x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"წარმოუდგენელია? წარმოიდგინეთ, ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდება!" - რას წერს ლელა კაკულია 

image


ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია ითვალისწინებს რა საზოგადოებრივ ინტერესს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შესახებ ცნობილი წინასწარმეტყველის ჩანაწერების მცირე ნაწილს უცვლელად გთავაზობთ.




"მეგობრებო,


როგორც ჩანს, ბევრი ახალი მკითხველი შემოგვიერთდა, რომლებიც გვთხოვენ, გამოვაქვეყნოთ უკრაინასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები.


ადმინისტრაცია ითვალისწინებს არსებულ რეალობას და კიდევ ერთხელ (!!!) შეგახსენებთ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა ნაწილს უკრაინის შესახებ.


მავანთა გასაგონად კი გავიმეორებთ: ეს ჩანაწერები წარსულში არაერთხელაა გამოქვეყნებული როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში, ისე მის წიგნებში „ახალი სიტყვა“ - როგორც ქართულად, ისე ინგლისურად და ასევე რუსულად.


გარდა ამისა, თავად უკრაინელებმა ეს წინასწარმეტყველებები უკრაინულად თარგმნეს, ვიდეოებად „აკინძეს“ და YouTube-ზე გაავრცელეს რამდენიმე წლის წინ.



ამ ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ ლინკებზე:


https://www.youtube.com/watch?v=xGCS_9jpNjQ

და ასევე


https://www.youtube.com/watch?v=gBljBVP9F6s


ახლა კი გაეცანით უკრაინაზე ლელა კაკულიას ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილს:


1992 წელი, 22 მარტი


რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია.


1992 წელი, 11 აპრილი


რუსეთ–უკრაინის ომი გარდაუვალია. დიდი ნგრევა, სისხლი. რუსეთი კოლონიზატორის როლში შედის, იპყრობს უკრაინას.


1993 წელი, 26 სექტემბერი, საღამოს 7 საათი


რუსეთ-უკრაინის ომი შეარყევს მსოფლიოს; არ შეარყევს საქართველოს. რუსეთი იმაზე მეტ სიკვდილს მოიმკის, ვიდრე საქართველოში დათესა.


1993 წელი, 28 დეკემბერი, დილის 9 საათი


რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!

არის ისეთი დაპირისპირებები, რასაც რუსეთი მალავს. არავითარ ინფორმაციას სერიოზული დაძაბულობის შესახებ არ გადმოსცემენ. შეთანხმებები (ვითომ შეთანხმებები) ნორმალური არ არსებობს. ყველაფერი წკიპზეა მისული – კრახამდე.

1994 წელი, 4 ივლისი, დღის 2 საათი

რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!!!



რუსეთი იპყრობს უკრაინას, ბელორუსს, ციმბირს, ბურიატიას და კიდევ სხვ. ესე იგი, რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის ტერიტორია შეინარჩუნოს აუცილებლად. „ესენგეს“ მუსლიმები ხელიდან გამოეცლებათ (საქართველო პირველ რიგში), ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც აღვნიშნე, ჩაკეტავენ (ეს მათი სამხრეთი საზღვარია), უკრაინას თითქოს უცდიან, როდის მოვა გონზე და ბელორუსივით უკან გაჰყვება. რუსეთი ყველაფერს დათმობს და უკრაინას — არა.


„დიდი რუსეთი“ იწყება კიევის რუსეთიდან“, - ასე მიაჩნიათ.



რუსეთს დიდი პრეტენზიები ექნება საზღვრებთან დაკავშირებით.


სექტემბერი-ოქტომბერი... უკრაინა ძლიერია. სიურპრიზები რუსებს!



უკრაინა რუსეთს დიდი დროს წაართმევს. საბოლოო ჯამში, რუსეთი უკრაინაში წააგებს.



რუსეთი წავა დათმობებზე. ცდილობს, კავკასიაში სასწრაფოდ დაალაგოს ყველაფერი, რათა უკრაინას მიუბრუნდეს...

1995 წელი, 14 მარტი, დილის 9 საათი


რუსეთის იმპერია ეცემა რომის იმპერიასავით.


რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა ჩაერევა.


1996 წელი, 17 დეკემბერი, საღამოს 8 საათი



შავი ზღვის საკითხი გამძაფრდება. უკრაინა-რუსეთს შორის ვხედავ დიდ შეჯახებებს. ეს გარდაუვალია. რა ანალიზებიც არ უნდა აკეთონ, ეს ასეა. აი ნახავთ!

1997 წელი, 15 აგვისტო, დილის 11:25 სთ.


ვხედავ, მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან ამერიკა, ევროპა, უკრაინა, გაერო (რომელსაც არაფრად მივიჩნევ) და რუსეთი. დიახ, დაუპირისპირდებიან!



2004 წელი, 3 ნოემბერი


რუსეთის პრეზიდენტი ძალიან ცდება, იგი მოტყუვდება. უკრაინის პრეზიდენტი ისეთ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გადადგამს, როგორსაც არ ელის რუსეთი. იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს, პრეზიდენტი მიიმხრობს ოპოზიციასაც. ეს ასეა, აი ნახავთ. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მითითებებს არ შეასრულებს, მიდის წინააღმდეგ.


მერე კი ვხედავ საშიშროებას, ანუ რუსეთ-უკრაინას შორის საომარ დაძაბულობებს.


2007 წელი, 7 ივლისი



რუსეთი ბრძოლას წააგებს უკრაინაში. იქაც ამერიკელები არიან ჩართულნი. ვხედავ, მომავალში უკრაინის მთავრობაში მოდიან ახალი ძალები, ანუ ახალგაზრდები და ყოველივე იშლება. იქმნება და შენდება ძლიერი, ახალი უკრაინა. რუსეთი წააგებს!




2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი



უკრაინა ისევ აირევა. ვხედავ, რუსეთთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება, თუმცა უკრაინა რუსეთს უკან დაახევინებს.




2008 წელი, 8 აპრილი



მოსკოვს უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. უკრაინის მიმართ პოლიტიკოსთა ბოღმიანი განცხადებები იწვევს უკრაინელი ხალხის აღშფოთებას და ვხედავ, როგორ გამოდის ხალხი და თხოულობს რუსეთთან, მოსკოვთან დიპლომატიური უერთიერთობების გაწყვეტას.


ვხედავ, რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ხალხი ყვირის: „გაეთრიეთ, რუსებო!“ ეს მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება.

მდგომარეობა ძალიან დაიძაბება. ევროპა ამ მოვლენას გამოეხმაურება. რუსეთის უსინდისო განცხადებები და ქმედებები ბევრ ქვეყანას მართლაც გააცოფებს.


უკვე იკვეთება მოსკოვის სურვილი, ევროპა ხელში მოიმწყვდიოს. ეს ევროპის ქვეყნებს სულ გააგიჟებს, ვხედავ, და დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს. რა თქმა უნდა, ევროპისთვის ამერიკის პოლიტიკა უფრო მისაღებია, ვიდრე რუსეთისა, რომელთაც მაინც კომუნისტებად მიიჩნევენ.


2008 წელი, 9 აპრილი


ვხედავ, უკრაინასთან დიდი პოლიტიკური ომი ისევ იმართება. აქაც ტერიტორიის საკითხი დგას. რუსეთს მაინც არ შეერგება შავი ზღვის ზოლი. ეს ასეა მომავალში ასი პროცენტით.



ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მომავალში — ეს შორეული მომავალია, ვიცი, მაგრამ მკაფიოდ ვხედავ — რუსეთი შავი ზღვის ზოლზე აღარ არსებობს, მათ გაყრიან. დიახ, უბრალოდ, დაპყრობილ მიწებს კარგავენ. ერთი პერიოდი რუსეთი ძალიან სუსტი სახელმწიფო

იქნება. მათ სტალინის ხელი აკლიათ და მისტირიან კიდეც.




2008 წელი, 16 აგვისტო



საქართველო და უკრაინა დაჩქარებული წესით შედიან ნატოში. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს.


2008 წელი, 20 აგვისტო



უკრაინასთან ბრძოლა კრემლისათვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ვხედავ, მოხდება ისე, რომ უკრაინაში მცხოვრები რუსი ეროვნების ხალხი მოსკოვისკენ გაემართება. ტერიტორია კი აქვს რუსეთს დიდი და ჩინელების მაგივრად საკუთარი რუსები დაასახლონ იქ, ბატონო. ამინ!

2008 წელი, 29 აგვისტო



1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია-მეთქი. ვხედავ, როგორ გაედინებიან რუსები უკრაინიდან.


მსოფლიოს სძულს რუსეთი. მისი დაშლა და დასუსტება რომ აუცილებელია, ამას ყველა ხვდება და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ვხედავ, რუსეთი ევროპას ისე გაამწარებს, რომ მკაცრი სანქციები არ აცდებათ. ცოტა ხანს მოითმინეთ და ყველა იხილავთ ამას.


რუსეთის პრეზიდენტების უტვინო პოლიტიკას, ძალისმიერ პოლიტიკურ თამაშს მომავალში ევროპა-ამერიკა სერიოზულად უპასუხებს. თუმცა ყველაზე დიდი მსაჯული — ეს კოსმოსია და ისე დაისჯება რუსეთი თავისი უტვინობის გამო, რომ ამის აღწერა შეუძლებელია. რუსეთს ჯოჯოხეთის ცეცხლში გაატარებს უფალი და ყველა ქმედებაზე პასუხს მოთხოვს კოსმოსი. მათ დაარღვიეს ბალანსი კოსმიურ ზოლში და ყველა იხილავს ამის პასუხს.



2008 წელი, 9 სექტემბერი, დილის 5 საათი



ვხედავ, რუსეთის ფედერაცია იშლება...

ასევე ვხედავ, რომ რუსებმა დაკარგეს უკრაინაც. უკრაინელებს ყოველთვის სძულდათ რუსები და მართალნიც იყვნენ. მოკლედ, ნატოს გემები შევლენ ყირიმშიც. წარმოუდგენელია? წარმოიდგინეთ, ბატონო, ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდება!



2008 წელი, 14 ოქტომბერი



ვხედავ, ამერიკა ინარჩუნებს პირველობას მსფლიოში. დასავლეთი ისევ ამერიკასთან დგას. რუსეთმა სერიოზული თამაშები წააგო დიდ პოლიტიკაში. შეეძლო კი, სხვაგვარად ეთამაშა.



ვხედავ, რომ კრემლი იგივე შეცდომას უშვებს უკრაინასთან დაკავშირებითაც, რაც საქართველოსთან დაუშვა. უკრაინასთან ომი რუსეთმა არ უნდა დაიწყოს — ეს ხომ პატარა საქართველო არაა?! მაგრამ რუსეთს სულ სხვა გეგმები აქვს, რომელთაც, ვხედავ, ვერ განახორციელებს. რუსები აქაც წააგებენ.

ომი რუსეთ-უკრაინას შორის ძალიან სახიფათოა რუსეთისთვის. ფრთხილად!



2008 წელი, 5 ნოემბერი


რუსეთის უხეში პოლიტიკა დასავლეთს ძალიან ააფორიაქებს, და არა მხოლოდ დასავლეთს, მთელ მსოფლიოს. მით უმეტეს, რომ ამერიკა არც ფიქრობს, რამე დაუთმოს მას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.


მათ შორის, ვხედავ, დიდი, მწვავე პოლიტიკური ომი იმართება. ვხედავ, საჭიროა დასავლეთმა და ამერიკამ რუსეთს ჭკუა ასწავლონ.


2008 წელი, 22 ნოემბერი, ღამის 3 საათი


რუსეთი უკრაინასთან დღეს მხოლოდ პოლიტიკურ ომს აწარმოებს, თუმცა ამბიცია რეალურ ომს დააწყებინებს.

რუსეთი, ვხედავ, ომს უკრაინასთან წააგებს — ყველანაირ ომს.

რუსეთი თუ არ გამოფხიზლდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იგი ნელ-ნელა კარგავს ძალას და გავლენას მსოფლიოში, თუმცა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დაკარგული აქვს უკვე. რუსეთი შიგნიდან ნელ-ნელა იშლება და ამას ვხედავ, ამერიკა გააკეთებს.






2008 წელი, 26 ნოემბერი, დილის 6 საათი



უკრაინას არ ასცდება რუსეთთან სერიოზული შეჯახება. რუსეთი აქაც წააგებს. შავ ზღვაზე რუსეთი ვერ იმეფებს. ხისტი პოლიტიკა დაღუპავს რუსეთს...



იწყება ნამდვილი საინფორმაციო-პოლიტიკური ომები. საქართველო და უკრაინა მოულოდნელად ნატოში ამოყოფენ თავს და „დიდი რუსეთი“ ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს...

მოკლედ, ვხედავ, რუსეთი ბოლომდე იშლება. ასეთი ინფორმაცია მოდის რუსეთზე კოსმოსიდან. რომც მოინდომოთ, ვერაფერს შეცვლით.



კიდევ ვიმეორებ: ეს წინასწარმეტყველებაა და ისე ასრულდება, როგორც ვხედავ! ჩემი ხედვები აბსოლუტურად ზუსტია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.



2009 წელი, 9 იანვარი



ვხედავ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები არ დალაგდება. კრემლს, რუსეთის პრეზიდენტების მცდელობების მიუხედავად, დაარწმუნოს ევროპა საკუთარ „სიმართლეში“ და უკრაინას დაუპირისპიროს იგი, არაფერი გამოუვა. რუსეთი ამ თემით, ანუ ენერგორესურსების საკითხით, ვერ დაფარავს იმ გაჭირვებასა და ნგრევას, რაც რუსეთის შიგნით ხდება.


ვხედავ ხალხის უზარმაზარ, აღელვებულ ტალღას, რომელიც კრემლს თითქოს დაანგრევს.

ფრთხილად, რუსებო! მუდამ თავად უთხრით სხვებს სამარეს, მაგრამ თქვენივე გათხრილ ორმოში ჩაიმარხებით.

ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ასრულდება. არც შეიძლება, სხვაგვარად იყოს.



2009 წელი, 10 იანვარი



რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინას გაუფუჭოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. რუსეთის მთავრობა ისეთ განცხადებებს გააკეთებს უკრაინის მიმართ, რომ თავად რუსებსაც გაუკვირდებათ — იმ მოაზროვნე რუსებს, რომლებიც კრემლს დატერორებული ჰყავს და შიშით ხმას ვერ იღებენ.

ჩემმა საქართველომაც გამოსცადა რუსეთის ბინძური კამპანია, რაც კვლავ გაგრძელდება.



ასე რომ, ევროპისთვის ახალი არაფერია იმაში, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ რა ქნან? ენერგორესურსები სჭირდებათ და რუსებს „ბაბაია“ უნდა დაუძახონ.



