მსოფლიო ცრუ დროშის ოპერაცია 2022, 18 თებერვალი, 12:39 მოსკოვი/კიევი (როიტერსი) - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახლა უკვე ყველა ნიშანია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, მათ შორის, არსებობს ნიშნები, რომ მოსკოვი ახორციელებს ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციას, თავის გასამართლებლად, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა და პრო-რუსმა მეამბოხეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. „ცრუ დროშის“ ოპერაცია„ცრუ დროშის“ ოპერაცია არის ქმედება ჩადენილი პასუხისმგებლობის რეალური წყაროს შენიღბვისა და სხვა მხარის დადანაშაულების მიზნით. ტერმინი "ცრუ დროშა" წარმოიშვა მე -16 საუკუნეში, როგორც წმინდად ხატოვანი გამოთქმა, რომელიც ნიშნავს "ვინმეს კუთვნილების ან მოტივების მიზანმიმართულ არასწორ წარმოჩინებას", ცხადია ბოროტი განზრახვებით. ჩვენ მსგავსი „ცრუ დროშის“ ოპერაციები არაერთხელ ვიხილეთ საქართველოში, როგორც ’90-ან წლებში, ასევე 2008 წელს, როდესაც ჩვენივე მიწაზე ომის დაწყება დაგვბრალდა. მაშინ მეტ-ნაკლებად ეს ხრიკი გაუვიდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, უფრო მეტიც, ზოგიერთი ჩვენი და უცხოელი პოლიტიკოსი კიდევაც გვადანაშაულებდა ომის წამოწყებაში. მაგრამ, მოხდა ისე, რომ რფ-ამ ეს ტაქტიკა ისევ გააგრძელა უკრაინასთან მიმართებაში 2014 წელს და იგივე გზას მიმართა ახლაც. დაძაბულობის ფონზე, მოსკოვმა, თავის მხრივ, გააძევა აშშ-ს საელჩოს ნომერ მეორე ოფიციალური პირი და გაავრცელა მკაცრად ფორმულირებული წერილი, რომელშიც ვაშინგტონს ადანაშაულებდა უსაფრთხოების მოთხოვნების უგულებელყოფაში. ის იმუქრებოდა დაუზუსტებელი „სამხედრო-ტექნიკური ზომებით“. ხუთშაბათს, დილით ადრე, უკრაინის ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ცეცხლის გახსნამ გამოიწვია დასავლელი ოფიციალური პირების შეშფოთება, რომლებიც დიდი ხანია განგაშის ზარებს რეკავდნენ, რომ მოსკოვი შესაძლოა შეეცადოს შეჭრის საბაბის შექმნას, ამბობდნენ, რომ მათ სჯერათ, რომ ასეთი სცენარი ახლა იქმნება. "ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ჩართულნი არიან ცრუ დროშის ოპერაციაში, რათა ჰქონდეთ შესვლის საბაბი. ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში და შეუტიონ უკრაინას", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან გასვლისას. ბაიდენმა უბრძანა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, შეეცვალა თავისი მოგზაურობის გეგმები, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესაუბრა უკრაინის შესახებ. „ადგილზე არსებული მტკიცებულება არის, რომ რუსეთი გარდაუვალი შეჭრისკენ მიდის. ეს გადამწყვეტი მომენტია“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა. რუსეთი უარყოფს, რომ მეზობელთან შეჭრას გეგმავს და ამ კვირაში განაცხადა, რომ უკან იხევს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცით, რომელიც მან საზღვრის მახლობლად დააგროვა. ვაშინგტონი კი ამბობს, რომ რუსეთი არ გადის, პირიქით, აგზავნის მეტ ძალებს. "ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავებით დაფრინავენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აძლიერებენ მზადყოფნას შავ ზღვაში", - თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში. „ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აგროვებენ სისხლის მარაგს. მე ვიყავი ჯარისკაცი არც ისე დიდი ხნის წინ. მე პირადად ვიცი, რომ თქვენ არ აკეთებთ ასეთ რამეებს უმიზეზოდ", - თქვა ოსტინმა, არმიის გადამდგარმა გენერალმა. ”და თქვენ, რა თქმა უნდა, არ გააკეთებდით ამას, მზად რომ იყოთ ჩაალაგოთ და წახვიდეთ სახლში.” "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს"უკრაინამ და პრორუსმა მეამბოხეებმა დონბასის სეპარატისტული რეგიონის ფრონტის დაბომბვის ურთიერთგამომრიცხავი ანგარიშები წარმოადგინეს. დეტალების დამოუკიდებლად დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ორივე მხარის ცნობით, ინციდენტი უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის რუტინული დარღვევა, რომელიც