x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსი 1917–1937 წლებში
image


1917 წლის თებერვლის დემოკრატიული რევოლუციის შედეგად ვითარება შეიცვალა მთელს რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა სამხრეთ კავკასიაშიც. აქ შეიქმნა რუსეთის დროებითი მთავრობის ადგილობრივი ორგანო ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა სოხუმის, ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან არჩეული რუსეთის IV სახელმწიფო სათათბიროს წევრი, აფხაზეთის (სამურზაყანოს) მკვიდრი აკაკი ჩხენკელი.


სოხუმის ოლქი (აფხაზეთი), როგორც ადმინისტრაციული ერთეული, რჩებოდა ამიერკავკასიის შემადგენლობაში და მას 1917 წლის 10 მარტს რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენელთა თათბირზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების დროებითი საოლქო კომიტეტი (თავ-რე ალ.შარვაშიძე) მართავდა.

1917 წლის 2 ივლისს სოხუმის საოლქო სათათბიროს არჩევნები გაიმართა. 30 მანდატიდან 18 სოციალ-დემოკრატებს ერგოთ. არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ჯერ მოხდა საოლქო კომიტეტის რეორგანიზაცია, ხოლო 1917 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა აღმასრულებელი ხელისუფლების _ საოლქო კომიტეტის არჩევნები. კომიტეტის თავმჯდომარე ვ. შარვაშიძე გახდა.


აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, საკუთრივ აფხაზთა პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა თანაუგრძნობდა ჩრდილო კავკასიელ მთიელთა გამაერთიანებელ მოძრაობას.

1917 წლის მაისში შეიქმნა გაერთიანებულ მთიელთა კავშირი და მისი მთავრობა _ ცენტრალური კომიტეტი. იმავე წლის 20 ოქტომბერს მთიელთა კავშირმა კაზაკთა რადასთან ერთად ჩამოაყალიბა სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირი, რომლის შემადგენლობაში დასახელებულია „სოხუმის ოლქის მთიელი ხალხი (აფხაზები)“.


image


აფხაზეთში მივლინებული მთიელთა კავშირის წარმომადგენლის შერიპოვის რჩევითა და ძალისხმევით 1917 წლის 7-8 ნოემბერს სოხუმში გაიმართა აფხაზი ხალხის ყრილობა. მის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „აფხაზი ხალხი შედის ჩრდილოეთ კავკასიის, დაღესტნისა და აფხაზეთის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში“.

ყრილობამ აირჩია აფხაზთა სახალხო საბჭო და დაამტკიცა მისი კონსტიტუცია. სახალხო საბჭო წარმოადგენდა აფხაზი ხალხის (და არა აფხაზეთის) ნების გამომხატველ ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანოს.

მან მიავლინა საკუთარი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირის მთავრობაში. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მთიელებთან აფხაზი ხალხის სახელით პოლიტიკური კავშირის დამყარება სულაც არ ნიშნავდა აფხაზეთის გაერთიანებას ჩრდილოეთ კავკასიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად სოხუმის ოლქი კვლავაც ამიერკავკასიის ნაწილად რჩებოდა, ამიტომაც აფხაზეთის სახალხო საბჭოს კონსტიტუცია აღიარებდა ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების კომპეტენციას და მოითხოვდა, რომ ამ სტრუქტურების საქმიანობა წარმოებულიყო „სახალხო საბჭოსთან კონტაქტში ნაყოფიერი შედეგების მიღწევის ინტერესებისათვის“.


აფხაზეთზე პრეტენზიას არც მთიელთა კავშირი და მისი მთავრობა აცხადებდნენ, რაც კარგად ჩანს ამ მთავრობის 1917 წლის 4 დეკემბრის #1 დეკრეტიდან, რომელშიც ნათქვამია: „ზაქათალისა და სოხუმის ოლქების მიმართ მთიელთა დროებით მთავრობას ძალაუფლება აქვს ეროვნული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებში, ხოლო მთიელთა მთავრობის სახელმწიფოებრივი ძალაუფლების ახლავე და მთლიანად გავრცელება ამ ოლქებზე გადასაწყვეტად მიენდოს ზაქათალისა და სოხუმის ოლქების სახალხო საბჭოებს“.
არც 1917 წელს და არც მომდევნო წლებში აფხაზთა სახალხო საბჭოს, როგორც რეგიონის რეალურ ხელისუფლებას, არ მიუღია გადაწყვეტილება აფხაზეთზე მთიელთა ძალაუფლების გავრცელების შესახებ.


1917 წლის 7 ნოემბერს პეტერბურგში განხორციელებულ ბოლშევიკურ სახელმწიფო გადატრიალებას ამიერკავკასიაში სახელისუფლებო სტრუქტურების რეორგანიზაცია მოჰყვა.

1917 წლის 11 ნოემბერს ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი დროებითმა მთავრობამ _ კომისარიატმა შეცვალა. ახალ მთავრობას სათავეში ე.გეგეჭკორი ჩაუდგა. ბოლშევიკების მიერ 1918 წლის 18 იანვარს დამფუძნებელი კრების ძალით გარეკვის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა კურსი დამოუკიდებლობისაკენ აიღო.

1918 წლის 10 თებერვალს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრებმა ამიერკავკასიიდან ჩამოაყალიბეს ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი), რომელმაც იმავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა მთავრობა აკ. ჩხენკელის თავმჯდომარეობით. აფხაზეთი ამჯერადაც ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენდა.

ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივი მოწყობის პარალელურად მიმდინარეობდა მასში შემავალი ხალხების, მათ შორის ქართველების, აფხაზების და სხვათა თვითგამორკვევის პროცესი.


1918 წლის 9 თებერვალს ამ პროცესის ფარგლებში თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნულ საბჭოსა (არჩეულ იქნა I ეროვნულ ყრილობაზე 1917 წ. 19-23 ნოემბერს) და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელმაც, განიხილა რა საკითხი "საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობათა დამყარების შესახებ”, შეიმუშავა შემდეგი შეთანხმება:


1. აღდგეს ერთიანი განუყოფელი აფხაზეთი საზღვრებში მდინარე ენგურიდან მზიმთამდე, რომლის შემადგენლობაში შევა საკუთრივ აფხაზეთი და სამურზაყანო _ ამჟამინდელი სოხუმის ოლქი.
აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობის ფორმა დემოკრატიულ საწყისებზე არჩეულ აფხაზეთის დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა. აფხაზეთის აღდგენა შეთანხმებაში მითითებულ ფარგლებში მოხდებოდა მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი საქართველოს შემადგენლობაში შემოვიდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამურზაყანოს წარმომადგენელთა განცხადებით, სამურზაყანო, როგორც აფხაზეთის ნაწილი, აფხაზებს არ გაჰყვება, თუ საქართველოსთან არ იქონიებს ზნეობრივ-პოლიტიკურ კავშირს.


რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ცალკე ერთეულად შესვლის შემთხვევაში ასევე შეუძლებელი იქნებოდა სოხუმის ოლქისაგან 1904 წლის 25 დეკემბერს ჩამოჭრილი გაგრის ზონის კვლავ აფხაზეთის ფარგლებში დაბრუნების თაობაზე ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის 1917 წლის 30 ოქტომბრისა და ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებათა შესრულება.



1918 წლის 9 თებერვლის შეთანხმება წარმოადგენდა ერთ ნაბიჯს აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანებისკენ. მორიგი ასეთი ნაბიჯი გადადგა სოხუმის ოლქის გლეხთა II ყრილობამ (1918 წლის 4-9 მარტი), რომელმაც გადაწყვიტა, რომ აფხაზეთი შევიდეს ამიერკავკასიელი ერების საერთო ოჯახში, როგორც მისი თანასწორუფლებიანი წევრი და თავისი მომავალი დემოკრატიულ საქართველოს დაუკავშიროს.

რუსეთში ხელისუფლების სათავეში მოსულ ბოლშევიკებს ხელს არ აძლევდათ აფხაზეთში პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანი წარმართვა, ამიტომ 1918 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე ორჯერ სცადეს რეგიონის ხელში ჩაგდება და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მაგრამ უშედეგოდ.

ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის გადაწყვეტილებით ქართულმა ეროვნულმა გვარდიამ 1918 წლის 17 მაისს და მომდევნო დღეებში აფხაზეთი გაათავისუფლა ბოლშევიკური ოკუპაციისაგან, აღადგინა დამპყრობლების მიერ ძალით დაშლილი აფხაზთა სახალხო საბჭო.

ამ უკანასკნელმა 1918 წლის 20 მაისს მიიღო რეზოლუცია, "რომლის მიხედვით კატეგორიულად მტკიცდება აფხაზთა სახალხო საბჭოს და საოლქო გლეხთა საბჭოს (4-10 მარტი) გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი შედის ამიერკავკასიის ხალხთა საზოგადო ოჯახში, როგორც მისი თანასწორი წევრი, რაც დაუყოვნებლივ ეუწყება ბათუმის საზავო კონფერენციას”.


ასეთი რეზოლუციის მიღების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 1918 წლის 11 მაისს ქ. ბათუმში გამოცხადდა მთიელთა კავშირის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა; ამიერკავკასიასთან და თურქეთთან ერთად იგი მონაწილეობდა ბათუმის საზავო კონფერენციის მუშაობაში. ბათუმში თვითნებურად ჩასული რამდენიმე აფხაზი მოღვაწე (ალ. შერვაშიძე და სხვ.) ამ მთიელთა რესპუბლიკასთან აფხაზეთის მიერთებას ითხოვდა. საჭირო იყო კონფერენციისათვის არა კერძო პირების, არამედ აფხაზეთის ნამდვილი ნების გაცნობა. "საკუთარი დელეგატების პირით” სწორედ ეს ნება გამოხატა სახალხო საბჭომ 1918 წლის 20 მაისს.

მიუხედავად ყოველივე ამისა, სეპარატისტული ისტორიოგრაფია ამტკიცებს, რომ მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე _ 1918 წლის 11 მაისი თითქოს არის "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის” დღეც იმ მოტივით, რომ აფხაზეთი ვითომ შედიოდა იმ რესპუბლიკის შემადგენლობაში.


ჯერ ერთი, მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მეორე პუნქტში, რომელიც ახლადდაფუძნებული სახელმწიფოს საზღვრებს ეხება, აფხაზეთი არც მოხსენიებულია და არც ნაგულისხმევი. მასში ნათქვამია მხოლოდ, რომ სამხრეთით რესპუბლიკის საზღვრების "დეტალები განისაზღვრება შეთანხმებით ამიერკავკასიის მთავრობასთან”.

არავითარი შეთანხმება მთიელთა რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის მთავრობებს შორის 11 მაისისთვის არსებული საზღვრების გადასინჯვის შესახებ არ მომხდარა.
მეორე, გაუგებარია, 1918 წლის 11 მაისს როგორ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ბოლშევიკური ოკუპაციის ქვეშ მყოფმა აფხაზეთმა? ცხადია, ეს ყველაფერი რუსეთისგან მართულ სეპარატისტთა შეთხზული მორიგი ტყუილია.


1918 წ. მაისში საერთაშორისო საკითხებზე არსებულ შიდა უთანხმოებათა გამწვავების გამო ამიერკავკასიის სახელმწიფო დაიშალა. იმავე წლის 26 მაისს ქართულმა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომლის მთავარი გარანტი გერმანია გახდა.

გერმანიის წარმომადგენელი ფონ-ლოსოვი 1918 წლის 28 მაისს საიდუმლო წერილში საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნავდა, რომ სოხუმის ოლქი გაგრის ჩათვლით შეადგენს საქართველოს ნაწილს მანამდე, სანამ კავკასიის ფარგლებში საქართველო იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს მონაწილეობით კავკასიელი ხალხების კონფედერაციის შექმნის შემთხვევაში, ფონ-ლოსოვის აზრით, სოხუმის ოლქის მოსახლეობას უნდა მისცემოდა ამ კონფედერაციის ფარგლებში საკუთარი მდგომარეობის განსაზღვრისა.


1918 წლის 11 ივნისს საქართველოს მთავრობისა და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენლებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში აფხაზეთის დაბრუნების საფუძველი გახდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა აფხაზთა სახალხო საბჭოს წარდგინებით საქართველოს მთავრობაში აფხაზეთის საქმეთა მინისტრის მიწვევას, რეგიონის შინაგანი მართვა-გამგეობის სახალხო საბჭოსთვის გადაცემას, საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისათვის სახსრების გამოყოფას, სახალხო საბჭოს განკარგულებაში წითელი გვარდიის რაზმების გაგზავნას, აფხაზეთში სოციალური რეფორმების საქართველოს კანონების საფუძველზე, მაგრამ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, გატარებას;

ხელშეკრულების მიხედვით, ახლო მომავალში დემოკრატიულ საწყისებზე უნდა მოწვეულიყო აფხაზეთის მოსახლეობის ყრილობა "აფხაზეთის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტისათვის”.


image


1918 წლის 11 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთი დე-ფაქტო საქართველოს ავტონომიური ერთეული გახდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში აფხაზეთის საქმეთა მინისტრად დანიშნული რ. ჩქოტუა 1918 წლის 20 სექტემბერს აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს ვ.შარვაშიძეს წერდა: „თუ აფხაზმა ხალხმა თავისი ბედი ავტონომიურ საწყისებზე ქართველ ხალხს დაუკავშირა, მაშინ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობისათვის აუცილებელია უფრო ნათელი და არაორაზროვანი პირობების შემუშავება“.


