x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კაპუჭელები (ბეჟტიელები)
image


კაპუჭელები დასავლეთ დაღესტანში მცხოვრები ცეზური მოდგმის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია. რუსები კაპუჭელებს ბეჟტიელებს უწოდებენ, ხუნძები _ ხვანცალ (“მეცხენეები”). კაპუჭელების თვითსახელწოდებად ზოგიერთ სამეცნიერო ლიტერატურაში ბეჟტიელებია დასახელებული, ხოლო 2002 წელს დასტამბულ სქელტანიან წიგნში, “დაღესტნის ხალხები” აღნიშნულია, რომ კაპუჭელებს (ბეჟტიელებს) თვითსახელწოდება არა აქვთ, ისინი ძირითადად სოფლის სახელების მიხედვით მოიხსენიებიან.

ეთნონიმი “ბეჟტიელი” მათი მთავარი სოფლის _ ბეჟტას სახელწოდებიდან მომდინარეობს. წერილობით წყაროებსა და ისტორიულ-ეთნოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილი არიან კაპუჭელების სახელწოდებით (ეთნონიმი კაპუჭელიც ტოპონიმიდან უნდა მომდინარეობდეს. ასეთ სოფელს “კაპუჭი ანუ ანტარა” იოანე ბაგრატიონი ასახელებს).


კაპუჭელების ეთნიკური ტერიტორია დასავლეთ დაღესტნის მთიანეთში მდ. ავარიის ყოისუს მარცხენა შენაკადებზეა. კაპუჭელების მეზობლები არიან დიდოელები, ჰუნზიბელები, ჰუნიხელები, ხუნძები. გარდა სოფელ ბეჟტასი, კაპუჭელები მკვიდრობენ, აგრეთვე, ხაშარხოტაში, ტლიადადში. კაპუჭელების ერთი ნაწილი საბჭოთა პერიოდში ყუმუხეთის ბარში გადასახლდა. უმნიშვნელო რაოდენობით განსახლებულნი არიან დასავლეთ დაღესტნის სხვა ხალხებს შორის და დაღესტნისავე რამდენიმე ქალაქში.


ანთროპოლოგიური თვალსაზრისით კაპუჭელები დიდი ევროპეიდული რასის კავკასიონური ტიპის წარმომადგენლები არიან. კაპუჭიელებისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი ტანი, ღია ფერი, ვიწრო სახე. კაპუჭიური ენა ჩრდილეთკავკასიური ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური შტოს ხუნძურ-ანდიურ-ცეზური ჯგუფის ცეზურ ქვეჯგუფში შედის. კაპუჭიურ (ბეჟტიურ) ენაში სამ დიალექტს გამოყოფენ: ბეჟტიური, ხაშარხოტური და ტლიადალური. პირველ და მესამე დიალექტს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ხაშარხოტიულს მათ შორის შუალედური ადგილი უკავია. კაპუჭელების უმეტესობა ფლობს რუსულ და ხუნძურ ენებს. საშუალო და უფროსი თაობის კაპუჭელების უმეტესობა თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულადაც, რაც განპირობებული იყო საქართველოსთან ისტორიულად ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკუირ და პოლიტიკური ურთიერთობებით. კაპუჭელების ნაწილმა იცის ჰინუხური და ჰუნზიბური ენებიც.


კაპუჭელების საერთო რაოდენობა დღეისათვის 9 ათასი კაცია, მათ შორის, დაღესტანში _ 8 ათასი, საქართველოში _ 1 ათასი. იოანე ბაგრატიონს XVIIIს-ის ბოლოს ქართლ-კახეთის აღწერასთან ერთად დაღესტნის მომიჯნავე ხეობების, ხალხების აღწერაც აქვს მოცემული, მაგრამ ზოგჯერ მისი ისტორიულ-გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემების თანამედროვე მონაცემებთან შეჯერება ჭირს. მაგალითად, სოფელი ბეჟიტა მას დიდოს ხეობის სოფელთა შორის აქვს დასახელებული.

აქვე მას “ქალაქაც” აქვს მოხსენიებული, რომელიც ასევე კაპუჭელთა სოფელი უნდა ყოფილიყო. ცალკე აქვს დასახელებული “კაპუჭი ანუ ანტარა”. XVIIს-ში კაპუჭელების რაოდენობა 5 ათასი კაცის ფარგლებში იყო. 1868 წლიდან 1916 წლამდე კაპუჭელების (ბეჟტიელების) რაოდენობა 1700 კაციდან 4050-მდე, ე.ი. 2, 5-ჯერ გაიზარდა. ასეთი ზრდა საომარი მოქმედებების, თარეშების შეწყვეტით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. გარესამუშაოზე სიარული და მიგრაცია ამ მცირერიცხოვანი ხალხის მუდმივი თანამგზავრი იყო.

