგიებს,აქვთ მილიონობით ლარის დაფინანსება ბიუჯეტიდან და მე ვერ ვიტან ბიუჯეტის ფულის ხრამუნს,თქვენ ე.წ. მორწმუნეებს თავი სხვაზე მაგრებად მოგაქვთ და მე თქვენაირებს ვერ ვიტან. რომ არ გამეჩერებინეთ,ასჯერ მეტყოდით რო მარხულობთ და რწმენაში ხართ :) თან არასოდეს გამომიმჟღავნებია,რომ ადამიანებს ვყოფ რაიმე სახით,ბუდისტიც,მუსლიმიც,პროტესტანტიც,კათოლიკეც,მართმადიდებელი და ა.შ. ადამიანი ჩემთვის ერთია. მე არ ვთვლი რო ქართველები ვართ ღვთისგან რჩეული ხალხი და არც ღვთიშობლის წილხვედრობის მჯერა,როცა რეალურად ანდრია და სიმონმა იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში.
2022, 21 აპრილი, 11:30
არ მგონია,რომ უფალი მოწყალეა და ვინმეს რამეს უნდა შეუნდოს მაინცადამაინც. უბრალოდ,ამით საკუთარი სისუტეების გამართლებას ახდენთ და შენდობას ითხოვთ,რაც არალოგიკურია. ხო დაგიწერათ ქვაზე 10 მცნება და რა ისწაველთ იქედან? ხომ გითხრათ,რომ კაცი არ მოკლათო,არ იქურდოთო და ერთი სიტყვით,არ იმაიმუნოთო,მარა რამდენადაც ვიცი შენდობის მოტივით მაინც აკეთებთ ამას(პირადად არ მიიღოთ,საზოგადოდ). თუ მაქვს იმის საშუალება,რომ რაღაც მოვინანიო და რაღაც მეპატიოს,რა მოტივაცია მაქვს რო ის აღარ ჩავიდინო? უბრალოდ,მარაზმში ცხოვრობთ და ეს ერთადერთ გამოსავლად გეჩვენებათ. თუ დაგიწერა რო არავინ მოკლა და მაინც კავ ან თუ დაგიწერა არ მოიპარო და მაინც იპარავ,მაშინ შენდობას რატო ითხოვთ გაუგებარია. თუ შენდობა უნდოდა,მაშინ არ დაგიწერდათ იმას,რაც დაგიწერათ. გიფიქრიათ ამაზე მანანა? ან ეს მარაზმი რა უბედურება,როცა ხატებს კერპებებად იხდით და ადამიან მღვდელს აღმერთებთ,ეს გგონიათ რწმენა? წერთ რაღაც კანონებს და ადამიანს მორჩილებას სთხოვთ,ხოლო თუ არ გემორჩილებათ,მაშინ ჯოჯოხეთით ემუქრებით. არადა ამბობენ,რომ ადამიანს თავისუფალი ნება ღმერთმა უბოძაო,სად არის აქ თავისუფლება. ღმერთის მოწყალებაზე დავამატებდი,რომ მისი შვილი ლუციფერი განდევნილი იქნა და არ ეპატია,სად არის მოწყალება?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10