იმავე დღეს რ.ჩქოტუამ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნ.ჟორდანიას წარუდგინა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მიუხედავად გაფორმებული ხელშეკრულებისა (1918წ. 11 ივნისი), ცალკეული სახელმწიფო "დაწესებულებები და თანამდებობის პირები აფხაზეთს უყურებენ არა როგორც ავტონომიურად შემავალს საქართველოს რესპუბლიკაში, არამედ როგორც ამ უკანასკნელის პროვინციას”.

იმ პერიოდის ბევრ სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დოკუმენტში აფხაზეთი საქართველოს ავტონომიის სტატუსით მოიხსენიება, რაც რეალურად შეესაბამება 1918 წლის 11 ივნისის ხელშეკრულების შედეგად მხარეებს შორის ფაქტობრივად ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

რუსი შოვინისტები და გარედან მართული სეპარტატისტები ძლიერ შეაშფოთა აფხაზეთში მშვიდობისა და თანხმობის დამყარებამ. 1918 წლის ივნისში სოჭის მხრიდან აფხაზეთში რუსული ბოლშვიკური რაზმები კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ.

აფხაზთა სახალხო საბჭოს თხოვნითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გენერალ გ.მაზმიაშვილის მეთაურობით სოხუმში გადასროლილმა სამხედრო რაზმმა არა მარტო აფხაზეთი გაათავისუფლა, არამედ 1918 წლის 26 ივლისს ქ.ტუაფსე დაიკავა, აგვისტოსათვის სოჭამდე დაიხია.


სეპარატისტულად განწყობილმა ჯგუფებმა მათთვის ხელსაყრელი ვითარება გამოიყენეს და 1918 წლის 27 ივნისს ანუ იმ დღეს, როცა გ. მაზნიაშვილის რაზმები შეტევაზე გადავიდნენ, აფხაზეთში თურქული დესანტი (თურქეთის არმიაში მომსახურე აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები) შემოიყვანეს. ქართულმა ჯარებმა და ბოლშევიკურ სასაკლაოს გამოქცეულმა რუსმა კაზაკებმა დესანტი გაანადგურეს. დაკარგეს რა წარმატების ყოველგვარი იმედი, სეპარატისტებმა ატეხეს განგაში გენ. გ. მაზნიაშვილის მიერ აფხაზეთის "ოკუპაციის” თაობაზე.

თეზისი „ოკუპაციის“ შესახებ თანამედროვე სეპარატისტულმა ისტორიოგრაფიამაც აიტაცა. იგი ბოლშევიკური წარმოშობისაა. ჯერ კიდევ 1918 წლის მაისში, როცა ქართული გვარდია აფხაზეთიდან ერეკებოდა ბოლშევიკებს, ამ უკანასკნელებმა მიმართეს `ცილისწამებას” ვითომც ქართველობა აფხაზეთის დასაპყრობად მოდიოდა“.


სეპარატისტები "ოკუპაციაში” გულისხმობდნენ და გულისხმობენ გ.მაზნიაშვილის გენერალ-გუბერნატორად დანიშვნას, მის მიერ ვითომ მთელი ძალაუფლების მითვისებას. მართალია, გენერალს ჰქონდა გადაცდომები, რისთვისაც სახალხო საბჭომ მას მკაცრად მიუთითა, მაგრამ არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რომელიც გ. მაზნიაშვილის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების მითვისებას დაადასტურებდა. მიუხედავად გადაცდომებისა გენერლის მხრიდან, აფხაზთა სახალხო საბჭო მხარს უჭერდა გ.მაზნიაშვილის შტაბს და კატეგორიულად არ ეთანხმებოდა სეპარატისტთა თუ ბოლშევიკთა მხარდამჭერი ელემენტების მოთხოვნებს ქართული ჯარების აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ.

ასე, მაგალითად, 1918 წლის 17 ივლისს სახალხო საბჭომ განიხილა გ.მაზნიაშვილის შტაბისადმი ნდობის საკითხი და თითქმის ერთხმად (მხოლოდ ორმა თავი შეიკავა) გადაწყვიტა: "ხელახლა დადასტურდეს არაერთი ჩვენი გადაწყვეტილება და ითქვას საქართველოს (სამხედრო) ნაწილების აქ
ყოფნის აუცილებლობის შესახებ”.


საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ის. რამიშვილმა 1918 წლის 18 ივლისს აფხაზეთიდან ქართული ჯარების გაყვანის საკითხი სახალხო საბჭოში დასვა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პროვოკაციები ანტიდემოკრატიული ძალების (სეპარატისტების, ბოლშევიკების, თურქოფილების) მხრიდან. ”უმჯობესია დროულად გავიყვანოთ ჯარები, ვიდრე ველოდოთ სისხლისღვრას, “_განაცხადა მან”.

ის. რამიშვილს სახალხო საბჭოს არც ერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. დისკუსია ამ საკითხზე გაგრძელდა 19-20 ივლისის სხდომაზეც, სადაც დ. მარშანიამ ასეთი განცხადება გააკეთა: "მოღალატური ნაბიჯები ჩვენი მხრიდან არ შეიძლება იყოს, ვინაიდან ქართული ნაწილები მოწვეულია მძიმე წუთებში ჩვენთვის დახმარების გასაწევად და საერთოდ ქართველებთან ჩვენ ყოველთვის მეგობრულად ვცხოვრობდით. არიან ადამიანები, რომელთაც სურთ წაგვკიდონ ქართველებთან, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა”.


ასეთი იყო საქმის რეალური ვითარება, "ოკუპანტებს” სურდათ აფხაზეთიდან გასვლა, "ოკუპირებულები” კი გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებაზე იღებდნენ ქართული ჯარების აფხაზეთში დასატოვებლად. აფხაზთა სახალხო საბჭო, რომელსაც ვითომ პოლიტიკური ძალაუფლება ჩამოართვა გ.მაზნიაშვილმა, მიუხედავად მცირე გაუგებრობებისა, მხარს უჭერდა ქართული ჯარების აფხაზეთში ყოფნას, ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ მშვიდობის, სტაბილურობის, რეგიონის მთლიანობისა და ავტონომიურობის მთავარ გარანტს. ამიტომაც ს. ჩერვონნაიამ "ოკუპაცია–ანექსიის” სეპარატისტულ-შოვინისტურ თეორიას სავსებით მართებულად უაზრო და უცნაური უწოდა.

1918 წლის ივლის-აგვისტოში ბოლშევიკური და სეპარატისტული ძალების ავანტიურის აღკვეთამ შექმნა წინაპირობები აფხაზეთში ადგილობრივი ხელისუფლების განმტკიცებისათვის.

ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა აფხაზთა სახალხო საბჭოს შემადგენლობაში ეროვნული ნიშნით შექმნილი და აფხაზეთში მოქმედი სხვა საბჭოების (ქართველთა, ბერძენთა, სომეხთა, რუსთა, ესტონელთა და ა.შ.) წარმომადგენლების შეყვანა, ამით მისი ლეგიტიმურობის ხარისხისა და გავლენის გაზრდა.

