x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119234
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491734
"ამ ვიწრო ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა!" - მუხრან მაჭავარიანი
image

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის, მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება უხვადაა გაჯერებელი პატრიოტული ლირიკით, ქართული ენის თუ წინაპართა დიდებით, თუმცა არის კიდევ ერთი არა ნაკლებ მნიშვნელოვანი შტრიხი მის შემოქმედებაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარე. დღეს 12 აპრილს, დიდი პოეტის დაბადების დღეს, სწორედ ან კუთხით წარმოგიდგენთ მის საუკეთესო ნიმუშებს:



კაცი ხარ მაშინ,

თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი,


როდესაც იცი,

ზედმიწევნით როდესაც იცი:

რა არ უნდა თქვა,

რა უნდა თქვა,

როგორ უნდა თქვა,

სად არ უნდა თქვა,

სად უნდა თქვა,


რატომ უნდა თქვა.

ცხრა თვალი გმართებს,

ცხრა ყური გმართებს, –

ნათქვამი შენი,

ვითარცა სხვათა, –

არ გახდეს, რათა

სხვების და სხვების

“გულისხმიერი”

განხილვის მსხვერპლი.



image


დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,

ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი,

ვხედავ - რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ

და მე შენ გეტყვი - უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.


კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს

სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ;

გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,

ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი...


დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:

ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!

ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო

ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ


image


თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით

და...

გარეშე ყოველგვარი ხათრის, -

განსწავლულის (ეს რა ვნახე) პრეტენზიით, -

ტრიბუნაზე

უწიგნური

ადის.


თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით

და...

გარეშე ცეროდენა ხათრის, -

პატრიოტის (ვიღუპებით!) პრეტენზიით, -

ტრიბუნაზე

უცხო თესლი ადის.


თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით

და...

ტყუილში ქურციკივით მარდი, -

ქველმოქმედის (დავიღუპეთ!) პრეტენზიით, -

ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის.


და...

გექნებათ შენიშნული, ალბათ, -

ჩაწყობანი როცა ხდება კარტის, -

ზოგიერთი,

ვინც ვერ უძლებს ამას, -

დარბაზიდან

ფეხაკრეფით

გადის.


image

კაცი რომ კაცად არ გვსურდა გვეცნო,

რომ გავურბოდით ქვეყნის შენებას,

რომ გვაბრმავებდა მიზნები კერძო,

თავი რომ ყველას მეფედ გვენება, -

ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, -

ამან რაც გვიყო, -

მოგეხსენებათ.


ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ,

ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც,

სამშობლოს ჩვენი რომ გვიჯობს ეზო,

რეგვენი თუა, - ის რომ გვსურს მაღლა, -

ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, -

ეს გზა რას გვიზამს, -

იმასაც ნახავთ


image

პროვინციელნი კამათობენ ბრუსონეციასთან;
აკაკი წერეთელს ადრიან ჭავჭავაძე ილიას.
კამათია:
ამ ორში ვინ იყო ძლიერი!
- აკაკი წერეთელი მოწოდებით იყო პოეტი! -
ირწმუნება
ხორბლისფერი პროვინციელი.
ქალაქელი სტუდენტები
ლანზღანდარობენ მწვანე ჭერამთან:
ხვავდება ჭორები...
ახსენებენ ბოდლერს,
არტურ რემბოს,
სწამებენ გალაკტიონ ტაბიძეს
ფრანგული პოეზიის გადმოქართულებას.
ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი -
გრძელი თმებით, -
ირონიულად შეჰყურებს მოკამათე ამხანაგებს -
გაწიწმარიტებულთ.
- კანტი,
სპინოზა,
პლატონი,
სოკრატე -
ისმის,
მოკამათენი სცემენ ბოლთას.
ფეხებს ტალახს არიდებენ.
გადაღმა ვარაზის ხევის -
ფერდობზე საქმიანობს ღორი.
საბრალოდ გამოიყურება ნანგრევი ციხის, -
ბარათაანთი,
ან ამილახორის.
ქალიშვილები - მაღალი შლაპებით,
დიდრონი რედიკულებით -
მწვანედ შეღებილ მერხებზე სხედან.
ცხადია:
„დასავლეთ ევროპის ფაკულტეტიდან“ - ყველა.
ქერა, ხორციანი,
თაფლოვანი თვალებით - მეტყველით,
ხარბად უსმენს შავგვრემანს.
- მარიკა როკი,
დინა დურბინა,
მერი პიკფორდი -
ლაპარაკობს შავგვრემანი.
გადაღმა ვარაზის ხევის -
ფერდობზე საქმიანობს ღორი.
საბრალოდ გამოიყურება ნანგრევი ციხის, -
ბარათაანთი,
ან ამილახორის.
image

დამგვანებიან შენი დები მოწყენილ მერცხლებს,

ხვალ პროცესია პლეხანოვზე ჩაივლის ნელა.

„თბილისის"(ვაი, შენი ბრალი!) მეოთხე გვერდზე

დღეს - პირველად და უკანასკნელად

დაბეჭდილია სახელი შენი, ბიჭო...






და ბოლოს ერთადერთი ლექსი მუხრანის შემოქმედებაში, რომელმაც სისტემას "მიუძღვნა", აშკარად, შეფარულად ორაზროვანი და დამცინავი:


ამ ვიწრო ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა! -

სახლებმაც იფიქრეს და სახლის პატრონებმაც.

ქუჩის დასაწყისთან მოდგა კომუნიზმი, -

ელვის უსწრაფესად ქუჩები ფართოვდება..

0
458
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0