მე კი ვხედავ, რუსეთს თუ დასჭირდა და მოინდომა, პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური ხრიკების გარეშე ეტყვის დასავლეთს, გაზს არ მოგცემთო. უბრალოდ, დღეს კრემლის ბინადართ ასე აწყობთ, რომ უკრაინა წარმოაჩინონ ევროპის მტრად, თვითონ კი ვითომ დიდი მეგობრები არიან დასავლეთისა და აღარ იციან, როგორ მიაწოდონ გაზი.



მოკლედ, ვხედავ, რუსები ამ თამაშს დიდი კრახით დაამთავრებენ. რუსეთი უკრაინას ვერასდროს მოერევა...


უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა. ეს კარგად იცის ევროპამ და ისიც კარგად იცის, რომ რუსეთი სამაგიეროს უხდის დასავლეთს. ჰოდა, დასავლეთი მაინც დაუპირისპირდება მტრებს.



ისე, ამ დაპირისპირებაში გამოჩნდება, დასავლეთში ვინ არის რუსეთთან შეკრული.




აი მაშინ დაიწყება ბრძოლები. ასეთი შერყევები საჭიროა ევროპისთვის. საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს მან რუსული „მართალი“ პოლიტიკა. ვხედავ, დასავლეთი ბოლომდე იწვნევს რუსულ „კეთილმეზობლობას“. ვხედავ, როგორი გამწარებულია დასავლეთი. ბოლოს და ბოლოს, მათთვის ნათელი ხდება, რომ რუსეთი ძალიან საშიში პარტნიორია, განსაკუთრებულად არასანდო.


2009 წელი, 25 აპრილი



რუსეთს წინ აქვს ომი უკრაინასთან. დიახ, ომი!

ვხედავ, ყირიმში დიდი არეულობები იწყება. ასე რომ, უკრაინის მთავრობა იძულებული შეიქნება, ძალა იხმაროს, დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა აამუშავოს და „პატარა რუსეთი“ გაცხრილოს, დაშალოს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ყირიმში რუსულ ავანტიურებს.



2009 წელი, 2 მაისი



ამერიკა ხვდება, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია. ეს ასეც მოხდება, ვინაიდან რუსეთი უმართავი ხდება.



2009 წელი, 2 აგვისტო



რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები იძაბება. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და მერეც მრავალჯერ შევეხე ამ თემას. დღეს ეს ყველაფერი გარდაუვალი ხდება.


რუსეთი ამ ომით საერთოდ დასამარდება. ვხედავ, პოლიტიკური ომი წაგებული აქვს და ომს, რომელსაც დაიწყებს ყირიმში, მასაც წააგებს. უკრაინა პატარა საქართველო არაა, მაგრამ რუსეთის მთავრობას სხვა გზა არ დარჩენია. თვითონაც ასე ფიქრობენ.


2009 წელი, 8 ოქტომბერი



რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა იძაბება ძალიან სერიოზულად. ყველაფერი რომ ომისკენ მიდის, უკვე ნათლად ჩანს.

უკრაინა უკან არ დაიხევს. რუსეთს ნომერი „დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“ უკრაინასთან არ გამოუვა. აქ რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული.

უკრაინა პატარა საქართველო არაა, ბატონებო!



2010 წელი, 20 იანვარი



ვხედავ, კრემლი ვერ გაატარებს საკუთარ პოლიტიკას უკრაინაში. მთელი რუსეთის მთავრობა რომ გადაბარგდეს უკრაინაში, მაინც არაფერი გამოუვათ. ვინც უნდა მოვიდეს უკრაინის პრეზიდენტად, რუსეთს მაინც უდიდეს დარტყმებს მიაყენებს. სხვათა შორის, ეს ძალიან მოულოდნელი და დიდი დარტყმა იქნება კრემლის ბინადართა მიმართ.



ერთი სიტყვით, რუსული პოლიტიკა წააგებს უკრაინაში. ერთი პერიოდი იქნება დროებითი სიმშვიდე, მერე კი უცბად აირევა ყველაფერი. აქ ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა. ამერიკას არ სძინავს და ის, რაც შექმნეს, არავის მისცემენ უფლებას, რომ დაანგრიოს. ამ საკითხზე ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთმანეთს ხმამაღლა დაელაპარაკება. ისევ რუსეთი გაჩუმდება, ვხედავ.



უკრაინას წინ რთული პერიოდები ელის. ეს არის ბრძოლები რუსეთთან, რომლებიც აუცილებლად გაიმართება. ვიმეორებ: რუსეთი ვერ იბატონებს უკრაინაში!



ასევე კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ შავ ზღვაზე რუსეთი ბევრ მტერს გაიჩენს და პირველი მათ თურქეთი დაუპირისპირდება. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც აუმხედრდებიან. რუსული ხისტი და თავაშვებული პოლიტიკა, ვხედავ, ყველას ყელში ამოუვიდა. ასე რომ, შავ ზღვასთან დაკავშირებით რუსეთს დიდი პოლიტიკური ომები ელის.



2010 წელი, 24 აპრილი, ღამის 2 საათი



მომავალში რუსეთი და უკრაინა მეგობრულად ვერ დაშორდებიან. მათი ურთიერთობები ძალიან გამწვავდება, პოლიტიკური ომი ძალიან რთულ და დიდ ომში გადაიზრდება.



რუსეთი ვერ დაითრევს უკრაინას. იმიტომ, რომ უკრაინა მაინც ევროპისკენ გადაიხრება, ისევ ნატოსკენ გაიხედება. დღევანდელი უარყოფა — ეს ფარსია, ტყუილია. ამით რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილეს დღეს, ხვალ კი მაინც ნატოში გაწევრიანებაზე ილაპარაკებენ და ამას რუსეთი იმ დროს უკვე ხელს ვერ შეუშლის. რუსეთი, ვიმეორებ, კარგავს მართვის სადავეებს, ვინაიდან უკრაინასთან გამარჯვება არ აწერია.



მთელი უკრაინა აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ. არ დაიჯეროთ, რომ უკრაინა რუსეთის მომხრეა.



იმასაც ვხედავ, რომ უკრაინელები და იქაური რუსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს ძალიან სერიოზულ ხასიათს მიიღებს. ვხედავ, უკრაინის მთავრობა დიდად არ შეწუხდება შექმნილი ვითარებით. პირიქით, სიტყვითაც გამოდიან რადაში: დროა გაიგონ ადგილობრივმა რუსებმა, რომ ისინი უკრაინის მიწაზე ცხოვრობენ და კეთილი ინებონ, გაიცნობიერონ ეს კარგად და მოკეტონ, თუ არადა, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში — რუსეთშიო. ეს მდგომარეობა ძალიან რთულ სახეს მიიღებს, რაც რუსეთის მთავრობას არ აწყობს.



აი უკრაინულ ოპოზიციას კი აწყობს ეს შიდა — ხალხთა შორის დაპირისპირება, რათა ერი — უკრაინელი ხალხი გამოფხიზლდეს. ასეც მოხდება მომავალში.




ვხედავ, ხალხი მასიურ, დიდ მიტინგებს აწყობს რუსების წინააღმდეგ. ვხედავ ტრაფარეტებს ლოზუნგებით: „რუსებო, გაეთრიეთ უკრაინის მიწიდან!“ ფრთხილად! ეს დაპირისპირებები ძალიან ცუდ და ძალიან სავალალო შედეგს გამოიღებს, რაც იქცევა კიდეც უმნიშვნელოვანეს თემად რუსულ-უკრაინულ პოლიტიკაში.



