x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ბალყარელები – კავკასიელი მთის თათრები
image


ბალყარელები ყარაჩაელების მონათესავე თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც კავკასიის ჩრდილოეთის ქედის ცენტრალური ნაწილის მთიან მონაკვეთში მკვიდრობენ. მკვლევარები თვლიან, რომ ბალყარელები და ყარაჩაელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ჯგუფში შედის.

ყარაჩაელებს ბალყარელებისაგან იალბუზის მთა ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთ მხარეს კი ბალყარელები ცხოვრობენ. 1980-იან წლებში ყაბარდო-ბალყარეთში 59, 7 ათასი ბალყარელი მკვიდრობდა, მთელ საბჭოთა კავშირში კი _ 66 ათასი.

მე-20ს-ის 90-იან წლებში ყაბარდობალყარეთში 70, 8 ათასი ბალყარელი იყო, რუსეთში _ 78, 3 ათასი. ყაზახეთში ცხოვრობდა 3 ათასი ბალყარელი, ყირგიზეთში _ 2, 1 ათასი. ამრიგად, მათი საერთო რაოდენობა 80 ათას კაცს აჭარბებს.



არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბალყარელები თავიანთ თავს ბალყარელებს არ უწოდებდნენ. მათი თვითსახელწოდებაა “თაულუა”, რაც მთიელს ნიშნავს. ბალყარელთა ლოკალური ჯგუფებია: ბალყარელები (მალყარელები) (ბალყარულად _ მალყარლილა); ეს ჯგუფი მკვიდრობს ბალყარეთის ხეობაში მდ. აღმოსავლეთ ჩერეკის ირგვლივ; ბიზინგიელები (ბიზინგიჩილა, ცხოვრობენ მდ. დასავლეთ ჩერეკის ზემო წელში); ხოლამელები (ხოლამილა, ცხოვრობენ მდ. დასავლეთ ჩერეკის შუა წელზე); ჩეგემელები (ჩეგემლილე, ცხოვრობენ ჩეგემის ხეობაში); ურუსბიელები ანუ ბაქსანელები (ბაქსანაჩილა, ცხოვრობენ ბაქსანის ხეობაში).

ბალყარელების აღმნიშვნელი ეთნონიმები “თაულუსთან” ერთად აღნიშნული ხუთი ხეობის სახელწოდებებიც იყო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მალყარელები (ბალყარელები) მხოლოდ ჩერეკის ხეობაში მოსახლეებს ეწოდებოდათ. ეს სახელწოდება ამ დროიდან მთელ ხალხზე გავრცელდა. ყაბარდოელები ბალყარელებს “ქუშხე”-ს სახელით მოიხსენიებენ. ეს სიტყვა მთიელს ნიშნავს. ოსები მათ ასიაგს, ასონს უწოდებდნენ. რაც შეეხება ქართველ მთიელებს _ სვანებს, ისინი ამ თურქულენოვან მეზობელ ხალხს “მუსავ”-ს (მხ. რ.), “სავიარ” (მრ. რ.) უწოდებდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბალყარელებით განსახლებულ ტერიტორიაზე ოდესღაც სავირებს უცხოვრიათ, რომლებსაც შემდეგ ირანულენოვანი ალანები ჩაენაცვლნენ. ქართულ წყაროებში ბალყარელები “ბასიანის” სახელით იყვნენ მოხსენიებულნი.

XIXს-ის ოფიციალურ რუსულ წყაროებსა და ლიტერატურაში ბალყარეთი ცნობილია “ყაბარდოს ხუთი მთის საზოგადოების” სახელით, ბალყარელები კი მთის თათრებად იწოდებოდნენ.

ბალყარულ ენაზე დამწერლობა 1924 წელს შეიქმნა (თავდაპირველად ლათინურ, შემდეგ _ რუსულ გრაფიკზე დაყრდნობით). ბალყარული ლიტერატურული ენის საფუძველს ბაქსანურჩეგემური დიალექტი წარმოადგენს.

