x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა უნდა დაჭრილ დათვს და როგორ მოვიგერიოთ ის
image
დღევანდელ მსოფლიოს ამბებში ყაზახეთის გადატრიალების და კორონავირუსის ინფექციის პარალელურად, არანაკლებმნიშვნელოვანი თემა პრივალირებს - რუსეთის ულტიმატუმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ წაუყენა ნატოს და დასავლეთს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ხელშეკრულებათა ორი პროექტი, რომლებიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.


შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის თანახმად "რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე.


ამასთან, პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ნატო-მ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და არ უნდა განათავსოს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები ისეთ ადგილას, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა იქნება შესაძლებელი.



შეთანხმების პროექტის მეორე ტექსტში რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედრო ძალები იმ რაიონებში, სადაც მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნება აღქმული. ასევე, თავი შეიკავოს ბირთვული და არაბირთვული ბომბდამშენების ფრენისგან საკუთარი საჰაერო სივრცის გარეთ და სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნული წყლების გარეთ, საიდანაც მათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეეძლებათ.


პროექტის ტექსტის მიხედვით, „შეერთებულმა შტატებმა პირობა უნდა დადოს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე, არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენებს მათ სამხედრო ინფრასტრუქტურას და არ განავითარებს მათთან სამხედრო თანამშრომლობას“.


რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“.


აშკარაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელსაც მუდამ "აგრესორი დასავლეთის" მილიტარისტული პოლიტიკის მთავარ მოთამაშედ ხატავდა საბჭოთა ხელისუფლება, როდესაც პროპაგანდისტულ ომს ეწეოდა დასავლეთის წინააღმდეგ, აშკარად ფრთხილობს, რადგან ხვდება, სასწორის მეორე მხარეს, პინაზე ომია, რომლითაც რუსეთი იმუქრება, ომი, რომელიც ყველას დაღუპავს და ყველაფერს გაანადგურებს. ნებისმიერ ჭკუათმყოფელს ესმის, რას ნიშნავს დღეს ბირთვული ომი, რომელშიც მოგებულები არ იქნებიან! ისინი ბჭობენ, გათვლა გააკეთონ რუსეთის დღევანდელი ისთებლიშმენტის კეთილგონიერებაზე თუ არა, ის მხოლოდ იმუქრება, თუ მართლა გონი დაკარგა და დაჭრილი დათვია, რომელსაც კეთილგონიერება არ მოეთხოვება და არ ესმის, რომ თუ საფრთხეს შექმნის - ესვრიან!


ნატო დილემის წინაშე აღმოჩნდა, მან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას - ან გააგრძელოს აღმოსავლეთით გაფართოება თავის რიგებში უკრაინისა და საქართველოს მიღებით, ან დაემორჩილოს კრემლის მუქარას და მთელი მსოფლიოს დასანახავად უკან დაიხიოს. ჩვენ ამ დილემის წინაშე, თუ როგორ მოვიგერიოთ დაჭრილი დათვი, უკვე 30 წელია ვიმყოფებით და ერთადერთი გამოსავალი დასავლეთის მეგობრული დახმარების ხელით, მათი პარტნიორობის სახით გამოგვიჩნდა. ამის გარეშე ჩვენ დავიღუპებოდით!


იქმნება შთაბეჭდილება, რომ ალიანსი მართლაც მშვიდობის დამცველია. ნატო წარმოადგენს დღევანდელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი მიზეზი, სურდეთ ომი. სამხედრო კომფლიქტი და არეულობა ძირითადად მათ სურთ, ვისაც პრობლემები აქვს. დასავლეთს აქვთ აწყობილი სოციალური სისტემა, დალაგებული, დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც წლიდან-წლამდე განვითარებაზე და ეკონომიკის ზრდაზე არიან ორიენტირებული. ისინი დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ და თავიანთი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნავენ, იმ კეთილდღობაზე, რომელიც უკვე აქვთ და რომლის გაუმჯობესებისთვისაც იღწვიან.


რა სურს დღევანდელ რუსეთის ფედერაციას? ძნელია იმარჩიელო, თუ რა სურს დაჭრილ დათვს! მას ვერ მოუნელებია საბჭოთა კავშირის დაშლა და ცდილობს იმპერიის აღდგენას. უკანასკნელმა მოვლენებმა ყაზახეთში, სამხედრო აგრესიამ საქართველოში და უკრაინაში, ნათლად აჩვენა, თუ რა ზრახვები ამოძრავებს რუსეთს. ვინ არის დამპყრობელი, ნატო თუ სისხლსმოწყურებული დათვი, რომელიც მუდმივად ომით და სისხლისღვრით იმუქრება, თუ მას ნადავლს ხელიდან გააგდებინებენ? მგონი მარტივია, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.


ნატო სიფრთხილით ეკიდება მშვიდობის საკითხს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა მართლაც დათვური სამსახური არ გაგვიწიოს და უარეს განსაცდელში არ ჩაგვაგდოს. ვფიქრობ, რომ ეს ფრთხილი ნაბიჯები ნატოს სისუსტის კი არა, სიძლიერის გამოხატულებაა. მისი ასეთი სიფრთხილე ცხადყოფს, რომ მისთვის სულერთი არ არის პარტნიორების უსაფრთხოება და მნიშვნელოვანია მშვიდობა, ხოლო რუსეთი აშკარად ჩამორჩა თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტემპებს. ის თავის მოძველებულ, იმპერიალისტურ პოლიტიკას ვერ თმობს, ვერ ელევა კოლონიებს. ამ მიზეზით ის არაფრით უშვებს უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეასაც კი და აგერ უკვე 30 წელია გვებრძვის, ყველანაირი ძალით და ყველა ღონეს ხმარობს, რომ „ხოხვით მივფორთხდეთ და შევეხვეწოთ, როგორმე უკან მიგვიღონ“, რასაც პრინციპში დაგვპირდა კიდეც. რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის და ჩვენი ახლად აღდგენილი დამოუკიდებლობის მიმართ, ამას დიდი ხნის წინ შეასრულებდა ჩვენთან. ჩვენ უკვე ვნახეთ '90-ან წლებში სამოქალაქო ომი თბილისში, როდესაც ორივე მხარე რუსული იარაღით იყო აღჭურვილი, კრიმინალური ბანდების თარეში აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ვნახეთ 2008 წლის თავდასხმა და დავრწმუნდით, თუ როგორი "ერთგული ძმა" გვყოლია ერთმორწმუნე რუსეთის სახით.