რუსეთის მთავრობას, ვხედავ, როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე, ნერვები უმტყუნებს და ხმამაღლა განაცხადებს, რომ ყირიმი — ეს რუსეთია. აი აქედან დაიწყება ყველაფერი. რუსები იმოქმედებენ იმგვარადვე, როგორც საქართველოსთან, ოღონდ ცოტა სხვანაირად.



აქ უკრაინის პრეზიდენტს პოლიტიკის თამაშის დრო არ რჩება. იგი თავისი ხალხის მხარეზე დადგება.



პრეზიდენტი დაინახავს, რომ რუსული პოლიტიკა მას პირადად გაანადგურებს და დაიწყებს საწინააღმდეგო თამაშს. აი აქ ამერიკა და ევროპა აქტიურად ჩაერევიან, მაგრამ არც ძალიან „გამობრწყინდებიან“, რა თქმა უნდა, რათა რუსეთმა მათ არ გადააბრალოს ყველა ის გართულება, რამაც ომისკენ გადახარა რუსეთ-უკრაინა...



**


ერთი სიტყვით, რუსული პოლიტიკა წააგებს უკრაინაში; უფრო მეტიც, რუსული ფლოტი გავა ყირიმიდან. რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება-მეთქი, ასი პროცენტით ასრულდება. ამის წინაპირობები, ნიშნები იქნება.



უკრაინა და რუსეთი მომავალში ერთმანეთს დაშორდებიან. იქნება მხოლოდ საერთო ინტერესებში თანამშრომლობა და მეტი არაფერი.

უკრაინა აუცილებლად შევა ნატოში და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს, კოსმოსს წინ ვერაფერი აღუდგება. ამინ!



2011 წელი, 28 აპრილი



რუსეთი უკრაინას კარგავს, სევასტოპოლსა და ყირიმს კი, ვხედავ, რომ არ თმობს. სერიოზულ, დიდ პოლიტიკურ ომს ვხედავ, რომელიც გადაიზრდება ფიზიკურ ომში. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.



ამაზე, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ალაპარაკდება და საქმეში ჩაერევა ყველა წამყვანი ქვეყანა, რათა შეაჩერონ ეს ძალზე საშიში ომი მსოფლიოსთვის. ზუსტად სრულდება წინასწარმეტყველებები.



უკრაინა არც ფიქრობს, რამე დაუთმოს რუსეთს, თუნდაც ატომური ბომბები ესროლონ ერთმანეთს. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია მათთვის და ვხედავ, ფიქრობენ, სჯობს ომი დაიწყონ, ვიდრე უაზრო პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აჰყვნენ.




აქ საკითხი ასე დგას: სევასტოპოლი და ყირიმი — ეს უკრაინაა და მორჩა! ძალიან რთული და საშიში ვითარება იქმნება რუსეთ-უკრაინას შორის. არის შეთანხმების მრავალი ფორმა, მაგრამ ვხედავ, რომ უკრაინას არცერთი არ აწყობს. ყირიმი მათი მიწაა და მეტი არაფერი!


საერთო ჯამში, ერთ მხარეს უკრაინულ, მეორე მხარეს კი რუსულ სამხედრო გემებს ვხედავ. მაგრამ მაინც ვერ იყოფენ ტერიტორიას.



ვხედავ, უკრაინა დღეს უძლურია, რომ რუსები გაყაროს სევასტოპოლიდან, რაც რუსებისთვის წარმოუდგენელიცაა. მომავალში სევასტოპოლში რუსული ფლოტი ისევ დგას, ვხედავ. ეს საკითხი ძალიან გაიჭიმება დროში, მაგრამ ვხედავ, უკრაინა არც ფიქრობს, დაუთმოს თავისი მიწები რუსებს.




2013 წელი, 3 ნოემბერი



ვხედავ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. მერწმუნეთ, რუსეთისა და უკრაინის შერიგება შეუძლებელია. ეს დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდება.



რუსეთი ძალიან მძიმე, უმძიმეს პოლიტიკას ატარებს მეზობელ ქვეყნებთან და ყველა ფიქრობს, ასეთი პოლიტიკის გატარება ძალიან ცუდია, ვინაიდან ყველა წამყვან სახელმწიფოს იპირისპირებს.



რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა ნაღმს ჰგავს და ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს, ანუ ომის სახე მიიღოს.



სხვათა შორის, ვხედავ მავთულხლართებს, რომლის გავლებას და ვითომ ტერიტორიის გამოყოფას დაიწყებს რუსეთი უკრაინისგან.



**

რუსეთი სარგებლობს თავისი ენერგორესურსებით, ეკონომიკური დარტყმით იმუქრება და სურს, თავისი თამაშით ათამაშოს უკრაინა. ეს დაუშვებელია. რუსეთის მთავრობას ნამდვილად არ აწყობს უკრაინასთან ომი, ვინაიდან ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს — ნამდვილად ვერ მოიგებს.




2014 წელი. 23 თებერვალი



მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება სულ სხვა სახე მიიღებს. იწყება დიდი ბრძოლა უკვე ყოველგვარი თამაშის, ანუ თავშეკავების გარეშე, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. ამერიკა-ევროპას, როგორც ყოელთვის ერთი აზრი აქვს ამ პოლიტიკურ ომებში. უკრაინის მოვლენებმა დაანახა მსოფლიო პოლიტიკოსებს, რომ თამაში არ შეიძლება, რომ საჭიროა ღრმა ცვლილებები, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რათა ომები არ დაიწყოს და არ გაგრძელდეს...



უკრაინა – ეს მსოფლიოსთვის დიდი მაგალითია. რუსეთმა თავისი უსუსურობა გამოაჩინა, ძალიან სუსტი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა და წააგო.



კრემლის ბინადარნი ახლა კიდევ მეტ შეცდომებს დაუშვებენ. უკრაინას დაყოფა არ აწერია. ყირიმი, ხარკოვი, დონბასი ¬— ყველაფერი ეს უკრაინაა და უკრაინელი ხალხი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს მათ. რაც კი რამ არსებობს ევროპასთან მიმართებაში, ყველაფერზე ხელს მოაწერს უკრაინა და არცერთ შემთხვევაში არ მოერიდება რუსეთს, რომელსაც მშვიდობიანობის დროსაც, ანუ ამ მოვლენებამდეც ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია ყირიმზე და უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. მაგრამ დღეს კიდევ უფრო ამწვავებენ საკითხს.




2014 წელი, 25 თებერვალი



წლების განმავლობაში უამრავი წინასწარმეტყველება წარმოვთქვი იმაზე, რომ რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება და აქედან დაიწყება მისი დაშლა. უკრაინა არ არის პატარა საქართველო და ამ დიდ სახელმწიფოს რუსეთი ვერ მოერევა...



რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ეს უფრო და უფრო გამოჩნდება ახლო მომავალში. უკრაინასთან დაძაბულობა და ომი ხომ საერთოდ გაანადგურებს მას...



რუსეთის მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინასთან ომი კარგს არაფერს მოუტანს და ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ. განა სხვა გზა არ არსებობს, არსებობს, მაგრამ სხვაგვარად რუსეთის მთავრობის თავმოყვარეობა ილახება და ამიტომ ძველ გზას მისდევენ.



***




რაც შეეხება რუსულენოვან მოსახლეობას, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ჩემს ხალხს დავიცავო, მაგრამ ეს „დაცვა“ უდიდესი შეცდომაა და დიდი მარცხის მომტანი გლობალურ პოლიტიკაში. ამიტომ უკრაინის საქმეებში ჩარევას არ ვურჩევდი კრემლის ბინადართ. მაგრამ ის რაც ვიწინასწარმეტყველე, მაინც ასრულდება და ბედისწერას ვერავინ გაექცევა...