რეგულარულად დაფიქსირდა ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი "სერიოზულად შეშფოთებულია" ესკალაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. რუსეთი დიდი ხანია ადანაშაულებს კიევს ესკალაციის პროვოცირებაში, ის აცხადებს, რომ უკრაინა ეძებს საბაბს, ამბოხებულთა ტერიტორიის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მიზნით, რასაც უკრაინა უარყოფს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა, ამ არეულობას ფრონტის ხაზზე უწოდა "რუსეთის მთავრობის აშკარა მცდელობა, შექმნას შეჭრის საბაბი". უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრორუსულმა ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს, რასაც მან "დიდი პროვოკაცია" უწოდა. უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია ხვრელი აგურის კედელში ნამსხვრევებითა და საბავშვო სათამაშოებით მიმოფანტულ ოთახში. სეპარატისტებმა, თავის მხრივ, სამთავრობო ძალები ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ ტერიტორიაზე ოთხჯერ ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს. ვერცერთი ანგარიში ვერ დადასტურდა. როიტერს-ის ფოტოგრაფმა ქალაქ კადიივკაში, უკრაინის მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში, გაიგონა საარტილერიო ცეცხლის ხმა კონტაქტის ხაზის მიმართულებით, მაგრამ ვერ შეძლო დეტალების დადგენა. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ვაშინგტონი "ჯერ კიდევ აგროვებს დეტალებს, მაგრამ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ რუსებმა შესაძლოა მსგავსი რამ გააკეთონ სამხედრო კონფლიქტის გასამართლებლად". ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი ცდილობს მოამზადოს საბაბი უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის. „მათ ჰყავთ საკმარისი ჯარი, საკმარისი შესაძლებლობები, რათა განახორციელონ სრულფასოვანი შეჭრა უკრაინაში, გაფრთხილების ძალიან მცირე, ან ყოველგვარი დროის გარეშე“, - თქვა მან. "სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია"რუსეთმა აშშ-ს ელჩს წერილი გადასცა, რომელშიც ვაშინგტონს ადანაშაულებს უსაფრთხოების მოთხოვნების უგულებელყოფაში, რაც მოიცავს დაპირებას, რომ არასოდეს დაუშვებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. „ამერიკის მხარის მზადყოფნის არარსებობის გამო, დათანხმებულიყო ჩვენი უსაფრთხოების მყარ, იურიდიულად განმტკიცებულ გარანტიებს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთი იძულებული იქნება უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ზომების განხორციელებით“, - ნათქვამია დოკუმენტში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გაუკეთებია განმარტება მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან მისიის უფროსის მოადგილის, ბარტ გორმანის გაძევების გადაწყვეტილებაზე. „რუსეთის ქმედება ჩვენი საელჩოს მისიის უფროსის მოადგილის წინააღმდეგ იყო არაპროვოცირებული. ჩვენ ამას ესკალაციულ ნაბიჯად მივიჩნევთ და განვიხილავთ ჩვენს პასუხს“, - განაცხადა სპიკერმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც აჩვენა, რომ მეტი რუსული ქვედანაყოფები ტოვებენ ტერიტორიას საზღვართან ახლოს. მაგრამ, კერძო ამერიკული კომპანიამ "მაქსარ ტექნოლოჯის" (Maxar Technologies), რომელიც თვალყურს ადევნებდა პროცესს, განაცხადა, რომ სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ მაშინ, როცა რუსეთმა უკან დახია სამხედრო ტექნიკა უკრაინის მახლობლად, სხვა ტექნიკა შემოიყვანა. პრეზიდენტმა ბაიდნმა გაავრცელა განცხადება, სადაც მან მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და უთხრა, რომ ისინი არ არიან მტრები და მოუწოდა დაიცვან მშვიდობა. „მე არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლისმღვრელი ომი უკრაინასთან, ქვეყანასთან, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ ასეთი მჭიდრო ურთიერთობები, ოჯახები, კულტურა, ისტორია. 