x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ყარაჩაელები
image


ყარაჩაელები ჩრდილოეთ კავკასიაში თურქულენოვანი ეთნოსებიც მკვიდრობენ, რომელთაგანაც განსაკუთრებული ადგილი ყარაჩაელებსა და მათ უახლოეს მონათესავე ბალყარელებს უკავიათ. ისინი მთიანი ქედის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ.

ყარაჩაელების ენა ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება. ყარაჩაელები და ბალყარელები იალბუზის მთების ირგვლივ მკვიდრობენ. ეს მთა თითქმის ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ორ ნაწილად ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთი _ ბალყარელებს. სტატისტიკური მონაცემებით, 1980-იანი წლების ბოლოს ყარაჩაი-ჩერქეზეთში 109, 2 ათასი ყარაჩაელი ცხოვრობდა (სსრკ-ში 131, 1 ათასი).


დღეისათვის რუსეთის ფედერაციაში ყარაჩაელების რაოდენობამ 150 ათას კაცს გადააჭარბა (ყარაჩაი-ჩერქეზეთში _ 129, 4 ათასი). მათი ცალკეული ჯგუფები ცხოვრობენ აგრეთვე: შუა აზიაში, ყაზახეთში, თურქეთში, აშშ-ში (20 ათასი კაცი). ყარაჩაელებს დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე 1937 წლიდან აქვთ. ანთროპოლოგიური მონაცემებით, ყარაჩაელების ფიზიკური ტიპი ევროპეიდული რასის მაღალმთიან კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნება.


ყარაჩაელების თვითსახელწოდებაა “ყარაჩაილილა”. ამას გარდა, ისინი ისევე როგორც ბალყარელები, თავიანთ თავს “თაულ”-ს (თულუ-ს, თაულულ-ას) სახელითაც მოიხსენიებენ, რაც მათ ენაზე “მთიელს” აღნიშნავს. ყარაჩაელები რამდენიმე ტერიტორიულ (ლოკალურ) ჯგუფად იყოფოდნენ და ყველა მათგანს თავისი სახელი ჰქონდა. ყარაჩაელთა ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებთა სახელწოდებებს ტოპონიმების, ძირითადად ჰიდრონიმების სახელწოდებები უდევს საფუძვლად.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყარაჩაელთა ქვეყნის სახელწოდება გამჭვირვალე თურქული სახელია და ის შავ მდინარეს (ყარა _ შავი, ჩაი _ მდინარე) აღნიშნავს. თუმცა ყარაჩაელთა გადმოცემით, ისინი თავიანთ აღმნიშვნელ ეთნონიმს უკავშირებენ წინაპარს, წინამძღოლ _ ყარჩას, რომელმაც თავისი ხალხი ყირიმიდან, თუ ოქროს ურდოდან გამოიყვანა და ჯერ ბაქსანში, შემდეგ კი _ ზემო ყუბანში დაასახლა. ყარჩას სამი მეგობარი თუ ძმა ყოლია: აბდურაჰაი, ბუდიანი და ნაურუზი. შემდგომში მათ ორი ძმა: ხუბი და ხუბდი შეერთებიან. თუმცა ეს უკანასკნელი მალე აფხაზეთში გადასახლებულა.

რუსულ წყაროებში ყარაჩაელები, პირველად 1639-1640 წლებში არიან მოხსენიებულნი. ამავე პერიოდში მათ იტალიელი არქანჯელო ლამბერტიც იხსენიებს. ლამბერტი მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ აღნიშნავს: “ლაპარაკობენ თურქულად, ოღონდ ძალიან სწრაფად”.