ბალყარელების (და ყარაჩაელების) ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში დასახლება მონღოლთა შემოსევების შემდეგ, XIII-XIV სს-ში მოხდა. ბალყარების ფორმირების პროცესში მინიმუმ სამი ეთნიკური კომპონენტი მაინც მონაწილეობდა: უძველესი _ კავკასიურენოვანი მოსახლეობა, ირანულენოვანი ალანები, რომლებიც ცენტრალური კავკასიის მთიან ზოლში VI-VIIსს-ში შემოვიდნენ (ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ალანები აქ ჰუნების შემოსევების შემდეგ, IV-Vსს-ში დასახლდნენ) და თურქულენოვანი ტომები, რომელთა შორისაც ყივჩაღების მიგრაცია უეჭველად დადასტურებულია.

ფიქრობენ, რომ თურქულენოვან მიგრანტებს შორის ყუბანელი ბულგარელებიც იყვნენ. XIIIს-ში, მონღოლებთან დამარცხების შემდეგ, ყივჩაღთა ნაწილმა თავი კავკასიის მთებს შეაფარა, სადაც ირანულენოვანი ალანები ცხოვრობდნენ. იმ დროს კავკასიის მთიანეთში ირანულენოვანი ალანების განსახლების არეალი სწორედ დღევანდელი ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორია იყო, დიგორის ხეობასთან ერთად (რაც შეეხება ოსეთის სამ ხეობას _ თაგაურს, ქურთაულს და ალაგირს, აქ ალანები მაშინ არ ცხოვრობდნენ. ისინი ამ ხეობებში დასახლებას მხოლოდ XIII-XIVსს-ში იწყებენ).

საყურადღებოა ზოგიერთი გადმოცემა, რომელიც ბალყარელთა წარმომავლობას ეხება. პფაფის მიერ ჩაწერილი გადმოცემით, არაბების მიერ დაღესტანში განადგურებულ ხაზართა (737წ.) სამმა ტომმა თავი დააღწია მტერს და ყაბარდოში გაიქცა და მდ. ჩეგემის ხეობაში დასახლდა. კაზარის ხეობის სახელი სწორედ ამის დამამტკიცებელია. ჩეგემელი ბალკარუკოვების საგვარეულო გადმოცემით, ჩეგემის ხეობის მოსახლეობას ძველი დროიდან მართავდა ხაზარული წარმოშობის თავადი ბერდიბეი.

აგრეთვე, ითვლება, რომ ბალყარელების ფუძემდებელი მისაკი გადმოსახლებამდე ცხოვრობდა სადღაც ყუმუხეთის ველებში. სხვა გადმოცემით კი ბალყარელების წინაპრები მალყარი და მისაკი ბალყარეთში მოვიდნენ რომელიღაც ადგილიდან, რომელსაც ბორაგანი ერქვა.

აღსანიშნავია, რომ ბორაგანი ყუმუხურ-ხაზარული ტომების სახელწოდება იყო, რომლებსაც VIIს-ში ჩრდილეოთ კავკასიის სტეპები და მთისწინეთი ეკავათ კისლოვოდსკიდან დერბენტამდე. ოქროს ურდოს პერიოდში არსებობდა ბორაგან-მაჯარის ადმინისტრაციული ოლქი. ყარაჩაულ-ბალყარულ ფოლკლორში ნართაულად ნათქვამია, რომ ოდესღაც ქალაქი ბორაგანი, რომელიც თითქოს სახანოს დედაქალაქი იყო და ის ჩრდილოეთ კავკასიის და შავიზღვისპირეთის არეალში თავის შემადგენლობაში ყუმუხებს, ყარაჩაელებს, ბალყარელებს და სხვა თურქულ ტომებს აერთიანებდა.


რუსულ წყაროებში ბალყარელები (ბოლხარები) პირველად XVIIს-ში არიან მოხსენიებულნი. თუმცა სახელწოდება “ბალყარელები” მხოლოდ მდ. ჩერეკზე მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნავდა.

ბალყარელები დასახელებული არიან 1768 წლის დოკუმენტშიც. ბალყარელები პირველად დასავლეთევროპულ წყაროებში XVIIIს-ის დასაწყისში არიან დაფიქსირებულნი. 1718 წელს გოტლიბ შობერი ბალყარელ თათრებს მოიხსენიებს. გიულდენშტედტი და პალასი ბალყარის და ყარაჩაის ოკრუგებს ახსენებენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა: როდის მოახდინეს ირანულენოვანი ტომების ასიმილირება თურქულენოვანმა ტომებმა.