ვხედავ, ამერიკული გემები ისევ შემოდიან შავ ზღვაში (სამხედო გემებს ჰგვანან), ვინაიდან ვითარება უკონტროლო ხდება როგორც რუსეთ-უკრაინას შორის, ისე ჩრდილოეთ კავკასიაშიც. საჭიროა შეიკრას ერთგვარი დაცვითი ბადე ამ გემებისგან კავკასიის რეგიონისთვის და ასევე უკრაინისთვისაც...



კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთი ჩიხში მოექცევა. რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, უკვე დაარტყას უკრაინას. მინდა აღვნიშნო, რომ ყირიმში, სევასტოპოლში და სხვა რუსულენოვან რეგიონებში, სადაც ეწინააღმდეგებიან უკრაინულ კანონებს და სკანდირებენ, ჩვენ ვართ რუსეთი და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდეო, რუსეთის მთავრობისგან გაქეზებაც კი არ არის საჭირო. ყველაფერი თავისთავად ხდება.




უკრაინელები და რუსები საერთოდაც აგრესიულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და რუსეთის პრეზიდენტსაც ეს უნდა. ხალხი გაღიზიანებულია და ისედაც წამოიწყებენ ომს. ისეთი ამბები ატყდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ხელებს გაშლის, რა ვქნა, ბატონო, თუ არ ჩავერიე, არ შეიძლება, ჩემს ხალხს ხომ არ დავაჩაგვრინებ უკარაინელებსო, მათ არ სურთ უკრაინასთან ყოფნა, ეს მიწები რუსეთს ეკუთვნის, რუს ხალხს და ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენს ხალხს დავეხმაროთო.





2014 წელი, 19 მარტი



ამერიკისა და ევროპისთვის უკვე ნათელია, რომ რუსეთს არ უნდა ენდო არცერთ შემთხვევაში, რომ რაც საზღვრებს შეეხება, რასაც მოითხოვს სამხედო თავდაცვა, უნდა გაკეთდეს აუცილებლად. აქ აღარ არის საჭირო მოლაპარაკებები, შეხვედრები და მერე ისევ მოლაპარაკებები. თანაც ისეთ ადგილებში, რომლებიც რუსეთთან ახლოს არის.


***


სხვათა შორის, ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, ბევრ ქვეყანასა და ბევრ პოლიტიკოსს ხელს აძლევს, ანუ აწყობს კიდეც. მაგალითად, ამერიკას — რომელიც სამხედრო ხაზით პროცესებს დააჩქარებს, რაკეტებსაც განალაგებს და სხვა სახის თავდაცვით ღონისძიებებსაც გაატარებს და თავსაც გაიმართლებს, აგერ, ხომ ხედავთ, რუსები რა დღეში არიანო?! ახლა ამერიკელები იმაზე მეტს გააკეთებენ ევროპაში, ვიდრე აქამდე სთავაზობდნენ და მას წინააღმდეგობას უკვე აღარავინ გაუწევს, ვინაიდან რუსებისგან შეშინებულები არიან.


წარსულში კი შეეძლოთ უარი ეთქვათ, წინააღმდეგობა გაეწიათ ამერიკის წინადადებებისთვის, მაგრამ ახლა ამას აღარ იზამენ. ადრე ხან რა არ მოსწონდათ ევროპელებს, ხან რა შეერთებული შტატების გეგმებში და ამ დაწუნებებში ძალიან ბევრი დრო წავიდა. ახლა კი, დიდი საშიშროების წინაშე რომ დგანან, ეს ძალიან მწვავედ შეიგრძნეს უკრაინა-რუსეთის შეჯახების ფონზე.



იმდენად დიდი იქნება ამ ქვეყნების შიში — ევროპული ქვეყნებისა — რომ ამერიკასთან ყველანაირ ხელშეკრულებას დადებენ და ყველაფერსაც დაუშვებენ. დღეს ისინი პირდაპირ, ღიად ხედავენ, რომ ეს არის სამხედრო ხაზით მათი მოძლიერების, მათი საზღვრების გამაგრებისა და მათი სახელმწიფოების გადარჩენის გზა.



2014 წელი, 23 მარტი



ვხედავ, დღეს რუსული პოლიტიკა ჩიხშია შესული, მაგრამ ამას რუსეთის პრეზიდენტი არ აღიარებს. პირიქით, გამარჯვებას ქადაგებს და მისი ქმედებიდან ჩანს (და ვხედავ კიდეც), რომ იგი შეჩერებას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის აღმოსავლეთის ჩამოჭრას აუცილებლობად მიიჩნევს. ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის გაერთიანებით იგი დასახულ ამოცანას სრულყოფილად, ბოლომდე განხორციელებულად ჩათვლის.



ეს რუსეთს უნდა ასე. ევროპა და ამერიკა კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდეს და მთელი ძალები შეყარეს, რაც კი გააჩნდათ — ეს ჯარია თუ სამხედრო ტექნიკა, და საიდანაც უკვე ჩანს, რომ რუსეთი მომართულია აღმოსავლეთ უკრაინის დასალაშქრად, ომს — სამხედო ხაზით ვგულისხმობ — ვერ უმართავს რუსეთს.


თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ომი დაიწყეს სანქციებით, რამაც უკვე ძალიან მაგრად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას. სანქციების დაწესება კიდევ გაგრძელდება, უფრო გამკაცრდება და რუსეთი ისეთ ხაფანგში აღმოჩნდება, საიდანაც გამოსავალი არ ექნება.



ვხედავ, რუსეთი კვლავაც განაგრძობს სხვა სახელმწიფოს ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინის გარდა, მომართულია კიევის დასალაშქრადაც, რათა „კანონიერი პრეზიდენტი“ დააბრუნოს. ამით კი ომის საშიშროება უკვე ემუქრება ევროპასაც. ამიტომ შავ ზღვაზე მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს კიდევ დაემატება ხომალდები და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ამერიკა ევროპის დასაცავად ომისთვის უკვე მზად არის.



ვიმეორებ: იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც ნატოს ევროპაში რაკეტების განლაგების თაობაზე აქვს, დაჩქარებული ტემპით დაიწყებენ და ბოლომდე მიიყვანენ კიდეც. შეიქმნება ისეთი ფონი, რომ ნატო ომისთვის ემზადება. ამაზე თვითონ რუსები აყაყანდებიან, ჩვენ რას გვიყურებთ, აგერ ნატო სამხედრო ძალებს ზრდის ჩვენს საზღვრებთანო.



ვხედავ, შავ ზღვაზე მდგარი ნატოს სამხედრო გემები საომარ პოზიციას დაიკავებენ. მოკლედ, ბატონებო, ამერიკა და ევროპა აღარ ხუმრობენ.




სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ რუსული აგიტაცია-პროპაგანდა არ არის ეფექტური არც თავად ქვეყნის შიგნით. აი, უკრაინის ადგილას რომ სხვა სახელმწიფო ყოფილიყო, აგიტაცია უფრო მეტ ეფექტს გამოიღებდა. ახლა კი ის ფაქტი, რომ სლავებმა სლავების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რუსეთში ხალხს არ მოსწონს...



2014 წელი, 24 აპრილი



მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მთავრობა არაფრით არ აპირებს თავისი პოლიტიკის შეცვლას. მათი პროგრამაა ოკუპაცია მთლიანი უკრაინისა. ისინი არა მარტო ყირიმს მიიჩნევენ თავისად, არამედ მთელ უკრაინას.