კავკასიის ამ თურქულენოვან ხალხს თვითსახელწოდებით (ყარჩაელი) ფრანგი ჟან შარდენი მოიხსენიებს. 1743 წლის რუსულ დოკუმენტში კი ყუბანის სათავეში განსახლებულ “თათრულ ენაზე” მოლაპარაკე ხალხი მოხსენიებულია ეთნონიმით “ხარაჩაი”. ყარაჩაელებს იცნობენ აგრეთვე XVIIIს-ის დასავლეთ ევროპელი ავტორები (გალვანი, გიულდენშტედტი, პალასი). ფრიად საყურადღებოა ყარაჩაელთა სხვა გარე ეთნონიმებიც. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის _ სამეგრელოს მკვიდრნი მათ “ალანებს” უწოდებდნენ. ამ ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეთნონიმის თურქულენოვანი ხალხისადმი მიმართება შორს მიმავალი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

მეცნიერები სამართლიანად ვარაუდობენ, რომ ყარაჩაელთა განსახლების ადგილზე თავდაპირველად ირანული მოდგმის ალანებს უნდა ეცხოვრათ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ ძველი ხალხის ეთნონიმი სხვა, მოსული ხალხის სახელწოდებად გამოიყენა.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აგრეთვე არაბი გეოგრაფის აბულფედის (1273-1331) ცნობა. ის საუბრობს აფხაზეთის მეზობლად, აღმოსავლეთით მცხოვრებ თურქულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიან ალანებსა და ასებზე, თურქულ რასაზე. სრულიად აშკარაა, რომ ლაპარაკია არა ირანულენოვან ალანებზე (ასებზე), არამედ მათ მემკვიდრეებზე, გარკვეულწილად შთამომავლებზე _ ყარაჩაელებსა და ბალყარელებზე, რომლებიც “ალანებად” და “ასებად” საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იწოდებოდნენ.

XIIIს-ის ავტორი იბნ ალ ასირი საუბრობს მონღოლთა შემოსევების შემდეგ ყივჩაღთა ნაწილის მთებში გაქცევაზე. სწორედ ამ დროს ხდება თურქულენოვანი მოსახლეობის ჩრდილოეთ კავკასიის მთებში შესვლა, ბარში მცხოვრები თურქების მთიელებად ქცევა, მათი შერევა ადგილობრივ ირანულენოვან მოსახლეობასთან და მოსულთა მიერ დამხვდურთა ენობრივი ასიმილაცია. ამიტომ არაა სწორი ზოგიერთი ავტორის მტკიცება, რომ თურქულენოვანი მიგრანტების მიერ ირანულენოვანი მოსახლეობის ასიმილაცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ის XVIIXVIIIსს-შიც კი ზოგან დამთავრებული არ იყო.

ორენოვნება დიდხანს მხოლოდ ბალყარეთისა და დიგორიის მოსაზღვრე ტერიტორიაზე შეიძლება შემორჩენილიყო. აქ შეიძლება ბ. კალოევის მიერ ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალაც მოვიხმოთ. დიგორელი მოხუცების თქმით, ვისაც არ სურდა მოსულ ყივჩაღებს შორის დარჩენილიყო, საცხოვრებლად დიგორში გადადიოდა. ადგილზე დარჩენილები გათურქებულან.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ყარაჩაელები ცენტრალური კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. მათ სამხრეთით ეთნიკური საზღვარი აქვთ აფხაზებსა და ქართველებთან (სვანებთან), აღმოსავლეთით, იალბუზის მთა ყარაჩაელებს ბალყარალებისა და ყაბარდოელებისაგან გამოყოფს, ჩრდილოეთითა და დასავლეთით ესაზღვრებიან ჩერქეზები, აბაზები და ნოღაელები.


ყარაჩაელთა და ბალყარელთა დასახლებული პუნქტები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე და უფრო მაღლა მდებარეობს. რთული იყო ყარაჩაელთა ეთნოგენეზი, უფრო სწორედ, რთული ის მეცნიერებისათვის აღმოჩნდა, რის დამადასტურებელი ისიცაა, რომ მათი ეთნოგენეზის შესახებ თერთმეტი ჰიპოთეზა არსებობს.