77 წლის წინ ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც იყო „აუცილებლობის ომი“, მაგრამ თუკი ახლა რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება „არჩევანის ომი“. მე ამას გეუბნებით არა პროვოკაციის მიზნით, არამედ სიმართლის გამო, რადგან სიმართლე მნიშვნელოვანია.“ მან ასევე გააფრთხილა რუსეთის მოქალაქეები, რომ "თუკი ეს შეჭრა მოხდება, უდიდესი იქნება უკრაინის დანაკლისი, მაგრამ ეს იქნება ასევე უდიდესი ტრაგედია რუსეთისთვის, რადგან საერთაშორისო საზოგადოება არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სისხლი და ნგრევა და ეს დაგმობილი იქნება", თქვა მან მიმართვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები შესაბამისად, უპასუხებენ ამ ქმედებას. “დღეს ნატო და მისი ალიანსი ერთიანია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი დემოკრატიული ფასეულობები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს (საკითხი), რადგან ის არ ეხება მხოლოდ რუსეთს და უკრაინას და ეს (ომი და სისხლისღვრა) არ არის ის მომავალი, რომელიც ჩვენ მსოფლიოსთვის გვინდა. ჩვენ გვინდა დავიცვათ ადამიანთა უფლებები თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი. პრინციპული საკითხია, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები ძალმომრეობით. ეს არის ჩვენი ხედვა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამ ხედვაში და ვიმედოვნებთ, რომ ეს ხედვა გაიმარჯვებს“, თქვა მან. უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა და მისმა კოლეგებმა პოლონეთსა და უკრაინაში ხუთშაბათს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სამი ქვეყანა შეიმუშავებს „სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს“ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, ორ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს შორის დაძაბულობის ფონზე. „ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას შემდგომი სტრატეგიული თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერების შესახებ, ჩვენს სამ ქვეყანას შორის, უკრაინის უმაღლესი პრიორიტეტული საკითხების მხარდასაჭერად“, - განაცხადეს მათ. „ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის კოორდინაციით, ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების კუთხით და ვგეგმავთ სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ“, - დასძინეს მათ. ასევე ითქვა, რომ გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, დაეხმარონ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში და რომ უკრაინას დაუჭერენ მხარს. ერთობლივ განცხადებაში ასევე იკვეთება შეფარული საყვედური რუსეთის მიმართ, ქვეყნის კონკრეტულად დასახელების გარეშე, მისი მცდელობის გამო, უკარნახოს უკრაინას, უნდა იყოს თუ არა ის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ნაწილი. „ჩვენ ვიმეორებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი განიხილოს თავის გავლენის სფეროდ“, - ნათქვამია განცხადებაში. ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ან გონიერებამ უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა შესაძლოა მიგვიყვანოს მესამე მსოფლიო ომამდე. ცხადია, არცერთ ჭკუათმყოფელს ეს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მახსენდება ჩვენი წინაპრის ბრძნული გამონათქვამები: „ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა“. „ყველა ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყალი ხომ უნდა დალიო“რუსეთის ფედერაციამ შესანიშნავად იცის, რომ დასავლეთიდან არ ემუქრება არანაირი საფრთხე და ამ საფრთხეებს თავად ქმნის. ნათქვამია, არაფერი დარჩება დაფარულიო, მისი განზრახვებიც გაცხადდა. მახსოვს, '90-ან წლებში დასავლეთს სჯეროდა, რომ ჩვენ ვჩაგრავდით ეთნიკურ უმცირესობებს და ამიტომ მოხდა ეთნო-კონფლიქტები, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საქართველოზე მრავალეთნიკური და მეგობრული, არცერთი რესპუბლიკა არ იყო სსრკ-ში, ამაზე ფაქტები მეტყველებენ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც რფ-ამ მოგვიწყო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები რუსებიც კი არ განუდევნიათ ქართველებს, რასაც ადგილი