x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ყუმუხები
image


ყუმუხები ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დიდი თურქულ-ენოვანი ეთნოსია. ცხოვრობენ დაღესტნის მთისწინეთსა და ყუმუხეთის დაბლობში. ისინი ამ მიწა-წყლის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. ბინადრობენ დაღესტნის ხასავიურტის, ბაბაიურტის, ყიზილიურტის, ბუინაკსკის, ყარაბუდახკენტის, კაიაკენტის და ხაიტაყის რაიონებში, მაჰაჭყალის ირგვლივ ექვს სოფელში, ქალაქებში: მაჰაჭყალა, ხასავიურტი, ბუინაკსკი, იზბერბაში, დერბენტი.

ყუმუხები დაღესტნის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ. 1989 წლის აღწერით ყუმუხების საერთო რაოდენობა 281, 9 ათასი კაცი იყო, დღეისათვის _ დაახლოებით 350 ათასი, მათ შორის დაღესტანში _ დაახლ. 280 ათასი (2000 წლის მონაცემებით).

ყუმუხების თითქმის ნახევარი ქალაქებშია კონცენტრირებული. დაღესტნის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციაში ყუმუხების 20%-ზე მეტი ცხოვრობს. შედარებით დიდი რაოდენობით ყუმუხები მკვიდრობენ ჩაჩნეთის გუდერმესისა და გროზნოს რაიონებში (10 ათასი კაცი), ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის რაიონში (9, 5 ათასი). განსახლებული არიან აგრეთვე რუსეთის სტავროპოლისა და ტიუმენის ოლქებში, რუსეთის საზღვრებს გარეთ _ ყაზახეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში. ყუმუხთა დიასპორა გვხვდება თურქეთში, იორდანიაში და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.


ყუმუხების თვითსახელწოდებაა ყუმუკ. ამ ეთნონიმიდან მომდინარეობს რუსული და ნოღაური “კუმიკი”, ჩაჩნური _ “გუმკი”. დაღესტნის მეზობელ ხალხებში ყუმუხთა ეგზოეთნონიმი გადმოიცემა სიტყვებით: “ბარის მცხოვრებნი”: ხუნძურად _ “ლარაგალ”, დარგუულად _ “დირკალანტი”, ლაკურად _ “არნისა”.

ყუმუხები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის კასპიურ ტიპს მიეკუთვნებიან. ყუმუხთა ზოგიერთ ჯგუფში კავკასიური ტიპის მინარევიც არის შენიშნული. ყუმუხური ენა დაღესტნის ერთ-ერთ ძველი დამწერლობის ლიტერატურული ენაა. ის შედის თურქულ ენათა ყივჩაღურ ქვეჯგუფში.

მეცნიერებმა ყუმუხურ ენაში აღმოაჩინეს აგრეთვე სკვითური (VIII-IIIსს. ძვ.წ.), კიმირიული (ძვ.წ. VIIIს.), ჰუნთა (IVს.), ბულგართა, ხაზართა (VXსს.) და ოღუზთა (XI-XIIსს.) ენების უფრო ძველი ელემენტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყუმუხების ეთნოსი სხვადასხვა ეთნოსთა შეერთების შედეგადაა ჩამოყალიბებული. ყუმუხურ ენას რამდენიმე დიალექტი აქვს. ლიტერატურელი ენა კი ჩამოყალიბებულია ხასავიურტული და ბუინაკსკური დიალექტების საფუძველზე.

მას საკმაოდ დიდი ხნის დამწერლობითი ტრადიცია აქვს. დადგენილია, რომ ის ტომები, რომლებიც ასე თუ ისე მონაწილეობდნენ ყუმუხთა ეთნოგენეზში, სარგებლობდნენ ალბანური და რუნული (ძველთურქული) გრაფიკებით.


