x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
რომანი, რომელიც ყველანაირი ლიტერატურული გემოვნების ადამიანისთვის იქნება საინტერესო

უცნაური და ძალიან ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გაგიჩნდებათ ამ რომანისა და მისი ავტორის შესახებ. მიუხედავად იმისა, ავტორს იცნობთ თუ არა. წიგნი მარტივად იკითხება და არც სიუჟეტის სიმძაფრითა და დაძაბულობით გამოირჩევა. მთელი რომანის განმავლობაში გვხვდება საშუალო ასაკის, მარტოხელა მამაკაცის ბრედლი პირსონის ცხოვრებას. ის მწერალია, რომელიც ახალი წიგნის დაწერას აპირებს, თუმცა რაღაც ყოველთვის უშლის ხელს, ეს ხელის შემშლელი ფაქტორი კი ყოველთვის ქალია: ყოფილი მეუღლე, რომელთან ქორწინებამაც მთავარ გმირს ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა მიაყენა; და-პრისცილა, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობს; მეგობრისა და კოლეგის მეუღლე-რეიჩელი, რომელიც მის მიმართ არაორაზროვან ინტერესს იჩენს. ამ ყველაფრის ფონზე რთულია კონცენტრირდე სამუშაოზე...
ბრედლი ჭკვიანი, ნიჭიერი, მოწესრიგებული მამაკაცია, რომელსაც არ შეუძლია დახმარებაზე უარი უთხრას ვინმეს. როდესაც ჰორიზონტზე ახალგაზრდა, 20 წლის გოგონა - ჯულიანი ჩნდება ყველაფერი კიდევ უფრო იხლართება, რადგან მამაკაცი ხვდება, რომ ცხოვრებაში პირველად ნამდვილად შეუყვარდა ქალი და პირველად სურს ბედნიერება საკუთარი თავისთვის (თუნდაც მცირედი...).
წიგნი ბანალური სასიყვარულო ურთიერთობის ფარგლებს სცდება, სადაც სიყვარულის ისტორიის პარალელურად ვხვდებით ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ღრმა ფილოსოფიურ მსჯელობებს.
ფინალი ტრაგიკული და გარკვეულწილად პროგნოზირებადია, თუმცა სხვას რას უნდა ელოდო მსგავსი ისტორიისგან? სიუჟეტი ქაოტური, არარეალისტური და ხანდახან მოსაბეზრებელია. მისი მოქმედი გმირები სიბრალულს, სევდას და ზიზღსაც კი იწვევენ მკითხველში.
თქვენ მოგიწევთ უთანაგრძნოთ მოქმედ გმირებს, თუმცა მეორე წუთში გაგაღიზიანებენ მათი ქმედებები, შემდეგ გაბრაზდებით, იგრძობთ სიბრალულს და ზიზღს. ბოლოს კი ისევ სიბრალულით დაასრულებთ კითხვას. რომანში ბრიტანულ იუმორს და თვითირონიას შეხვდებით, თუმცა ეს უფრო ცრემლნარევ სიცილს მოგაგონებთ.
მოკლედ რომ ვთქვათ „შავი პრინცი“ ერთი დიდი ირონიაა ხელოვნების, ამბიციებისა და გრძნობების შესახებ. რომანმა შეიძლება სრულიად არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვოს მკითხველში, თუმცა ვფიქრობ მისი წაკითხვა, მიუხედავად ლიტერატურული გემოვნებისა, ყველასთვის საინტერესო იქნება.
image
0
18
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0