ეს პროცესი ძირითადად XIII-XIV საუკუნეებშივე მოხდა. ამის დამადასტურებელია XIVს-ის არაბი გეოგრაფის აბულფედის ცნობა, რომელიც აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის აღმოსავლეთით, კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე ცხოვრობენ ალანთა თურქულენოვანი ტომები და მათ გვერდით აგრეთვე თურქული რასისანი, რომლებიც ასებად იწოდებიან. მიუხედავად ამისა, რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ XVIIIსის 40-იან წლებში ეს პროცესი ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო (განსაკუთრებით აღნიშნავენ დიგორთან მოსაზღვრე რაიონების ორენოვნების შესახებ). წყაროებში აღნიშნულია, რომ ბალყარეთის ზოგიერთ მხარეში ორ ენაზე თურქულ და სონურ ენებზე ლაპარაკობდნენ.


image(სვანური კოშკი ბალყარეთში)



ბალყარელთა და ოსთა ისტორიული ეთნოგენეტიკური კავშირები და ბალყარეთ-დიგორის საზღვარზე ორენოვნება საისტორიო წყაროებითა და გადმოცემებით დადასტურებულია, მაგრამ გასაოცარია, როდესაც “სონურ” ენაში რუსი ავტორები ოსურ ენას გულისხმობენ.

სონური ენა რა თქმა უნდა, სვანური ენაა. ისტორიულად დადასტურებულია, რომ დღევანდელი ბალყარეთის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთში, ხანრძლივი პერიოდის მანძილზე, სვანები ცხოვრობდნენ. მაგალითად, კლაპროტი აღწერდა რა ბალყარეთის საზოგადოებებს, აღნიშნავდა, რომ სოფელი ხულამი დასახლებულია სვანური გვარებით, რომლებიც ჯერ კიდევ იმერულად იმოსებიან და თავის თავს სვანებს უწოდებენ.

სვანური გვარების მატარებელნი მკვიდრობენ არა მარტო აქ (ე.ი. ხულამში), არამედ გაფანტული არიან მეზობელ კაშკატაუში და ექვემდებარებიან ყაბარდოელებს. ე.ი. ბალყარეთში, კაშკატოის მწვერვალებთანაც სვანები ცხოვრობდნენ.

ისინი დროთა განმავლობაში ასიმილირებული იქნენ ბალყარელების მიერ. ბალყარეთში არის გვარი შვანლარი (ყარაჩაიში _ ებზელერ), რაც პირდაპირ მათ სვანურ წარმომავლობაზე მიუთითებს. არაერთ სხვა ბალყარულ გვარსაც აქვს გადმოცემა სვანური წარმომავლობის შესახებ (მაგალითად, აბეევები და ედებოლოვები).

ცნობილია, რომ ბალყარელი შახმურზაევების გვარი გუჯეჯიანების გვარიდან მომდინარეობს. დადასტურებულია აგრეთვე რაჭველთა მიგრაციის ფაქტები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობანი ცალმხრივი არ იყო. გვაქვს შემთხვევები სავიართა (ბალყარელთა) სვანეთში მიგრაციისა. ისევე როგორც ყარაჩაის ტერიტორიაზე, ბალყარეთშიც ჩანს მოსახლეობისა და ეთნიკური ტერიტორიის ცვლა.


ბაქსანის ხეობა XVIIს-ში, დროის რაღაც მონაკვეთში, ყარაჩაელებით ყოფილა დასახლებული, რომლებიც XVIIIს-ის შუა ხანებში უკან, ყუბანის სათავეში გადასახლებულან. XVIIIს-ის 80-იან წლებში ბაქსანის ხეობაში ურუსბაევების გვარის სამფლობელოში, უკვე ცხოვრობდნენ ურუსბიელები.

XVIIIს-ში და XIXს-ის I ნახევარში ეს ხეობა დასახლებული იყო ბალყარეთის სხვადასხვა რაიონებიდან და კავკასიის სხვა მხარეებიდან მოსული მოსახლეობით. ბალყარეთის ყველა სოფლის მცხოვრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეზობელ ხალხებთან: ყაბარდოელებთან, ყარაჩაელებთან, ქართველ მთიელებთან (სვანებთან, რაჭველებთან).