მეცნიერებს აქვთ ცნობები იმის შესახებ, რომ დაღესტნელი ჰუნებისათვის (სავირებისათვის) დამწერლობა შექმნეს ბიზანტიელმა და სომეხმა მისიონერებმა, ხაზარების პერიოდში კი _ ახალი დამწერლობა ბერძნული ანბანის საფუძველზე. ამას გარდა, ხაზარი ყაღანები მიმოწერაში იყენებდნენ ძველებრაულ ანბანს. არაბთა დაპყრობების შემდეგ, VIII-X სსდან ისლამის და ისლამური კულტურის შემოჭრისას თანდათან არაბული გრაფიკა გავრცელდა, რომელიც რეფორმის შემდეგ ადგილობრივი ენების ბგერით სისტემებს შეეწყო, მათ შორის, ყუმუხურ ენას (აჯამი).

1929 წ. ყუმუხური გადაიყვანეს ლათინურ გრაფიკაზე, 1938 წლიდან კი _ რუსულზე. XIXს-ის ბოლოს ყუმუხურ ენაზე გამოვიდა პირველი ნაბეჭდი წიგნები. ამასთან ერთად ხელნაწერ არაბოგრაფიულ ტრადიციას ბევრად ადრეული ფესვები აქვს. ყველაზე ადრინდელი ასეთი ძეგლია “დერბენდნამე” (XIVს.) _ დაღესტნის ხალხთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე პირველი ორიგინალური წყარო.

ხაზართა დროიდან დაწყებული XXს-ის პირველ მეოთხედამდე ყუმუხთა წინაპარი თურქული ენა, შემდეგ კი თვით ყუმუხური ენა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ეროვნებათშორის ურთიერთობის ენა იყო. ყუმუხური ენა საბოლოოდ მონღოლთა პერიოდამდე ჩამოყალიბდა. ის კავკასიის ხალხების რუსეთის მეფეებთან მიმოწერის ოფიციალური ენაც იყო.

ყუმუხური ენა ვლადიკავკაზის, სტავროპოლის, მოზდოკის, ყიზლარის, თემირ-ხან-შურის და სხვ. გიმნაზიებსა და სასწავლებლებში ისწავლებოდა. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ყუმუხთა ეთნოგენეზში დაღესტნის მთისწინეთსა და ბარში მცხოვრებმა ადგილობრივმა დაღესტნური მოდგმის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მოსული თურქულენოვანი მოსახლეობა შეერია და ენობრივი თვალსაზრისით გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა. ამ პროცესის დაწყებას აქ ახ. წ. პირველ საუკუნეებს უკავშირებენ. სხვა ავტორთა თვალსაზრისით, ყუმუხთა წინაპრების ფორმირებაში გარკვეული როლი ითამაშეს განზოგადოებული სახელწოდებით ცნობილმა ტომებმა, სახელდობრ: კიმირიელებმა (ძვ.წ. VIIIს-ის დასაწყისამდე), სკვითებმა (ძვ.წ. VIIIIIIსს.).


ეთნონიმ “ყუმუხის” მსგავსი ეთნონიმები (“კამაკი”, “გემიკინები”, “კიმიკები” და ა.შ.) გვხვდება პლინიუს სეკუნდას, კლკავდიოს პტოლემეოსის (ახ.წ. IIს.), ადრე შუა საუკუნეების არაბთა, მაჰმუდ ქაშგარელის (XIს.), პლანო კარპინის (XIIIს.) და სხვ. ავტორთა ნაშრომებში. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ყუმუხთა წინაპრები უდავოდ შედიოდნენ ჰუნების, სავირების, ბარსელების, ბულგარების სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში.

განსაკუთრებით დიდი როლი ყუმუხების ისტორიაში ხაზარებმა და ყივჩაღებმა შეასრულეს. ყუმუხი ხალხის ჩამოყალიბება მისი ამჟამინდელი ყივჩაღური ენით XII-XIIIსს. მოხდა.

