x
image
თეონა გორდეზიანი
მე - დავით ულუ...

ავტორი: გელა ბერუაშვილი
მე - დავით ულუ
წინათქმა
რაც თავი მახსოვს, უკანონო შვილს მეძახდნენ და ისეთი ადამიანები მემტერებოდნენ, რომლებსაც ვენდობოდი. მთელი ცხოვრება ბრძოლა მიწევდა, რადგან ჩემთვის, როგორც მეფის უკანონო შვილისთვის, ადვილი არ იყო სამეფო კარზე ადგილის დამკვიდრება.
ვიდრე ჩემს ამბებს გავიხსენებ, მინდა, ჯერ მამაჩემზე გიამბოთ. მამაჩემი სულმნათი ბებიაჩემის, თამარ მეფის, შვილი იყო. ქრისტეშობიდან 1192 წელს დაიბადა და 1223 წელს აღესრულა. ბებიაჩემმა მამაჩემი, ანუ თავისი პირმშო, 1207 წელს თანამოსაყდრედ დაისვა. თამარის გარდაცვალების შემდგომ მამაჩემი საქართველოს სამეფო ტაზტზე უნდა ასულიყო, როგორც გიორგი IV. მამას საალერსოდ ლაშას ეძახდნენ, ფშავის მთავარი სალოცავის, ლაშარის ჯვრის სახელობაზე. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც გიშრის ფაფრიანი ნისლა ცხენით წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. გარდა ამისა, სიტყა „ალაშარ“ აფხაზური სიტყვაა და სინათლეს, შუქს ნიშნავს. დიდებულ თამარს სწორედ ასეთი ესახებოდა თავისი ერთადერთი ვაჟი, გიორგი - ძლევამოსილი წინამძღოლი, რომელიც თავისი ხალხისა და ქვეყნის შუქურა იქნებოდა.
გიორგი IV-ზე საქრისტიანოს იმედებს ამყარებდნენ და მომავალ ალექსანდრე მაკედონელად აღიქვამდნენ. მემატიანე მამაჩემს ასე აღწერს: „იყო ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნებოვანი… იყო ახოვანი დავითიანი და გორგასლიანი“. ერთნი ამბობენ, რომ ის ფიცხი ხასიათის, თავნება და უზნეო მეფე იყო, რომელიც ეკლესიას უარყოფდა. მეორენი კი ამბობენ, რომ ფიცხი ხასიათის, სამეფო და საეკლესიო კანონებისადმი დაუმორჩილებლობის მიუხედავად, უშიშარი მეომარი, გონიერი მმართველი და ერთგული ბუნების ადამიანი იყო.
როგორც დედისერთა ვაჟებს ახასიათებთ, მამაჩემსაც ჰქონდა ნებიერად აღზრდილთათვის დამახასიათებელი თვისებები. გართობისა და სიამის დიდად მოყვარული გახლდათ, თუმცა, ამასთანავე, დედისეული გულკეთილობა და ლმობიერება ძვალსა და სისხლში ჰქონდა გამჯდარი. მამაჩემი მტკიცედ იცავდა ქართულ სამართლში ბებიაჩემის მიერ განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა და სხვა სასტიკი სასჯელები გაუქმდა... მაგრამ ახლა არ ვაპირებ მის საგმირო საქმეთა შესახებ საუბარს - ამას მემატრიანენი ჩემზე ბევრად უკეთ იზამენ. მინდა, ჯერ ის გიამბოთ, თუ როგორ გავჩნდი მე, სრულიად საქართველოს მეფის, გიორგი IV-ის უკანონო შვილი - დავით ულუ.