XIXს-ის პირველ მესამედში ბალყარული საზოგადოებები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ. რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ 1827 წელს ურუსბაევის, ჩეგემის, ხოლამის და საკუთრივ ბალყარეთის მმართველებმა მიმართეს იმპერიის ხელისუფლებას, რათა ისინი მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობაში, იმ პირობით, რომ შეინარჩუნებდნენ შარიათული სამართლის ძველ წესებს, ისლამის თავისუფლად აღმსარებლობას.


1866 წელს ბალყარელები 10 ათასზე მეტნი იყვნენ, 1887 წელს _ 23, 1 ათასი. XIXს-ის 60-70-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში საგლეხო რეფორმის გატარების პერიოდში უმიწო ბალყარელების ნაწილი (ყარაჩაელებთან ერთად) ბარში დაასახლეს. ბარში გადასახლების მიუხედავად, XIXს-ის ბოლოს ბალყარელები მიწის სიმცირეს მაინც განიცდიდნენ. XXს-ის დასაწყისში ჭარბი მოსახლეობა 67%-ს შეადგენდა. მთიელები მარცვლეულს ბარის მცხოვრებლებისაგან ყიდულობდნენ, მიდიოდნენ სეზონურ გარე სამუშაოზე, იჯარით იღებდნენ მიწას ან გადასახლდებოდნენ ბარში. მთიელი ბალყარელები ბარის სოფლებში დროებით მაცხოვრებლის სტატუსით ემკვიდრებოდნენ.

1882 წელს ყველა ბალყარულ ხეობაში დაახლ. 13 ათასი კაცი მკვიდრობდა (41 სოფელში). ყველაზე დასახლებული იყო ბალყარეთის ხეობა (5 ათასი კაცი, 18 სოფელში). 1867 წელს მთებში გზების მშენებლობა დაიწყო, დაინერგა ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, გაიხსნა დაწყებითი სკოლები და ა.შ.

1921 წელს ბალყარელთა ოკრუგი მთიელთა ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს; 1922 წელს ჩამოყალიბდა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც 1936 წელს გადაკეთდა ავტონომიურ რესპუბლიკად.

1926 წელს ბალყარელების რაოდენობა 33, 3 ათასი კაცი იყო, 1939 წელს _ 42, 6 ათასი, 1959 წელს _ 42, 4 ათასი. 1944 წელს ბალყარელები (ყარაჩაელებთან ერთად) შუა აზიასა და ყაზახეთში იქნენ დეპორტირებული. 1957 წელს ბალყარელებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს და ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ აღადგინეს.

1991 წელს ყაბარდობალყარეთის რესპუბლიკა გამოცხადდა. ბალყარელები ძველისძველი მეცხოველეები არიან. მესაქონლეობა ბალყარელების მეურნეობის წამყვანი ტრადიციული დარგი იყო. მისდევდნენ მეცხვარეობას, მსხვილფეხარქოსანი საქონლის მოშენებას, მეცხენეობას; ჰყავდათ თხები. XVIIIს-ის ბოლომდე მისდევდნენ მეღორეობასაც. მეღორეობა ისლამის გავრცელებასთან ერთად გაქრა.

მაისიდან ოქტომბრამდე საქონელს მთის საზაფხულო საძოვრებზე აბალახებდნენ. გვიან შემოდგომაზე კი ყაბარდოს ველის საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. ბალყარელებს მსხვილფეხარქოსანი საქონლის ნაწილი ბაგურ კვებაზე ჰყავდათ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია ბალყარული ცხენების ამტანობის, გამძლეობის შესახებ.

პატარა ბალყარული ცხენები მთის პირობებში შეუცვლელი იყვნენ. მესაქონლეობასთან ერთად ბალყარელები მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, რომელსაც აქ დამხმარე ხასიათი ჰქონდა. სახვნელი ნაკვეთები ტერასებზე ჰქონდათ მოწყობილი. თესავდნენ ქერს, ხორბალს, შვრიას. ხნავდნენ ხის სახვნელით, რომელსაც რკინის სახნისი ჰქონდა. მკიდნენ ნამგლით. მარცვლის გალეწვას საქონლის ფეხით ახდენდნენ.

ბალყარელები არა მხოლოდ სახვნელ მინდვრებს, არამედ სათიბებსაც რწყავდნენ. სახვნელ ნაკვეთებს 2-3 წელიწადში ერთხელ ნაკელით ანოყიერებდნენ. ბალყარელთა შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან აღსანიშნავია ქეჩების, ნაბდების წარმოება, ტყავისა და ხის დამუშავება (ამზადებდნენ ავეჯსა და ჭურჭელს).