ყველაზე უფრო გავრცელებულია ორი შეხედულება: 1) ყივჩაღურ-ალანური (ლ. ლავროვი) და 2) ბულგარულ-ყივჩაღურ-ალანურ-კავკასიური. ყარაჩაულ-ბალყარული ენის ყივჩაღურთან მსგავსებას კუმანიკუსის კოდექსითა და სხვა წყაროებით ადასტურებენ. ყივჩაღური ელემენტის პრიმატობის დამადასტურებელია სხვა არაერთი მონაცემიც.

მაგალითად, ყარაჩაულ-ბალყარულ მითოლოგიაში საერთოთურქული (და, მათ შორის, ყივჩაღური) ღვთაებები _ “ტეირი” და სხვ. ალანებთან, ბულგარელებსა და ყივჩაღებთან ერთად ცენტრალური კავკასიის თურქულენოვანი მოსახლეობის ეთნოგენეზში ყობანელთა მონაწილეობასაც აღნიშნავენ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასე შორს წასვლა მითოლოგემასთან გვაახლოვებს, რადგან ყობანური კულტურის მქონე მოსახლეობა ალანებისა და თურქების აქ მოსვლამდე დიდი ხნით ადრე გაქრა, სხვას შეენივთა და ამ ტერიტორიაზე სხვა ეთნოსებსაც მოუწიათ ცხოვრება (მაგალითად, სავირებს). ყარაჩაელთა და ბალყარელთა ეთნოგენეზში სხვა ეთნიკური წარმონაქმნის, მაგალითად, პაჭანიგების მონაწილეობასაც მიუთითებენ.


ყარაჩაელთა და ბალყარელთა ეთნოგენეზში თუ არა, ეთნიკურ ისტორიაში მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვა ეთნოსებსაც: დაღესტნელებს, რუსებს და ქართველებს (სვანებს). ცნობილია, რომ მათი განსახლების არეალის სამხრეთ მონაკვეთში სვანთა დასახლებები იყო.

სვანური გვარის მატარებელი მოსახლეობის ნაწილიც თურქულენოვანი მოსახლეობის მიერ ასიმილირებულ იქნა. ყარაჩაიში არის გვარი ებზელერ. ებზე კი ქართველების (სვანების) აღმნიშვნელი ყარაჩაული სახელწოდებაა. აქვე მკვიდრობს ოთარლარის გვარი, რომლებიც ბალყარეთში დადეშქელიანების ერთ-ერთ განშტოების შთამომავალნი არიან.

საისტორიო დოკუმენტებში ყარაჩაელთა და ქართველ მთიელთა _ სვანთა ქორწინების ფაქტებიცაა დადასტურებული. ლ. ლავროვის მოწმობით, ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვან მოსახლეობას შორის XVIIIს-ის 40-იან წლებში კვლავ ისმოდა სვანური მეტყველება. დამკვირვებელთა ცნობით, XVIIIს-ში აქ მცხოვრებ სვანებს კვლავ იმერულად ეცვათ და, სხვათაშორის, ყარაჩაელებსა და ბალყარელებს თითქმის ისეთივე ქუდები ეხურათ, როგორსაც ძველად სვანეთში ატარებდნენ. ამრიგად, ყარაჩაელთა (და ბალყარელთა) ეთნოგენეზში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა კავკასიურმა ეთნოსებმა და მოსულმა ირანულენოვანმა და თურქულენოვანმა ტომებმა. ამათგან ირანულენოვანი ალანების მოსვლა ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა თურქულენოვანი ტომების მიგრაციას. ფაქტობრივად ყარაჩაელები და ბალყარელები ერთი ხალხია, ერთი ეთნოსია.


რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამ ორ ხალხს აქვთ საერთო წარმომავლობა, ერთი ენა, საერთო ისტორიული ბედი, კულტურის ერთობა, რაც იმის საფუძველს გვაძველს, რომ ისინი ერთ ხალხად მივიჩნიოთ. მაგრამ, მიუხადავად ამისა, მათ არა აქვთ საერთო თვითშეგნება. იმასაც აღნიშნავენ, რომ XIXს-შიც კი ყარაჩაისა და ბალყარეთის სხვადასხვა საზოგადოებებში მცხოვრებთაც კი არ ჰქონდათ საერთო ეთნონიმი და ერთიანი თვითშეგნება. ისინი ძირითადად იწოდებოდნენ იმ ხეობათა სახელების მიხედვით, რომელ ხეობებშიც ცხოვრობდნენ. ნ. ვოლკოვას აზრით, ერთიანი თვითშეგნების არარსებობა განპირობებულია იმით, რომ ყარაჩაელთა და ბალყარელთა ეთნოგენეზში სხვადასხვა თურქულენოვანი გვაროვნულ-ტომობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომლებსაც საერთო თვითშეგნება არ ჰქონდათ და გეოგრაფიულმა იზოლაციამ და ტერიტორიულმა გათიშულობამ ბალყარელთა და ყარაჩაელთა ერთიანი თვითშეგნების ჩამოყალიბება არ განაპირობაო.


სხვათაშორის, თუ იმ პრინციპს გავყვებით, რომ ამ ხალხებს საერთო ეთნონიმი და ერთიანი თვითშეგნება არ ჰქონდათ და რომ ისინი ხშირად იწოდებოდნენ ლოკალურ ჯგუფთა სახელებით, ასეთი სიტუაცია კავკასიის სხვა ხალხებშიც გვქონდა, მათ შორის, ოსებში. ეს უკანასკნელნი არა მხოლოდ დიგორელებად და ალაგირელებად, არამედ ხეობათა სახელებითაც აღინიშნებოდნენ. მიუხედავად ამისა, დიგორელები და ალაგირელები ერთ, ოსურ ეთნოსად გამოცხადდნენ. ყარაჩაელებსა და ბალყარელებს კი ეს პატივი არ ერგოთ. პირიქით, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებამ ისინი სხვადასხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებში გააერთიანა. ყარაჩაელთა განსახლების ეთნიკური ტერიტორია, როგორც ირკვევა, რამდენჯერმე შეცვლილა. მათ ხან ყუბანის ხეობის სათავე ეკავათ, ხან ბაქსანის ხეობა.

წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ბაქსანის ხეობაში ყარაჩაელები ხელმეორედ დასახლებულან. დადასტურებულია, რომ XIXს-ის შუა ხანებში ბაქსანში გადმოსახლებულთა 23%-ს ბიზინგელები შეადგენდნენ, ყარაჩაიდან _ 21, 1%-ს, ჩეგემიდან _ 11, 5%, ბალყარეთიდან _ 9, 2%, ხოლამიდან _ 3, 3%-ს. დანარჩენები იყვნენ ძირად ჩერქეზები, წებელდელები, ნოღაელები, ჩაჩნები, დაღესტნელები.

ყარაჩაის 13 თავადურ გვარს შორის ყურადღებას იქცევს ორი გვარი: კრიმშოხალი და ყუმუხი. პირველ მათგანს ლ. ლავროვი ყირიმელ შამხალებს უკავშირებდა, მეორე გვარი კი პირდაპირ მიუთითებს მათ ყუმუხურ წარმომავლობაზე. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მონღოლებამდელ პერიოდში ყარაჩაელები შედიოდნენ ალანების ტომთა კავშირში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს შეხედულება გასაზიარებელი არაა, რადგან მონღოლებამდე ყარაჩაელთა (და ბალყარელთა) ეთნიკური ერთობა არ იყო ჩამოყალიბებული და რომ ყარაჩაული ეთნოსის ჩამოყალიბება და წარმოქმნა სწორედ მონღოლთა გამოჩენასა და ლაშქრობებს უკავშირდება, რომელთა ლაშქრობებმაც თურქულენოვანი ტომების ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში დამკვიდრება და ადგილობრივ ხალხთან შერევის შედეგად ახალი _ ყარაჩაული ეთნოსის წარმოქმნა გამოიწვია.