სახალხო საბჭოს რეორგანიზაცია, რომელიც 1918 წლის 15 აგვისტოსათვის დასრულდა, სეპარატისტებმა აფხაზთა სახალხო საბჭოს გარეკვად შერაცხეს. ამ სიცრუეს დღემდე იმეორებს აფხაზური ისტორიოგრაფია.


1918 წლის აგვისტოდან სეპარატისტებმა გეზი სოჭთან მომდგარ ანტიბოლშევიკურ სამხედრო ძალაზე-თეთრგვარდიელებზე (მ.ალექსეევი, ა. დენიკინი) აიღეს. სწორედ მათი წაქეზებითა და მხარდაჭერით 1918 წლის 9 ოქტომბერს სეპარატისტებმა სოხუმში სცადეს პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა, ძალის გამოყენებით სახალხო საბჭოს ხელმძღვანელობის გადაყენება. მცდელობა ჩაიშალა.

სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ვ.შარვაშიძისა და საბჭოს სხვა წევრების თხოვნით, საქართველოს მთავრობამ 1918 წლის 10 ოქტომბერს სახალხო საბჭო დაითხოვა, დანიშნა არჩევნები, შეთქმულები კი დააპატიმრა.

ახალი სახალხო საბჭოს დემოკრატიული წესით არჩევნებამდე მთელი ძალაუფლება სოხუმის ოლქის კომისრად დანიშნული ბ.ჩხიკვიშვილის (სოხუმის ყოფილი ქალაქის თავი) ხელში გადავიდა.
1918 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა აფხაზეთის საარჩევნო დებულება, რომელიც მოამზადა საარჩევნო კომისიამ ვ.შარვაშიძის თავმჯდომარეობით. პირველად აფხაზეთის ისტორიაში ტარდებოდა "საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი” არჩევნები "ფარული კენჭისყრით პროპორციული წარმომადგენლობის საწყისებზე”.

არჩევნებზე მონაწილეობის უფლებით სარგებლობდნენ პირები, რომლებმაც აფხაზეთში ბინადრობის უფლება 1914 წლის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე) მოიპოვეს;
სახალხო საბჭოში არჩევის უფლება აფხაზეთში არმოსახლე საქართველოს ქვეშევრდომებსაც ეძლეოდათ.
წინასაარჩევნო კამპანია დროში დაემთხვა სოჭსა და გაგრაში შემოჭრილი რუსი თეთრგვარდიელების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის პერიოდს, როცა მტერმა მდ. ბზიფზე გამაგრება მოახერხა. მიუხედავად ამისა, 1919 წლის 13 თებერვალს სახალხო საბჭოს არჩევნებმა ორგანიზებულად ჩაიარა.


არჩევნების დემოკრატიულობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა სოხუმში 9 ოქტომბრის ავანტიურის მოთავეებმაც კი.

აფხაზთა სახალხო საბჭოში 40 დეპუტატი აირჩიეს, რომელთა შორის იყო 27 სოციალ-დემოკრატი, 4 - დამოუკიდებელი სოციალისტი, 3 - ესერი, 3 - მემარჯვენე, თითო დეპუტატი გაიყვანეს სოციალისტ-ფედერალისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა და კოლონისტებმა. ერთდროულად ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებიც (1919 წ. 14-16 თებერვალი).

გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აფხაზეთიდან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წევრები გახდნენ: დ. ემუხვარი, ვ. შარვაშიძე, ვ. ღურჯუა, დ. ზახაროვი და ი. ფაშალიდი.
ახლადარჩეული აფხაზთა სახალხო საბჭოს პირველი სხდომა 1919 წლის 18 მარტს გაიმართა, სადაც აირჩიეს თავმჯდომარე (დ.ემუხვარი), მოადგილე (მ.ბერულავა) და პირველი მდივანი (ვ.კოროლიოვი).

20 მარტს შედგა მორიგი სხდომა. მან მიიღო ისტორიული დოკუმენტი "აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ”, რომლის პირველ პუნქტში ნათქვამია: „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას".

ამ დოკუმენტის მიღებით მოხდა რეგიონის თვითგამორკვევა. მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებით, საქართველოს ეს უძველესი მხარე, გარეშე მტრული ძალების მხრიდან მისი მიტაცების არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა.


1919 წლის 8-10 აპრილის, 13 და 20 მაისის სხდომებზე სახალხო საბჭომ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მართვის ორგანოების, პირველ რიგში კომისარიატის ( მთავრობის) შექმნის შესახებ, რომლის თავმჯდომარე გახდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი, სოხუმის ოლქს დაუბრუნდა ნამდვილი სახელი-აფხაზეთი, უბნებს ეწოდათ მაზრები, აფხაზთა სახალხო საბჭოს - აფხაზეთის სახალხო საბჭო. 1919 წ. 20 მაისიდან ამ უკანასკნელს სათავეში კვლავ ვ. შარვაშიძე ჩაუდგა.


1919-1920 წლები იყო აფხაზეთის ავტონომიის ცხოვრებაში გატარების, სახელისუფლებო სტრუქტურების განმტკიცების, გაგრიდან თეთრგვარდიელთა განდევნის (1919 წ. აპრილი), ბოლშევიკთა ძირგამომთხრელი საქმიანობის აღკვეთის, საქართველოს საზღვრების საერთაშორისო არენაზე აღიარების, კონსტიტუციის პროექტის შემუშავების საკმაოდ რთული პერიოდი. ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კერზონის ინიციატივით მოკავშირე ქვეყნების (ანტანტის) უმაღლესი საბჭოს მიერ

1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დე-ფაქტო აღიარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.

ორ ქვეყანას შორის მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა საქართველოს უდავო ტერიტორიებად ცნო ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სოხუმის ოლქი და გაგრის ზონა, რომელიც 1904-1917 წლებში სოჭის გუბერნიას ექვემდებარებოდა. "საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გაყოლებაზე ახახჩას მთამდე...” - ნათქვამია ხელშეკრულებაში.


რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება წარმოადგენდა სამართლებრივ გარანტიას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება-განმტკიცებისათვის, თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ საბჭოთა რუსეთს სრულიად საპირისპირო მიზნები ამოძრავებდა. ყველაზე დიდ უთანხმოებას სახალხო საბჭოში და აფხაზეთის საზოგადოებაში იწვევდა კონსტიტუციის მიღების საკითხი.

საკონსტიტუციო კომისია 1919 წლის 30 მარტიდან მუშაობდა, 23 მაისს იგი ორ ქვეკომისიად გაიყო და, შესაბამისად, ორი პროექტი მომზადდა. შემრიგებლური მესამე პროექტი შეადგინა აფხაზეთის კომისარიატის იურიდიულმა განყოფილებამ, რომელსაც გ. სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობდა.

მათ შორის ვერც ერთმა ვერ მიიღო სახალხო საბჭოში ხმების აუცილებელი რაოდენობა, მაგრამ ყველაზე მეტი მოწონება (20 ხმა) შემრიგებლურმა პროექტმა დაიმსახურა.