კრემლის ბინადარნი ნანობენ, რომ საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოში ბოლომდე არ მიიყვანეს დაწყებული ომი, ანუ მთლიანი საქართველოს ოკუპაცია არ მოახდინეს.


ამიტომ ისინი დღეს, აქედან გამომდინარე, მსგავსი შეცდომის გამეორებას არ აპირებენ. მათი მიზანია დაიპყრონ უკრაინა მთლიანად. დიახ, ბატონებო, მთლიანად! და ცდილობენ, განახორციელონ ეს გეგმა.



პოლიტიკოსებო, ნუ გექნებათ სხვაგვარი ილუზიები, ვინაიდან რუსეთი ფიქრობს, რომ იგი დიდი ომისათვის მზადაა, თუ ეს დასჭირდათ; რომ თუნდაც მთელმა მსოფლიომ გაუწიოს წინაღმდეგობა, ისინი არაფრით არ დათმობენ უკრაინას; რომ უკან დახევა იქნება დიდი რუსეთის იმპერიის დასასრული, დიდი რუსეთის დაშლა, ვინაიდან (და ეს ისტორიიდანაც ცნობილია) რუსეთი თეთრი კიევიდან იწყება, ანუ კიევის რუსეთიდან.



ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, თავი გადადო. იგი რუსეთს ევლინება როგორც აღმაშენებელი რუსული სახელმწიფოსი, როგორც გადამრჩენელი და გამაერთიანებელი და ა.შ. და ა.შ.



კრემლისთვის განსაკუთრებული თემა — ეს საბჭოთა კავშირის აღდგენაა. დიახ, ეს ასეა. მათი ჩანაფიქრია, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი, რადაც უნდა დაუჯდეთ, ეს ამოცანა უნდა განახორციელონ, თუნდაც ცეცხლითა და მახვილით. ხოლო რამდენად ასრულებადია ეს ყველაფერი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას მთელ მსოფლიოში, ვხედავ, საერთოდ არ აინტერესებს რუსეთის პრეზიდენტს. მომავალში ვხედავ, რომ ყველაფერს სწორედ პრეზიდენტს გადააბრალებენ და ეს მართებულიცაა.



უკრაინაში დღეს ომი მიდის. მასშტაბური ომისგან თვითონ უკრაინა იკავებს თავს. მართალია, უკრაინას ჯარი არ ჰყავს, მოუმზადებელია აბსოლუტურად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ როცა ჰიტლერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, საბჭოთა არმია იყო შიშველი, მშიერი და შეუირაღებელი — ხიშტიანი თოფებით იყო აღჭურვილი, მაგრამ რა შედეგით დასრულდა ეს ომი, ყველას კარგად მოგეხსენებათ. უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა, რომ ასე იოლად მოერიოს რუსეთი. მით უმეტეს, რომ ამხელა მხარდაჭერა აქვს.



დასავლეთმა სანქციებით დაიწყო და არც ომს მოერიდება.



რუსულმა პოლიტიკამ ის განაპირობა, რომ შავ ზღვაზე ხელი შეუწყო ამერიკის ფლოტის გამყარებას. გაიხსენეთ ჩემი 1994 წლის წინასწარმეტყველება შავ ზღვაზე გამწკრივებული ამერიკული გემების შესახებ.



მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი მაინც ვერ მიაღწევს თავისი ბინძური ჩანაფიქრის ასრულებას, ვინაიდან კოსმოსი არ დაუშვებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, საჭოთა კავშირის აღდგენას.




ის პოლიტიკა, რომელიც გატარდა ყირიმსა და სევასტოპოლში, რუსეთისთვის ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. ამ ოკუპაციაში რუსეთი ხედავს თავისი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას და არა ოკუპაციას.



„სამართალი ზეიმობს!“ — ასეთი ლოზუნგი აქვს რუსეთს...



კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ამხედრდება. რუსეთს ზურგს შეაქცევენ ის სახელმწიფოებიც, რომელთაც მეგობრებად მოიაზრებენ ქვეყნის მთავრობაში. და რჩება რუსეთი მარტო თავის პრობლემებთან ერთად. ეს პრობლემა კი არის მსოფლიოსთან დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში კრემლის პოლიტიკის მარცხი გარანტირებულია.



2014 წელი, 29 აპრილი



ვხედავ, რუსეთი ვერ გატარებს უკრაინის აღმოსავლეთში იმ პროგრამას, რაც სურს. ეს მხარე ყირიმივით ნამდვილად არ ჩაბარდება რუსეთს.



2014 წელი, 7 მაისი





ვხედავ, მომავალში რუსული პოლიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან, ვინაიდან ისეთ სანქციებს დაუწესებენ რუსებს, რომ ეს ნიშნავს მთელი რუსეთის სახელმწიფოს გარდაცვალებას. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. ხოლო ამერიკის გადაგმული ნაბიჯები ნათლად აჩენს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია ომი — დიახ, ომი.



მათ კარგად იციან უკვე, რომ რუსეთი მზადაა უკრაინაში გაჩაღებული ომი გადატანონ ბალტიისპირეთში და მერე პოლონეთსა და ჩეხეთს მიუკაკუნონ. ასევე, ბერლინის კედელიც ააშენონ. კრემლში კი ფიქრობენ, რომ ამერიკას ნამდვილი ომი არ აწყობს და ვერც დაიწყებს. ასეთი ანალიზი დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს. მათი ანალიზები არასწორია!


უკრაინა კი იმ პოლიტიკას ატარებს, რასაც ევროპა-ამერიკა კარნახობს. ჯერ უკრაინის ხალხი მართვადია, მაგრამ ხვალ? ხვალ კი, ანუ ახლო მომავალში, რუსეთის მოქმედებები ისე გააგიჟებთ, რომ ყველა — დიდი თუ პატარა — გარეთ გამოვარდება საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აი აქედან დაიწყება ნამდვილი ომები. ამას კი ვერავინ შეაჩერებს.


ვხედავ, ლტოლვილების დიდი კოლონა დაიძვრება რუსეთისკენ. უკრაინელების ლოზუნგია, არცერთი რუსი ეროვნების მქონე არ უნდა დარჩეს უკრაინის მიწაზე. უკრაინაში არ იქნება არავითარი ავტონომიები. რუსების სამშობლო რუსეთია.


ვხედავ, უკრაინა ჰგავს გამწარებულ ფაფარაყრილ ლომს, რომელიც ყველაფერს გაანადგურებს. ფრთხილად! უკრაინა პატარა საქართველო არაა. რუსეთის პრეზიდენტი მალე მიხვდება, რომ ეს ბრძოლა, ანუ ომი უკრაინასთან წააგო.


უკრაინა ნელ-ნელა ღონეს იკრებს. გამომდინარე რუსული პროპაგანდიდან, მთელი უკრაინა უკვე ომის მომხრეა. გამწარებული ხალხი უკან არ დაიხევს. ასე რომ, დაყოფილ და დაშლილ უკრაინას ვერ ვხედავ მომავალში. უკრაინა შეინარჩუნებს თავის ტერიტორიებს.



2014 წელი, 19 მაისი


ჩინეთი არასდროს წავა ამერიკა-ევროპის წინააღმდეგ. ჩინეთმა რუსეთის პოზიცია რომ გაიზიაროს უკრაინის მიმართ, გამოვა, რომ ის მხარს უჭერს სეპარატიზმს. ამ დროს კი თავად აქვს მსგავსი პრობლემა ტიბეტის სახით. ამიტომ იგი, ჩინეთი რუსეთთან არანაირ გარიგებაზე არ წავა, რაც რუსეთს ძალიან გააღიზიანებს...

