x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ომი რომ მორჩება, ჩვენ სად ვიქნებით? - ბესიკ ხარანაულის ლექსები, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

image


უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ზედზიედ ორი ლექსი გამოქვეყნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა:

1

ლაფიტოპია ნისლიდან გამოდის
აი, ამ ლაფს ვიფიცები,
რომელსაც მოვტოპავ,
ამ ჭუჭყს და ამ ტალახს,
რომელიც მაკრია,
ამ საძაგლობას ვიფიცები,
როგორც ჩემს საკუთარს:
ომი რომ მორჩება,
ჩვენ სად ვიქნებით?
მთვარე ამოვა,
მზე ჩავა,
ჩვენ სად ვიქნებით?
სამყარო გამოიცვლება,
შეიქნება სირცხვილ-ნამუსი,
ჩვენ სად ვიქნებით?
რომ დავიხოცებით,
ვინ დაგვმარხავს,
მიწას ვინ მოგვაყრის,
ჩვენ სად ვიქნებით?
აი, ამ ლაფს ვიფიცები,
ამ უწმაწურობას,
მოხუცს მუხლებზე
წიგნი გადმიშლია,
მაგრამ რა წერია:
სიტყვები გამქრალი,
ყდა ტალახიანი,
რა ერქვა არ ამბობს.
არც კი ვიცი ვინ მომენატროს,
წინ სიბნელეა და არავინაა.
ვუყურებ მურყნიანს,
ჭალა რომ ნისლშია,
ლაფიტოპია ხარი
ვგრძნობ, როგორ მოტოპავს.
რქებით ჭალა მოაქვს,
მკერდით ნისლს მოარღვევს,
მშრალზე რომ დადგება
და დაიბერტყება,
რომ დაიზმუვლებს
და რომ მომაჩერდება:
რა ვუთხრა, რა ვკითხო,
ან რა ვუპასუხო,
თავი რით ვიმართლო?..
2
ძახილი
“იაკ უმრუ, ტო პოხოვაიტე ნა ვუკრაინი მილი”
დამახსოვრებული სტრიქონი ტარას შევჩენკოდან.
1.
ვიყურებოდი მაღალ ბანის საძახებლიდან,
ვხედავდი,
დედამიწის კონტინენტები
ტაშტებივით ერთმანეთში როგორ იღვრებოდნენ,
ვხედავდი სისხლისღვრას
და ვარჩევდი კეთილს და ბოროტს,
ვგრძნობდი, უთუოდ რაღაც მოხდებოდა.
წინათ ჩემს ხალხში ერთი ცრემლით მეტი ვიყავი,
მაგრამ დამიშრა ცრემლის ლოპო _
და, ახლა ერთი სიცილით მეტი ვარ.
ესეც ნიშანია რაღაც ცვლილებისა,
სახრჩობელაზეც კი მღერიან ჩემნაირები.
2.
ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: “სულს სწყურია საზღვარი!”
თავის სწრაფვაში, ის, მგონია, კავკასიონის ალმასის სარტყელს არ გულისხმობს,
რომელიც ჩემი ქვეყნის ბუნებრივი საზღვარია _ ჩრდილოეთისკენ.
დიდმა რუსმა მწერალმა იკითხა: “_ მნოგო ლი ჩელოვეკუ ზემლი ნუჟნო?”
მაგრამ ბედის ირონიით, მისი ქვეყანა უსაზღვრობას ეძებს მიწაზე,
და ოცნებობს ისეთ ქვეყანაზე, რომელსაც საზღვრები არა აქვს
და იპყრობს, და იერთებს დიდ და პატარა მიწებს,
რადგან ხარბმა უკეთ იცის, რა ურჩევნია.
– მიუშვით რუსეთი! ვიძახი მე ჩემი საძახებლიდან,
ზვავივით ბრმაა...
ჩათვალეთ, რომ სასაცილოა,
დღესაც იმათ გავს, ძველის-ძველ გენერლებს,
რომლებიც დიდი ხანია ჩახმნენ და ჩანელდნენ ქვეყნიერებაზე მიმოფანტულ ორარშინიან მიწის საფლავებში.
- მიუშვით ნებაზე:
დაე, გაერკვას, სინამდვილეში რამდენი მიწა სჭირია კაცს თავის დასამარხად.
როგორი უმიწაწყლო უნდა იყოს კაცი,
როგორი ბოგანო და ღვთისგან მიგდებული,
რომ მის ქვეყანას საზღვრები არ ჰქონდეს,
როცა ასანთის კოლოფისხელა მიწებსაც კი
მტკიცე საზღვრები აქვთ.
რუსო,
შენი რქა თურმე ცვილისაა,
გახსოვდეს, ხარჩამავალი ქვაბი თუხთუხებს ცეცხლზე,
გახსოვდეს, სხვისი მიწები რომ მიგაქვს ჩასაყლაპად,
ზოგიერთი ალმასისაა.
რუსო!
გაჭირვებამ დედამიწის ხალხები ახლობლები გახადა,
მტრობის ხემაც ხმობა დაიწყო,
რუსო! მტრობას შენღა ანედლებ!
რუსო! შენი სახელიც ერთი მოკლე სიტყვით იწერება.
რუსო!
ყველაფერი სამწუხაროა, რაც რომ მოგახსენე,
მწყინს, რომ სიმართლეა.
ყველა როდია ყრუ შენს მიწაზე.
რუსო!
შეისმინე შენი დიდი მწერლის სიტყვები:
“განა რამდენი მიწა ჭირდება ადამიანს?”
ჩემიც გაიგონე:
“დიდო ერებო!
ნუ ჩაყლაპავთ პატარა ხალხებს,
ვაითუ რომელიმე იყოს ალმასისა.”
ჩემი ქვეყანა ალმასია,
მწიფე ვაზივით მიმზიდველია აგრესიისთვის,
ყელზე დაგადგებით!
1
496
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
496
  
2022, 20 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1