სახალხო საბჭოს 1919 წლის 15 ნოემბერს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მ. უბირია მოახსენებდა, რომ კონსტიტუციაზე მუშაობისას თავიდანვე წარმოქმნილ ორ მიმდინარეობას ერთმანეთისგან განასხვავებდა ისტორიული მომენტისადმი, რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ამოცანებისადმი სხვადასხვა მიდგომები. ერთ მიმდინარეობას, მომენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიაჩნდა აფხაზეთის რაც შეიძლება მალე საქართველოსთან შეერთება, რაც მისი უსაფრთხოების, მომავალში კი მხარის ეკომომიკურკულტურული განვითარების საწინდარი იქნებოდა. მეორე მიმდინარეობაც სცნობდა აფხაზეთის საქართველოსთან შეერთების აუცილებლობას, მაგრამ ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით მას უფრო მართებულად მიაჩნდა რესპუბლიკასთან რაც შეიძლება სუსტი კავშირის დამყარება, მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება, რაც ვითარების შეცვლის შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემდა.


სეპარატისტთა ერთი ნაწილი ("ინტერნაციონალისტების” ფრაქცია) არც მალავდა, რომ მომავალში იგი მხარს დაუჭერდა საქართველოსა და აფხაზეთის რუსეთთან მიერთებას ისე, რომ წინასწარ არ აყენებდა პირობებს რუსეთის შიგნით მათი პოლიტიკური მოწყობის შესახებ. ამიტომ ბრძოლა კონსტიტუციის გარშემო რეალურად ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზანს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ნამდვილი თვითმმართველობის მოპოვებისათვის ზრუნვას. სახალხო საბჭოს წევრის მ.თარნავას თქმით, ავტონომიისა და კონსტიტუციის საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მხოლოდ შეთანხმების ჩაშლას და მთავრობის კრიტიკას.


მიუხედავად სეპარატისტთა დესტრუქციული მიზნებისა, კონსტიტუციაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. 1919 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როცა აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაცია თბილისში იმყოფებოდა, დამფუძნებელი კრების ხუთკაციან კომისიასთან ერთად მოხერხდა რესპუბლიკასა და ავტონომიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების პროექტის ("აფხაზეთის მართვა-გამგეობის ძირითადი დებულებების შესახებ”) მომზადება, რომელშიც აისახა ცენტრსა და რეგიონს შორის რეალურად ჩამოყალიბებული ურთიერთობები.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ იყო დამტკიცებული, იგი ფაქტობრივად არეგულირებდა სამართლებრივ ურთიერთობებს თბილისსა და სოხუმს შორის. დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთი აღიარებული იყო საქართველოს ავტონომიურ ნაწილად, რომელსაც ჰყავდა თავისი საკანონმდებლო (სახალხო საბჭო) და აღმასრულებელი (კომისარიატი) ორგანოები.

სახალხო საბჭო უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად გამოეცა კანონები ყველა საკითხზე, გარდა ისეთი სფეროებისა, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, ჯარები (თავდაცვა), ნავსადგურების მართვა, საფინანსო, ფულადი, საგადასახადო და საბაჟო სისტემები, საერთო სასამართლოები და სენატი (უმაღლესი სასამართლო), სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და საერთოეროვნული კანონმდებლობა, ფოსტა, ტელეგრაფი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და გზატკეცილები.


ხანგრძლივი მუშაობისა და თბილისთან კონსულტაციების (1920 წ. ზაფხული) შედეგად სახალხო საბჭომ 1920 წლის 16 ოქტომბერს მოახერხა კონსტიტუციის საკუთარი პროექტის დამტკიცება, რომელსაც საფუძვლად დაედო ზემოთხსენებული პროექტი "აფხაზეთის მართვა-გამგეობის ძირითადი დებულების შესახებ”.

იმავე წლის 4 ნოემბერს კონსტიტუციური საკითხების განსახილველად თბილისში ჩამოვიდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაცია. მიუხედავად იმისა, რომ არც დამფუძნებელ კრებას, არც მთავრობას ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი, ცენტრი მაინც არ ჩქარობდა რეგიონის კონსტიტუციის მიღებას რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებამდე.

ხელშემშლელ ფაქტორად იქცა აგრეთვე ის გარემოება, რომ დამფუძნებელი კრება არ დაეთანხმა კრებისა და სახალხო საბჭოს პარიტეტული საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, როგორც ამას 1919 წლის 20 მარტის აქტი და დელეგაციის მანდატი ითვალისწინებდნენ. შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო აფხაზეთის დელეგაცია სოხუმში დაბრუნდა ნ.ჟორდანიას დაპირებით, რომ აფხაზეთს სამართლებრივად ავტონომია მიეცემოდა საერთო კონსტიტუციის მიღების შემდეგ; თუ ქვეყნის ძირითადი კანონის მიღება გაჭიანურდებოდა, მაშინ გამოიცემოდა დროებითი კანონი აფხაზეთის მართვაგამგეობის შესახებ, რომელიც შემდგომში ქვეყნის კონსტიტუციის ცალკე თავი გახდებოდა.

ავტონომიური აფხაზეთის მართვა-გამგეობის დებულების პროექტი დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ 1920 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა. მას საფუძვლად დაედო აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ 1920 წლის 16 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუციის პროექტი.


image


1921 წლის 21 თებერვალს, როცა მიმდინარეობდა საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 107-ე მუხლით "საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს აფხაზეთს (სოხუმის ოლქი)”, აჭარასა და ზაქათალას ენიჭებოდათ `ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა”.

108-ე მუხლი ითვალისწინებდა ავტონომიურ მმართველობათა დებულებების ცალკე კანონით მიღებას“. "აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულება” დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად მიიღო. მასში დაფიქსირდა, რომ აფხაზეთი „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია“ და საკუთარ ტერიტორიაზე "ავტონომიურად უძღვება თავის შინაურ საქმეებს”.


ავტონომიური აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს სახალხო საბჭოს არჩევნები ირჩეოდა „ორი წლით, "საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით”. ავტონომიური მმართველობის სრულ გამგებლობას განეკუთვნებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ადგილობრივი ფინანსები, სახალხო განათლება, კულტურული მშენებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამომრიგებლო სასამართლო, პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის დაცვა, ადმინისტრაცია, ჯანდაცვა, მედიცინა, ვეტერინარია, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ბიუჯეტის დამტკიცება, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის კერძო პირთა უძრავი ქონების ჩამორთმევა რესპუბლიკის კანონების ძალით, ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის მიწა, მამული, ტყე, სამკურნალო წყალი;

სახელმწიფო ენას წარმოადგენდა ქართული, მაგრამ სკოლებში და სახელმწიფო დაწესებულებებში დაშვებული იყო ადგილობრივი ენების გამოყენება; ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფდნენ რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები; საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებისათვის აფხაზეთი ცალკე საარჩევნო ოლქს შეადგენდა; სახალხო საბჭო ამტკიცებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას აფხაზეთის კომისარიატს.