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონადირეობასა და მეფუტკრეობას. მოპოვებულ მელიის, მგლის, კვერნის ბეწვს ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოში ჰყიდნენ. ვაჭრობდნენ თაფლითა და ცვილით. ფუტკარი მსუბუქ დაწნულ სკებში ჰყავდათ.


ბალყარელები ძირითადად ვაჭრობდნენ ყაბარდოელებთან და დასავლეთ საქართველოს მთიანეთის _ სვანეთის და რაჭის მოსახლეობასთან. ონში გასაყიდად ნაბდები, თექა, ყაბალახები გადმოჰქონდათ, რასაც თამბაქოზე, სპილენძის ქვაბებზე, ჭურჭელზე და სხვა საგნებზე ცვლიდნენ.

ბალყარელებმა XVIIIს-ის მეორე ნახევრიდან ვაჭრობა რუსეთთან გააცხოველეს. კავკასიის ხაზზე და შავიზღვისპირეთში ბალყარელები ძირითადად მარილს იძენდნენ. რეფორმის პერიოდში განავითარეს სარძევე მრეწველობა. თავადმა ურუსბაევებმა ბაქსანის მარცხენა ნაპირზე ააშენეს ყველის ქარხანა, სადაც შვეიცარულ ყველს ამზადებდნენ.


image


ბალყარეთში დიდი სოფლები რამდენიმე გვარით იყო დასახლებული. XIXს-ის 30-იან წლებში ბალყარულ სოფელში საშუალოდ 130-140 კომლი ითვლებოდა. გვიან მათი რაოდენობა, მცხოვრებთა ბარში გადასახლების გამო, შემცირდა. სოფლების დამფუძნებლებად, ჩვეულებრივ, რამდენიმე გვარს თვლიდნენ, თანაც არა მხოლოდ ბალყარელებს.

მთის კალთებზე საფეხურებად შეფენილი სოფლების უმეტესობა შეჯგუფული ტიპის იყო. მხოლოდ ბაქსანის ხეობის სოფლები გამოირჩეოდნენ თავისუფალი დაგეგმარებით. გვხვდებოდა ციხეთა ტიპის სოფლები, რომლებსაც ადგილობრივი ზედაფენა ფლობდა. თავდაცვის მიზნით სოფლებში აგებული ჰქონდათ კოშკები. ისინი ძირითადად საბრძოლო კოშკები იყო. საცხოვრებლისაგან განსხვავებით, კოშკებს გათლილი ქვებისაგან აშენებდნენ.

კოშკები ძირითადად ორი ფორმის ჰქონდათ _ სწორკუთხოვანი (ზედა ჩეგემი) და ზედა ნაწილისაკენ დავიწროვებული. ასეთი ტიპის კოშკი ცნობილია, მაგალითად, სოფელ კიუნიუში. ამ კოშკის ზედა ნაწილში სხვათაშორის, ქრისტიანობის სიმბოლო _ ჯვარია გამოსახული.


ზოგიერთ სოფელში დღემდე შემორჩენილია საგვარეულო საძვალეები _ აკლდამები. ასეთი სამაროვნები უმეტესად სოფელ ჩეგემის ირგვლივ გვხვდება. ბალყარელთა საცხოვრებლის ტიპები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში იცვლებოდა. ყველაზე ძველ ტიპს წარმოადგენდა ნახევრადმიწისზედა და მიწისზედა ქვის სახლები, ტყით მდიდარ ადგილებში კი _ ძელური სახლები. ქვის საცხოვრებლები უპირატესად გავრცელებული იყო ბალყარეთის მთიანეთში _ ჩერეკის, ჩეგემის, ხულამბეზინგის ხეობებში და ბაქსანის ხეობის დაბლობში.

ძველი ძელური სახლები დამახასიათებელი იყო ბაქსანის ხეობის ზემო წელისა და აგრეთვე ნაწილობრივ ჩეგემის ხეობებისათვის. ბალყარულ სახლში კერას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ის წმინდა ადგილად ითვლებოდა. ამავე დროს, ის ოჯახის ერთობის სიმბოლო იყო.

