x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ იქცა პუანსეტია შობის მთავარ სიმბოლოდ (მოვლა და გამრავლება)

ჩვეულებრივ, ახალ წელს და შობაზე ყვავილებს არ ჩუქნიან. თუმცა, ერთი გამონაკლისი მაინც არსებობს, ეს – პუანსეტია, იგივე «შობის ვარსკვლავი»! ევროპასა და ამერიკაში ის შობის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ნაძვის ხე. შობის წინ, ამ ქვეყნებში ოფისები, მაღაზიები, კაფეები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები ყოველთვის პუანსეტიებით ირთვება. გარდა ამისა, იშვიათად შეხვდებით ოჯახს, სადღესასწაულო სუფრის ცენტრში «შობის ვარსკვლავი» რომ არ ედგათ (თუმცა, ამას თავისი მიზეზი აქვს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი). ყოველივე ამის შედეგად, ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ მთელი ქვეყანა პუანსეტიას წითელი ფოთლებით არის დაფარული. დიახ, ფოთლებით! ბევრი ფიქრობს, რომ მცენარეს თავზე ყვავილი აქვს, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ წითელი ფოთლებია.


image


მცენარის ლათინური სახელი – Euphorbia pulcherrima არის. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, თუ ვინმეს ან რამეს მეტსახელს შეარქმევენ, მის ნამდვილ სახელს ყველა ივიწყებს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პუანსეტიასთან დაკავშირებითაც. მცენარეს მეტსახელი ამერიკელი სენატორის, ჯოელ პოინსეტის (1779-1851) საპატივცემულოდ შეარქვეს და სწორედ ამ სახელით გაიცნო ის ყვავილების მოყვარულების უმრავლესობამ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: XIX საუკუნის დასაწყისში, მექსიკაში I ამერიკელი მინისტრის რანგში პოლიტიკოსი და დიპლომატი ჯ. რ. პოინსეტი (Joel Roberts Poinsett) დაინიშნა. პროფესიონალი პოლიტიკოსი ბოტანიკით იყო გატაცებული და როდესაც 1828 წლის ზამთარში მან მეხიკოს მახლობლად წითელი ბუჩქი დაინახა, მაშინვე ამოიღო მიწიდან რამდენიმე ნერგი და სახლში, სამხრეთ კაროლინაში გაგზავნა, გამრავლების და შემდგომში შესწავლის მიზნით. მოგვიანებით, უკვე კარგად მომრავლებული მცენარე სენატორმა თავის ნაცნობ-მეგობრებს დაურიგა და ბოტანიკურ ბაღსაც აჩუქა. მაშინ ცნობილი პოლიტიკოსი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამარადისო სახელს დედამიწაზე სწორედ ამ ყვავილით დაიმკვიდრებდა.

1851 წლის 12 დეკემბერს ჯოელ პოინსეტი გარდაიცვალა და მის საპატივცემულოდ, აშშ-ს კონგრესმა, ამ დღის პუანსეტების ნაციონალურ დღედ გამოცხადების გადაწვეტილება მიიღო. ტრადიცია სხვა ქვეყნებშიც სწრაფად გავრცელდა და იქიდან მოყოლებული, ყოველი წლის 12 დეკემბერს, ამერიკის ორივე კონტინენტის ქვეყნებში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და ესპანეთში პუანსეტიების დღეს ზეიმობენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს, ყვავილებით ირთვება სახლები, ეკლესიები და საჯარო დაწესებულებები. ხოლო ხალხი, ერთმანეთს ქოთანში ჩარგულ ყვავილებს ჩუქნის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ შობაზე, ყველა ოჯახში პუანსეტიაა.

