x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120620
  • ვიდეო:354553
  • სურათი:492657
ნოღაელები
image


ნოღაელები ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი თურქულენოვანი ხალხია. მათი თვითსახელწოდებაა ნოღაი, ნოღაილარ. 2002 წლის მონაცემებით რუსეთში 91 ათასი ნოღაელი მკვიდრობდა, მათ შორის, დაღესტანში (34 ათასი), ჩეჩნეთში (7 ათასი), სტავროპოლის მხარეში. ნოღაელთა განსახლების ძირითადი არეალია ნოღაის სტეპი.

დღეს ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად გაყოფილია დაღესტანს, ჩაჩნეთსა და სტავროპოლის მხარეებს შორის. ნოღაელები შემდეგ ეთნოგრაფიულ ჯგუფებად არიან დაყოფილი: ყარანოღაელები (დაღესტანი), აჩიკულაელი და ყუმელი ნოღაელები (სტავროპოლი), ყუბანელი ნოღაელები (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), და ასტრახანელი ნოღაელები (ასტრახანის ოლქი). ნოღაელები ცხოვრობენ აგრეთვე თურქეთში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში.


ნოღაელები სამხრეთციმბირულ (თურანულ) გარდამავალ რასას მიეკუთვნებიან. ნოღაელთა ანთროპოლოგიური ტიპისათვის დამახასიათებელია როგორც მონგოლოიდური, ისე ევროპეიდული ელემენტები. ნოღაელები ლაპარაკობენ ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღური ქვეჯგუფის ნოღაურ ენაზე, რომელსაც ორი დიალექტი აქვს: ყარანოღაული და ყუბანური.


ლიტერატურულ ენას საფუძვლად უდევს ყარანოღაური დიალექტი. დამწერლობა XVIIIს-დან 1928 წლამდე ჰქონდათ არაბული გრაფიკის საფუძველზე. 1928 წლიდან _ ლათინურზე, 1938 წლიდან _ რუსულ გრაფიკზე.

ნოღაელთა ეთნოსი ნოღაელების ჩრდილოეთ კავკასიაში მოსვლამდე ჩამოყალიბდა. ნოღაელთა ეთნიკურ საფუძველს ირტიშისპირეთში, ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში, დეშტი-ყივჩაღში, შუა აზიაში, ჩრდილოეთ კავკასიაში ძველი თურქუ-ლენოვანი და მონღოლურენოვანი ტომები წარმოადგენენ. მათ ფორმირებაში მონაწილეობა მიიღეს ყისუნებმა, უიგურებმა, ნაიმანებმა, კერეიტებმა, ყივჩაღებმა, დურმენებმა, ყატაგანებმა, ყუნგრატებმა, მანგიტებმა, კენეგესებმა, კანგლებმა, ასებმა, ბულგარებმა და სხვებმა. დომინირებული როლი კი ყივჩაღებმა შეასრულეს.

სხვადასხვა ეპოქაში ისინი შედიოდნენ ჰუნების კავშირში, თურქულ ყაღანატებში, ბულგარულ-ხაზარულ გაერთიანებებში. ნოღაელთა სახელწოდება მომდინარეობს ოქროს ურდოს მმართველ ნოღაის სახელიდან (ჩინგის ხანის შვილი), რომელიც არაერთხელ მოიხსენიება იმ დროს (XIIIს.). წერილობით წყაროებში ცნობილია, რომ ოქროს ურდო ეთნიკურად ერთგვაროვანი არ იყო.


XIVს-ში ოქროს ურდოს დაცემის შემდეგ, ჩამოყალიბდა ნოღაის ურდო. ეთნონიმი “ნოღაელი” ძირითადად გავრცელდა ხან ედიღეს დროს (XIVს. ბოლო _ XVს. დასაწყისი). პირველი ცნობები ნოღაელების ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში გამოჩენის შესახებ, მათ შორის თერიგსა და სულაკის დაბლობებში, XVს-ის ბოლოს მიეკუთვნება.

XVIს-ის მეორე ნახევარში ძმათამკვლელი ომის შემდეგ ნოღაის ურდო ორ ულუსად გაიყო: დიდი ნოღაი და პატარა ნოღაი. აქედან მოყოლებული ჩრდილოეთ კავკასიის სტეპები ნოღაელთა ბინადრობის ძირითად რაიონებად იქცა. პატარა ურდო შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში ბინადრობდა. ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთი რაიონებიც პატარა ნოღაელთა ურდოდან გამოსულებს ჰქონდათ დაკავებული. თერგისა და სულაკის დაბლობში ნოღაელთა დიდი ურდო მომთაბარეობდა.