მართალია, 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებულმა კონსტიტუციამ, მით უფრო "აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულებამ” ამოქმედება ვერ მოასწრო, მაგრამ ავტონომიური აფხაზეთი დე-ფაქტო სარგებლობდა ყველა ამ უფლებით ზემოთნახსენები დოკუმენტის ("აფხაზეთის მართვა- გამგეობის ძირითადი დებულებების შესახებ”) მიხედვით. სრულიად განსხვავებული ვითარება შეიქმნა საბჭოთა პერიოდში.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია მისი შემდგომი ანექსიით. სოჭის მხრიდან შემოსულმა IX არმიამ სოხუმი 4 მარტს დაიკავა. ამის შემდეგ ძალაუფლება რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს (კავბიურო) მიერ ე. ეშბას (თავმჯდომარე), ნ.ლაკობასა და ნ. აქირთავას შემადგენლობით შექმნილ საოკუპაციო ორგანოს - რევოლუციურ კომიტეტს (რევკომს) გადაეცა. მაშინათვე დღის წესრიგში დადგა აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის, საქართველოსთან მისი ურთიერთობის საკითხი.


საოკუპაციო ორგანოების - კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა ბათუმის თათბირზე (1921 წ. 28 მარტი) მოხდა შეთანხმება, აფხაზეთის საბჭოების ყრილობამდე რუსეთთან თუ საქართველოსთან აფხაზეთის ფედერირების საკითხის ღიად დატოვებისა და მისი სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ.

თათბირის ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი 1921 წლის 31 მარტს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებისა. საბჭოთა რუსეთის ცენტრალურ სახელმწიფო სტრუქტურებს არასოდეს განუხილავთ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები და არც რაიმე გადაწყვეტილება მიუღიათ.

ეს თემა არ ყოფილა საბჭოთა ლიდერების (მათ შორის ვ. ლენინის) მსჯელობის საგანიც. ყველა საკითხი თბილისში კავბიუროს სხდომებზე, მის ხელმძღვანელ გ. ორჯონიკიძესა და რუსეთის ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარ ი. სტალინს შორის სიტყვიერი შეთანხმებით წყდებოდა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების, თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილის ჩახშობისა და არა ერთა თვითგამორკვევის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამიტომაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა წმინდა წყლის ფიქციას წარმოადგენდა და მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ რეგიონის ხელმძღვანელი პირები არა საქართველოს მთავრობის, არამედ კავბიუროს მიერ ინიშნებოდნენ.


უკვე იმ პერიოდში მუშავდებოდა აფხაზეთის საქართველოსაგან საბოლოოდ ჩამოცილების გეგმაც. ასე, მაგალითად, რუსეთის ყოფილმა სამხედრო ატაშემ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პ. სიტინმა, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც აგრძელებდა თავის ჯაშუშურ საქმანობას თბილისში, 1921 წლის 22 აპრილს მოსკოვს "ქართული შოვინიზმის” დათრგუნვის, მისი "ტერიტორიალურად და მატერიალურად” დასუსტების გეგმა წარუდგინა.

სხვადასხვა ზომების (რუსეთის ჯარების განლაგება თურქეთის საზღვართან, სამეგრელოს ავტონომიზაცია, რუსული მოსახლეობის მხარდაჭერა და გააქტურება, ამიერკავკასიის რკინიგზის მოსკოვისთვის გადაცემა) მიღებასთან ერთად, იგი ითვალისწინებდა რუსეთის ფედერაციის საზღვრების მდ. ბზიფამდე გადატანას, აფხაზეთში პლებისციტის ჩატარებას და რუსეთთან მის უშუალო მიერთებას.

როგორც ჩანს, ეს გეგმა არასოდეს მოხსნილა დღის წესრიგიდან, თუმცა იმ პერიოდში აფხაზეთის რეალურ დამოუკიდებლობაზე საუბარი არცერთ დონეზე არ ყოფილა.

თვით საბჭოთა აფხაზეთის ხელმძღვანელებსაც (ე. ეშბა, ნ. ლაკობა) კარგად ესმოდათ, რომ 1921 წლის მარტში "დამოუკიდებლობა” გამოცხადდა დროებით, "ერთი წუთით, ” რომ ეს იყო მხოლოდ "აბრა” და ა.შ.

ამ გარემოების გათვალისწინებით აფხაზეთის მშრომელთა პირველმა ყრილობამ უკვე 1921 წლის 28 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მშრომელებთან, "პირველ რიგში, კულტურით, ეკონომიკური და გეოგრაფიული მდგომარეობით, ყოფით ყველაზე ახლოს მდგომი საბჭოთა საქართველოს მუშებთან და გლეხებთან” უმჭიდროესი კავშირის დამყარების შესახებ. ამ კავშირის ფორმები კი საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების I ყრილობას უნდა განესაზღვრა.


სახელმწიფოებრივი (მათ შორის საბიუჯეტო) ურთიერთობის გარკვეული ფორმები საქართველოსა და "დამოუკიდებელ” აფხაზეთს შორის გასაბჭოების შემდეგაც არსებობდა. მაგალითად, საქართველოს სსრ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის რევკომი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რევკომს უგზავნიდნენ თავიანთ განკარგულებებს ქართულ ენაზე "ცნობად და სახელმძღვანელოდ”, "სისწორით შესასრულებლად”, ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს აფხაზეთისათვის კრედიტების გახსნის, ბზიფის ხეტყის კონცესიების გაფორმების, ტყვარჩელის მაღაროების შესახებ და ა.შ. აფხაზეთის რეალური სტატუსი უფრო დაბალი ჩანს, ვიდრე დაღესტნისა და მთიელთა ავტონომიური რესპუბლიკებისა, ნახიჭევანისა და ყაბარდოსი.

მათგან განსხვავებით, აფხაზეთი უშუალოდ არ შედიოდა კავკასიის ეკონომიკურ კავშირში (შეიქმნა 1921 წ. აგვისტოში); "დამოუკიდებელი” აფხაზეთი ვერ შევიდა ასევე კავბიუროს მიერ 1921 წლის 16 აგვისტოს შექმნილ ეკონომიკურ ბიუროში, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აერთიანებდა.

აფხაზეთი კი საქართველოს შემადგენლობაში იგულისხმებოდა როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ყველა სხვა ვითარებაშიც. აფხაზეთს საქართველოს ნაწილად განიხილავდა თვით რუსეთის ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარიატი. მისი ხელმძღვანელი ი. სტალინი 1921 წლის 1 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს (საბჭოების ყრილობებს შორის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ორგანო) აცნობებდა: "აფხაზეთი არის დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი. ამის გამო დამოუკიდებელი წარმომადგენლობები რუსეთში არ ჰყავს და არც უნდა ჰყავდეს. ამიტომ კრედიტის მიღება რსფსრ_დან მას არ შეუძლია”.


