x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ოთარ ჩხეიძე - ,,ჩემი სოფლის ეტიუდები''
ოთარ ჩხეიძე - “ჩემი სოფლის ეტიუდები''

ქართული ლიტერატურა ყოველთვის იყო არის და იქნება იმ მძიმე ეპოქათა მიერ დაღდასმული, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ არაერთგზის ავად თუ კარგად გამოიარა. მწერალთა შემოქმედებაში ზოგჯერ მკაფიოდ, ზოგჯერ კი ფარულად გადმოცემული ობიექტური სინამდვილე ქართველი ხალხისთვის სწორი გზის მაჩვენებელი ბევრჯერ გამხდარა. იყვნენ უშიშარი მოღვაწეებიც, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სცადეს ემხილათ ფარისეველი ხელისუფალი და არა მარტო. ასეთი მწერლების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ ოთარ ჩხეიძე- შეუპოვარი და უშიშარი მწერალი, რომელიც სამაგიდო უჯრაში არ ინახავდა პროტესტსა და უსამართლობაზე პასუხს. ოთარ ჩხეიძე ოდესღაც ნანახსა და დამახსოვრებულს აღწერდა საკუთარ რომანებში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას “მოუთვინიერებელ პატრიოტსაც’’ უწოდებდნენ ლიტერატურის ფართო წრეებში. ოთარ ჩხეიძის შემოქმედება მისი ცხოვრებასავით უკომპრომისო და საინტერესოა. ფაქტობრივად მეოცე საუკუნის მატიანეა მისი რომანები და გაზვიადების გარეშე, ის ისტორიისთვის დამალულ ფაქტებსაც თავის რომანებში გაუმჭვირვალედ მოგვითხრობს.

ოთარ ჩხეიძეს ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე თხრობისას აუღელვებლად გადავყავართ პერსონაჟთა მრავალფეროვან სამყაროში. თითქოს დაყოვნებით და ნელი ნაბიჯებით ცდილობს შეგვაგრძნობინოს სინამდვილის სიმძაფრე და ერთი და იმავე სიტყვების რამდენჯერმე გამოყენებით დაგვარწმუნოს თავის ნათქვამში.


ოთარ ჩხეიძის წერის ორიგინალურობას ქართულ ენასთან მისი დამოკიდებულებაც განაპირობებს. მას არ ერიდება კილოებითა და დიალექტებით საუბარი, მის შემოქმედებაში მრავლად არის გამონათქვამები და ანდაზებიც, ამიტომ ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი “ნამდვილი’’ მწერალია. ოთარ ჩხეიძის შემოქმედება ქართული რეალობის მკაფიო ანარეკლია და არც არის გასაკვირი სპარსი მწერლის აჰმად შამლუს სიტყვები: “ჩემთვის ახლა უკვე ნათელია, საბჭოთა ურჩხულს თავი როგორ და-აღწიეთ, თქვენ ხომ ოთარ ჩხეიძის დარი მწერალი გყოლიათ”

ოთარ ჩხეიძე ციკლში “ ჩემი სოფლის ეტიუდები’’ თავის და არა მხოლოდ თავის ბავშვობაზე გვიამბობს. თუ ყველაში არა, მკითხველი რამდენიმე მათგანში მაინც ამოიცნობს საკუთარ თავს და მოგონებების გახსენებით სიამოვნებას მიიღებს. დინჯი თხრობა სოფლისა და იქ მაცხოვრებელთა სიყვარულის გამომხატველია, ამიტომ ავტორი განსაკუთრებული სიფაქიზით არჩევს სიტყვებსაც, რომ ბავშვობასთან გადებული ძაფები მასსავით ჰაეროვანი იყოს.

ერთ-ერთ ეტიუდში “ ეს უკვე სიზმარი როდის იყო ‘’ ავტორი საუბრობს მოუსვენარ ბიჭებზე, მათგან ერთ გამორჩეულ ჭაბუკსა და სოფლის მშვენება ანანოზე, ალალ, კეთილ, მშვენიერ გოგონაზე, რომლის გულის მოგებასაც ეს ბიჭები ცდილობდნენ. ტოღია ცბიერი და ტრაბახა ბიჭი გახლდათ, რომლის სამიზნეც არაერთი გოგო ხდებოდა და რეალურად თუ საკუთარ წარმოდგენებში ხალხს აჯერებდა, რომ მისი სადარი ბიჭი ქვეყანაზე არ დადიოდა. მშიშარა და გაუბედავ ტოღიას ბიჭების მუშტის გემოც გაუსინჯავს, მაგრამ ამაოდ. მაინც აგრძელებდა სოფლის გოგოების აუგად ხსენებას და მთელი დროსა და ენერგიას ამაში ხარჯავდა. ანანოს შემყურე ბიჭები ტოღიას მასთან მიახოლების უფლებასაც კი არ აძლევდნენ, არ სურდად უმანკო გოგონა მისი საკბილე გამხდარიყო და მასაც იგივე ბედი გაეზიარებინა, ამიტომ სადაც ტოღია დადიოდა უმალ იქ ჩნდებოდნენ ბიჭებიც და გაფრთხილებებით თავს აბეზრებდნენ : თუკი კიდევ მიგიქარავს უუუ....’’ ტოღიას გაუმართლა და ერთხელაც ანანო მარტო დაიგულა, დიდიხნის ნაფიქრის და მასთან საუბრის მილიონჯერ წარმოდგენის ფონზე ტოღიამ მხოლოდ ერთი ამოილუღლუღა : ვიწვი უშენობითა...ანანომ თითქოს მისი ნათქვამი ვერ გაიგო, უკან მოუხედავად გაიქცა. მწერალმა ფინალისკენ შემოინახა თიქთოს თავის დამოკიდებულებაც და სინანულიც ამ გოგონასადმი, რომელიც ხელით ჩახეულ გულისპირს იფარავდა, ტოღიას კი ბიჭები გამეტებით უშენდნენ წიხლებს. მთელი ნაწარმოების განმავლობაში იკავებდა თავს ავტორი, სიტყვების, მოვლენებისა თუ დიალოგების გამეორებით, ოღონდ საბოლოოდ მომხდარზე არაფერი დაეწერა. ანანოს მსგავსი შეუბღალავი გოგონები, სწორედ ტოღიასნაირი გაუმაძრების მსხვერპლნი ხდებიან ადრე თუ გვიან. ასეთ ბიჭებს ხომ პროფესიულ დონემდე ჰყავთ დაყვანილი გოგონებთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში მწერლის სევდა გადამდებია და უმანკო ანას ამჟამინდელ მდგომარეობაზე სინანულით გვაცქერინებს. ოთარ ჩხეიძისთვის ეს ფაქტი ჩვეულებრივი, რომ არ ყოფილიყო ამ ეპიზოდს არც აღწერდა, ამიტომ ჩვენც ისევე ვართ სინანულის გამზიარებელნი, როგორც თავად ავტორი, ზოგჯერ ჩვენვე ვართ ბევრი “ტოღიას’’ მცველნი და მათი იდეების გამტარებელნი....

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:თოფურია ანა
თოფურია ანა
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0