XXს-ის მეორე ნახევარში კაპუჭელების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ერთობ ძნელია, რადგან აღწერებში, ისევე როგორც დასავლეთ დაღესტნის სხვა მცირერიცხოვანი ეთნოსები, ხუნძებად აღირიცხებოდნენ. მიუხედავად ამისა, სოციოლოგთა და ეთნოგრაფთა მონაცემებით, დაღესტანსა და სამხრეთ კავკასიაში კაპუჭელების რაოდენობა შემდეგი იყო: 1940 წელს _ 4, 5 ათასი, 1945 წ. _ 4 ათასი, 1958წ. _ 3, 5 ათასი, 1965 წ. _ 4, 5 ათასი, 1975წ. _ 6, 5 ათასი.


კაპუჭელები (ბეჟტიელები) დაღესტნის უძველესი მკვიდრები არიან. მათი წარმომავლობის დადგენა წყაროთა მონაცემების სიმწირის გამო ერთობ ძნელია. ძვ.წ. I ათასწლეულში დიდოს ტომთა პოლიტიკურ კონფედერაციაში შედიოდნენ. X საუკუნის არაბ გეოგრაფთა თხზულებებში “კაპუჭელთა მიწაა” მოხსენიებული. XV ს-ის შუა ხანებში დიდოელთა კონფედერაციას კაპუჭელები ცალკე გამოეყვნენ. ძველი და შუა საუკუნეების ავტორთა მონაცემებით, კაპუჭელები, როგორც ალბანელთა მოკავშირეები, ირანელთა ექსპანსიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

კაპუჭელები (ბეჟტილები) კავკასიის სხვა მთიელებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ, ანდა მისი გავლენის სფეროში იყვნენ. მაგალითად, საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იყვნენ ისინი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს და საქართველოს მეფეებს მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოსაღებს უხდიდნენ.

საქართველოსაგან კაპუჭელების თანდათანობითი ჩამოშორება მონღოლთა შემოსევების შემდეგ დაიწყო. XVს-ში დიდოს ეთნოპოლიტიკური გაერთიანების დაშლის შემდეგ, დასავლეთ დაღესტნის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სასოფლო თემები და მათი ფედერაციები ჩამოყალიბდა. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი XVI საუკუნესა და XVIIს-ში ანწუხ-კაპუჭი იყო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ანწუხელები, ჰუნზიბელები და კაპუჭელები.

XVIIIს-ის შუა ხანებში ის ანწუხისა და კაპუჭის ცალკეულ სამხედრო-პოლიტიკურ ერთეულებად დაიშალა. კაპუჭის კავშირში გარდა კაპუჭელებისა (ბეჟტიელებისა), ჰუნზიბელებიც შედიოდნენ. მთელი გვიან შუა საუკუნეების განმავლობაში კაპუჭელებს საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, XVII-XVIIIსს-ის ლეკიანობას, როდესაც ხუნძებთან და დაღესტნის სხვა ხალხებთან ერთად, საქართველოს არც კაპუჭელთა ავი ხელი აკლდა.

კაპუჭელები თავისუფლად მიმოდიოდნენ კახეთში სავაჭროდ, კახეთი მათთვის გარესამუშაოზე გასასვლელი ერთ-ერთი რეგიონიც იყო. კაპუჭელები ალაზნის მინდორზე ხშირად საზამთრო საძოვრებსაც ქირაობდნენ. XIXს-ის 40-იან წლებიდან კაპუჭელები აქტიურად იბრძოდნენ რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ. ომის დამთავრების შემდეგ კაპუჭელები დაღესტნის ოლქის ბეჟტიის ოკრუგში შედიოდნენ, 1861 წლიდან კი _ ღუნიბის ოკრუგის ბეჟტიის სანაიბოში.

კაპუჭელების სამეურნეო საქმიანობა მომთაბარე მესაქონლეობა და სახვნელი მიწათმოქმედება იყო. ადგილობრივი ჯიშის ცხვართან ერთად (დიდოური, ხუნძური ანდიური ჯიშები) კაპუჭელებს მოშენებული ჰყავდათ თუშური ჯიშის ცხვარიც. ჰყავდათ აგრეთვე თხა, მსხვილფეხარქოსანი საქონელი. კაპუჭელთა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას შორის ურთერთკავშირი ფაქტობრივად ძალიან სუსტი იყო.