მამაჩემზე ამბობდნენ, უწესო დედათა მოყვარული იყოო. არ ვიცი, ეს მართლაც ასე იყო თუ არა. სიყმაწვილეში საკმაოდ თავქარიანიც ყოფილა, ლხინი, გართობა, დროსტარება ჰყვარებია. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ უწესო დედათა მოტრფეც ყოფილიყო. გამოხდა ხანი და მოხდა ის, რასაც, ალბათ, მამაჩემიც კი არ ელოდა - თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი ველისციხელი გლეხის ქალი თვალჩინა. დედაჩემის სახელს - თვალჩინა - მემატიანენი გვერდს უქვეცენ, არ ახსენებენ, თითქოს არც არსებობდა, მაგრამ დაე იყოს ისე, როგორც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ. მე დედაჩემის სახელი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მემახსოვრება. დედა უწესო ქალი არ ყოფილა, როგორც ხმა დაუყარეს. მის ქმარს ბაჭუა რქმევია. ბაჭუა შეძლებული გლეხის ერთადერთი შვილი ყოფილა. თვალჩინას მამას ბაჭუას მამის დიდი ვალი ჰქონია, ვალი ვერ გადაუხდია და თავისი ასული ბაჭუასთვის ცოლად მიუცია. არადა ბაჭუა დაბადებიდანვე ხეიბარი და ცვედანი იყო. თუმცა ეს ყველაფერი მემატიანეებმა საგულდაგულოდ მიჩქმალეს და მაიჩუმათეს. მათთვის მთავარი ხომ ის იყო, რომ დედაჩემისთვის ჩირქი მოეცხოთ ეკლესიის დავალებით, ვითომცდა სამეფოს სასიკეთოდ. თვალჩინა არასოდეს ყოფილა მეფის ხარჭა და, იმის მიუხედავად, რომ ეკლესიამ მათ ჯვარი არ დასწერა, მამა ყოველთვის საკუთარ კანონიერ ცოლად და საქართველოს დედოფლად აღიარებდა. ოღონდ საქმე ისაა, რომ ამას ეკლესიის აღიარებაც სჭირდებოდა. არადა დედამ თავიდან სულაც არ იცოდა, ვინ იყო ის კოხტა, ახოვანი, ენაწყლიანი ვაჟკაცი, ასე მოულოდნელად რომ გამოჩნდა სოფელ ველისციხეში. თვალჩინა სოფლის განაპირას, წყაროზე კოკით წყალს იღებდა, როცა უეცრად ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი თავს წამოადგა და წყალი სთხოვა წყურვილის მოსაკლავად. თვალჩინამ კოკა მიაწოდა. იმდენს კი მიხვდა, რომ წყალი ვიღაც დიდგვაროვანმა სთხოვა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ თავად უფლისწული იდგა მის წინ. მამაჩემს მეტად მოსწონებია თვალჩინა. ასე თანდათან დაიწყო მათი ურთიერთობა. თვალჩინა დიდხანს ვერ უტყდებოდა თავს, რომ ლაშა უყვარდა. ბაჭუა ვერასოდეს შეძლებდა ნამდვილ ქმრობას, თვალჩინას ვერასოდეს გააბედნიერებდა და ქალად, დედად ვერასოდეს აქცევდა. მამამ ბაჭუას ოჯახს კარგი ურვადი გადაუხადა და საყვარელი ქალი თავის სასახლეში წამოიყვანა. ამ ამბავმა მთელი სამეფო კარი გააოგნა და აღაშფოთა, ეკლესია კი იმდენად იყო განრისხებული, რომ ერთხელ, როცა მამაჩემი სანადიროდ იყო წასული, უკან დაბრუნებულს ქალი შინ აღარ დახვდა - ძალით წაეყვანათ და ქმრისთვის დაებრუნებინიათ. ეკლესიამ არც ბაჭუას ოჯახი დაინდო. მეფემ თავისი საყვარელი ქალი ისევ შინ დააბრუნა. ასე გავჩნდი მე, რომელსაც ზურგს უკან ნაბიჭვარს, ხარჭის შვილს, ნახევრად მდაბიოს და სხვა დამამცირებელ მეტსახელებს მეძახდნენ. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ტანჯვა იყო. თუმცა ჩემი ნამდვილი ტანჯვა მაშინ დაიწყო, როცა საბრალო დედაჩემი უცაბედად ხელიდან გამოგვეცალა. მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ თვალჩინა მოწამლეს და ასე მოაშორეს სამეფო ოჯახს. დიდი დარდის ჩასახშობად მამამ სმას და გართობას მიჰყო ხელი. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული დედაჩემისადმი, რომ სხვა ცოლი აღარ მოუყვანია, საქართველოს დედოფლის გვირგვინს არცერთი დიდგვაროვანი ქალის თავი არ დაუმშვენებია.
ქრისტეშობიდან 1223 წელს ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფეთა მეფის ტახტი, ლაშას ანდერძისამებრ, მისმა დამ, მამიდაჩემმა რუსუდანმა დაიკავა. რუსუდანს, ანდერძის თანახმად, სამეფოდ უნდა აღვეზარდე და როცა სრულწლოვანებას მივაღწევდი, ტახტი ჩემთვის უნდა დაეთმო, მაგრამ…
– _____________
თავი 1
