x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვის მიავლენს საპატრიარქო დედოფლისწყაროში ხორნაბუჯის და ჰერეთის ახალ ეპისკოპოსად?
image


მეუფე დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ დაქვრივდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია და ორგზის დაქვრივდა ნეკრესის ეპარქია. ნეკრესის ეპისკოპოსი 4 თვის წინ ასევე კოვიდგართულებით გარდაიცვალა, დროებით მმართველად მეუფე დიმიტრი იყო მივლენილი. ამიტომ, ნეკრესის მრევლი ბოლო 4 თვეში ორჯერ დაობლდა.


დედოფლისწყაროს ტელევიზია შეეცადა გაერკვია, ვინ შეიძლება დადგინდეს ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის მმართველად და საპატრიარქომ ვინ შეიძლება მოავლინოს ეპისკოპოსად. იქნება ეს სინოდის ახალი წევრი, თუ მოქმედთაგან რომელიმე?


საეკლესიო იერარქიის მიხედვით, ბოლო პერიოდში არქიმანდრიტობა საპატიო ტიტულად იქცა და მას ანიჭებდნენ ეპარქიის დიდმნიშვნელოვანი მონასტრების იღუმენებს. სასულიერო პირებს შორის კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ ხოლმე. ანუ, ხარისხით ყველაზე მაღლა არქიმანდრიტები დგანან და ეპისკოპოსად გამორჩევის ყველაზე დიდი შანსი სწორედ მათ აქვთ.



ამჟამად ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში მხოლოდ ერთი სასულიერო პირია, რომელიც არქიმანდრიტის ხარისხშია აყვანილი. არქიმანდრიტი ონოფრე წულაძე უკვე 10 წელია ამ ეპარქიაში მოღვაწეობს. დანარჩენი სასულიერო პირები ძირითადად დეკანოზის ხარისხში მოღვაწეობენ.


იმის გათვალისწინებით, რომ ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის გარდა მღვდელმთავარი საქართველოში კიდევ 5 ეპარქიას არ ჰყავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედოფლისწყაროში ახალი მეუფე დადგინდეს. რადგან, დანარჩენ ეპარქიებში უფრო დიდი ხანია ეპისკოპოსები არ დანიშნულა. ჯამში წმინდა სინოდს სულ 6 წევრი აკლია. მოქმედი პროცედურების თანახმად, ამ საკითხის გადაწყვეტა წმინდა სინოდის სხდომის გარეშე მოსალოდნელი არ არის, სინოდის სხდომა კი გასული წლის ბოლოსაც გაცდა. წესისამებრ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება, თუმცა 2021 წელს სინოდი მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. პანდემიის პირობებში მღვდელმთავრებიც შეზღუდულად იკრიბებიან. აქედან გამომდინარე, გაცილებით რეალურია, ჩვენი ეპარქიის მართვა დროებით რომელიმე ეპისკოპოსმა შეითავსოს, ისევე როგორც ეს სექტემბრის თვეში მეუფე დიმიტრის დააკისრეს.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის დროებით მმართველობას ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი შეითავსებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, თუმცა კულუარებში ამაზე უკვე საუბრობენ. მეუფე დიმიტრი სტუდენტობიდან მისი სულიერი შვილი იყო და ერთერთი პირველი მოძღვარი სწორედ მეუფე თეოდორე იყო. 2015 წელს დედოფლისწყაროელებს პატრიარქის გადაწყვეტილება ეპისკოპოსის ცვლილების თაობაზე სწორედ მან გააცნო და ახალ მეუფედ დიმიტრი კაპანაძე ამბიონიდან სწორედ მან წარადგინა.


სოფელ ხორნაბუჯში მდებარე ეპარქიის რეზიდენციაში ამბობენ, რომ ოფიციალური შეტყობინება ჩვენს ეპარქიაში საპატრიარქოდან წერილობით უახლოეს დღეებში მოვა და გადაწყვეტილება შემდეგ გასაჯაროვდება. თუმცა, ეპარქიაშიც ადასტურებენ, რომ დროებითი მმართველად ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ინიშნება.


შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 6 ეპარქია უმღვდელმთავროდაა, ზოგ მათგანში კი დროებით მმართველებად სხვადასხვა ეპარქიისს მღვდელმთავრები დაადგინეს. დადგენილი მართველი მღვდელმთავრები არ ჰყავს შემდეგ ეპარქიებს:

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას;

რუსთავის ეპარქიას;

ნეკრესის ეპარქიას;

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას;

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას;

ავსტრიისა და გერმანიის ქართულ ექსარქიას.

0
190
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0