სახვნელი მიწები მთის ფერდობებსა და ხეობათა გასწვრივ ჰქონდათ. ყველაზე გავრცელებული მარცვლეული კულტურა იყო ქერი. ამას გარდა თესავდნენ აგრეთვე, ჭვავს და პარკოსნებს. მისდევდნენ შინამრეწველობასა და ხელოსნობას. მამაკაცების უმეტესობა გარესამუშაოზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და დაღესტნის ბარში გადიოდა.

კაპუჭელების კავშირში თანაბარუფლებიანი საზოგადოებები შედიოდნენ. ჯამაათები (თემები) სოციალურად ერთგვაროვანი იყო.


image


სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ კაპუჭელები, დაღესტნის სხვა მთიელთა მსგავსად, იყვნენ მამაცნი, გამბედავნი, შემმართებელნი, თავმოყვარენი, საკმაოდ ფიცხნი, სულგრძელნი, გულუხვნი, რამდენადმე თავდაჯერებულნი და ქედმაღალნი.

ძველთაძველი ზნე-ჩვეულებებიდან კვლავ დიდი მოწიწება აქვთ უხუცესების, სტუმრების მიმართ. ახასიათებთ ნათესავთა და თანასოფლელთა მიმართ პასუხისმგებლობა და სოლიდარობის გრძნობა. კაპუჭელებისათვის ტრადიციული იყო პატარა უბრალო ოჯახი. XXს-ის 30-40-იან წლებამდე გვხვდებოდა დიდი, გაუყოფელი ოჯახებიც. ქორწინდებოდნენ შუამავლების საშუალებით. იშვიათად იცოდნენ მოტაცება, გაპარვა, გაცვლითი ქორწინება, ლევირატი და სორორატი. იშვიათად გვხვდებოდა მრავალცოლიანობაც.

XIXს-ში დადასტურებულია აკვანსა და მუცელში დანიშვნა. ოჯახში გაბატონებული იყო პატრიარქალური ურთიერთობები. აღსანიშნავია უმძრახობის ინსტიტუტიც. კაპუჭელთა სოფელი შეჯგუფული ტიპისა იყო, რომელიც უბნებად იყოფოდა. დასახლებების აუცილებელი ატრიბუტები იყო ყრილობის ადგილი, მეჩეთი და სასაფლაო. კაპუჭელების სოფლის მისადგომებში არაერთი მრავალსრთულიანი კოშკი იყო აღმართული.

კაპუჭელების ტანსაცმელი დაღესტნის სხვა ხალხების ტანსაცმლის ანალოგიური იყო. თუმცა მას ზოგიერთი ორიგინალობაც ახასიათებდა. ყველაზე გავრცელებული ფეხსაცმელი იყო მატყლის ძაფისაგან მოქსოვილი ჩექმა. გარდა ამისა, მამაკაცები ქეჩისა და ხის ფეხსაცმელსაც ხმარობდნენ.

XX საუკუნემდე ყველა კაპუჭელი მამაკაცი ხანჯალს ატარებდა. ჩვეულებრივ, მამაკაცები თავს იპარსავდნენ, წვერ-ულვაშს კი უშვებდნენ. კაპუჭელი ქალები ატარებდნენ სამკაულებს: საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, კულონებს. კაპუჭელების ფოლკლორი ორენოვანია (კაპუჭური და ხუნძური).


კაპუჭელები სარწმუნოებით მუსლიმი-სუნიტები არიან. ისლამი მათ გვიან, XVIIს-დან მიიღეს. საბოლოოდ კი მაჰმადიანობა XVIIIს-ის მეორე ნახევარში განმტკიცდა. შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენები: ცის, მზის, მთვარის, ვარსკვლავების, მწვერვალების თაყვანისცემა. მიუხედავად იმისა, რომ კაპუჭელთა ეთნიკური ტერიტორია საქართველოსთან ახლოს იყო და აქ ქართველები თავის დროზე ქრისტიანობას ავრცელებდნენ, ამ სარწმუნოების რაიმე ნაკვალევი დღევანდელ კაპუჭში თითქმის არ ჩანს, მაშინ, როდესაც ხუნძეთის ცენტრალური ნაწილში ეს ნაკვალევი აშკარა და ხელშესახებია.

კაპუჭელები დღეს განათლებული ხალხია. 1988 წლის მონაცემებით, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ლაპარაკობდა და წერდა ხუნძურ და რუსულ ენებზე. ამავე დროს, დიდ ნაწილს შეუძლია აჯამზე წერა-კითხვა. კაპუჭელია მსოფლიოს ოთხგზის ჩემიპიონი და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში ჰუსეინ ჰაიბულაევი და სხვა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0