კერასთან ბალყარელები სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ. ოჯახის უფროსის გარდაცვალებისას, კერაში ცეცხლს აქრობდნენ. მშობლების სახლიდან გასვლამდე პატარძალს აუცილებლად კერისათვის სამჯერ უნდა შემოევლო. კერის შეურაცხმყოფელ პირს ოჯახის მესისხლედ თვლიდნენ. თითქმის XIXს-ის ბოლომდე საცხოვრებელი ერთკამერიანი იყო; ძველად მისი ზომები 50-100 კვადრატულ მეტრამდე მერყეობდა.

საცხოვრებელთანვე ჰქონდათ სამეურნეო ნაგებობები. ორ-სამ ოთახიან სახლში ერთი ოთახი აუცილებლად სასტუმროდ იყო გათვალისწინებული. ბალყარელების ტანსაცმელი სხვა ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების ტანსაცმლისაგან თითქმის არ განსხვავდებოდა. ზედაფენების წარმომადგენლების გამოსასვლელი ტანსაცმელი თეთრი ჩოხა იყო. ბალყარელები ატარებდნენ იარაღს, განსაკუთრებით კი _ ხანჯალს.

ბალყარელები XXს-მდე ერთმანეთს და სხვა მეზობელ ხალხებს ვიწრო და ციცაბო ბილიკებით უკავშირდებოდნენ. მათზე მხოლოდ ფეხით ან ცხენით თუ გადაადგილდებოდნენ. ბორბლიან ტრანსპორტს ბალყარელები არ იცნობდნენ. ბალყარელთა ძირითადი საკვები რძის საჭმელები იყო: მაწონი, ყველი, არაჟანი. ყველს ძროხის, ცხვრისა და თხის რძისაგან აკეთებდნენ. მარცვლეული კულტურებიდან წამყვანი იყო ქერი. ქერისაგან ამზადებდნენ ლუდსაც. ბევრი ჰქონდათ თაფლი. თაფლის, მოშუშული ფქვილისა და კაკლის ნაზავისაგან ჰალვას ამზადებდნენ. ბალყარელები საკვების არაზომიერად, გადაჭარბებულად მიღებას დიდ ნაკლად თვლიდნენ.

მაგიდასთან განსაკუთრებულ ეტიკეტს იცავდნენ. პირველყოვლისა დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ ოჯახის უფროსის მიმართ, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცები ემსახურებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცთა არყოფნის შემთხვევაში, ოჯახის უფროსს შეიძლება გოგონებიც მომსახურებოდნენ. უფროსი მამაკაცის შემდეგ ჯერ დანარჩენი მამაკაცები შეექცეოდნენ, შემდეგ _ ქალები ასაკისა და ოჯახში მდგომარეობის მიხედვით. ბავშვებს ცალკე აჭმევდნენ.


1827 წლისათვის, როდესაც ბალყარეთი რუსეთს შეუერთდა, აქ ფეოდალურპატრიარქალური ურთიერთობები არსებობდა. ბალყარეთი ერთ მთლიან ადმინისტრაციულპოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა. ის ცალკეული ფეოდალური საზოგადოებებისაგან შედგებოდა. ყოველ საზოგადოებას ერთი ან რამდენიმე დიდგვაროვანი (მიწისა და საქონლის მესაკუთრენი) მართავდა. ბალყარეთის მმართველები _ ტაუბიები XVIIს-ის რუსულ წყაროებში მოხსენიებულნი არიან როგორც მურზები, მმართველები, მამასახლისები. ჩერეკის საზოგადოებაში (ხეობაში) ესენი იყვნენ: აბაევები, აიდუბულოვები, ჯანხოტოვები (შდრ. ქართული გვარი სვანეთში: ჯანხოთელი), მისაკოვები; ჩეგემის ხეობაში _ ბალკარუკოვები, კელემენტოვები; ხოლამის ხეობაში _ შაკმანოვები; ბიზინგის ხეობაში _ სუნშევები; ბაქსანში _ ურუსბიევები. ბალყარელების ძირითად ნაწილს თავისუფალი მეთემეები (ყარაკიშები, “შავი ადამიანები”), შეადგენდნენ, დამოკიდებულ გლეხებს კი ეწოდებოდათ “ჩეგარი”.