ნატოს წინაშე რთული, მაგრამ სამართლიანი და კეთილშობილური ამოცანაა, დაიცვას ამ გაერთიანებით და გაფართოებით ორი სახელმწიფოს სუვერენიტეტი. უცნაურია, მაგრამ ჩამორჩენილი და იმპერიალისტურია რუსეთის პოლიტიკა. სიმართლე გითხრათ, მე მცხვენია მათ გამო. ასეთი მრავალრიცხოვანი და დიდი ერი, რომელმაც ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, ბულგაკოვი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი და ბევრი სხვა გენიოსი შვა, რომელმაც მსოფლიოს მისცა კლასიკური რუსული ბალეტი და ბევრი სხვა, უნიკალური კულტურული საგანძური, ასეთ ჩამორჩენილობას არ უნდა იჩენდეს, რუსი ხალხი ამას არ იმსახურებს! მრავალრიცხოვნობა ბოროტებას არ უნდა ემსახურებოდეს, თორემ ღმერთი იზრუნებს იმაზე, რომ ეს ბოროტება აილაგმოს და სამართლიანობა აღდგეს.


ჩვენ ვუწოდებთ რუსებს - მართლმადიდებელ ძმებს, ჩვენი ერთმორწმუნეობის გამო, მაგრამ რამდენად მართლმადიდებლურია რუსეთი დღეს და რამდენად ქრისტიანულია სხვა ერების დაპყრობა, უსამართლობა, ომი და სისხლისღვრა, იმ მიზნით, რომ ხალხს წაართვა ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნიათ - სამშობლო?! თუკი რუსეთი დღეს მართლაც მართლმადიდებლური ერია, უნდა ითვალისწინებდეს ქრისტიანობის მთავარ პრინციპებს, რომლებიც 10 მცნებაშია ჩამოყალიბებული, სადაც ვკითხულობთ:

  • არა კაც-კლა.
  • არა იპარო.
  • არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა.
  • არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა.

მხოლოდ ქრისტესმიერი სიყვარული და კეთილი საქმეები ცხადყოფს ქრისტიანის ჭეშმარიტ მორწმუნეობას, მისი ქმედებების ნაყოფით შეიცნობა ჭეშმარიტი ქრისტიანი. პავლე მოციქული ამბობს „რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ არას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთილებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყვარულისგან შეწევნული", – (გალატ. 5, 6).


სიყვარულისა და კეთილ საქმეთა გარეშე რწმენა უმოქმედოა და მკვდრადშობილი. "რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? ... რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკობ. 2, 14, 26).


სიყვარული, რომელსაც არ ახლავს კეთილი საქმეები, არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. ეს უკანასკნელი ბუნებრივად ავლენს თავის თავს კეთილ საქმეებში. ასევეა რწმენა, ის მცნებების ასრულებით ვლინდება და საქმეებში ჩანს.


იესო ქრისტე ბრძანებს: "რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე... უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს" (იოან. 14, 21, 23). "რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ" (1 იოან. 5, 3). "ნუ ვიყუარებით სიტყვითა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა" (1 იოან. 3, 18).


სიყვარული და ძმობა კეთილი საქმეებით შეიცნობა და არა მტრობით და შუღლით. მეათე მცნებით დაგმობილია სწორედ შური და ანგარება! სული, რომელშიც უკეთური გულისთქმები და ზრახვები ბუდობს, უკვე უწმინდურია ღვთის წინაშე და აღარ არის მისი ღირსი. როგორც მოციქული გვასწავლის: "განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა" (2 კორ. 7, 1).


ცოდვილი გულისთქმებისა და ზრახვებისგან, როგორც თესლისგან, აღმოცენდებიან ცოდვიანი საქმეები: "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი" (მათ. 15, 19). "კაცად-კაცადი განიცადების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების. მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკობ. 1, 14-15).


ღვთის რწმენა ღმერთის და მოყვასის სიყვარულში გამოიხატება, ქრისტესმიერი სიყვარული კი კეთილ საქმეებში ვლინდება. მართლმორწმუნეა ის, ვინც ღვთის და ადამიანის სიყვარულს კეთილი საქმეებით ამტკიცებს, არავის ჩაგრავს, არავისი არ შურს, ანგარება არ აქვს გულში და არავის კუთვნილის მიტაცებით არ დაიმძიმებს სულს.


ღმერთმა ინებოს, რომ დღევანდელი რუსეთი ასეთ ქრისტესმიერ ძმად მოგვევლინოს, რომელსაც შურის, ანგრებისა და სიძულვილის ნაცვლად, სიყვარული და კეთილი საქმეები ექნება არსენალში, ერთმორწმუნე მეზობლების და სხვათა მიმართ. აქსიომაა, რასაც გასცემ სამყაროში, ის გიბრუნდება, ამიტომ უნდა იფრთხილოს ყველამ ზრახვებში. კეთილი ზრახვები სიკეთის მომტანია, ბოროტი კი - ბოროტების.

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0