x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120580
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492641
„ეკრანზე აღარ გამოვჩნდები, თორემ აქ საქმე კადრს მიღმაც უამრავია“ - გიორგი გაბუნია

image

გიორგი გაბუნიას ეკრანიდან წასვლა სექტემბერშივე ჰქონდა გადაწყვეტილი და ამის შესახებ გადაცემის შესავალში ვრცელი ტექსტიც უნდა ეთქვა და ეს ტექსტი მას ბოლომდე დაწერილიც კი ჰქონდა. მან გადაცემა წინასაახალწლოდ დატოვა და მიშა სესიაშვილს გადააბარა. ასევე ახალ წამყვანს გადააბარა მისი სამუშაო ოთახი და კომპიუტერიც. სწორედ კომპიუტერის დალაგების დროს გაბუნიამ მის მიერ დაწერილი ტექსტები იპოვა. გამოუქვეყნებელ ორ გაბულოგს ის სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. აქვეა გამოქვეყნებული მისი მეორე გაბულოგი, სადაც გადაცემიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. გაბუნია წერს, რომ მას არჩევნების წინ ამ განცხადების წაკითხვა აღარ სურდა და დეკემბერში გადაცემიდან ისე წავიდა, რომ მხოლოდ ის თქვა, რომ აღარ შეგვხვდებოდა, სხვა დეტალებზე მას აღარ უსაუბრია.

უკვე გარკვეულია, რომ გაბუნია დირექტორის პირველი მოადგილე და მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იქნება, ანუ ამით მან ნოდარ მელაძის ადგილი დაიკავა, რომელიც ბოლო წლებში ვაკანტური იყო. ნოდარ მელაძის წასვლის შემდეგ ამ მოვალეობას საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერები ასრულებდნენ.

ახლა გადაჭრით ითქვა, რომ გიორგი გაბუნია ეკრანზე აღარ გამოჩნდება და ის თვლის რომ კადრს მიღმა უფრო მეტი სამუშაოა.

"ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გავათავისუფლე მიშასთვის, “პოსტ-ფაქტუმის” ახალი წამყვანისთვის. ძველი ფაილების გასუფთავებისას ეთერში გაუსვლელი რამდენიმე გაბულოგი აღმოვაჩინე, რომლებიც გადაცემისთვის მოვამზადე, მაგრამ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე მაყურებლამდე აღარ მივიტანე - ყოფილა შემთხვევა, რომ თვითონ გადამიფიქრია; ზოგჯერ კი ვითარება შეცვლილა მოულოდნელად ისე, რომ ჩემი მონოლოგი იმ მომენტისთვის უადგილო გამხდარა და ამიტომ გამიუქმებია.

ამ გადა(გ)დებული გაბულოგებიდან ორის გამოქვეყნება გადავწყვიტე აქ. პირველი დაწერილია 2021 წლის აპრილში - იმ დროს, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გამოუვალ ჩიხშია შესული და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თუ მისი წარმომადგენელი კვირების განმავლობაში ცდილობენ კვანძის გახსნას. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა ხელისუფლებასთან ინტერვიუს ფორმატის გადაცემის გაკეთების შესახებ, სადაც ერთმანეთთან მშვიდად საუბარს შევძლებდით.

მეორე გაბულოგი 2021 წლის სექტემბრისაა - დაწერილია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც “პოსტ-ფაქტუმის” დატოვება უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ამის შესახებ წინასწარ მინდოდა მაყურებლისთვის მეთქვა. მაგრამ მაშინ აღარ ჩავთვალე საჭიროდ ამის გაკეთება და რამდენიმე თვეში ისე წავედი, რომ, ფაქტობრივად, არაფერი ვთქვი გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებოდით.

ამიტომ ახლა გავიმეორებ იმას, რისი თქმაც მაშინ მინდოდა - ცალკე პოსტებად გამოვაქვეყნებ ორივე გაბულოგს. სხვებიც არის, მაგრამ დანარჩენების გასაჯაროებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ.

წარმატება ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს, მიშა სესიაშვილს! წარმატება “პოსტ-ფაქტუმის” მთელ გუნდს, მის ძველ და ახალ წევრებს! უდიდესი მადლობა მათ ერთად გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი წლებისთვის!

და, რა თქმა უნდა, მთავარი მადლობა ჩვენს მაყურებელს - მოყვარესაც და მოძულესაც თანაბრად. რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ, მთავარი ხართ თქვენ!", - წერს გიორგი გაბუნია Facebook-ზე.


გაბულოგი 77 (სექტემბერი, 2021 წელი)


"რამდენიმე დღეში გავა ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც “მთავარ არხზე” პირველი “პოსტ-ფაქტუმი” წავიყვანე.

მანამდე ორწელიწად-ნახევარი მიმყავდა “პოსტ-სკრიპტუმი” “რუსთავი 2”-ზე ანუ, თითქმის, ხუთი წელია, რაც ამ ყველასგან გამორჩეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ.