ჩემი ამქვეყნად დაბადება სამეფო კარზე არავის გახარებია, გარდა ჩემი მშობლებისა და სოსანასი. იმ დღიდან, რა დღიდანაც თავი მახსოვს და ქვეყნიერების აღქმის, აზროვნებისა და დამახსოვრების უნარი გამიჩნდა, მახსოვს სოსანაც. ეს კაცი, როგორც ამბობენ ხოლმე, მამაჩემის ერთგული მსახური იყო, მაგრამ, სინამდვილეში, სოსანა მსახური არასოდეს ყოფილა. მართალია, სამეფო სასახლეში ამ კაცმა თავისი ადგილი მუდამ იცოდა, მაგრამ არც ის ავიწყდებოდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. ბევრისთვის გამოცანად რჩებოდა ის, თუ რატომ იყო სოსანა ჯერ მამაჩემის, მერე კი ჩემი უერთგულესი მსახური სიცოცხლის ბოლომდე. მემატიანენი ამ კაცის თაობაზე თითქმის არაფერს წერენ. მასზე მხოლოდ მწირი გადმოცემებია ხალხში შემორჩენილი. ანდა ჟამთააღმწერელს რატომ უნდა დაესველებინა კალამი მელნით და აღეწერა სოსანას ცხოვრება და საქმე. თუკი რამ დაუწერიათ ან უთქვამთ მასზე, ესაა ზღვაში წვეთი, უდაბნოში - ქვიშის მარცვალი, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე - ერთი პაწია ვარსკვლავი. არადა, არავინ და არაფერი ვიქნებოდი, არც კი დავიბადებოდი, ვერც მეფის გვირგვინს დავიდგამდი თავზე, რომ არა ეს კაცი. ალბათ გაინტერესებთ, სინამდვილეში, ვინ იყო სოსანა. ვინ იყო და დედაჩემის ერთადერთი ძმა იყო. დიახ, სოსანა საქართველოს უგვირგვინო დედოფლის, თვალჩინას, დედმამიშვილი იყო. ალბათ, ახლა ნათელი მოეფინა იმას, თუ რატომ იყო ესოდენ ერთგული და ძვირფასი მამაჩემისთისაც და ჩემთვისაც. ჩემს ძარღვებში მისი სისხლიც ჩქეფს. ის თუ იცოდით, რომ ბიძაჩემი სოსანა ცოლიანი კაცი იყო - მის ცოლს თებრო ერქვა. სოსანა და თებრო უშვილძირონი იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ. თებრო იყო ჩემი ძიძა და, სინამდვილეში, მამიდაჩემმა რუსუდანმა კი არა, თებრომ და სოსანამ გამზარდეს და აღმზარდეს.
სოსანა დედაჩემზე უფროსი იყო რამდენიმე წლით. თავმდაბლობითა და თვინიერებით გამოირჩეოდა, თუმცა მისი სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი მაშინ ქრებოდა, როცა ჩემს მშობლებს ან მე საფრთხე გვემუქრებოდა. მამა ხშირად არ იყო სასახლეში. ამიტომ სოსანა და თებრო ზრუნავდნენ ჩემზეც და დედაჩემზეც. სოსანასა და თებროზე კიდევ ბევრს გეტყვით თანდათან. დედაჩემ თვალჩინაზეც მოგიყვებით. გპირდებით, ყველაფერს გიამბობთ, რაც ვიცი და მახსოვს. მანამდე კი ერთი თხოვნა მაქვს - შეეცადეთ, არ შეიცხადოთ, არ გაიკვირვოთ და არ გაოგნდეთ. მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.
სამეფო კარისთვის სოსანა მდაბიო იყო, ზოგს სძულდა, არაფრად აგდებდნენ, თუმცაღა მამაჩემის შიშითა თუ ხათრით იძულებული იყვნენ, მოეთოკათ თავიანთი ზიზღი და რისხვა. ბევრისთვის ისიც მიუღებელი იყო, რომ მამაჩემი, სრულიად საქართველოს მეფე გიორგი IV ლაშა, ყველაზე მეტად სწორედ სოსანას, თავისი საყვარელი ცოლის ძმას, ენდობოდა და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა, როგორც თანასწორს. ჰოდა, მითხარით, რომელი მემატიანე ჩაწერდა ამას ბაგრატიონთა სამეფო კარის საბუთებსა თუ ამბებში. სამეფო კარის მატიანე ხომ უმწიკვლო, უხარვეზო უნდა ყოფილიყო, როგორც წმინდანთა ცხოვრების აღწერილობანი. მაგრამ ჩვენ, ბაგრატიონები, საქართველოს ხელმწიფე-ხელისუფალნი სულაც არ ვიყავით წმინდანები, ფრთაშესხმული ანგელოზები თუ დედამიწაზე ცით მოვლენილი მოადგილენი უფლისა. ჩვენ, სამეფო ოჯახის შვილნი, ისეთვე მოკვდავნი ვიყავით და ვართ, როგორც მდაბიონი არიან. ჰმ, მდაბიონი... სიმართლე გითხრათ, არ მეჭაშნიკება ეს სიტყვა. აკი მეც მდაბიო ქალის ნაბუშარს მეძახდნენ.
ალბათ კითხულობთ და გიკვირთ ეს ყველაფერი. მესმის თქვენი. რას წარმოიდგენდით, რომ მე, მეფე დავით VII ულუ ასეთ რამეებს გაგიმხელდით. თქვენ ხომ იმ ამბებს ხართ მიჩვეული, რაც „ქართლის ცხოვრებაში“ წაგიკითხავთ. მე კი სრულიად განსხვავებულ რამეებს გიამბობთ. არა უშავს. თავზარი ნუ დაგეცემათ. ჩემი ცხოვრება და საქმენი ჩემზე უკეთ არავინ იცის. კიდევ ბევრ ისეთ რამეს მოგიყვებით, რაც აქამდე არსად გსმენიათ და არსად წაგიკითხავთ.
imageწყარო: "წიგნის ჭიები"
1
304
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
304
  
2022, 23 ნოემბერი, 22:09
ასე არ ჯობია :) ერთერთი გამორჩეული პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში
0 1 1