არქეოლოგებს შესწავლილი აქვთ XIII-XIVსს-ის სამაროვნები ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე. მენციერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ დროს ისინი ბინადრობდნენ არა მხოლოდ მაღალმთიანეთში, არამედ მთისწინა ზოლშიც. ბალყარულ-ყარაჩაული ტოპონიმიკური სახელწოდებები გვხვდება ყაბარდოს მთისწინეთსა და ნაწილობრივ, ოსეთშიც. ყარაჩაელები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან. მათ საკმაოდ გვიან მიიღეს მაჰმადიანობა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში წარმართები იყვნენ.

დროდადრო ყარაჩაელების რაღაც ნაწილი ქრისტიანობას იღებდა. ამის შესახებ წერდნენ აბულფედი (XIVს.) და ლამბერტი (XVIIს.), ამაზე მიუთითებენ არქეოლოგიური მონაცემებიც. მაგრამ ქრისტიანობა ფართოდ არ ინერგებოდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კავკასიის მთიანეთის სხვა რეგიონებში ის მხოლოდ ზედაპირულად შედიოდა. მხოლოდ XVIIIს-ის მეორე ნახევარში გახდნენ ყარაჩაელები მუსლიმები, რის შესახებაც აღნიშნავენ გიულდენშტედტი და სხვა ავტორები. ამ დროისათვის თურქულენოვან მთიელებში ქრისტიანული სარწმუნოების ზოგიერთი ელემენტი იყო შემორჩენილი.

XVI-XVIIIსს-ში ყარაჩაელები წინააღმდეგობას უწევდნენ ყირიმის ხანებს, ჰქონდათ ურთიერთობა დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ ერთეულებთან, დიდ ყაბარდოსთან, დაღესტანთან, რუსეთთან. ყარაჩაელები დამოკიდებულნი იყვნენ დიდ ყაბარდოზე, ჰქონდათ მათი ანალოგიური სოციალური სტრუქტურა და მსგავსი კულტურულყოფითი წესჩვეულებები. 1828 წელს ყარაჩაელები საბოლოოდ შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. 1870- იან წლებში მთიელი ყარაჩაელები თურქეთში გადასახლდნენ.

1920 წელს შეიქმნა ყარაჩაის ოკრუგი, 1922 წელს _ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს _ ყარაჩაის ავტონომიური ოლქი, რომელიც ლიკვიდირებული იქნა 1943 წელს ყარაჩაელთა შუა აზიასა და ყაზახეთში დეპორტაციის გამო. გადასახლებაში ყარაჩაელთა დაახლოებით მესამედი დაიღუპა. 1957 წელს ისინი თავიანთ სამშობლოში უკან დააბრუნეს და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი აღდგა.


ყარაჩაელების მთავარი სამეურნეო საქმიანობა იყო მომთაბარე მეცხოველეობა (ცხვარი, თხა, ცხენი, მსხვილფეხარქოსანი საქონელი). საქონელს ზაფხულში ყარაჩაელები მთის საძოვრებზე მიერეკებოდნენ, ზამთარში კი ტყის ნაპირებზე, მთების სამხრეთ ფერდობებზე და დაბლობში არენდირებულ მიწებზე აბალახებდნენ. უხეშმატყლიანთა შორის ყარაჩაული ჯიშის ცხვარი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის მაღალხარისხიანი ხორცითა და რძით გამოირჩეოდა. ადგილობრივი ჯიშის ცხენი არა მხოლოდ საჯდომად, არამედ კავალერიაშიც გამოიყენებოდა. სრული უგზოობის პირობებში მძიმე საპალნის გადასატანად, სახედარი თითქმის შეუცვლელი იყო.

