x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თქვენი იყოს ეგ "ღია" ჯოჯოხეთის კარები!!!" - მაია ნიკოლეიშვილის ემოციური პოსტი
image

ექსპერტი-კრიმინალისტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"საბჭოთა ბავშვი ვიყავი და მშიერი, გაძვალტყავებული, ფოტოზე ნანახი სომალელი ბავშვები ძალიან მეცოდებოდა, ყველას გვეცოდებოდა, მაგრამ შორიდან; ის ჩვენთვის სხვა სამყარო იყო.

ხიროსიმას და ნაგასაკის ტრაგედია, თეთრი წეროები და ლეიკოზით დაღუპული უდანაშაულო იაპონელი ბავშვები...მძიმე იყო მოსასმენად, მაგრამ დროში შორს იყო, წარსულში იყო, ისევე, როგორც პატარა ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღიური...


უახლოეს წარსულში, ერაყში საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, კი, ომის მოძულეები თანავუგრძნობდით ხალხს, დიდი უსამართლობაც შევნიშნეთ. ეს ჩვენი დროის, მაგრამ მაინც სხვა სამყარო იყო ჩვენთვის.

სირია, სირიელი ხალხის ჩახოცვა ჩვენს თანაგრძნობას იწვევდა, მაგრამ, მაინც ეს სხვა სამყარო იყო, ჩვენთვის საკმაოდ უცხო და ჩვენს კანზე ვერ გვეტკინებოდა.


ავღანეთი- რაც თავი მახსოვს, სულ ომშია და შევეჩვიეთ. ისინიც შეეჩვივნენ. თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. "ფრანით მორბენალი" რომ წავიკითხე, სხვანაირად მეტკინა ავღანელების ტკივილი. მაგრამ ის მაინც სხვა სამყაროა ჩვენთვის, შორი და უცხო.

სერბების ტკივილი მაინც სხვა სიმძაფრით აღვიქვი და ვერ დავივიწყე...ეს უსამართლობა დღემდე არ მაძლევს მოსვენებას; ახლობელი არის მართლმადიდებელი ერი და იმიტომ, მილორად პავიჩმაც სხვანაირად მოიტანა სერბი მართლმადიდებლის ნაღვლიანი სულიერი სიღრმე და ძიებანი.

ის ცოდვის კალო, რაც დღეს სლავური გენის თავს ტრიალებს, თითოეული უკრაინელის და თითოეული რუსის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, ნერვებ დაგლეჯილები და თავგზააბნეულები ვართ, განვიცდით, გვტკივა, ჩვენს კანზე ვგრძნობთ დიდი სიკვდილის კალოს!!!

ეს დღეები სულ ერთი სურათი მახსენდება, მტკივნეულად რომ ჩამბეჭდვია ემოციურ მეხსიერებაში: აფხაზეთიდან ჩამოსვენებული ჩვენი გენოფონდი, ახალგაზრდა, დახოცილი ვაჟები, სასექციოში იატაკზე რომ ესვენენ, სამ, ოთხ, ხუთ რიგად, ერთმანეთზე!!!!!!! ერთმა კოლეგამ ტკივილიანი, მაგრამ ძალიან უხეში შედარებაც კი გააკეთა, ფქვილის ტომრებს რომ დააწყობენ ერთმანეთზეო...

მაშინ არ მიტირია, ჩვენ, ექსპერტები ხომ არ ვტირით...სამსახურში!!!!! მაგრამ ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ძალიან მძაფრად, ცრემლით გამახსენდა. . .


ერთხელ, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოკლული ჯარისკაცის ახალგაზრდა დედამ მთხოვა, მისი რაიმე ნივთი იქნებ მომცეო, მე ჩუმად გამოვუტანე სასექციოდან მისი შვილის ერთი ცალი, ყავისფერი წინდა. ორი კვირის მერე მოვიდა, გულზე, იქ, სადაც ჯვარს ვატარებთ ხოლმე, პატარა ქისა ეკიდა, გახსნა, ამოიღო შვილის წინდა, სახეზე მიიკრა, დაკოცნა. მერე მადლობა მითხრა და ათიოდე მწიფე, ბერძნული ლეღვი დამიდო მაგიდაზე, ჩემი ეზოსიაო...მის საფიცარ შვილსაც, სანამ მოკლავდნენ, ალბათ, სხვისი საფიცარი შვილი ჰყავდა მოკლული, ვინ იცის, რამდენი...


ახლაც, ამ ომში, ალბათ ბევრი მოკლული ჯარისკაცის დედას მოენატრება თავისი ბიჭის სურნელით და სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმლის ერთი ნაგლეჯი, ჩასაკოცნად და ჩასახუტებლად...

კანზე მტკივა ის ომი, რომელსაც გუშინ, დღეს, ყოველდღე უამრავი სლავის სიცოცხლე მიაქვს.

უბედურება ის არის, რომ, ანგლოსაქსებისა და განსაკუთრებით, ოკეანის გაღმელებისთვის ჩვენ ვართ "სხვები", შორეულები, სხვა სამყარო, როგორც ჩვენთვის იყო შორიდან დანახული ერაყელების, სირიელების, ავღანელების სიკვდილი.


ჩვენ მათთვის სხვა სამყარო ვართ-ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები!!! შეშფოთდებიან და მორჩა!!!

-აშშ პრეზიდენტის გამონათქვამმა გამაოგნა დღეს!!! უკრაინელების ცეცხლის წინაში ასეთი მიტოვების ფონზე, განუცხადებია, ნატოს კარი ისევ ღიააო!!!!!!!!!!!!!!

-რაო გეცოტავებათ სლავების სისხლი?!!!!!!!!!!! ცოტაა ჯერ ძმათაკვლის სისხლი-კაენის ცოდვა?!!!!!!!!!!!

-თქვენი იყოს ეგ "ღია" ჯოჯოხეთის კარები!!!!!!!!!!!!!!!!!!

-ღმერთო, ღმერთი ხარ და გემუდარები; უფალო, იესო ქრისტე, გადმოგვხედე: ჩვენ, ქართველებს ჩვენი კაენის ცოდვა მოგვიტევე, სლავებს თავისი, ჩვენ ხომ ყველასთვის სხვა სამყარო ვართ, პოსტსოვეტიკუსები, ჩვენი შვილებით, შვილიშვილებით, ჩვენი ნეოლიბერალი "ღამურებით" და მუშნი ზარანდიებით!!!


-გვაკმარე სისხლისღვრა, შეგვინდე, უფალო, უგუნურობა და ამპარტავნება ჩვენი!" - მაია ნიკოლეიშვილი.

1
1721
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1721
  
2022, 27 თებერვალი, 19:59
მადლობა გულწრფელი, არაპირფერული ჭეშმარიტებისთვის. გფარავდეთ უფალი!
0 1 1