x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა გოგოს პატარა ამბავი...

image

შენობის შესასვლელი კარი სენსორული იყო... შენობიდან სითბო გამოდიოდა. მაღაზია, რომლისთვისაც გვერდით საცხობი მიეშენებინათ, უბანში ცნობილი იყო ფუნთუშებით. ტკბილ, ფაფუკ და ძალიან გემრიელ ქიშმიშიან ფუნთუშებს აცხობდნენ და თან ძალიან იაფად. ერთი დედას ვუყიდე, ერთი მამას, ძმას და ერთიც ჩემთვის... ერთი სული მქონდა სახლში, როდის მივიდოდი და როდის დავაგემრიელებდი ახალგამომცხვარ, სურნელოვან ფუნთუშას. თან დედას როდის მოვუყვებოდი დღის ამბებს.

ის დღე განსაკუთრებული იყო, დედამ პირველად გამიშვა მარტო მეტროთი... ამიტომ ფიზიკურად დამღლელთად ერთად, ემოციურად დამღლელი დღეც იყო.

ლექსებს ვწერდი, პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი, ზოგადად სულ ვწერდი თავისუფალ დროს, როცა მეცადინეობას მოვრჩებოდი. 10 წლის რომ გავხდი ლექსები ცოტა დამიგროვდა, ჩანაწერებიც... დედამ იფიქრა რამე წრეზე მივიყვან და უფრო მეტად ჩამოყალიბდებაო და მართლა აღმოაჩინა ადგილი სადაც შესაბამის დახმარებას გამიწევდნენ...

თავისუფლებაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ესეთი წრე იყო - შემოქმედ მოსწავლეთა კაბინეტი, სადაც ბევრ საინტერესო მითითებებს გვაძლევდნენ მოსწავლეებს, რომლებიც იმ "ჯადოსნურ " კაბინეტში აღმოვჩნდით.

მოკლედ, ამ შემოქმედ მოსწავლეთა კაბინეტში უკვე ერთი წელია დავდიოდი და ეს ის დღე იყო დედამ მარტო რომ გამიშვა მეტროთი. გზა ვიცოდი, გაფრთხილებული ვიყავი რომ არავის უნდა გამოვლაპარაკებოდი, მეტროში რომ მოხუცისთვის ადგილი უნდა დამეთმო ესეც შემახსენა და საყიდლებზეც წინასწარ ვიცოდი...

თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ როცა პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯს ვიხსენებ პირველი ეს მახსენდება. როგორ ჩავედი სადგურში, ვიყიდე "ჟეტონი" (მაშინ ჯერ კიდევ ჟეტონები იყო). როგორ აღმოვჩნდი პირველად მატარებელში, რომელიც მაშინ უსასრულდ დიდი მეჩვენებოდა, როგორ ამოვიღე წიგნი, მხრებში გავიმართე და დიდივით დავიწყე კითხვა... თან ვფიქროდი თავისუფლების მოედანი არ გამომეპაროს, ან მოხუცებული არ "დამადგეს " თავზე და რომ არ დავუთმობ არ შევრცხვე-მეთქი...

კვირაში სამჯერ მქონდა გაკვეთილი და სულ მიმიხაროდა იქ მისვლა, განსაკუთრებული გარემო იყო, თითქოს მართლა შემოქმედებითი. დიდ კაბინეტში სამი მაგიდა იდგა, მთლიანი ოთახის განათება თითქოს დაბალი იყო და სამივე მაგიდაზე პატარა ტორშერები იდგა. მაგიდაზე წიგნები, ფურცლები, კალმები... ერთ-ერთი მაგიდა ჩემს ხელძღვანელს ეკუთვნოდა, ქალბატონ ანო კასრაძეს. ახლა რომ ვიხსენებ ალბათ 70 წელს გადაცილებული ნამდვილად იქნებოდა... თეთრი, მთლიანად თეთრი თმა ჰქონდა, საშუალო სიმაღლის ქალი იყო და წელში ოდნავ მოხრილი, საოცრად ტკბილი და დამრიგებლური ხმით. მასთან მივიდოდი, წავუკითხავდი ჩემს ჩანახატებს, ახალდაწერილ ლექსებს. მერე მესაუბრებოდა, შენიშვნებს და მითითებებს მომცემდა, სად რა და როგორ ჯობდა, ბოლოს წიგნებს შემირჩევდა, ლექსიკის უკეთესი მარაგისთვის რაც იყო უფრო უკეთესი.