ჰქონდა სხვა რესპუბლიკებში! ჩვენ სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნემ, ლოიალურობამ, ტოლერანტულმა და კეთილგანწყობილმა ბუნებამ გადაგვარჩინა. გვახსოვს, იმ პერიოდში ვიღაცამ თბილისში ებრაელების სასაფლაო დაარბია თბილისში, საფლავები დაუნგრიეს, მაგრამ, ვერ გათვალეს, რომ ებრაელები ბრძენი ხალხია, მიუხვდნენ ეშმაკობას! ეროვნული მოძრაობის მიტინგზე დელეგაციით მოვიდნენ და განცხადება გააკეთეს: ჩვენი ძმობა საუკუნეებს ითვლის და ახლა ქართველებს ძმები სჭირდებათ გვერდში, ამას ახლა რატომ გააკეთებდნენ, თუკი ამდენი საუკუნის განმავლობაში მათგან ჩაგვრა არასოდეს გვინახავსო. შვებით ამოისუნთქა ხალხმა და ყველა მიხვდა, რაბინი, დელეგაციის ხელმძღვანელი და სპიკერი, მართალი იყო. მან თქვა - ვერანაირი მესამე ძალა ამ ძმობას ვერ შებღალავსო! ასევე არ გაუვიდათ პროვოკაცია სამეგრელოში, სადაც მეგრელებს აქეზებდნენ, თქვენ ხომ ქართველები არ ხართო და აფხაზეთის მსგავსად დამოუკიდებლობას სთავაზობდნენ. ცხადია, ესეც ვერ გათვალეს, რომ ყველაზე დიდი პატირიოტი ქართველები, სწორედ საქართველოს ამ თვალწარმტაც კუთხეში იბადებიან და თავად ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც მეგრელები იყვნენ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. მოკლედ საიდან არ შემოგვიარეს, როგორ არ გვაზარალეს, ბევრი არ გაუვიდათ, მაგრამ, ბევრიც გაუვიდათ და სამწუხაროდ, აგრძელებენ იმავე ხაზს და არა მხოლოდ ჩვენთან. „სიხარბემ რაც ნახაო, სულყველა დაჰკარგაო“რფ-ს დასავლეთისგან არა, მაგრამ სავარაუდოდ სხვა დამპყრობლისგან კი ემუქრება საფრთხე, იმედია ამას გაიაზრებს ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობელი. თუ ის ახლა ამ ომს წამოიწყებს, ისე დასუსტდება, რომ დიდი შანსია მისი რეალური მტრის ლუკმა გახდეს, რომელიც აუცილებლად შეუტევს. დასავლეთის შიში კი თითიდან გამოწოვილი პანიკაა. ჩვენ და უკრაინას ნატო სწორედ რუსეთის მხრიდან შევიწროვების გამო და თავის დასაცავად დაგვჭირდა. სწორედ მან გვიბიძგა ამ ნაბიჯისკენ და იქნებ კარგიც იყო - ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელიაო. ნატო დავდაცვითი ორგანიზაციაა და ის სჭირდება განვითარებულ მსოფლიოს აგრესორებისგან თავის დასაცავად. საქართველო და უკრაინა არასოდეს იტყვიან უარს თავიანთ დასავლურ არჩევანზე, იარონ მშვიდობიანი განვითარების გზით. რუსეთს კი ძალების შენარჩუნება ნამდვილად სჭირდება ახლა, უაზრო მუშტების ქნევას და "ბუა მოდის, ბუა მოდის" ძახილს, უჯობს დაშოშმინდეს და აქეთ-იქეთ კარგად მიიხედ-მოიხედოს, იქნებ დაინახოს, რომ მასზე საფრთხე დასავლეთიდან არ იკვეთება, მითუმეტეს უკრაინიდან და საქართველოდან არ მოდის "ბუა"! ბრძენი იყო წინაპარი: „ყველა ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყლის დალევა დაგჭირდებაო“ რომ თქვა. მეორე მსოფლიო ომის შედეგებით და ჩვენი წინაპრების ღვაწლით ჩვენ ყველა ვამაყობთ. ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც გაიღეს ჩვენმა წინაპრებმა, მაგრამ არც ის გვავიწყდება, რომ, თუ არა მოკავშირეების დახმარება, ერთმა ღმერთმა იცის როდის და რით დასრულდებოდა ის ომი. მეორე მსოფლიო ომში მრავალათასიანი საბჭოთა არმიის გარდა, სტალინის, როგორც გამჭრიახი მხედართმთავრის როლთან ერთად, მოკავშირეების და კერძოდ აშშ-ს დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო, ასე ამბობენ საქართველოში. ომი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ უგუნურს შეიძლება უნდოდეს. აკი რუსებიც ამბობენ: "ცუდი მშვიდობა ჯობს კარგ ომსო." ნამდვილად ასეა, ბოროტებას ბოროტება მოაქვს. ომი სიკეთეს არავის მოუტანს! ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რუსული გამოთქმა გამახსენდა: "ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის." ბოლოს და ბოლოს, ჩვენი თაობა ხომ საბჭოურ მულტფილმებზე გავიზარდეთ, ყველას კარგად გვახსოვს ცნობილი, სიკეთით სავსე მულტფილმები და მათი გმირები. ახლაც მულტფილმიდან - "კატა ლეოპოლდის თავგადასავალი" მახსენდება ფრაზა: "ბიჭებო, მოდით ვიცხოვროთ მეგობრულად" - Ребята, давайте жить дружно! 96 შეფასება არ არის
|