განვითარებული ეთნიკური ნიშნებით ყუმუხები XIXს-ში მაღალკონსოლიდირებულ ხალხს წარმოადგენდნენ: მაღალი ეთნიკური თვითშეგნებისათვის დამახასიათებელი და შიდაეთნიკურობის შემაკავშირებელი ერთიანი ენდოეთნონიმით და ენით, ერთიანი კულტურული ბირთვის არსებობით, რეგულარული სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებით და ა.შ. თუმცა ეთნოკულტურული კონსოლიდაციის მიუხედავად, ყუმუხებში გამოიყოფოდა ეთნოგრაფიული ჯგუფები, რომლებსაც კულტურაში, ყოფაში, ენაში, ფოლკლორში შემორჩენილი ჰქონდათ ზოგიერთი სპეციფიური ნიშანი.

შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრიობის ტრადიციები მომდევნო პერიოდებშიც გრძელდებოდა, როდესაც ისინი სხვადასხვა საშამხლოებსა, სახანოებსა და სხვ. პოლიტიკურ სამფლობელოებში შედიოდნენ.

სოციალური თვალსაზრისით ყუმუხთა საზოგადოება შედგებოდა აზნაურებისაგან, სხვადასხვა კატოგორიის უზდენთაგან, გლეხთაგან და სხვ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ XVIს-დან ყუმუხებს მჭიდრო სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან. XIXს-ის დასაწყისში ყუმუხეთი რუსეთს შეუერთდა და დაღესტნის ოლქის ჩამოყალიბების შემდეგ (1860წ. ცენტრი ქ. თემირ-ხან-შურა) ფაქტობრივად ლიკვიდირებულ იქნა შამხალის, ხანების ხელისუფლება; ადრინდელი სამფლობელოების ნაცვლად ხაიტაყ-თაბასარანის, თემირ-ხან-შურის, ყუმუხეთის (გვიან ხასავიურტის) ოკრუგები ჩამოყალიბდა. ყუმუხები თემირ-ხან-შურის და ხასავიურტის ოკრუგებში მთელი მოსახლეობის 60%-ს შეადგენდნენ, ხაიტაყ-თაბასარანის ოკრუგში კი _ დაახლ. 15%-ს. 1920 წელს დაღესტნის ასსრ-ს შექმნის შემდეგ ყუმუხების უმეტესობა ხასავიურტის ოკრუგის შემადგენლობაში აღმოჩნდა, რითაც, ფაქტობრივად, ყუმუხების ბინადრობის ტერიტორიის დიდი ნაწილის ადმინისტრაციული ერთობა აღდგა (ბრაგუნელი და მოზდოკელი ყუმუხების გამოკლებით).


ძველთაგანვე ყუმუხების სამეურნეო საქმიანობის ძირითად დარგს მიწათმოქმედება წარმოადგენდა. მარცვლეულიდან მოყავდათ: ხორბალი, ქერი, ფეტვი, სიმინდი. მიწათმოქმედება სარწყავი იყო. ყუმუხებმა განავითარეს აგრეთვე: მებაღეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, ბაღჩეული კულტურების მოყვანა.

ყუმუხების სახალხო მეურნეობის მეორე მნიშვნელოვანი დარგია მეცხოველეობა, რასაც ყუმუხეთის კარგი სათიბები და საძოვრები განაპირობებდა. მეცხოველეობა სტაციონარული იყო. მთიანი დაღესტნის მცხოვრებნი ყუმუხებისაგან არენდით საზამთრო საძოვრებს იღებდნენ. იმავე არენდის პირობით ყუმუხები მთიელთა საზაფხულო საძოვრებით სარგებლობდნენ.

სამეურნეო-ეკონომიკური კავშირების ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არა მხოლოდ დაღესტნის მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს აკმაყოფილებდა, არამედ ხდებოდა შრომის რაციონალური გადანაწილება და, რაც მთავარია, მიწის გამო ეთნოსთა შორის კონფლიქტებსაც გამორიცხავდა.


image


ჯერ კიდევ XIXს-ის დასაწყისში ყუმუხეთში მიწაზე საზოგადოებრივი საკუთრება ფაქტობრივად არ არსებობდა. აქ გაბატონებული იყო ფეოდალური მიწათსარგებლობა.

