x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დავუშვათ, მოგვეცა საშუალება და ინტელექტი, ანუ IQ გავუზომეთ პუშკინს, ვივალდის, შექსპირს, ისინი ჩაფლავდებიან

image

ფსიქიატრი, ნეირომეცნიერების მკვლევარი, ფსიქოლინგვისტიკის პროფესორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ამტკიცებს, რომ ისეთ ურთულეს მექანიზმზე ზეწოლა, როგორიც ტვინია, უკუშედეგს იძლევა, ტესტები, რომელთაც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კოგნიციისა და ინტელექტის გამოსავლენად გამოიყენება, აბსურდია და ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რასაც ტვინი კარნახობს, რომ ამის კეთება სიამოვნებაა და არა იძულება:

„მსოფლიო სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო წლებში ადამიანების ინტელექტი დაეცა და მათ ეს უკვე სახეებზე ეტყობათ. საერთოდაც, არც კი ვიცი, თუ არსებობს ადამიანის ტვინზე მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ იმისთვის, რომ ელემენტარული რამ მაინც გავიგოთ იმ ურჩხულის შესახებ, რომელიც თითოეულს გვაქვს თავის ქალაში, უნდა დაისვას სწორი კითხვები.

ვთქვათ, ავხადეთ ადამიანს თავის ქალა და დავინახეთ მისი ტვინი და რას ველით, რომ იქ სადმე ეწერება წინსართები, მგზნებარე სიყვარული და სხვა რამ ამის მსგავსი?! იქ იქნება ქსოვილი, ანუ ვერაფერს ვნახავთ. თუმცა მე დავხედავ და ვიტყვი: ეს მეხსიერებაა, ეს ყურადღებაა, ეს ასოციაციაა და მთელ სიას ჩამოვთვლი, მაგრამ ისინი არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ტვინი. ოსლოში თანამედროვე ბალეტს დავესწარი. როდესაც ვუყურე, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები სცენაზე – უცნაური აზრი დამებადა, სადამდე მივიდა ევოლუცია, რომ ადამიანებს შეუძლიათ, გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ?! ისინი არღვევენ ბუნების კანონებს: ჩერდებიან ჰაერში ისე, როგორც შეუძლებელია გაჩერება: ჩერდებიან პოზებში, რომლებშიც გაჩერება შეუძლებელია, ისინი არღვევენ გრავიტაციის კანონებს. ამან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დავიწყე ფიქრი – როდესაც ვამბობთ, რა ხდება ტვინში, ვგულისხმობთ ინტელექტუალურ საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. დავიწყე ძიება და აღმოვაჩინე, რომ მოცეკვავის ტვინში ძალიან რთული მოქმედებებია ცეკვისას: მან უნდა მართოს რიტმი, ორიენტაცია გაუწიოს პარტნიორს, დახტეს ან ახტეს კონკრეტულ ადგილზე, არაფერს ვამბობ მის ემოციაზე, განცდის გადმოცემაზე. მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე. უბრალოდ, მოძრაობაზე ვლაპარაკობ: მათ იმდენად ნავარჯიშები ნეირონული ქსელი აქვთ, რომ საკითხავია, მათი ტვინია უფრო ნავარჯიშები თუ მათემატიკოსის. იგივე ხდება მუსიკოსების ტვინშიც – ვიოლინოზე უკრავდა აინშტაინი და ვიცით, რომ უკრავდა ძალიან ცუდად, არადა აინშტაინი წერდა: მე ვფიქრობ მუსიკით და ვცხოვრობ მუსიკით. მხატვარი რომ ყოფილიყო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ის ხომ არ ყოფილა ხელოვანი?! ვფიქრობ, ასეთი გზით ის ტვინს მუშაობის სხვა რეგისტრზე გადართავდა. საერთოდ, ჩვენს ტვინს თავი უნდა დავანებოთ: ის ჩვენზე მილიონჯერ ჭკვიანია, ამიტომ, თუ ეძინება, უნდა დაიძინოს, თუ წამოწოლილს უნდა მუშაობა და თან ჭამა, იწვეს და ჭამოს. თქვენი ამოცანა ისაა, რომ ყველანი გამართულად ისხდნენ და ისე კითხულობდნენ თუ ტვინის ვარჯიში?! მათემატიკოს პელერმანის ისტორია ვიცით, მან არ აიღო მილიონიანი პრემია და ის იყო სუფთა გიჟი, მაგრამ ტოტალური გენიოსი! მან მათემატიკას გაუსწრო რამდენიმე ასწლეულით. არადა დედასთან ერთად დადის პარკით და კეფირით – ანუ გონებაჩამორჩენილ ადამიანს ჰგავს, მაგრამ გენიოსია.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ადამიანი ცხოვრობს ნიშნებისა და აზრების სამყაროში. რატომღაც ჩვენ ვართ არსებები, რომლებმაც არ ვიცით, რა უფრო რეალურია ჩვენთვის: საგნები თუ აზრები. როდესაც ვუყურებთ ფილმს ან ვკითხულობთ წიგნს, რატომ ვიტანჯებით? ეს პერსონაჟები ხომ არ არსებობს და არც არსებულა?! ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ნატაშა როსტოვას. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ, ის ხომ არასდროს არსებულა და მხოლოდ ასო-ბგერების გროვაა?! ან რატომ მოქმედებს ჩვენზე ასე მუსიკა? ის, რაც არა სინამდვილეა, რატომაა უფრო ღირებული, ვიდრე რეალური მოვლენები?!