შესაძლებელია, პუანსეტიას თავისი მშვენიერებით მხოლოდ მცირერიცხოვანი ბოტანიკოსები და მცენარეების კოლექციონერები გაეხარებინა, რომ არა ერთი შემთხვევა:

1906 წელს გერმანელმა ემიგრანტმა პაულიუ ეკემ (Ecke), რომელიც პროფესიონალი მებაღე იყო, გადაწყვიტა, ველური პუანსეტია საკუთარ ბაღში გაეზარდა. ხოლო, შობის წინ მისი ტოტებით თაიგულები გაეკეთებინა და გაეყიდა. რადგან ეგზოტიკური მცენარის თაიგული ძვირი ღირდა და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ეკეს შვილმა მისი გაყიდვა ლოს-ანჯელესის ყველაზე მდიდრულ რაიონში – ჰოლივუდში გადაწყვიტა. მცენარის ვარსკვლავისებური წითელი ფოთლები ძალიან მოეწონათ კინოელიტის წარმომადგენლებს და თაიგულები მომენტალურად გაიყიდა. ხოლო მცენარემ კიდევ ერთი – «შობის ვარსკვლავის» მეტსახელი მიიღო.

მომდევნო წლებში, «შობის ვარსკვლავზე» მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ პლანტაციის გაფართოება გახდა საჭირო. ამიტომ, 1923 წელს ეკემ ოფისი ქ. ენცინიტასში (Encinitas, კალიფორნია) გადაიტანა და პუანსეტიის გაზრდა-გაყიდვის დინასტია დააარსა. ამჟამად, კომპანიას მისი შვილიშვილი – პაულ ეკე III მართავს.

გასული საუკუნის 60-იან წლებში სელექციონერებმა მცენარის ჰიბრიდული სახეობა გამოიყვანეს, – დეკორატიული «შობის ვარსკვლავი», რომლის გაზრდა ქოთანში, სათბურის და სახლის პირობებში შეიძლებოდა. მას შემდეგ მცენარე ქოთნებით იყიდებოდა, გაიზარდა რეალიზაციის ბაზარიც და მისი ექსპორტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქოთანში მცენარის გაზრდის ტექნოლოგია გასაიდუმლოებული იყო და გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, პუანსეტიის ბაზრის 80 % ეკეს კომპანია ფლობდა. ხოლო, ცოცხალი მცენარეებით ვაჭრობით შემოსავლების რეიტინგში «შობის ვარსკვლავი», ჰოლანდიური ტიტების შემდეგ, II ადგილზე იყო. ყოველწლიურად, მხოლოდ ამერიკაში, ამ მცენარის 65 მლნ-მდე ქოთანი იყიდებოდა.

XX საუკუნის ბოლოს, მეცნიერებმა ქოთნის პუანსეტის გაზრდის ტექნოლოგია შეისწავლეს, ხოლო ნაშრომი პრესაში გამოაქვეყნეს. ამით ეკეს ბიზნესმა ბაზარზე მონოპოლია დაკარგა და ამჟამად, მისი კომპანია მსოფლიო ბაზრის მხოლოდ ნახევარს აკონტროლებს.


imageპუანსეტია მომწიფების პერიოდში


დღეს რთული წარმოსადგენია, რომ საუკუნეების მანძილზე ეს მცენარე სულ სხვა კულტურებში და სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა...
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარე პირველად მექსიკაში აღმოაჩინეს, მაგრამ მისი სამშობლო ცენტრალური ამერიკა არის. ის ბუჩქოვანი მცენარეა და თითქმის, 3 მ-მდე იზრდება. საერთოდ, ადგილობრივი ინდიელები დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ყველა მცენარეს და მხოლოდ დანიშნულების მიხედვით იყენებდნენ. რაც შეეხება, კონკრეტულად პუანსეტიას, მის რძისებურ წვენს ციებ-ცხელების სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო ფოთლებით ქსოვილის საღებავს ამზადებდნენ.

პუანსეტიის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკები იყვნენ. მათთვის მცენარე სისუფთავის, სიწმინდის სიმბოლო იყო და მას რიტუალების გასაფორმებლად იყენებდნენ. მათ ასევე სწამდათ, რომ ბრძოლებში დაღუპული მეომრები უკვდავები ხდებოდნენ და დედამიწაზე პუანსეტიის ნექტრის დასალევად ჩამოდიოდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ევროპაში «ახალი სამყაროს» ძირეული კვლევა დაიწყო და 1804 წელს, რიგი პუანსეტიამდეც მივიდა. სწორედ იქიდან იწყება მცენარის ევროპული ისტორია. ის ამერიკიდან გერმანიაში ცნობილმა ბუნებისმეტყველმა და მოგზაურმა, ალ. ჰუმბოლტმა (Alexander von Humboldt) ჩამოიტანა. ხოლო მისი შესწავლა 1833 წელს მოხდა, როდესაც ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, კარლ ლუდვიგმა (Carl Ludwig) აყვავებული პუანსეტია პირველად დაინახა. ის იმდენად მოიხიბლა მისით, რომ შესწავლის შემდეგ – Euphorbia pulcherrima დაარქვა, რაც «რძიანა მშვენიერებას» ნიშნავს.