მას შემდეგ ბევრი მიფიქრია, ანო მასწავლებელზე ... ვფიქრობ, მიუხედავად იმისა რომ ასაკში ძალიან დიდი სხვაობა იყო, ის ნამდვილი უფროსი მეგობარი იყო. საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა იყო პროფესიონალი და უანგარო მოსწავლეების წინაშე. მისთვის უცნობ, სრულიად უცხო გოგოს ძალიან ბევრი მასწავლა, სწორი გზები დამანახა და უანგარობის უდიდესი მაგალითი მომცა. დარწმუნებული ვარ ახლაც არსებობენ უანგარო მასწავლებლები, მაგრამ ის არ ვიცი ასეთი განსაკუთრებული კაბინეტი კიდევ არსებობს თუ არა, ან თუ არსებობს და ისევ მოქმედებს, როგორია განუმეორებელი ანოს გარეშე...

1
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
44
  
2021, 27 დეკემბერი, 8:51
ალბათ,გამიმართლა მასწავლებლებში,ძალიან კარგი მასწავლებლები მყვადა სკოლაში,მაგრამ ეხლა მათზე არ დავწერ. ლექტორზე მოვყვები,რომელიც მარკეტინგს და გაყიდვებს გვასწავლიდა,ვინცც სულს და გულს დებდა სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაში. ის ამბავი,რაც მინდა მოვყვე,არ ეხება სასწავლო პროცესს,უფრო ლექოტირს და სტუდენტების დიდი სიყვარულის ისტორიაა. როცა უნივერსიტეტს აკრედიტაციის შეჩერების განხილვა მიდიოდა აკრედიტაციის ცენტრთან,შევიკრიბეთ სტუდენტები და რა თქმა უნდა,ჩვენს გვერდით იყო შალვა კვეზერელი. გამოგვიტანეს განაჩენი და აკრედიტაცია გაგვიუქმეს,ხოლო სტუდენტებს სხვადახვა უნივერსიტეტებში გვანაწილებდნენ და უცებ,შალვას შევხედე და ის ტიროდა. მივედი და ვუთხარი,ბატონო შალვა,ყველაფერი კარგად იქნებათო და ჩვენ ვიბრძოლებთქო,თქვენც ახალ სამსახურს იშოვითქო. პასუხმა გაგვაოცა ყველა იქ მყოფი და დღემდე როცა მეკითხებიან,ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი/ლექტორი,უპირობოდ შალვა კვეზერელი. და რა გვითხრა,იმაზე არ ვდარდობ რო სამსახურს ვკარგავ,რადგან რამეს ვიზავო,მაგრამ იმაზე მეტირება თქვენ რო ვეღარ გნახავთო და თქვენ ვეღარ გასწავლითო,არადა ყველაფერ კარგად მიდიოდა და ისევ ტირილი. ხმა აღარ ამოუღია ამის მერე,მაგრამ ყველა მივხვდით რასაც გულისხმობდა,ჩვენთან განშორება არ უნდოდა,თან შუა გზაზე მიტოვება და თან ასეთ სიტუაციაში. ალბათ,მოტივაცია იყო ეს ამბავი სტუდენტებისთვის,რადგან ჩვენ გავასაჩივრეთ და დიდი ბრძოლით აღვიდგინეთ სტატუსი. ხომ გაგიგიათ სიხარულის მეცხრე ცაზე მყოფი ადამიანი,სწორედ ეგეთი გახარებული იყო დაბრუნებისას ჩვენი შალვა. დღესაც ასწავლის ეს ადამიანი და ბედნიერები არიან მისი სტუდენტები. რამოდენიმე წლის მერე დავურეკე და ტელეფონი აიღო,სახელით მომმართა... თურმე ისევ ეწერა ჩემი ნომერი. ასერომ,მასწავლებელი მარტო პროფესიის ცოდნით კი არ უნდა გამოირჩეოდეს,ის პიროვნება უნდა იყოს პირველრიგში. აქვე მადლობა შალვა კვეზერელს 2.5 წლისთვის,ცოდნის გადმოცემისთვის და მეგობრობისთვის.
0 1 1