ხუთი წლის შემდეგ ვთვლი და, უფრო მეტად, ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ამდენი წლის შემდეგ ცვლილებაა საჭირო, ისევე, როგორც ყველაფერში - ცალკე ჩემთვის და ცალკე გადაცემისთვის.

არასწორად არ გაიგოთ - „მთავარი არხიდან“ არ მივდივარ; ეკრანზე აღარ გამოვჩნდები, უბრალოდ, თორემ აქ საქმე კადრს მიღმაც უამრავია. როდისმე, ალბათ, დავბრუნდები სხვა გადაცემით; ან არ დავბრუნდები... ჯერ არ ვიცი.

ჩემი გადაწყვეტილება მომავალი არჩევნების შედეგებზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული - აგერ, ხომ ხედავთ, ახლავე ვამბობ, რომ წავალ, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები.

არადა ვინ იფიქრებდა?…

2006 წელს „მაესტროდან“ „რუსთავი 2“-ზე რომ გადავედი, ერთი გადაცემის, „ბიზნეს-კურიერის“ რიგით გრაფიკოსად დავიწყე მუშაობა, მაგრამ თან ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი და ძალიან მინდოდა „პოსტ-სკრიპტუმში“ მუშაობის დაწყება.

ერთ-ერთ იქაურ ჟურნალისტს ვთხოვე კიდეც, ეკითხა პროდიუსერებისთვის, თუ არსებობდა შანსი, რომ „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდის წევრი გავმხდარიყავი. არ ვიცი, მივიდა თუ არა საერთოდ ეს ამბავი პროდიუსერებამდე... იმიტომ, რომ ჩემთვის აღარავის არაფერი უთქვამს და მეც აღარ ამომიღია ხმა.

მალევე მივხვდი, როგორი მიამიტური იყო მაშინ ჩემი წარმოდგენა, რომ „ბიზნეს-კურიერის“ დანჯღანულ, ფერადთმიან, უკუღმაშარვალამოცმულ, ყურებდახვრეტილ გრაფიკოსს - თანაც სათანადო ჟურნალისტური გამოცდილების გარეშე - „პოსტ-სკრიპტუმის“ თუნდაც რიგით კორესპონდენტად მიმიღებდნენ.

და იმ დროს ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, რომ მე როდისმე ჯერ „კურიერის“, შემდეგ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანის“ და ბოლოს სწორედ „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანი გავხდებოდი, ხომ არც დავიჯერებდი და მაგრადაც დავცინებდი.

ახლა კი საკუთარი ნებით მივდივარ და ვტოვებ გადაცემას, რომელში მოხვედრასაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამაოდ ვცდილობდი.

ამ ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, პროდიუსერებთან მუშაობა დიდი პატივია არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ სუფთა ადამიანური კუთხითაც.

სტანდარტების და გემოვნების საკითხში მათ ბევრი ვერ შეედრება; ჩემი გამოხტომები ყველაზე მეტად მათთვის იყო მიუღებელი, მაგრამ ყოველთვის გაგებით და მოთმინებით მიღებდნენ - როგორც ოჯახის წევრს რომ პატიობ წარმოუდგენელ დანაშაულსაც კი და ცდილობ, ფრთხილად მისცე შენიშვნა; ისე, რომ არ აწყენინო - ასე იქცეოდნენ ჩემთან მიმართებით ეს ადამიანები ყოველთვის.

პუტინი რომ საფლავში ჩავდე, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ელი თუ სხვა კოლეგები სოციალურ ქსელებში ღიად მგმობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს გაკრიტიკებას და ჩემგან გამიჯვნას, როდესაც ზოგიერთი მათგანი დირექტორის კაბინეტში სამსახურიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაგდებას მოითხოვდა, ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლების წაქეზებით გარეთ შეკრებილი გააფთრებული ხალხი, მაშინაც ეს გუნდი ჩემს გვერდით დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლიდან ყველაზე მიუღებელი ჩემი საქციელი, შესაძლოა, სწორედ მათთვის იყო.

მაგრამ მათ გამიგეს და დაინახეს, რა ვითარება იყო ირგვლივ და რა სახიფათო მდგომარეობაში აღმოვჩნდი პირადად მეც. ამიტომ იმ მომენტში არცერთ მათგანს აზრადაც კი არ მოსვლია ჩემთან დაპირისპირება ან საყვედურის თქმაც კი, საჯარო პოსტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ვიცი, რომ ისინი ახლაც გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე. მათ ბევრად უფრო მეტი იციან - თქვენთან ყველაფერს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი…

მაგრამ ჯერ მე ისევ აქ ვარ - არჩევნების ორომტრიალის დასრულებამდე არსად მივდივარ, რამდენიმე გადაცემა კიდევ დამრჩა წასაყვანი.