XVIIს-ის ბოლოს ნოღაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თერგისა და სულაკის დაბლობებიდან მოზდოკის სტეპში გადასახლდა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ნოღაელთა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჯგუფს და რომლებიც ყარანოღაელების სახელით არიან ცნობილი.


XVIIს-ის შუა ხანებში ნოღაელთა ნაწილი დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე მდინარეებს ინჯიკსა და ზელენჩუკს შორის მომთაბარეობდა. ნოღაელთა ბინადრობის ტერიტორია დიდ სივრცეს მოიცავდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამას მათი მომთაბარული ცხოვრება განაპირობებდა.

XVIIIს-ის დასაწყისში მათი სამომთაბარო ადგილები მდ. იაკიდან მდ. დნესტრამდე იყო გადაჭიმული. ნოღაელთა ბინადრობის ტერიტორიაში შედიოდა აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის და კავკასიისწინეთის რაიონები, სადაც ისინი არა მხოლოდ მომთაბარეობდნენ, არამედ თანდათან გადადიოდნენ ბინადარ ცხოვრებაზე. ნოღაელთა ტერიოტრიულ განსახლებაზე საგარეოპოლიტიკური ფაქტორებიც ახდენდა გავლენას.

ყირიმელი ხანებისა და ყალმუხების ლაშქრობებმა ნოღაელთა ვოლგიდან ყუბანისაკენ მრავალრიცხოვანი გადაადგილებანი გამოიწვია (1715-1723წწ.) და პირიქით, ყუბანელი ნოღაელებისა _ ყირიმსა და დიდ ყაბარდოში. 1785 წელს ყუბანისიქითა ნოღაელების ნაწილი ყიზლარის სტეპებში ყარანოღაელებს შორის გადასახლდა, მაგრამ 1799 წელს, ყარანოღაელებთან გართულებული მდგომარეობის გამო, დაახ. 400 კიბიტკით სხვაგან მიგრირდნენ. ურუპსა და ლაბას შორის მომთაბარე ორი ათასი კიბიტკა 1787 წ. ყუბანის მარჯვენა მხარეს გადავიდა და აქ მომთაბარე ნოღაელთა 1500 კიბიტკას შეუერთდა.

XVIIIს-ის 80-იან წლებში ახლად შექმნილი კავკასიის გუბერნიის ფარგლებში ნოღაელთა სამი ჯგუფი იყო ცნობილი: ყიზლარის (ძირითადად ყარანოღაელები), მოზდოკის (მდ. ყუბანიდან გამოსახლებულნი) და ბეშტოველები, რომლებიც პიატიგორიეს რაიონში ცხოვრობდნენ. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ნოღაელების ურალის იქით გადასახლებას. ამის გამო, 1783 წელს მათ წინააღმდეგ ა. სუვოროვის მეთაურობით, რეგულარული ჯარის ნაწილები გააგზავნეს. ლაშქრობის შედეგად ათეული ათასი ნოღაელი გაანადგურეს.

XVIIIს-ის ბოლოს შექმნილი მდგომარეობისა და აგიტაციის შედეგად, ნოღაელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა თურქეთში გადასახლდა. დარჩენილი ნოღაელების ნაწილი, პოტიომკინის ბრძანებით, ყირიმსა და შემდეგდროინდელ სტავროპოლის გუბერნიაში გადაასახლეს.


1850 წელს ნოღაელთა ახალი ტალღა მიგრირდა თურქეთში. 1860-იანი წლების დასაწყისში კავკასიის ომის დამთავრებისთანავე, ნოღაელებმა იძულებით დატოვეს ყუბანის ზემო წელი, მალკისა და დიდი ზელენჩუკის ხეობები, ლაბა. ბროკჰაუზეფრონის ენციკლოპედიის მონაცემებით, თურქეთში დაახლ. 180 ათასი ნოღაელი გადასახლდა.

საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში მოსახლე ნოღაელები სამ სხვადასხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულში აღმოჩნდნენ. მათი ერთი ნაწილი დაღესტანში ცხოვრობს, მეორე ნაწილი _ ჩაჩნეთში და მესამე ნაწილი _ სტავროპოლის მხარეში.