ვინაიდან მოსკოვისთვის, თბილისისთვის და აგრეთვე სოხუმისთვის აფხაზეთის რეალური სტატუსის საკითხი სრულიად ნათელი იყო, 1921 წლის 5 ივლისს კავბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, წარიმართოს პარტიული მუშაობა იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სახით შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში.

იმავე წლის 23 ივლისს აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკთა თათბირმა, მოისმინა რა ნ. ლაკობას მოხსენება, ახლო მომავალში საქართველოსთან ფედერაციული კავშირის დამყარების რწმენა გამოთქვა. 1921 წლის 1 ნოემბერს კავბიურომ საჭიროდ მიიჩნია აფხაზეთ-საქართველოს შორის მომავალი ხელშეკრულების პროექტის შემუშავება, რისთვისაც სპეციალური კომისიაც ჩამოაყალიბა. იმავე წლის 16 ნოემბერს კავბიურომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:


1. ეკონომიკურად და პოლიტიკურად მიზანშეუწონლად ჩაითვალოს დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობა.

2. წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ”. კავბიუროს ამ გადაწყეტილებით აფხაზეთს უარი ეთქვა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ამიერკავკასიის ფედერაციაში უშუალოდ შესვლაზე.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში განსაზღვრულია აფხაზეთის სტატუსი საბჭოთა რუსეთის კრიტერიუმების მიხედვით _ ავტონომიური ოლქი. საქართველოს შემადგენლობაში კი მას ეძლეოდა უფრო მაღალი სტატუსი იმისათვის, რომ მოსკოვის ხელში ყოფილიყო ურჩ საქართველოზე ზეწოლის ეფექტური ბერკეტი.


1921 წლის 16 დეკემბერს საქართველომ და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსურ_ეკონომიკური კავშირის დამყარების შესახებ. აფხაზეთი ამ ხელშეკრულებით საქართველოს ნაწილი ხდებოდა და ყველა სამხარეო (ამიერკავკასიის) ორგანიზაციაში არა უშუალოდ, არამედ საქართველოს მეშვეობით შედიოდა.

აფხაზეთის საბჭოების I ყრილობამ 1922 წლის 17 თებერვალს მოიწონა ხელშეკრულება საქართველოსთან. აფხაზეთის სსრ საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანება დაადასტურა საქართველოს საბჭოების I ყრილობაზე 1922 წლის 28 თებერვალს მიღებულმა საქართველოს სსრ პირველმა კონსტიტუციამ.

მასში ნათქვამია: "საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოცილისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას - ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე”.


ფაქტობრივად და იურიდიულად აფხაზეთის სსრ წარმოადგენდა ავტონომიურ რესპუბლიკას. ამ სტატუსით მოიხსენიება იგი საქართველოს კომპარტიის ცკის 1922 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით: "მიეცეს ცენტრს 35, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს... სამ-სამი ადგილი."

საქართველოს კომპარტიის III ყრილობაზე 1924 წლის მაისში გაიმართა მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციიდან სიტყვების "სახელშეკრულებო რესპუბლიკა” ამოღების შესახებ. ყრილობაზე გამოსვლისას (1924 წ. 8 მაისი) ნ. ლაკობამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მას ესაუბრა ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბესო ლომინაძე.

აფხაზეთის ლიდერმა, თავის მხრივ, აღნიშნა: "ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ სახელშეკრულებო რესპუბლიკა, და მე მყოფნის გამბედაობა, განვაცხადო, რომ აფხაზეთის გლეხობა ორ წელიწადში ამ სიტყვებსაც ამოშლის.”

ნ.ლაკობამ აფხაზ ხალხზეც ისაუბრა: "აფხაზებს ისტორიული თვალთახედვით რომ მიუდგეთ, რა თქმა უნდა, არავითარი როლის თამაში კაცობრიობის ისტორიაში არ შეეძლოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხალხს არა აქვს არც თავისი ისტორია, არც თავისი დამწერლობა, არც თავისი ლიტერატურა”. აფხაზეთის ნამდვილი პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსი დაფიქსირებული იყო საბჭოთა კავშირის პირველ კონსტიტუციაში (1924 წ.), რომლის მეოთხე თავში (მუხლი 15) შავით თეთრზე წერია: "ავტონომიური რესპუბლიკები აჭარა და აფხაზეთი და ავტონომიური ოლქები სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი და ნახიჭევანი ეროვნებათა საბჭოში თითო წარმომადგენელს აგზავნიან”. გამოდის, რომ "დამოუკიდებელი” აფხაზეთი სინამდვილეში ავტონომიურ რესპუბლიკად ითვლებოდა და სსრ კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ავტონომიური ოლქების დონეზე იყო წარმოდგენილი.

საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციები აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდნენ სსრ კავშირის კონსტიტუციასთან, ვინაიდან აფხაზეთი ამ კონსტიტუციებში კვლავ სახელშეკრულებო რესპუბლიკად მოიხსენიებოდა.


აფხაზეთის სსრ პირველი კონსტიტუციის მიღების წარუმატებელი მცდელობა იყო 1925 წლის 1 აპრილს, როცა საბჭოების მესამე ყრილობამ ყოველგვარი განხილვის გარეშე თითქოს დაამტკიცა კონსტიტუცია. სსრ კავშირის, ამიერკავკასიის ფედერაციისა და საქართველოს კონსტიტუციების სრული იგნორირებით, აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ ცხადდებოდა, რომელსაც ვითომ ჰქონდა ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრ კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლება (საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის ან მასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების უფლებაზე კონსტიტუციაში საუბარი არ იყო).


კონსტიტუციის პირველი თავის მეოთხე მუხლი არეგულირებდა საქართველოსთან ურთიერთობას: "აფხაზეთის სსრ, გაერთიანდა რა განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სსრ-თან, მისი მეშვეობით შედის ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში...”
აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუცია, რომელსაც თვით ნ. ლაკობამ "კონსტიტუციური სისულელე” უწოდა, ზემდგომი ორგანოების მითითებით არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად ძალაში არ შესულა. უფრო მეტიც, საბჭოების III ყრილობის ბიულეტენში, რომელიც აფხაზეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა, ნათქვამია: "ყრილობამ გადაწყვიტა, დასრულდეს მუშაობა ყრილობისთვის წარდგენილ პროექტზე, მოყვანილ იქნეს იგი შესაბამისობაში საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ კონსტიტუციებთან”.

ამრიგად, აფხაზეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა 1925 წლის კონსტიტუცია მხოლოდ პროექტად აღიარა. მისი გადასინჯვის საკითხი განიხილეს რუსეთის კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო (1925 წ. 6 სექტემბერი), საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა (1925 წლის 6, 31 ივლისი, 27 სექტემბერი) და საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიურომ (1925 წ. 11 სექტემბერი).

აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 1926 წლისთვის დასრულდა, იმავე წლის 11-16 ივნისს სოხუმში გამართულმა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის III სესიამ საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ახალი V თავი - "მოკავშირე აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.”

