x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის საკითხები საწარმოთა ზომითი კატეგორიების მიხედვით
image


განვითარებადი ეკონომიკის მქონე მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სუბიექტებს, რომლებიც მოიაზრებიან მცირე და საშუალო საწარმოებად და რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს) შესაბამისად, როგორც წესი, არ მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური სავალდებულო აუდიტი. “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური სავალდებულო აუდიტი მოეთხოვებათ, მხოლოდ საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს (სდპ) და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს. გარე აუდიტორის დაქირავება საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებიც ანგარიშგებას წარადგენენ მსს ფასს-ის შესაბამისად, არ მოეთხოვებათ ყოველწლიური სავალდებულო აუდიტი, შესაბამისად, განთავისუფლებულები არიან აუდიტთან დაკავშირებული დანახარჯებისაგან და ვალდებულნი არიან ყოველწლიურად წარადგინონ არააუდირებული ფინანსური ანგარიშგება.


მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არასავალდებულო/საინიციატივო აუდიტის ჩატარების შემთხვევაში, დანახარჯები მსხვილი საწარმოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით მომზადებული ანგარიშგების აუდიტთან შედარებით ნაკლები იქნება, რადგან, გარე აუდიტორისთვის მცირე და საშუალო საწარმოს მსს ფასს-ის მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ნაკლებად შრომატევადია.


საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს გააჩნიათ შეზღუდული წვდომა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, რადგან მათი ფასიანი ქაღალდებით არ ხდება ვაჭრობა საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე. მათი დაფინანსების წყაროს ძირითადად წარმოადგენს მფლობელების საკუთარი კაპიტალი და კომერციული ბანკებიდან მიღებული სესხები. ნებისმიერი კომერციული ბანკი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ ბიზნესისთვის კრედიტის გაცემის შესახებ, დეტალურად იკვლევს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. გასული პერიოდების ფინანსურ შედეგებს, საპროგნოზო მაჩვენებლებს, მომავალში მისაღებ ფულად ნაკადებსა და სუბიექტის საოპერაციო გარემოს მის წინაშე არსებული საბაზრო რისკების გათვალისწინებით. საკრედიტო დაწესებულებებისთვის, თუნდაც ტრანზაქციის დანახარჯების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია სუბიექტის ფინანსური ანგარიშგება აკმაყოფილებდეს ყველა იმ ხარისხობრივ მახასიათებლებს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და რომლებიც ინფორმაციის მომხმარებლებისთვის საიმედო ინფორმაციის მიწოდების გარანტია.


მცირე და საშუალო საწარმოებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებს, კანონი ავალდებულებს, გამოიყენონ მსს-ფასს სტანდარტები ან ფასს-ის სრული ვერსია. “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, შესაძლებელია მცირე და საშუალო საწარმოების მიერ მსს ფასს-ის გამოყენება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი საანგარიშგებო წლის განმავლობაში გასცდებიან საშუალო საწარმოსთვის განკუთვნილი ზომითი კატეგორიების შესაბამის მაჩვენებლებს. იმისათვის, რომ სუბიექტს დაევალოს მსს ფასს-ის ფასს-ით ჩანაცვლება, საჭიროა მისი მაჩვენებლები, გასული ორი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, გასცდეს მცირე და საშუალო საწარმოსთვის განკუთვნილი ზომითი კატეგორიის შესაბამის კრიტერიუმებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპანიის მართვაზე და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირები კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებით მანიპულირებენ იმგვარად, რომ მათ არ მოუწიოთ ფასს-ზე გადასვლა და ამით ამცირებენ ახალი სტანდარტის დანერგვისა და გარე აუდიტორის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს.


იდეალურ შემთხვევაში, პროგრესისა და განვითარებისკენ ორიენტირებული კომპანიისთვის მსს ფასს სტანდარტები უნდა იყოს მოსამზადებელი ეტაპი ფასს-ის სრულ ვერსიაზე გადასვლისთვის. მსს ფასს-ზე მხოლოდ დამატებითი ხარჯების შემცირების მიზნით დარჩენამ კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს კომპანიაზე, კაპიტალის მოზიდვისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მიმართულებით.


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ანთია
დავით ანთია
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0