ხშირად მეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა გენიოსის აღზრდა? ჩემი პასუხია, გენიოსად იბადებიან! მაგრამ ეს საკმარისი არ არის, შეიძლება, დაიბადო გენიოსად, ოღონდ ვერ გახდე, იმიტომ რომ საჭირო ადგილას ვერ მოხვდე. მოცარტი უნდა მოხვდეს გარემოში, სადაც მიხვდებიან, რომ ის მოცარტია. გენები პოტენციალია, სტარტია, მაგრამ მერე რა მოხდება, ეს უკვე სხვა ისტორიაა. ცუდ რამეს ვიტყვი: მასწავლებლები, ძირითადად, ბავშვებზე სულელები არიან, მაგალითად, აინშტაინს ეუბნებოდნენ, რომ არასწორად აზროვნებდა. ანუ გენიოსებს უნდა გაუგონ და არ უნდა დაითრგუნონ, რომ პოტენციალი განუვითარდეთ.

ჩვენი განათლების სისტემა საშინელია. განსაკუთრებით ტესტები. დავუშვათ, მოგვეცა საშუალება და ინტელექტი, ანუ IQ გავუზომეთ პუშკინს, ვივალდის, შექსპირს, ისინი ჩაფლავდებიან. მაშინ რას ვზომავთ ჩვენ?! თავს ვირწმუნებთ, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს?! ეს იგივეა, როდესაც ბავშვს, რომელმაც სწორად ამოხსნა ამოცანა, მათემატიკის მასწავლებელი უწერს ორიანს, იმიტომ რომ ცუდი ხელწერა აქვს. ასეთმა მასწავლებელმა უნდა დადოს დიპლომი, ბავშვებს აღარ გაეკაროს და დაისაჯოს იმის გამო, რომ ამახინჯებს მათ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კალიგრაფია აქვს ბავშვს, თუ სწორად ხსნის ამოცანას. მაგალითად, ვიცით, რომ ქიმიაში მენდელეევს ორიანი ჰქონდა. რაც მთავარია, სწავლება არ არის მხოლოდ მერხთან გამართულად ჯდომა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სად ისწავლა ადამიანმა. ყველა სწავლობს: ფრინველი, ცხოველი, ადამიანი და უკვე ხელოვნური ინტელექტიც კი. ჩვენ რომ ვიცოდით, როგორ ახერხებს ამას ტვინი, შევქმნიდით განათლების უნივერსალურ სისტემას, მაგრამ არ ვიცით, აი, ტვინმა იცის, როგორ ისწავლოს, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნება. ტვინი ვერ სწავლობს წიგნებით. ავიღოთ პატარა ბავშვები, ისინი თავიანთ პირველ ენას სწავლობენ წიგნების გარეშე. ანუ პატარა ბავშვს აქვს უნარი, გაშიფროს ის ენა, რომლის გარემოშიც დაიბადა. ის, ფაქტობრივად, უცხოპლანეტელია და მოდის სამყაროში, სადაც არაფერი იცის, გარდა იმისა, რაც უწერია გენომში, რაც თავისთავად ვითარდება. ყველაფერი დანარჩენი მან უნდა გაშიფროს: როგორ იაროს, როგორ დაჯდეს, როგორ ილაპარაკოს, მან უნდა გაშიფროს ენა, რომელშიც მოხვდა და ამ გაშიფვრის შემდეგ თავის ტვინში დაწეროს ვირტუალური სახელმძღვანელო, რითაც სარგებლობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. რატომ არის სახლი არსებითი სახელი და სახლდება – ზმნა? გიპასუხებთ: ერთი იბრუნება, მეორე იუღლება, მაგრამ ეს ძალიან სუსტი პასუხია. მე ვმუშაობდი კლინიკაში, რომელშიც იწვნენ სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები და ნაწილს დაავიწყდა არსებითი სახელები, მაგრამ ახსოვდა ზმნები. აი, ეს ამტკიცებს, რომ განსხვავებულია სახელი და ზმნა. მაგრამ როგორ ვასწავლოთ ადამიანებს ინფორმაციის ამოღება გარე სამყაროდან? ისმის კითხვა: რაში სჭირდება ბავშვს, რომელ დღესა და საათზე დაქორწინდა ნაპოლეონი ჟოზეფიანაზე? „გუგლში“ კრეფს და გაიგებს, მაგრამ ჩემი პასუხი სხვაა – ამის ცოდნა ტვინს ავარჯიშებს! ტვინის გასავარჯიშებლად ის უნდა დაიტვირთოს მძიმე სამუშაოთი და ეს ინდივიდუალურია: ერთისთვის ეს თეორემებია, მეორისთვის – კროსვორდები. ასე რომ, მოსაზრება, რომ ბავშვს იოლად უნდა ვასწავლოთ, აბსურდია. ბავშვისთვის დავალება უნდა იყოს რთული და სახალისო. აი, შენ არ შეგიძლია, ამოხსნა, მე კი შემიძლია. ვერავინ შეძლო და მე შევძელი. რთული დავალება ფიზიკურად ზემოქმედებს ტვინზე. უნდა ვასწავლოთ ბავშვს, როგორ არ გაეფანტოს ყურადღება, როგორ დააჯგუფოს ინფორმაცია. ამდენ ინფორმაციას როგორ გამოვიყენებთ, თუ არ დავახარისხებთ?!