იგი უცვლელად შევიდა 1926 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის III სესიის მიერ დამტკიცებულ აფხაზეთის პირველ კონსტიტუციაში II თავის სახით.

იგი საბოლოოდ დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობამ (1927 წ. 5-10 მარტი). მასში ორჯერ (მუხლები 2, 17) არის დაფიქსირებული, რომ აფხაზეთის სსრ "განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის” საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო მისი მეშვეობით-ამიერკავკასიის ფედერაციაში; სახელმწიფო ენებად აღიარებულია აფხაზური, ქართული და რუსული (მუხლი 8), თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებას მიჯნავდა 21-ე მუხლი.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, მიწათმოქმედებისა და სოცილური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატები (სამინისტროები) მოქმედებდნენ საქართველოს სათანადო კომისარიატებისგან დამოუკიდებლად. აფხაზეთის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო ორმაგ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა;

აფხაზეთის მთავრობაში გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლებით (ამის შესახებ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი იღებდა) შედიოდნენ ფინანსთა, შრომის, მუშათა და გლეხთა ინსპექციის რწმუნებულები, რომლებიც საქართველოს შესაბამისი კომისარიატების ორგანოებს წარმოადგენდნენ, მაგრამ პერიოდულად ანგარიშს უდგენდნენ აფხაზეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს და მთავრობას.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასავრცელებლად გამოცემულ საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის კოდექსებს, დეკრეტებს დადგენილებებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ აფხაზეთის სსრ ტერიტორიაზე;
კონსტიტუციასთან შეუსაბამო აფხაზეთის საბჭოების ყრილობების, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიებისა და მთავრობის დადგენილებების გაუქმების უფლებამოსილება ჰქონდა საქართველოს საბჭოების ყრილობას ან ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიას. 125-ე მუხლის მიხედვით, აფხაზეთის სსრ ბიუჯეტი მისი დამტკიცების შემდეგ ხდებოდა საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი.

მიუხედავად საბჭოთა კონსტიტუციების ფორმალური ხასიათისა (პარტიული ორგანოების ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრის გამო), შეიძლება ითქვას, რომ თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილება საკმაოდ მკაფიოდ იყო გამიჯნული.

ამავე დროს, ამიერკავკასიისა და სსრ კავშირის კონსტიტუციები აფხაზეთის (თუნდაც საქართველოს) განსაკუთრებულ გამგებლობაში სახელმწიფოებრივი ცხოვრების არც ერთ სფეროს არ ტოვებდნენ.


საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების კვალობაზე, როცა იმპერიის მესვეურთა აზრით, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის საფრთხე მოიხსნა, აფხაზეთის სსრ-ს შემაკავებელი ფუნქცია ამოწურულად ჩაითვალა. გარდა ამისა, 20-30-იან წლებში მიმდინარეობდა რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიების რეორგანიზაცია.

აფხაზებზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და განვითარებული ერები ავტონომიური ოლქების, საუკეთესო შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსს ღებულობდნენ ან ინარჩუნებდნენ. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის 1921 წლის 16 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა კონსტიტუციურად განმტკიცებულ ურთიერთობებს.

შექმნილ ვითარებაში სავსებით ბუნებრივად დაისვა აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის სსრ კავშირის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. 1930 წლის 17 აპრილს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის III სესიამ განიხილა საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების გადასინჯვის წინადადება.

სესიამ კონსტიტუციიდან ამოიღო სიტყვები "სახელშეკრულებო რესპუბლიკა” და იგი "ავტონომიური რესპულიკა”-თი შეცვალა. 1931 წლის 11 თებერვალს ეს ცვლილებები დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ. სიტყვით გამოსულმა ნ. ლაკობამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: "საქართველოსა და აფხაზეთის მშრომელებს შორის ურთიერთობების საკითხი მთლიანად გადაწყვეტილია”.


ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 1931 წლის აფხაზეთის სახელის გადარქმევას 1926 წლის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა შეცვლა არ მოჰყოლია. 30-იან წლებში საბჭოთა იმპერიის მასშტაბით მიმდინარეობდა ხელისუფლების ცენტრალიზაციის, უნიტარიზაციის, მართვის ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. იგი მოითხოვდა მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებში კონსტიტუციების, კანონმდებლობის უნიფიცირებას. ამ შემთხვევაში ტოტალიტარული სისტემა აფხაზეთისათვის გამონაკლისს ვერ დაუშვებდა.

აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობამ 1935 წლის 7 იანვარს დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საიდანაც გაქრა თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამმიჯნავი მუხლები, დაფიქსირდა მართვის სრული ცენტრალიზაცია-ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სახალხო კომისარიატი საქართველოს სათანადო უწყებებს დაუქვემდებარა (მუხლი 42).

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შენარჩუნებული იყო სახელმწიფოებრიობის მხოლოდ ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა საკუთარი ღერბი და დროშა (მუხლი 83, 84). შესაბამისი ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციაშიც, რომელიც საბჭოების VII ყრილობამ (1935 წ. 10-14 იანვარი) დაამტკიცა.


საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების პროცესი 1936 წლის 5 დეკემბერს საკავშირო საბჭოების VIII საგანგებო ყრილობაზე "სტალინური კონსტიტუციის” მიღებით დასრულდა. გაუქმდა ამიერკავკასიის ფედერაცია. საქართველო უშუალოდ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია საქართველოს საბჭოების VIII საგანგებო ყრილობამ 1937 წლის 13 თებერვალს მიიღო. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აფხაზეთის საბჭოების VIII ყრილობამ, მოისმინა რა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ა. აგრბას მოხსენება, 1937 წლის 2 აგვისტოს დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომელშიც შენარჩუნებულია მართვის სფეროს სრული ცენტრალიზაცია.

ცვლილება შეეხო სიმბოლიკასაც. აფხაზეთის დროშად და ღერბად აღიარებულია საქართველოს დროშა და ღერბი (მუხლი 111, 112). აფხაზეთის სახელმწიფო ენებად კვლავ აფხაზური, რუსული და ქართული დარჩა. ეს განასხვავებდა აფხაზეთის კონსტიტუციას რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიების კონსტიტუციებისაგან, რომლებშიც სახელმწიფო ენად რუსული იყო აღიარებული.


20-30-იან წლებში აფხაზეთი, ერქვა მას საბჭოთა სოციალისტური თუ ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოადგენდა არა სუვერენულ, დამოუკიდებელ, საქართველოსთან თანასწორუფლებიან სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, არამედ საქართველოს სსრ შემადგენელ ნაწილს. მისი რეალური უფლებამოსილება (ისევე როგორც უფლებამოსილება ყველა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკისა) სსრ კავშირში მართვის ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების კვალობაზე, თანდათანობით შემცირდა და 1937 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ მინიმუმამდე დავიდა.


პროფესორ ჯემალ გამახარიას ნაშრომიდან.

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0