x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა გზა გაიარა ეროვნულ გმირობამდე... (ჟიული შარტავა)
image
"ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი"
1944 წლის 7 მარტს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა.
ჟიული შარტავა გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა იგი დახვრიტეს.
ჟიული შარტავა დაიბადა 1944 წლის 7 მარტს სენაკში, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო (ფენია) შარტავების ოჯახში. ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის პედაგოგის რჩევით ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. უწინასწარმეტყველებდნენ სამეცნიერო კარიერას, მაგრამ ინსტიტუტში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მისი ორგანიზატორული ნიჭი და ტექნიკური უნივერსიტეტის კომკავშირის მდივნად აირჩიეს.
საოცარი სისწრაფით განვითარდა მისი პოლიტიკური კარიერა: 1973 წლიდან იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, შემდეგ პირველი მდივანი. მას ახასიათებდნენ, როგორც პატიოსან, საქმისადმი ერთგულებით გამორჩეულ, გულწრფელ და ამავე დროს დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანს. ამ თანამდებობაზე მან 8 წელი იმუშავა და ბევრი ნოვატორული წამოწყება ბოლომდე მიიყვანა. მისი თაოსნობით შეიქმნა შემოქმედებითი ახალგაზრდობის რესპუბლიკური ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, დიდ ყურადღებას აქცევდა სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. გამოირჩეოდა სამართლიანობის გრძნობით, თუმცა სიმართლე მაშინ არცთუ ადვილი სათქმელი იყო:
"სულ სხვა გზა მქონდა არჩეული, ვფიქრობდი, სპეციალობაში ჩემს სიტყვას ვიტყოდი, სინამდვილეში კი ხშირად ბევრი ისეთი რამის მტკიცება მიხდება, რომელიც ჩემს შინაგან მრწამსს ეწინააღმდეგება. განა ადვილი ასატანია ამდენი ჯიჯღინი, ჩხუბი და კამათი ჩემი მხრიდან, რა გამიძლებს მე ასე დიდხანს, მითუმეტეს, თუ ცხოვრება სიბერემდე დამცალდა".
1978 წელს საბჭოთა საქართველოში ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღოთ. ამ კონსტიტუციის 75-ე მუხლი ითვალისწინებდა ქართული ენის შეზღუდვას. წინასწარი განხილვის დროს, სტუდენტები ჟიული შარტავას პოზიციით დაინტერესდნენ:
"ნუ გგონიათ, რომ თქვენზე ნაკლებად ვიცით ხალხისათვის თავგანწირვა. ჩვენს ყოფნას ამ თანამდებობებზე რა ფასი აქვს, ბუნებრივია, თქვენს გვერდით ვიქნებით".
ასეთი იყო მისი პასუხი. 14 აპრილს კი 75-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოიღეს, შემდგომში ეს დღე "ქართული ენის დღედ" გამოცხადდა.
1980 წლიდან ჟიული შარტავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. დაიწყო პიონერული ქალაქის "მზიურის" მშენებლობა, მაგრამ 1985 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ (ედუარდ შევარდნაძე შეცვალა ჯუმბერ პატიაშვილმა), გამოიწვია მისი გადასვლა ქალაქ რუსთავში. როგორც ჩანს, ახალ მმართველს თავისი გუნდი სჭირდებოდა, ჟიული შარტავა კი ასეთად არ მიაჩნდა. ხელისუფლებამ ჟიული შარტავას წინააღმდეგ დაიწყო ყოვლად გაუმართლებელი კამპანია, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როდსაც მან კატეგორიული უარი თქვა სოლიკო ხაბეიშვილის მხილებასა და მის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოსვლაზე. ამ ფაქტმა იგი კიდევ უფრო შეაყვარა რუსთაველებს და პატივისცემა გაუათკეცა თავიანთი ქალაქკომის თავმჯდომარის მიმართ. "ვიღაცას" არც ეს მოეწონა და ქალაქის შესასვლელში შარტავაზე ორჯერ მოხდა თავდასხმა. მაშინ ტყვიას გადაურჩა, მაგრამ დევნილობას – ვერა. დაჩქარდა მისი წასვლა ჯერ რუსთავიდან, შემდეგ კი რესპუბლიკიდან. არც ამ დროს დაუკარგავს მხნეობა. ერთ წელიწადში დაამთავრა მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.
1990 წელს ჟიული შარტავა საქართველოში დაბრუნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. ჟიული შარტავა კვლავ ცილისწამების მსხვერპლი ხდება, მის წინააღმდეგ ვრცელდება პროკლამაცია:
"ჟიული შარტავა ჩამოსულია თბილისში და ეწევა დიდ მუშაობას, რათა თავისი მომხრეების საშუალებით მიაღწიოს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის პოსტს და კრემლს ჰპირდება საქართველოში ეროვნული მოძრაობის ჩახშობას".
მართალია, ერთხანს საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ზეწოლის გამო დატოვა სამსახური.
1992 წელს რუსთაველთა თხოვნით, ჟიული შარტავამ კენჭი იყარა ახალი მოწვევის პარლამენტში და ხმათა 90% მიიღო.
1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში გახურებული სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა სრულიად მოულოდნელად ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
ამავე წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
მინიჭებული აქვს "დიდგორისა" და "ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენები. სენაკში შეიქმნა ჟიული შარტავას მუზეუმი. მისი სახელი მიენიჭა ქუჩებს (გამზირებს) და საჯარო სკოლებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში. დაიდგა ძეგლები რუსთავსა და სენაკში. 2004 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაფუძნდა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლა.
აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა:
"მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში".
0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0