1906 წლის რუსეთის სახელმწიფო კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობისმოყვარე ყარაჩაელი ხალხი ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, რომლებსაც ჰყავთ 33 756 ცხენი, 175027 _ მსხვილფეხარქოსანი საქონელი და 487 471 _ წვრილფეხარქოსანი საქონელი. ყარაჩაის მთის საძოვრები ფორმალურად საერთო-სახალხო საკუთრებად ითვლებოდა, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი ფეოდალების ხელში იყო თავმოყრილი.

საზამთრო საძოვრები მთელ გვარს ეკუთვნოდა, კომლების მფლობელობაში იყო სარწყავი სათიბები. საქონელი ნახევარი წლის განმავლობაში საძოვარზე ჰყავდათ. ზაფხულში მწყემსები ღამეს კოცონთან ათევდნენ. მდიდარი მესაქონლეები მთიბავებად გარესამუშაოზე წასულ ქართველთა (სვანების, რაჭველების) შრომას იყენებდნენ. გარე სამუშაოზე ყარაჩაიში წასული ქართველები საფასურს საქონლის სახით იღებდნენ, რასაც შემდეგ საქართველოში ყიდდნენ. თავის მხრივ, ყარაჩაელები სამუშაოდ მიდიოდნენ კაზაკთა სტანიცებსა და მეზობელ აულებში, სადაც ცხენის მეჯოგეებად (მერემეებად), მესაქონლეებად მუშაობდნენ. მსხვილი მესაქონლეები საქონელს სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ყიდდნენ. მატყლისაგან ნაბადს, ქუდებს აკეთებდნენ. ცხვრის ტყავისაგან ფაფახებს, ქურქებსა და ფეხსაცმელს ამზადებდნენ.


ყარაჩაიში მიწათმოქმედების განვითარებისათვის სათანადო პირობები არ იყო. 1908 წელს აქ მთლიანად 4 257 ჰა სახვნელი მიწა იყო, რაც მოსახლეობის პურზე მოთხოვნილებას მხოლოდ 2%-ით აკმაყოფილებდა. დანარჩენ პურს ყიდულობდნენ, ანდა მეცხოველეობის პროდუქტებზე ცვლიდნენ. ბარში ყარაჩაელთა ძირითადი კულტურა ქერი და სიმინდი იყო.

ყარაჩაელთა მატერიალურ კულტურას ბევრი რამ აქვს საერთო კავკასიის სხვა ხალხების მატერიალურ კულტურასთან. მაგრამ ეს მსგავსება საცხოვრებელ ნეგებობებს არ ეხება, ის მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდებოდა. ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობა ორფერდიანი მიწიანი სახურავით, სწორკუთხა სქელი მორებისაგან ჰქონდათ აგებული, რომელზედაც ბალახი იყო ამოსული. სახლის კედლები ზოგჯერ გარედან თიხით იყო შელესილი. მიწის სახურავის სიმაღლე 70-დან 90 სმ-მდე მერყეობდა.

საერთოდ, ყარაჩაელთა საცხოვრებელი მასიური კონსტრუქციისა იყო. არქანჯელო ლამბერტის სიტყვით, ყარაჩაელებს, ისევე როგორც სვანებს, განსაკუთრებული წესით შეეძლოთ გოგირდის მოპოვება და თოფის წამლის დამზადება. ყარაჩაელთა ტრადიციული სოფელი შეჯგუფული და დიდი იყო. სოფელი გვაროვნული უბნებისაგან შედგებოდა. სოფლებს გარს სახვნელი მიწები და სარწყავი სათიბები ეკრა.

XIXსის ბოლოს გვარების მიხედვით განსახლება შედარებით დაირღვა, მიუხედავად ამისა, უბნებმა გვაროვნული სახელწოდებანი შეინარჩუნეს. XIXს-ის 70-იან წლებში მდ. თებერდაზე ჩამოყალიბებული სოფლები საგვარო უბნებისაგან არ შედგებოდა. ყარაჩაელებს სამეურნეო ნაგებობები არ ჰქონდათ, რადგან საქონელი კარვებში ყავდათ.