როგორც მე წარსულში ვიწინასწარმეტყველე, უკრაინა არ არის პატარა საქართველო, ის ძალიან დიდი ლუკმაა, რომელსაც რუსეთი ვერ გადაყლაპავს.



პუტინის მიერ უკრაინის მიმართ დაწყობილ გეგმებში იყო ძალიან დიდი შეცდომები, რა წააგებინებს კიდეც ომს უკრაინაში. ისე არაა, როგორც ეგონა პუტინს, რომ ლამის მთელი უკრაინა მხარს დაუჭერდა და რუსეთს არჩევდა დასავლეთს. ეს ზღაპარია.


რუსეთმა იმ პოლიტიკით, რომელიც გაატარა უკრაინაში, დასაბამი მისცა უკრაინის რუსეთისგან გამოყოფასა და ევროკავშირში შესვლას. ამას გარდა, პარალელურად გადაწყდება სხვა ბევრი ისეთი საკითხიც რუსეთთან მიმართებაში, რომელთაც უკრაინის ომამდე ამერიკა და ევროპა ვერ წყვეტდნენ.



რუსეთი ულტიმატუმებს ვერ წაუყენებს ამერიკას. ის წაგებულ პოზიციაშია. საკუთარი ეკონომიკა თავზე აქვს დამხობილი და ამიტომ შერბილებულ პოლიტიკას მიმართავს.

პარალელურად, ვხედავ, ევროპიდან როგორ შედის ახალი ტანკები უკრაინაში. დაიმახსოვრეთ, მომავალში უკრაინა ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ბაზა იქნება ნატოსთვის.



პოლიტიკური სიტუაცია უფრო მეტად დაანახებს რუსეთს, რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვეს. უკრაინელი ხალხი არ პატიობს რუსეთს ღალატს. დიახ, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთმა სლავებს უღალატა. ამ შუღლსა და მტრობას საუკუნეებიც ვეღარ გადარეცხავს უკვე.



დღეს მსოფლიო შეჰყურებს დიდ პოლიტიკურ ომს დიდ სახელმწიფოებს შორის. სხვა არაფერი აინტერესებთ, გარდა უკრაინა-რუსეთი-ევროპა-ამერიკის თემისა.

2014 წელი, 7 ივნისი

უკრაინასთან ახლა ომი მიმდინარეობს. მაგრამ მომავალში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულენოვან მოსახლეობას არ ვხედავ. ისინი გავლენ რუსეთში უწყვეტად და დაბრუნებას არც იფიქრებენ. ასეთი გეგმა ნამდვილად არ აწყობს რუსეთის მთავრობას. მათი გათვლითა და ანალიზებით, აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ უნდა იმოქმედოს ყირიმის მსგავსად. მაგრამ ეს ასე არ მოხდება...

რუსული პოლიტიკა დიდ ჩავარდნას განიცდის უკრაინასთან მიმართებაში. იგი ამ პოლიტიკურ თამაშსა და ომს წააგებს ასი პროცენტით.



ვხედავ, უკრაინა განალაგებს რაკეტებს რუსეთის საზღვრებთან. განაცხადებენ, რომ ეს საჭიროა თავდაცვის მიზნით, ვინაიდან რუსეთის აგრესიის, ომისა და ყირიმის ოკუპაციის ფონზე უკრაინა არაფრისგან არის დაზღვეული, ყველაფერი ხომ სახეზეა, ასე რომ, ეს ყოველივე უკრაინელი ხალხის დაცვააო.

იარაღითა და სამხედრო ტექნიკით უკრაინას ამერიკა და ნატო მოამარაგებენ. რუსეთი კი ახმაურდება, მაგრამ ევროპა-ამერიკას ეს არ აინტერესებს. ისინი ფეხებზე იკიდებენ რუსეთის ინტერესების შელახვას. იქნება დიდი დებატები და რუსეთი ისევ წააგებს.



ასეა, ბატონებო, უკრაინა პატარა საქართველო არაა.



უკრაინა, ვხედავ, გამალებული ტემპით იარაღდება და ეს შედის პირველ რიგში დასავლეთის — ევროპის ინტერესში. აქ კი, რასაც რუსეთი არ მოელოდება, გერმანია იაქტიურებს ყველაზე მეტად. ეს რაკეტები რამდენიმენაირია. ვხედავ ატომურ რაკეტებს პოლონეთის საზღვრებზე, უკრაინის საზღვრებზე და ეს ყველაფერი კი რუსეთისკენ არის დამიზნებული...

კრემლის არასწორი პოლიტიკა ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთს. გამოსავალი კი ნულის ტოლი იქნება. ვერც აგიტაცია-პროპაგანდა უშველის რუსეთს და ვერც მისი ენერგორესურსები. ამაში ამერიკის როლი, რა თქმა უნდა, დიდია, რომლის გეგმაც ერთია: რუსეთის დაშლა. მთავარი კი მაინც რუსეთის პრეზიდენტის მოშორებაა.

უკრაინასთან ომი რუსულ პოლიტიკას თითქმის გაანადგურებს. ის დღევანდელი თამაში, რუსეთი რომ აცხადებს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, მთელ მსოფლიოს აღიზიანებს. ჰოდა, ვხედავ, რომ არც ევროპა და არც ამერიკა არაფერს დაუთმობენ რუსეთს და ბოლომდე კუთხეში მიიმწყვდევენ და ნახავთ, თუ როგორ მოისვრიან პოლიტიკურ სანაგვეზე.



ვხედავ, რუსეთში ხალხი გარეთ გამოდის. ისინი მოითხოვენ მთავრობის გადადგომას. ხალხს, ვხედავ, რომ ვერაფერი შეაჩერებს. ამინ!

2014 წელი, 25 ივლისი


მსოფლიოში პოლიტიკური დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. თუმცა ვხედავ, რომ წამყვანი ქვეყნები რუსეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. უკრაინაში ომია, მაგრამ ევროპა მზადაა ომისთვის, თუ რუსეთმა გაბედა და დაარღვია შეთანხმებები.



ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტს ძალა აღარ შესწევს, უკრაინას ვერაფერს უხერხებს, ვერ ერევა. რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ამბიციებს შეეწირება. ამერიკა და ევროპა უკან არ დაიხევენ. სანქციებს განაგრძობენ და ყველა შეთანხმების შესრულებას მოსთხოვენ რუსეთის პრეზიდენტს...

რუსეთი ვერ გაუძლებს სანქციებს. რუსეთის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიო დაიპირისპირა. დასამარებული ოპოზიციაც თავს წამოყოფს. იქნება დიდი მიტინგები მთავრობის წინააღმდეგ. ამას ვეღარ შეაჩერებს პრეზიდენტი. ძველი დრო წავიდა. ხალხს ვეღარაფერი ვეღარაფერი შეაჩერებს.


ვხედავ, აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა მოსახლეობამ საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა. ისინი ფიქრობენ უკრაინის მიწების მიტაცებას, ისე, როგორც ეს გააკეთეს საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა ისინი მალე დატოვებენ უკრაინასაც და საქართველოსაც.


2014 წელი, 28 ნოემბერი, 20:50 სთ.


რუსეთი დაჭრილ დათვს დაემსგავსა საბოლოოდ, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს და უდიდეს პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. ნათქვამი რომაა, წერასაა ატანილიო, ზუსტად ისეა: რუსეთი წერას ჰყავს ატანილი.


ვიმეორებ, არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ ამერიკა და ევროპა. არსებობს უხილავი საზღვარი, რომელიც პოლიტიკურ დებატებში ისახება ხოლმე და ხილულია მხოლოდ ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და არა უბრალო ხალხისთვის.


რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს საზღვარი დაარღვია. მათ არ აპატიებენ და უდიდეს დარტყმას მიიღებენ, ფაშისტებზე უარეს დღეში ჩაცვივდებიან. ერთი პატარა ადამიანი მართავს ამას და თამაშობს ისეთ თამაშს, რომ უხილავ საზღვარს იქით არ გადადის, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ყველა პირობას დაარღვევს და დაიწყება დიდი ომი. ეს ყველაფერი საოცრებას ჰგავს არა? დიახ, იმიტომ რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის.


ის ომები, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი აწარმოებს, ისევ რუსეთს ართმევს ძალ-ღონესა და ენერგიას. არ მისცემს კრემლს საშუალებას კოსმოსი, რომ რუსეთმა სახელმწიფოების ანექსია, დაპყრობა განაგრძოს. უცებ ძალიან რთულ მომენტში გაეჩხირებიან, ვინაიდან ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგ აღდგება. დიდი ხანია ამას ვიმეორებ. ეს დრო უფრო და უფრო ახლოვდება...


2015 წელი, 10 თებერვალი


რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს. რუსეთის პრეზიდენტი გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს ევროპასთან მიმართებაში. ის აგიტაცია-პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, განსაკუთრებით გერმანიის წინააღმდეგ, მეტად საყურადღებო იქნება ამერიკა-ევროპისათვის, ვინაიდან ეს ჰგავს რუსეთის მხრივ მუქარის ასრულებას, ბერლინის კედელს კვლავ ავაშენებთო. ეს იქნებ დიდი გამოწვევა. აი აქ გაწყდება მოთმინების ძაფი და გასაგები გახდება, რომ სწრაფი რეაგირებაა საჭირო.


რუსეთის მთავრობის განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი მზადაა ომი დაიწყოს ევროპასთან და ამას პოლიტიკური ანალიზი არც კი სჭირდება. ამ კონტექსტში ჩანს, რომ მთელი ძალების მობილიზაცია უნდა მოხდეს სწორედ უკრაინაში. უკრაინის გამარჯვება ჰაერივით სჭირდება ევროპას და ამიტომ დღეს რაზეც თავს იკავებს, ხვალ ხმამაღლა განაცხადებს, იტყვის, რომ რუსეთი — ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, წარსულის გამეორება.



2015 წელი, 9 მარტი, 18:45 სთ


ვხედავ, ამერიკა იარაღით მოამარაგებს უკრაინას. და ეს ის იარაღი იქნება, რომელიც რუსეთს ბრძოლის გაგრძელების ხასიათს დაუკარგავს. ეს იქნება უახლესი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება. აშშ ამას გააკეთებს ასი პროცენტით. და მომავალში გახდება კიდეც უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ნატოს წევრი ქვეყანა.


2015 წელი, 22 მარტი


ვხედავ მომავალში რუსეთის პრეზიდენტს აუცილებლად გაასამართლებენ. ზუსტად ამ საკითხზე მუშაობენ ერთობლივად ამერიკა და ევროპა, და აუცილებლად მიაღწევენ კიდეც მიზანს. უკრაინის, 55 მილიონიანი ქვეყნის ანექსიას, ნამდვილად არ შეარჩენენ რუსეთის პრეზიდენტს. მისი ყველა მცდელობა იმისა, დააჯეროს ვინმე, რომ უკრაინა რუსეთია, რომ ხალხი გაათავისუფლა, ამაოა, არაფერი გამოუვა.


რუსეთი ამით იმის გადაფარვას ცდილობს, რაც სინამდვილეში ჩაიფიქრა მთავრობამ — არა მარტო საბჭოთა კავშირის აღდგენა, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მთლიანად დაპყრობა და რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება. იწყებენ იმის მტკიცებას, რომ ევროპა — ეს რუსეთია, რომ ისტორიულად იქ სლავები, ანუ რუსები ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში და ა.შ. და ა.შ.


ზუსტად აქედან იწყება რუსეთის დასასრული. ასეთი პოლიტიკის გატარება დიდ დარტყმას მოუტანს რუსეთს, ყველაფერი უკან მიუბრუნდება უარყოფითად რუსეთის პრეზიდენტს... მალე ამოტივტივდება სიმართლე რუსეთის მხრიდან დაშვებული შეცდომების შესახებ. დიახ, შეცდომებისა, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი ვეღარ გამოასწორებს.


რუსი ხალხი ძალიან მალე მოეგება გონს. მათი პრეზიდენტის მიერ სხვა სახელმწიფოების ანექსია რუსეთს წყევლად გადაექცევა. ეს ადგილები მათ საფლავებად იქცევა და ამას მთელი მსოფლიო იხილავს.


2016 წელი, 22 მაისი


ვხედავ, რუსეთ–უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევა მომავალში. უკრაინის მთავრობა შეიცვლება. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ბანდერელები, სტეპან ბანდერას მიმდევრები. მათ შეჩერებას ვერავინ შეძლებს.


რუსეთის მთავრობა აყვირდება, უკრაინის პოლიტიკაში ფაშისტები მოდიანო. ეს იქნება ძალიან სერიოზული განაცხადი, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ. აქედან დაიწყება ყველაფერი.


2017 წელი, 11 მარტი, შაბათი, 20:30 საათი



ვხედავ, უკრაინა — ეს არის მთავარი დიდი პრობლემა რუსეთის პრეზიდენტისა. უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს. ბრძოლებს განაგრძობს მანამ, სანამ თავის ტერიტორიებს არ შეიერთებს და შეიერთებს კიდეც.


უკრაინას აქვს ულევი რესურსი საიმისოდ, რომ დაუსრულებლად იომოს. ის პოლიტიკა, რომელსაც მსოფლიოს დასანახად ატარებს უკრაინა — არის ერთი, მაგრამ რასაც ფარულად აკეთებს ამერიკასთან მოლაპარაკებით — არის მეორე.


ასე რომ, მსოფლიო იხილავს: 1. იმ თამაშებს, რაც აგიტაციასა და პროპაგანდაზეა დამყარებული, და 2. რომ ქვეყნების პრეზიდენტები არ უთმობენ რუსეთის პრეზიდენტს არაფერს.


2018 წელი, 30 ნოემბერი, 18:50 საათი


ვხედავ, ქერჩის ყურეში რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავება — ეს ომის განახლებას ნიშნავს. ვერ ისვენებს პუტინი: ხმელეთზე ხომ „მოაგვარა“ საქმე და ახლა ზღვაზე უტევს უკრაინას. იმდენ იზამს, იმდენს უჩიჩხინებს, რომ მთელი უკრაინა ფეხზე დადგება.


ვხედავდი წარსულში და ვიმეორებ ახლაც: უკრაინა დიდია და რუსეთი მას ვერ მოერევა. მოემზადეთ — ომები გრძელდება!


ვხედავ, ბალტიისპირეთი დადარაჯებულია, რუსეთის ქმედება აღიზიანებს და არ გამორიცხავენ, რომ მათაც დაარტყას კრემლმა. ვხედავ, კი დაიწყება დაპირისპირება, მაგრამ ევროპა და ამერიკა არ მისცემენ რუსეთს უფლებას და რუსეთი წააგებს. ვხედავ, როგორ მძვინვარებს პუტინი, ქაღალდებს ყრის აქეთ–იქით, უყვირის გენერალიტეტს. ეს კრახია, სრული წაგება.


უკრაინა კი ომისთვის ემზადება..."- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქპოსტში.

0
3572
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3572