აღნიშნულ პერიოდში მიწათმოქმედების სამი ძირითადი სახე არსებობდა: კერძო, სახელმწიფო და ვაკუფური (მეჩეთების მიწები). ზღვის სიახლოვემ ყუმუხებში მეთევზეობის განვითარებაც განაპირობა, რასაც დამხმარე ხასიათი ჰქონდა. ეკონომიკაში გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა მარილისა და ნავთობის მოპოვებას, რითაც მთიანი დაღესტნის მოსახლეობას ამარაგებდნენ.

ყუმუხეთზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა, კერძოდ, დიდი აბრეშუმის გზა. ყუმუხეთის ბარი დაღესტნის ბევრი რაიონისათვის ძირითად ბეღელად ითვლებოდა, რაც მის სავაჭრო და ეკონომიკურ აღმავლობას განაპირობებდა. ყუმუხთა დასახლების ძირითად ტიპს სოფელი (იურტი, გენტი, ავული) წარმოადგენდა.


ყუმუხეთის ტერიტორიაზე ძველი და შუა საუკუნეების ბევრი ქალაქი (სემენდერი, ბელენჯერი, თარგუ, ენდერი და სხვ.) მდებარეობდა; აქვეა თანამედროვე დაღესტნის ქალაქები (მაჰაჭყალა, ბუინაკსკი, ხასავიურტი და სხვ.). არაბ-ხაზართა ომის პერიოდში, მონღოლთა ლაშქრობებისას, კავკასიური ომების მიმდინარეობის დროს, ბევრი ყუმუხური სოფელი მიწის პირისაგან აღიგავა, მაგრამ მშვიდობიან დროს ბევრი მათგანი კვლავ აღორძინდებოდა ხოლმე. მეფის რუსეთის დაპყრობების დროს და შემდეგაც, ყუმუხეთის ბარში ბევრი რუსული სიმაგრე და სოფელი აშენდა.

აქ ნოღაელთა ნაწილიც ბინადრობს, რომლებსაც შექმნილი აქვთ როგორც ცალკეული დასახლებები, ისე ყუმუხთა სოფლებში არიან განსახლებული. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყუმუხეთში ეთნიკური სიტუაცია ძალიან შეიცვალა.

1950-1970-იან წლებში მთიდან ბარში ორგანიზებულად 350 ათასზე მეტი მთიელი გადაასახლეს. ამას გარდა, 100 ათასზე მეტი ადამიანი დამოუკიდებლად მიგრირდა. ყოველივე ამან ყუმუხებს თავის ძირძველ ტერიტორიაზე მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი დააკარგვინა, მოესპოთ ბინადრობის კომპაქტურობის საშუალება; იქცნენ ეთნიკურ უმცირესობად, რითაც ეთნოსის თვითგადარჩენის პრობლემის წინაშე დადგნენ.

XIXს-მდე ყუმუხელთა თუხუმმა (ტაიპა, ყავუმი, ჯინსი) ცვლილებები განიცადა. მიუხედავად ამისა თუხუმში მხოლოდ მამის ხაზით ნათესავები (ჩვეულებრივ 100-150 კაცი) შედიოდნენ. დიდ როლს აკუთვნებდნენ ნათესაობას.

მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არასისხლიერი კავშირებიც: ათალიკობა (ბავშვის სხვის გვარში გაზრდა), ყონაღობაძმობილობა. XIXს-ში ყუმუხების ოჯახის ძირითადი ტიპი პატარა ოჯახი იყო, თუმცა აქა-იქ 25-30 კაციანი გაუყოფელი ოჯახებიც იყო შემორჩენილი. ოჯახის ყველა წევრი ოჯახის უფროსს უსიტყვოდ ემორჩილებოდა, რომელიც, ჩვეულებრივ, ასაკით უფროსი მამაკაცი იყო და რომელიც განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობდა. მაგრამ უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა ზოგჯერ საოჯახო საბჭოზე ხდებოდა, რომელშიც ყველა ასაკით უფროსი და ზოგიერთი ქალიც მონაწილეობდა.