მრავალი საუკუნის მანძილზე ყარაჩაელთა ძირითადი საკვები მეცხოველეობის პროდუქტები იყო. შედედებული რძე (“აირან”) ცვლიდა წყალსაც, ჩაისაც და სუპსაც. მის გარეშე ყარაჩაელთა ყოფა წარმოუდგენელი იყო. ყველაზე მნიშვნელოვან და ძირითად პროდუქტად ყველი ითვლებოდა. რძისაგან ისინი ამზადებდნენ აგრეთვე არაჟანს, კარაქს, კაიმაკს. მიირთმევდნენ ხორციან, ყველიან, კარტოფილიან ღვეზელს. სიმინდის ფქვილისაგან ფაფას ხარშავდნენ. იცოდნენ ე.წ. “ყალმუხური ჩაი” რძით, კარაქით და მარილით.

მამაკაცთა თავსაბურავი ორგვარი ჰქონდათ: ფაფახი და თექისაგან დამზადებული ფარფლიანი ქუდი, რომელიც ძალიან წააგავდა XIXს-ის სვანურ ქუდს.


image


რუსეთთან შეერთებამდე ყარაჩაიში ფეოდალურ პატრიარქალური ურთიერთობები იყო გაბატონეული. აქ ის ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე ყაბარდოში. უმაღლესი ფენა (ტაუბიები) მოსახლეობის 1%-ს შეადგენდა, რომლებიც მიწის დიდ რაოდენობას, ყმაგლეხებსა და მონებს ფლობდნენ.

მოსახლეობის ძირითად ნაწილს პირადად თავისუფალი გლეხები (მეთემეები) წარმოადგენდნენ. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხში, აქაც მონობა პატრიარქალური ხასიათის იყო. ყარაჩაელები მონებად, ჩვეულებრივ, ტყვეებს აქცევდნენ.


სოციალურ და ქონებრივ დანაწევრებასთან ერთად, ყარაჩაიში შემორჩენილი იყო გვაროვნული ურთიერთობის გადმონაშთები. მაგალითად ისიც გამოდგება, რომ XIX-XXსს-ის მიჯნაზეც საზამთრო საძოვრები მთელი გვარის საერთო საკუთრება იყო. ყოველი ყარაჩაელი ამა თუ იმ გარკვეული გვარის (თუკუმი) წევრი იყო. გვარები უბნების მიხედვით იყვნენ განსახლებულნი. გვარებს საგვარო სასაფლაოები და ხშირად საგვარო მეჩეთებიც ჰქონდათ, რომლებიც, როგორც ჩანს, მთისათვის დამახასიათებელ საგვარო სალოცავებს ჩაენაცვლნენ. ყველამ იცოდა გვარის საფუძველჩამყრელის სახელი.


თუკუმის (გვარის) შიგნით ქორწინება აკრძალული იყო, ე.ი. ყარაჩაული გვარი ეგზოგამიური იყო და ეს ეგზოგამიურობა აქ ისლამის გავრცელებამაც ვერ მოსპო. საქორწინო კავშირები მონოგამიური იყო. ერთი გვარის წევრობა თითოეულს გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას ავალდებულებდა (მაგალითად, ურთიერთდახმარების სხვადასხვა ფორმები შეიძლება დავასახელოთ). საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს სასოფლო თემი წარმოადგენდა. ყარაჩაელებს შორის შემორჩენილი იყო საოჯახო თემიც. გაუყოფელი (დიდი) ოჯახები საერთო მეურნეობას აწარმოებდნენ და ხშირად ოჯახის 60-მდე წევრს ითვლიდნენ.


XIXს-დან დიდმა ოჯახმა პოზიციები დათმო და წამყვანი პოზიციები ინდივიდუალურმა ოჯახმა მოიპოვა. სისხლის აღება შედარებით ნაკლებად იყო გავრცელებული. ის XIXს-ში ფაქტობრივად გამოიდევნა და შეიცვალა სისხლის სხვადასხვა ფორმის გადასახადით.