ნეტავ, ის გამაგებინა, „ქართულ ოცნებაში“ როდის მიხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა?

მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი", - წერს გიორგი გაბუნია.

.

* * *


გაბულოგი 76 (აპრილი, 2021 წელი)

"„ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

ეს არის 1978 წლის 14 აპრილს გადაღებული სურათი. ამ დღის ამსახველი ფოტო- და კინომასალა საბჭოთა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. მხოლოდ რამდენიმე ფოტო გადაურჩა უშიშროების ხელს.

ეს ადამიანები მშობლიურ ენას იცავდნენ იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა და ის რუსულით ჩაენაცვლებინა. “დედა ენასაც” რუსული “აზბუკა” ჩაანაცვლებდა.

მაშინ ათეულობით ათასი ქართველი - ძირითადად, ახალგაზრდა - სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში და მიაღწია კიდეც მიზანს: ქართული დარჩა ჩვენს სახელმწიფო ენად.

ხვდებით, რამხელა გამბედაობა სჭირდებოდა იმ დროს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ასეთი ლოზუნგებით გამოსვლას?

1978 წელია, ბრეჟნევის ეპოქა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ სულაც არ აპირებს დაშლას და პოზიციების დათმობას და დიდი შანსი იყო, რომ ეს მიტინგიც 9 აპრილის მსგავსი სისხლისღვრით დასრულებულიყო - რუსი ჯარისკაცები უკვე გამოყვანილი ჰყავდათ რუსთაველზე.

და მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, ეს ახალგაზრდები არ შეშინდნენ და გაიმარჯვეს კიდეც. მათ უსისხლოდ დაამარცხეს კრემლი და გაიტანეს თავისი.

თვითონ ის ფაქტი, რომ საბჭოთა რეჟიმმა ამ აქციის ამსახველი მასალები ამოიღო და გაანადგურა, რათა ისტორიული მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოეშალა ეს დღე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა დარტყმა მიაყენეს ქართველებმა რუსეთის იმპერიის რეპუტაციას.

43 წელი გავიდა მას შემდეგ, სისხლიც ბევრი დაიღვარა, საქართველომ თავისუფლებაც მოიპოვა და უკვე 30 წელია დამოუკიდებელია.

წარმოგიდგენიათ, ჩვენ, ამ ადამიანების შთამომავლებს, რამდენად მეტის გაბედვა უნდა შეგვეძლოს დღეს? 43 წლის შემდეგ! უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოში!

სად უნდა ვიყოთ დღეს, და სად ვართ ამ დროს…

ძირითადად, ფეისბუკში ვართ. იქ ვცხოვრობთ, ვიხარჯებით და ვიკმაყოფილებთ მოთხოვნილებებს. როგორც წესი, ქუჩაში გასვლაც გვეზარება - პოსტების წერა ბევრად უფრო კომფორტულია.

და ზუსტად ამ პოსტებიდან ჩანს, რომ იმ ქართულ ენასაც კი ვერ მოვუფრთხილდით, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაიცვეს. გადახედეთ ქართველების ფეისბუკ-გვერდებს: ქართულ ენაზე წერა-კითხვის უცოდინრობის ტრაგიკულ აღლუმს აღმოაჩენთ იქ.

ალბათ, მე თვითონაც ბევრ შეცდომას ვუშვებ ახლა თქვენთან საუბრისას და ვერც კი ვხვდები.

ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის?

ბაბილონის გოდოლად იქცა საქართველო - სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ ყველა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც და ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, რა გვინდა.

ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაჭედილი მოლაპარაკებებიც - იქ უკვე მართლა რამდენ ენაზე და ვინ რას ლაპარაკობს, ნეტა ვიცოდეთ... აბა, ქართულად მხოლოდ ქართველებს შორის დიალოგი და შეთანხმება აღარ გამოგვდის…

ბაბილონის გოდოლის ისტორია, ხომ გახსოვთ, როგორ იწყება და როგორ მთავრდება? იწყება აღმშენებლობის დიადი ამბიციური გეგმებით და სრულდება შუა გზაში მიტოვებული ქაოსით და ნანგრევებით.

სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ფინალისკენ მივექანებით ჩვენც.

და, ბაბილონისგან განსხვავებით, ცოტა ხანში ჩვენი ისტორიის მოყოლასაც კი ვერ შევძლებთ წესიერად; იმიტომ, რომ ქართულ ენაზე გამართულად ლაპარაკიც გვავიწყდება.

მამული, ენა, სარწმუნოება.

ოკუპირებული მამული, დასახიჩრებული ენა და შეურაცხყოფილი სარწმუნოება.

ესღა შემოგვრჩა ბოლოს ილიას სამი სიწმინდიდან…

მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი", - წერს გიორგი გაბუნია.

0
322
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0