ქორწინება და განქორწინება შარიათით რეგულირდებოდა. ქორწინდებოდნენ 15-16 წლის ასაკიდან. იცოდნენ ურვადი. ქორწილის დროს ნეფე ახლო მეგობრის სახლში იმყოფებოდა. ყუმუხების საოჯახო-ნათესაურ ურთიერთობებში ტრადიციული იყო უმძრახობის წესჩვეულება.

ყუმუხეთში სუნიტური მიმართულების ისლამი VIII-XIIსს-ში გავრცელდა. სხვადასხვა მონაცემებით, ამ პერიოდამდე ყუმუხებში ქრისტიანობაც იყო გავრცელებული, ხაზარეთის ზედა ფენებში კი _ იუდაიზმიც. ისლამის ადრე გავრცელებამ წარმართობის დროინდელი რწმენა-წარმოდგენები ფაქტობრივად გააქრო. ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ყუმუხები ეთაყვანებოდნენ უმაღლეს ღვთაებას _ თენგირის, მზის, მთვარის, დედამიწის და წყლის ღვთაებებსა და სულებს.

შემორჩენილია თქმულება გადმოცემები, საწესჩვეულებო სიმღერები და სხვ. ყუმუხებს შორის ფართოდაა გავრცელებული მუსლიმური მითოლოგია. ყუმუხებში მნიშვნელოვან დონეს მიაღწია ორნამენტულმა ხელოვნებამ. მაგალითად, ძველი ტიპის სახლებში დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოჩუქურთმებულ ორნამენტს, რომლებითაც სახლის ხის ნაწილებსა და კარებებს რთავდნენ.

ორიგინალური და მაღალი მხატვრული ხარისხით გამოირჩეოდა ყუმუხური ხაოიანი ხალიჩები, ქეჩის ფარდაგები, ჭილოფები, ხურჯინები. ყუმუხმა ხალხმა შექმნა ფოლკლორის მაღალმხატვრული ნიმუშები. გავრცელებული იყო ნართული ეპოსიც. “ანჟის ბრძოლის თქმულებაში” არაბ-ხაზართა ომის პერიოდია ასახული. კალენდარულ-საწესჩვეულებო პოეზია წარმოდგენილია წვიმის გამოწვევის, საშემოდგომო და საგაზაფხულო სიმღერებით.


ყუმუხური ლიტერატურის ფორმირება XIV-XV სს-ში დაიწყო (უმუ ქამალი, ბაღდად ალი, მუჰამედ ავაბი), თუმცა მნიშვნელოვან დონეს მხოლოდ XVIII-XIXსს-ში მიაღწია, როდესაც მოღვაწეობდნენ ისეთი პოეტები, როგორებიც იყვნენ ა. კაკაშურინსკი, ირცი ყაზახი, მ.-ე. ოსმანოვი და სხვ.

ყუმუხები იყვნენ წარმოშობით რუსი პოეტი არსენ ტარკოვსკი და მისი შვილი, მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი. ყუმუხებში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ასტრონომიული ცოდნა, რასაც მრავალი პლანეტისა და თანავარსკვლავედთა სახელწოდებებიც ადასტურებს.

ყუმუხთა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა სპორტის ეროვნული სახეობები. მათ ჰქონდათ “ბალახის ჰოკეის” თავისებური სახეობა: საღამოთი აბედს (ნაცარტუტში გამოხარშული ხის ერთგვარი სოკო) მოუკიდებდნენ ცეცხლს და მის წართმევაში ერთმანეთს ხოკიჯოხით (ყვანჯით) ეპაექრებოდნენ, დღესასწაულებზე იმართებოდა დოღი.


როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0