x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოლოელი ადამიანი
სოლოელი ადამიანი


სოლოელი ადამიანი / სოლოელი ამართული ადამიანი / სოლოელი ჰომო ერექტუსი / ჰომო ერექტუს სოლოენზისი / იავანთროპი (Solo man / Homo erectus soloensis / Javanthropus) იყო პრეისტორიული ადამიანის ერთ-ერთი სახეობა ან უფრო ზუსტად ერექტუსის ქვესახეობა, რომლის ნამარხი ნარჩენებიც, კერძოდ 11 ნამარხი თავის ქალა (სახის ჩონჩხის გარეშე) და ფეხის ძვლის ორი ფრაგმენტი აღმოჩენილი იქნა ინდონეზიის ტერიტორიაზე კუნძულ იავაზე, მდინარე სოლოს ხეობის ტერასებზე, ნგანდონგში 1931 წელს. ამ ადამიანთა თავის ქალას საშუალო მოცულობა იყო 1013-დან 1251 სმ3-მდე (კუბურ სანტიმეტრამდე). თითქმის ემთხვეოდა თანამედროვე ადამიანის თავის ქალას საშუალო მოცულობას, რომელიც დაახლოებით 1350 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს. თავის ქალები გაბრტყელებულია პროფილში, სქელი ძვლებით და გამოკვეთილი წარბზედა რკალებით, ხოლო კიდურების ძვლები არ განსხვავდება თანამედროვე ადამიანთა კიდურებისგან. აღმოჩენილი ინდივიდების თავის ქალების ფუძეები გატეხილი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს და მათი ტვინები შეჭამეს. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს ხალხი გვიან პლეისტოცენში, ბოლო დიდი გამყინვარების დროს, დაახლოებით ძვ.წ. 18, 000-დან ძვ.წ. 13, 000 წლამდე ცხოვრობდა, მაგრამ შემდგომ დაზუსტდა, რომ ისინი დაახლოებით ძვ.წ. 115, 000 - 106, 000 წლებში ცხოვრობდნენ.


სოლოელი ადამიანი


ამ ხალხის ანთროპოლოგია ემსგავსებოდა ე.წ. "იაველ ადამიანებს" და "პეკინელ ადამიანებს", ამიტომ ზოგიერთმა მკვლევარმა ის აზიელი ჰომო ერექტუსის გვიანდელ ქვესახეობად მიიჩნია და უწოდა Homo erectus soloensis - სოლოელი ჰომო ერექტუსი. მკვლევართა მეორე ნაწილმა კი ის მიიჩნია ადრეული ჰომო საპიენსის რეგიონულ ვარიანტად - ქვესახეობად (რასად), რომელიც ასევე ახლოს უნდა ყოფილიყო ნეანდერტალელებთან და აფრიკელ როდესოიდებთან. სოლოს ნამარხებს თავდაპირველად მიენიჭა გვარის სახელი - იავანთროპი. ამ მოდგმის ერთ-ერთი აღმოჩენილი ქალის ნარჩენებიდან დადგენილია, რომ ის დაახლოებით 158 სმ-ის უნდა ყოფილიყო და იწონიდა 51 კილოგრამს. მამაკაცები ამაზე გაცილებით დიდები იყვნენ. ისინი განსახლებულნი უნდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ იავაზე, არამედ ინდონეზიის არქიპელაგის სხვა მრავალ კუნძულზეც, მაგრამ ჯერჯერობით არქეოლოგიური აღმოჩენა მხოლოდ იავაზეა გაკეთებული. ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ტყიან და უფრო მეტად გრილ გარემოში, ვიდრე დღევანდელ ინდონეზიაშია. მათ გარშემო ბინადრობდნენ ისეთი ცხოველები, როგორიცაა სპილო, ვეფხვი, წყლის კამეჩი, ტაპირი, ჰიპოპოტამი, გარეული პირუტყვი და სხვ. სოლოელი ადამიანები ამზადებდნენ მრავალი სახის ქვის და ძვლის იარაღს. ქვის იარაღებიდან აღსანიშნავია საფხეკები, საჭრელები, შუბები, ხოლო ძვლის იარაღებიდან ხშირი იყო ჰარპუნები. ჩაქუჩებს ხშირად ანდეზიტის ქვისგან ამზადებდნენ. ამ ადამიანთა გადაშენების თარიღად დაახლოებით მიჩნეულია პერიოდი ძვ.წ. 48, 000 წლიდან. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მათი შთამომავლობა უნდა ყოფილიყო დღევანდელი ავსტრალოიდური რასის წარმომადგენელი ადამიანები, თუმცა გაირკვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და სოლოელი ადამიანების შთამომავლობად დღეს არსებული ვერცერთი ხალხი ვერ ჩაითვლება.



სოლოელი ადამიანი


წყარო 1: Solo man - Extinct hominid - Britannica;

წყარო 2: Solo man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
151
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
151
  
2022, 26 აპრილი, 12:28
▶ სოლოელი ადამიანი / სოლოელი ჰომო ერექტუსი (Solo man / Homo erectus soloensis) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 117-108 ათასი წლის წინ. აღმოაჩინეს 1931 წელს ინდონეზიის ტერიტორიაზე კუნძულ იავაზე. გავრცელებული იყო იავაზე და შესაძლოა ინდონეზიის სხვა კუნძულებზეც. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1013-დან 1251 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 158 - 170 სმ-მდე და იწონიდნენ 50-65 კილოგრამს.
0 1 1