image


შობის წინ და შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე, სათბურები და ყვავილების მაღაზიები გადავსებულია პუანსეტიებით. მაგრამ, ეს მხოლოდ რამდენიმე დღით. შემდეგ, მცენარე საერთოდ ქრება. ეს იმიტომ, რომ ის თავის დეკორატიულობას თითქმის ნახევარი წლით კარგავს და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ისეც ხდება, რომ ყვავილი იღუპება... და ასეთი რამ თქვენს მცენარესაც რომ არ დაემართოს, აქ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

ჯერ ერთი, შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ მცენარის ფოთლები ჯანმრთელი და ხასხასა მწვანე იყოს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყვავილი აუცილებლად დახურულ, თბილ სივრცეში უნდა შეიძინოთ: პუანსეტიას ზომიერი ტემპერატურა მოსწონს, რომელიც 14-16°С დაბალი არ უნდა იყოს (ტემპერატურის დიდი მერყეობის შემთხვევაში მას ფოთლები უყვითლდება და სცვივა).

პუანსეტიას ცხოვრების ციკლი 3 ფაზისგან შესდგება, ესენია: ზამთრის ყვავილობა, დასვენება და ზრდის პერიოდი.


პუანსეტიას მოვლა და გამრავლება


I. განათება. შობის ვარსკვლავი ყველაზე კარგად თავს კარგად განათებულ, გაბნეულ სინათლეზე გრძნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზის სხივების პირდაპირ დაცემას უნდა მოარიდოთ. თუმცა, მზის სხივი მისთვის, მინიმუმ, 5 სთ-ს მანძილზე მაინც აუცილებელია. ამიტომ, როდესაც მზე ქოთნამდე მივა, აუცილებლად უნდა მოუჩრდილოთ (მაგ., თუნდაც, გამჭვირვალე ფარდით).

ზაფხულში რეგულარულად გაანიავეთ ის ოთახი, რომელშიც პუანსეტია დგას. გარდა ამისა, მცენარის გატანა სუფთა ჰაერზეც შეიძლება. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ის არ უნდა მოხვდეს წვიმაში და ორპირ ნიავში. და კიდევ, ზამთარში, მისი ფოთლები არ უნდა შეახოთ ცივ მინას, რადგან შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი ფოთლის გაციებით, მთელი მცენარე დაიღუპოს.

II. ტემპერატურა. პუანსეტიას ზამთრის ყვავილობის დროს, ოთახის ტემპერატურა 14-16°С ნაკლები არ უნდა იყოს. დასვენების დროს, ის კარგად გრძნობს თავს 12-14°С ტემპერატურაზე. ხოლო, ზაფხულში – 18-25°С-ზე.

III. მორწყვა. მორწყეთ ზომიერად. წყალი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაუსხათ, რაც გრუნტის ზედაპირი კარგად გაშრება.

IV. ჰაერის ტენიანობა. პუანსეტია საშუალო ტენიანობის მოყვარული მცენარეა. ამიტომ, მორწყვის დროს, ფოთლებზე პულვილიზატორით, ოთახის ტემპერატურაზე ნადგომი წალი მისხურება შეიძლება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ჰაერი ძალიან მშრალია, ამ პროცედურის ჩატარება, უფრო ხშირად უნდა მოხდეს.

