x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაძვირებასაც ხომ გააჩნია…“მაგრამ ასეთი?” უგულოებო! უნიჭოებო!“ - რა პოსტს ავრცელებს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე 1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სააბონემენტო სისტემის ამოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოქმედ ხელისუფლებას "უგულოს", "უცხოპლანეტელსა" და უნიჭოს" უწოდებს. "მინდა კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს" - წერს "კავკასიის სახლის" წევრი, ლევან ლორთქიფანიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლის ვრცელ სტატუსსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ხვალ ჩემს დას, რომელიც კერძო სკოლის მასწავლებელია და როგორც მე ვიცი, მოკრძალებული ხელფასი აქვს, ტრანსპორტში 100%-ით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს.ჩემი მეორე დაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა აკადემია და ჯერჯერობით უმუშევარია, 100%-ით გაძვირებულ ტარიფს გადაიხდის.


მამაჩემსაც იგივე მოუწევს, ჯერ პენსიონერი არ არის, არც მშიერია, არც სოციალურად დაუცველი, არც მანქანა ჰყავს …ექთნები და სანიტრები, რომლებიც მიზერული ანაზღაურების ფასად მუშაობენ და რომელთაც 250 ლარის აბონემენტში გადახდის თავი არ აქვთ, ხვალიდან 50 თეთრის ნაცვლად მეტროში ლარს გადაიხდიან.ძიძაც, რომელიც არც დევნილია, არც შიმშილით კვდება, არც აფხაზეთის ომის ვეტერანია და რამდენიმე ასეულ ლარად არჩენს პენსიონერ დედას, სტუდენტ შვილს, ისიც გაორმაგებულ გადასახადს გადაიხდის.


და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ ადამიანს, ჯგუფს გაურთულებს სიცოცხლეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება! “ვინ მოსთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები”.ვინ თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები მგზავრობენ? რომელი კვლევით დასტურდება, რომ სოციალური სტატუსის არმქონე პირთათვის სააბონემენტე სისტემა უმძიმეს ტვირთს არ წარმოადგენს? რომელი კვლევით გაწერეს აბონემენტთა ფასები, ახალი სატარიფო გეგმა!


მგონი, ვიღაცამ კალკულატორი აიღო და ბიუჯეტის პარამეტრებისთვის რა ტიპის გაძვირებაც სჭირდებოდათ, ის გამოიანგარიშა! სხვა არაფერი გაუკეთებიათ! თან ეს გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ მიიღეს, მანამდე მეორე ტურზე არბენინეს ხალხი სიყვარულითა და სოლიდარობით სავსე ქალაქის დაპირებით…მესმის, რომ ბენზინი გაძვირდა, ავტობუსები გამოიცვალა, მეტრო წაგებაზე მუშაობს, ინფრასტრუქტურის განახლებისათვის ვალები გვაქვს აღებული…


მესმის, რომ გაძვირებას ობიექტური საფუძვლები აქვს, მაგრამ გაძვირებასაც ხომ გააჩნია… “მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?”ამასთანევე, მე ისეთი ქალაქის მთავრობა მინდა, რომელიც მდიდრებს გაუზრდის ტვირთს, ვალდებულებებს და სანაცვლოდ ღარიბთა ჯიბეებიდან 250 ლარს არ ამოიღებს, ეკოლოგიური გარემოს დასაცავად უზრუნველყოფს სტაბილურად იაფ და ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხალხისთვის.


მინდა კახი კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს… უგულოებო! უცხოპლანეტელებო! უნიჭოებო!" – წერს ლევან ლორთქიფანიძე.


შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება - მგზავრობის საფასური და გადახდის წესი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ინტენსივობით გამოიყენებთ ტრანსპორტს ან რა პაკეტს შეიძენთ.


მას, ვისაც 1-დღიანი, 1-კვირიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი აბონემენტის ყიდვა მოესურვება, ჯერ მეტროს სალაროში ან "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში ახალი ბარათი უნდა შეიძინოს (რომლის ღირებულებაც 2 ლარია), შემდეგ კი უკვე სასურველი პაკეტი თანხის დარიცხვით შეუძლია რომ გააქტიუროს.



ტარიფები ასე გამოიყურება:



  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი


  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი


  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი


  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი


  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი


  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი




0
1103
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1103