ლაშქრობის შემდეგ ტყვედჩავარდნილებს მონები (“კულ”) ეწოდებოდათ, რომელთა შრომასაც ძირითადად საოჯახო მეურნეობაში გამოიყენებდნენ. XIXს-ში ბალყარული საზოგადოების ძირითად უჯრედს პატარა ოჯახი შეადგენდა. დიდი ოჯახები იშვიათად იყო. ქალები ემორჩილებოდნენ მამაკაცებს, უმცროსები _ უფროსებს. არსებობდა აკრძალვა-უმძრახობის სხვადასხვა სისტემა. ცოლისა _ ქმართან, მშობლებისა _ ბავშვებთან, პატარძლისა _ ქმრის მშობლებთან, სიძისა _ სიდედრ-სიმამრთან. რძალს არ შეეძლო სხვათა თანდასწრებით დალაპარაკებოდა დედამთილსა და მამამთილს. მშობლებს არ შეეძლოთ შვილების მიმართ თავიანთი გრძნობა აშკარად გამოეხატათ.


წარსულში არსებობდა ლევირატი, სორორატი, ქალის მოტაცების ჩვეულება. გავრცელებული იყო სისხლის აღება, ძმად შეფიცვა, სტუმართმოყვარეობა, გაძიძავება. ფეოდალები აღსაზრდელად თავიანთ შვილებს ვასალებსა და გლეხებს აძლევდნენ. თავის მხრივ, ბალყარელი ფეოდალები აღსაზრდელად იყვანდნენ ყაბარდოელი და ქართველი (სვანი) თავადების შვილებს. გაძიძავება ძირითადად ნათესაური კავშირების დამყარების, აგრეთვე მფარველობის მიზნით ხდებოდა. ბალყარეთში ქორწინება ეგზოგამიური იყო; ერთი გვარის შიგნით ქორწინება შვიდი თაობის ფარგლებში იკრძალებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბალყარელები XVIIIს-დან ისლამის მიმდევრები იყვნენ, მათში მრავალცოლიანობამ გასაქანი ვერ ჰპოვა. მონოგამიურობა ისლამამდელი ტრადიცია იყო. ეს ტრადიცია გვიან მხოლოდ ზედაფენაში დაირღვა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ XIXს-ის პირველ ნახევარში ტაუბიები პირველი ღამის უფლებით სარგებლობდნენ. ქორწინების საკითხს ოჯახის უფროსი წყვეტდა. ბალყარელებმა იცოდნენ ურვადი. შეთანხმების შემდეგ საქმრო საცოლის მშობლებს ურვადს (საქონელს, ფულს, სხვადასხვა საგნებს) უგზავნიდა. იცოდნენ ქალის მოტაცებაც. ადათით მემკვიდრეობა მხოლოდ ვაჟიშვილებზე გადადიოდა, ვაჟიშვილების არყოლის შემთხვევაში _ უახლოეს ნათესავ მამაკაცებზე.

ქორწილის დროს მღეროდნენ საქორწილო სიმღერებს, განსაკუთრებით “უა რაიდა”-ს. ზედაფენის ისლამიზაცია ბალყარეთში ჯერ კიდევ XVIIს-ის II ნახევარში დაიწყო.

XVIIIსში აქ ისლამს ძირითადად დაღესტნელები ქადაგებდნენ. თუმცა ჯერ კიდევ XIXს-ში ბალყარელების რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის, ისლამის და წარმართობის სინთეზს წარმოადგენდა. ისლამის გავრცელებას თან ახლდა წარმართული და ქრისტიანული ძეგლების განადგურება. XIXს-ის I ნახევარში წმ. გიორგის გამოსახულება შემორჩენილი იყო სოფელ ბიზინგის მახლობლად მდებარე ეკლესიაში.

არაერთი პატარა ეკლესია იყო შემორჩენილი ბალყარისა და ხოლამობიზინგის ხეობებში. ეთაყვანებოდნენ წმინდა ქვებსაც. წმინდა ქვებთან შესაწირი მიჰქონდათ. აქვე ვაჟების სრულწლოვანებასაც აღნიშნავდნენ. ერთ-ერთ სოფელში თაყვანს სცემდნენ წმინდა ხესაც, რომელსაც სპეციალურად ტრადიციულ ღვეზელს უცხობდნენ.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურა – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

1
170
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
170
  
2022, 16 იანვარი, 22:35
FRE,GЕ ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი, ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1