გაიხედ-გამოიხედეთ, შეხედეთ ადამიანებს, მრავალი წელი საგიჟეთში ვიმუშავე და გარშემო ვხედავ ფსიქიკური აშლილობის ყველა ნიშანს. გახსენით ფსიქიატრიის სახელმძღვანელოები და თქვენ ამოიკითხავთ, რომ დღეს საზოგადოებას აქვს ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს ფსიქიკურად აშლილ ადამიანს.

როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს? საიდან დაადგინა ყველამ, რომ ჩვენ ლოგიკურად ვაზროვნებთ?! ლოგიკურად აზროვნებენ ისინი, ვისაც ეს ასწავლეს! ვხედავთ, რომ ისტერიული გადაწყვეტილებები მიიღება და, ამდენად, ილუზიაა, რომ ყველა ლოგიკურად აზროვნებს.

ჩვენ ბევრი რამ ვიცით ნეირონებზე, თუ როგორაა მოწყობილი ნეირონების ქსელების ქსელების ქსელების ქსელები. ვიცით, რომ მთელი ტვინია ჩართული მუშაობაში. ტომოგრაფიებს რომ უყუროთ, რას შვება ტვინი მუშაობისას, გასაოცარი სურათია. განსაკუთრებით სინქრონის მთარგმნელის ტვინში რაც ხდება, როდესაც ერთი ენიდან მეორეზე გადაერთვება. 100 მილიარდი ნეირონია, თითოეულს 50 000-100 000 კავშირი აქვს ტვინის სხვადასხვა უბანთან, ეს იმაზე მეტია, ვიდრე სამყაროში ელემენტარული ნაწილაკების ოდენობა და ისინი მუშაობენ შეთანხმებულად.

ჩვენ ვხედავთ, რომ ძვირად ღირებულ სკოლებში ტესტებითაა სწავლება, რაც დანაშაულია: რას ვზომავთ ტესტებით? ჭკვიანია თუ არა? დაიზეპირა თუ არა? მორჩილია თუ არა?! რთული სიტუაციაა, ვინაიდან იზრდება უწიგნური ადამიანების ოდენობა.

არიან მემარჯვენე და ცაცია ადამიანები და მათი გადაჩვევა დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს არის ტვინის გადაწყობა, ამიტომ თავი უნდა დავანებოთ, რომელი ხელითაც უნდათ, წერონ. და, დიახ, ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვანაირი ტვინები აქვთ; მაგალითად, ქალებს უფრო მეტი რუხი ნივთიერება აქვთ – ეს არის კოგნიტური რესურსი, რაც არ ნიშნავს, რომ ქალები კაცებზე ჭკვიანები არიან. ასევე, ქალებს ტვინში უფრო მსხვილი გადაბმა აქვთ ჰემისფეროების. ქალების საქმეა, მიუხედავად ფემინიზმისა, შეინახოს შთამომავლობა, ესე იგი, მას უნდა შეეძლოს მოლაპარაკება მეზობლებთან. ამიტომ მათი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ აქვს ამის გაკეთების უნარი. იცით, რომ აინშტაინის ტვინი მოიპარეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ იპოვეს და გამოიკვლიეს და მას, მართლაც, უცნაური ტვინი ჰქონდა – ასეთი ტვინის პატრონი არ შეიძლება, არ გამხდარიყო გენიოსი.

ეფექტიანი რომ იყოს სწავლება, უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს. ამიტომ, რაც შეიძლება, ადრე გაიცანით საკუთარი თავი: ჭკვიანი ხარ თუ სულელი? ლამაზი თუ უშნო? სწრაფი ხარ თუ ნელი? მუსიკა გეხმარება მუშაობაში თუ პირიქით? ტოროლა ხარ თუ ბუ? და, რაც მთავარია, რა გინდა?! იპოვეთ დასწავლის საკუთარი მეთოდები და გახსოვდეთ, რომ სწავლა მუდმივი პროცესია.

0
592
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0