ნოღაელთა ურდოსათვის დამახასიათებელი იყო ფეოდალურ-პატრიარქალური ურთიერთობები. შემორჩენილი იყო გვარტომობრივი დაყოფის გადმონაშთები, გვაროვნული და სამეზობლო დახმარება, სისხლის აღება, სტუმართმოყვარეობა, ათალიკობა. XIXს-ში ოჯახის ორი ფორმა არსებობდა: დიდი (პატრიარქალური) და პატარა.

XIXს-ში ნოღაელთა მთავარი სამეურნეო საქმიანობა მომთაბარე მესაქონლეობა იყო (ცხვარი, თხა, მსხვილფეხარქოსანი საქონელი), მეცხენეობა, მეაქლემეობა. ნოღაელი მომთაბარის ძირითად სიმდიდრეს ცხენი, აქლემი და ცხვარი წარმოადგენდა. მესაქონლეობასთან ერთად, ბინადარი ნოღაელები მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ. ნოღაელთა ძველ სამეურნეო საქმიანობად მონადირეობა და მეთევზეობაც ითვლებოდა.


image


ნოღაელთა დასახლების დამახასიათებელი ტიპი XIXს-ის ბოლოს მომთაბარე აულები იყო, რომლებიც იყოფოდნენ გაზაფხულ-ზაფხულის, ზაფხულ-შემოდგომისა და ზამთრის აულებად. ნოღაელთა ტრადიციული საცხოვრებელი კიბიტკა (იურტა) იყო.

ნოღაელთა ტრადიციული საჭმელი ხორცი და რძის პროდუქტები იყო. საქორწინო ასაკი გოგონებისათვის 13-15 წელი იყო, ვაჟებისათვის _ 15-20 წელი. ქორწინება მკაცრად ეგზოგამიური იყო. თერგსულაკის დაბლობის ნოღაელებში ეგზოგამიას მამის ხაზით შვიდი თაობის განმავლობაში იცავდნენ. დედის ხაზით ნათესავებზე დაქორწინება დაშვებული და სასურველიც იყო, რადგან დედის გვარს სხვა დამღა ჰქონდა. ქორწინების აუცილებელი პირობა ურვადის გადახდა იყო, რომლის რაოდენობა 15-დან 40 მსხვილფეხარქოსან საქონლამდე მერყეობდა.


ნოღაელები სუნიტი-მუსლიმები არიან, რომელიც მათ შორის XIIIს-ის მეორე ნახევარში გავრცელდა. ნოღაელებს მდიდარი ფოლკორი აქვთ. საგმირო პოემები, საწესჩვეულებო პოეზია, ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები, ანდაზები, გამოცანები. დიდად იყო განვითარებული მუსიკალური ფოლკლორი, ქორეოგრაფია, აგრეთვე ხალხური თამაშობები და სპორტული ასპარეზობები (ჭიდაობა, დოღი და სხვ.).

ნოღაელებს დამუშავებული ჰქონდათ ხალხური კალენდარი, რომელთა შორის ყველაზე ძველი იყო 12-წლიანი ცხოველთა ციკლი. ისინი ამ კალენდრით XIX-XX სს-ის მიჯნამდე სარგებლობდნენ. ამ ციკლის მიხედვით წელთაღრიცხვა შემდეგი სახით წარმოგვიდგება: პირველი წელი _ თაგვის, მე-2 წელი _ ძროხის, მე-3 წელი _ ჯიქის, მე-4 წელი _ კურდღლის, მე-5 წელი _ თევზის, მე-6 წელი _ გველის, მე-7 წელი ცხენის, მე-8 წელი _ ცხვრის, მე-9 წელი _ მაიმუნის, მე-10 წელი _ ქათმის, მე-11 წელი _ ძაღლის, მე-12 წელი _ ღორის.

ნოღაელებში ყველაზე გავრცელებული კალენდარი სამეურნეო კალენდარი იყო, რომლის თანახმად, წელიწადი მარტში იწყებოდა.

შემორჩენილი იყო ძველი თურქული ღვთაების _ თენგრის რწმენა-წარმოდგენების გადმონაშთები.

90-იანი წლების დასაწყისი ნოღაელებში ნაციონალური თვითშეგნების აღმავლობის პერიოდი იყო. ისინი რუსეთის ფედერაციაში ნოღაელთა ავტონომიის შექმნას ითხოვენ.


როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია–ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.


0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0