შემორჩენილი იყო გვარში უცხოს მიღების ტრადიცია. გვარში ხელოვნურად დანათესავებულს აუცილებლად ჯოხის ქვეშ უნდა გაევლო და ეს ჯოხი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან გვარის უხუცესებს უნდა სჭეროდათ. ასეთი ნათესავები “ჯოხის ნათესავებად” იწოდებოდნენ, სისხლის ნათესავისაგან განსასხვავებლად, რომელსაც ყარაჩაულად “მუგუზლის” ნათესავი ეწოდებოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში, ახალ სახლში გადასულ ძმებს კერიდან მუგუზალი მიჰქონდათ.


XXს-ის დასაწყისში შემორჩენილი იყო გვაროვნული დამღები. დამღებს ცხენებსა და მსხვილფეხა საქონელს ასვამდნენ. მას საფლავის ძეგლებსა და საყოფაცხოვრებო საგნებზეც გამოსახავდნენ. ყარაჩაელებმა იცოდნენ ურვადი, ხშირად _ ქალის მოტაცებაც.

ქორწილში, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებში, ნაფე-პატარძალი მონაწილეობას არ ღებულობდა. პატარძალი სახლის კუთხეში თავის მეგობრებთან ერთად ფეხზე იდგა. ქალი, გარეშეთა თანდასწრებით, ქმართან არ დაჯდებოდა, მასთან ერთად არ ჭამდა და ქმარს სახელით არ მიმართავდა. მაგრამ ყარაჩაიში ქალი შედარებით თავისუფალი იყო, ვიდრე კავკასიის სხვა ხალხებში, რასაც აქ ისლამის გვიან გავრცელებით ხსნიან.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ყარაჩაიში XVIIIს-დან გაბატონებული რელიგია იყო ისლამი. გადმოცემით, აქ მაჰმადიანობის გამავრცელებელი გახლდათ ყაბარდოელი მოლა ისხაკეფენდი. ყველა სოფელში იდგა მეჩეთი. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმთა სასულიერო წოდება აქტიურად იბრძოდა წარმართობის წინააღმდეგ, არაერთი მუსლიმამდელი რწმენაწარმოდგენა მაინც შემორჩენილი იყო.


ყარაჩაელებმა იცოდნენ ხეების, ქვის ლოდების თაყვანისცემა. ყველა გვარს თავისი სალოცავი ქვა ჰქონდა. გარდა უმაღლესი ღვთაებისა (ტეირი), ყარაჩაელებს მფარველი სულებისაც სწამდათ. ნადირობის ღვთაება იყო ფსატი, ცხვრების მფარველი _ ათმუში, მდინარეში ცხოვრობდა “წყლის დედა”.

ხალხური ხელოვნება უტილიტარული ხასიათის იყო. სახვით ხელოვნებაში უფრო მომთაბარეთა ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშნები გამოსჭვიოდა, ვიდრე ბინადარი ხალხისა.

ყარაჩაელებს ჰქონდათ ნართული გადმოცემები და ისტორიული ხასიათის სიმღერები, რომლებშიც გადმოცემულია ხალხის ისტორიული ბედი, დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლა. ყარაჩაელთა გამოყენებითი ხელოვნების ორნამენტიკაში ხეზე, ქვაზე, ძვალზე, მეტალზე მცენარეული და ზოომორფული მოტივები ჭარბობდა, რომელშიც თვალყური გაედევნება კავკასიურ-თურქულ გენეტიკურ ურთიერთობებს.

ყარაჩაელი ხალხის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეტიკეტს. მრავალრიცხოვან ხალხურ დღესასწაულებს თან ახლდა დოღი, ძალოსანთა შერკინება, ქვის სროლა, სამასკარადო თამაშობანი, სიმძიმეების აწევა და სხვა.


როლანდ თოფჩიშვილი - კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია _ ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0