V. დასვენების პერიოდი. ყვავილობის შემდეგ, პუანსეტიას დასვენების პერიოდი უდგება, რომელიც 2 თვემდე გრძელდება. ამ მდგომარეობაში მცენარეს, არც სასუქი ესაჭიროება და მორწყვიდან – მორწყვამდე პერიოდიც უნდა გაიზარდოს (მაგ., თუ მანამდე, კვირაში ერთხელ რწყავდით, – 2 კვირაში ერთხელ დაუსხით წყალი). ხოლო, ტემპერატურა 12-14°С-ს არ უნდა აღემატებოდეს.

VI. სასუქი. დასვენების შემდეგ, მცენარე ყვავილობისთვის იწყებს მზადებას და ძალების მოსაკრებად, გაზაფხულიდან – შემოდგომამდე, მინერალური სასუქის მიწოდება აუცილებელია. ტრადიციულად, მას ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქით კვებავენ.

VII. გადარგვა. პუანსეტიას გადასარგავად, საუკეთესო დრო გაზაფხულია (ჩვეულებრივ, აპრილ–მაისი). გადარგვის წინ, ღერო 1/3-ზე უნდა გადაიჭრას და მასზე მხოლოდ 3-5 ძლიერი კვირტი დარჩეს. ამის შემდეგ, მცენარე კარგად განათებულ ოთახში დადგით და ოთახის ტემპერატურაზე დაყენებული, ოდნავ შემთბარი, წყლით მორწყეთ. როდესაც ფოთლები გამოსვლას დაიწყებს, შეგიძლიათ მცენარე გადარგათ. ახალი გრუნტი ნეიტრალური უნდა იყოს და აუცილებლად, კარგი დრენაჟით, რადგან ამ მცენარის ფესვებს ლპობისკენ აქვს მიდრეკილება. გადარგვის შემდეგ, მცენარე კარგად განათებულ ადგილზე უნდა მოათავსოთ და ისევ შემთბარი წყალი უნდა დაასხათ. როდესაც მას ყლორტები გამოუვა, მხოლოდ 5-6 უნდა დაუტოვოთ. ხოლო, მოჭრილი ყლორტების გამოყენება კალმებად შეიძლება.

VI. ფორმირება. როდესაც მცენარე წამოიზრდება, ყლორტების მოჭრა კიდევ შეიძლება. მაგრამ, ეს უკვე მისი ფორმაში მოყვანის მიზნით.

VII. გამრავლება. პუანსეტიას გამრავლება გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში შეიძლება. კალმად ზედა, იმ ყლორტის გამოყენება შეიძლება, რომელსაც კვანძებს შორის, არანაკლებ 5 ინტერვალი მაინც აქვს. ყლორტის მოჭრისას, მოჭრის ადგილზე რძისებური სითხე გამოიყოფა, რომელიც შემწოვი ქაღალდით, აუცილებლად უნდა შეამშრალოთ. ხოლო შემდეგ, ის ადგილი ხის ნახშირის ფხვნილით (აქტივიზირებული ნახშირიც შეიძლება) უნდა დაამუშავოთ. ეს პროცედურა, როგორც მცენარეს, ისე კალამს, ინფექციის და ლპობისგან დაიცავს.

კალმების დაფესვიანება წყალში ან ნოტიო ფხვიერ ნიადაგში შეიძლება. მის დასაფესვიანებლად, ფესვის ზრდის სტიმულატორების გამოყენებაც შეგიძლიათ. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახის ტემპერატურამ 28°С-ზე ზევით არ აიწიოს. ჩვეულებრივ, კალამს ფესვები 1 თვის შემდეგ გამოსდის.

ახალგაზრდა ყვავილები შეგიძლიათ ქოთნებში გადარგათ და შობა-ახალი წლისთვის თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ, რათა თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ყველასთვის საყვარელი დღესასწაული, საკუთარი ხელით გაზრდილი ყვავილით მიულოცოთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. სტალინი და იუმორი – 15 რეალური ფაქტი, ბელადის ცხოვრებიდან

2. ყველაზე ხელგაშლილი "მათხოვარი" - ამ ადამიანის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 4600 წლის პირამიდების გამოსახულება აღმოაჩინეს ნივთზე, რომლის ასაკი 5000 წელს აღემატება

6. დროის მარყუჟი: შესაძლებელია, თუ არა წარსულში დაბრუნება?

0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0