x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„სასიამოვნო მომენტია, როცა დღეს იწყებ მაშინ, როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს...“ - ინტერვიუ ლევან ლაუდაძესთან

image

ხშირად ისეც ხდება, რომ შეიძლება არჩეული პროფესიიდან მოულოდნელად გადავუხვიოთ და სრულიად სხვა მიმართულებით წავიდეთ; ცხოვრების მანძილზე აღმოვაჩინოთ ახალი ჰობი, ახალი გატაცებები და თავი სულ სხვა ამპლუაში მოვსინჯოთ. ეს საკუთარი პერსონის სიღრმისეულად შეცნობისა და ძიების გზაა, რომელიც საინტერესო თავადვე უნდა გავხადოთ.

წარმატებული მუსიკოსი და პოპულარული ქართული ჯგუფის - LOUDspeakers-ის ვოკალისტი ლევან ლაუდაძე საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ განსხვავებულ ამპლუაში იხილა. ლევანი, მუსიკალური საქმიანობის გარდა, რადიოსა და ტელევიზიის სფეროშიც მუშაობს და „პალიტრანიუსის“ ეთერში, დილის გადაცემის - „დილის პალიტრის“
ერთ-ერთი წამყვანია.

ლევან, როგორ დაიწყე მუსიკის შექმნა? ეს გააზრებული არჩევანი იყო თუ რაიმე შემთხვევამ გიბიძგა?


- ზოგადად, გიტარით 16 წლის ასაკში დავინტერესდი. უცებ მომინდა და ამის რაიმე წინაპირობა, ერთი შეხედვით, თითქოს არ არსებობდა. 17 წლის ვიყავი, როცა დაკვრა დავიწყე და ეს მაშინ მოხდა, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. თითქოს თავიდანვე ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მუსიკა იყო ის საქმე, რაც მინდოდა მეკეთებინა. იურისპრუდენცია უბრალოდ ფორმალური პროფესია გამოდგა ჩემთვის, რომელიც ბაკალავრის დონეზე დავამთავრე და გაგრძელება აღარ მიფიქრია. დაკვრის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩემთვის დავიწყე სიმღერის პატარა მონახაზების შექმნა.

ბენდის შექმნის ისტორია მოგვიყევი...


- გიტარაზე დაკვრის დაწყებიდან წლინახევრის შემდეგ მეგობარმა და ძალიან კარგმა მუსიკოსმა ალექსანდრე დოლიძემ შემომთავაზა ჯგუფის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაწყებული მქონდა დაკვრა, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი. მას შემდეგ დაიწყო და დღემდე ახლავს ჩემს ცხოვრებას ის საოცარი პროცესი, რასაც სიმღერების წერა ჰქვია.

როგორ შეარჩიეთ სახელი და როგორ იქცა ფსევდონიმი შენს გვარად?


- საწყის ეტაპზე საჭირო იყო ჯგუფისთვის სახელი შეგვერჩია. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, უბრალოდ, ერთ რიგით რეპეტიციაზე, ტელეფონს დავხედე და „ლაუდსფიქერსის“ ღილაკი რომ დავინახე, თავში დამარტყა. „მეგობრებო, მოდით LOUDspeakers დავარქვათ ჯგუფს“ - შევძახე რეპეტიციაზე და მაშინვე მივიღე მათგან თანხმობა. რაც შეეხება ჩემს უკვე, შეიძლება ითქვას, ფსევდონიმს, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა „ფეისბუქზე“ ვრეგისტრირდებოდი. მეგობარი მეხმარებოდა ამის გაკეთებაში (ტექნიკასთან ვერ ვმეგობრობდი), ჩემი ნამდვილი გვარი ცხვარაძე, რატომღაც არ მიიღო „ფეისბუქმა“ და ჩემმა მეგობარმა ლაუდაძე ჩაწერა. მეორე ცდა წარმატებული გამოდგა. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე აქტიურად გავრცელდა ჩემი „ახალი გვარი“ ხალხში. ბევრს ნამდვილი გვარიც ეგონა და მეკითხებოდნენ, სადაური გვარიაო, რაზეც ჩემი პასუხი იყო - რაჭული.

როგორ აღმოჩნდი რადიოსა და ტელევიზიაში?


- მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამით ძალიან ბედნიერი და, შეიძლება ითქვას, იღბლიანიც ვარ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, რადიოსა და ტელევიზიის მიმართულებითაც ვიყავი დაინტერესებული. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ პრაქტიკული აკადემიის დახმარებით, ჯერ რადიოს წამყვანი გავხდი და აგერ, უკვე სამ თვეზე მეტია, ტელევიზიაში „დილის პალიტრის“ წამყვანი ვარ.



როგორია შენი ერთი დღე, როცა დილის გადაცემა გაქვს?


- ჩემი დილა 05:30-ზე იწყება. ადრე ადგომა არასდროს მეზარებოდა, თუმცა რადიოში მუშაობამ კიდევ უფრო გამიმარტივა და, შესაბამისად, ტელევიზიაშიც არ გამჭირვებია ასეთი რეჟიმისთვის ფეხის აწყობა. სასიამოვნო მომენტია, როცა იცი, რომ უმრავლესობას სძინავს ქალაქში. შენ კი მაშინ იწყებ დღეს, როცა გარეთ ჯერ კიდევ ღამეა. დილა ყოველთვის მუსიკითა და სტანდარტული რუტინით იწყება.

როდის ველოდოთ ახალ ალბომს?

- ჩვენი მეორე სტუდიური ალბომი - "Pills of Time", 25 დეკემბერს გამოვა. ის Lenø Records -ში ჩაიწერა გვაჯის (გიორგი გვარჯალაძე) მიერ. ალბომში 10 ახალი სიმღერაა. პირველი სინგლი სულ ახლახან დავდეთ youtube-ზე.



ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა. მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებ. ასევე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ჩემში სიმპათიას იმსახურებდა ბოლო წლები და რომელიც საკუთარი თავის სხვა კუთხით განვითარებაში მიწყობს ხელს, და რა თქმა უნდა, ის ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ.

რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად?


- არასდროს ვეთანხმებოდი ამ გამოთქმას, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“, რადგან ჩემთვის ეს გარკვეულწილად არაადამიანურ და დამახინჯებულ კარიერისტობას გულისხმობს. არასდროს უნდა დაკარგო საკუთარი თავი და არც არასდროს არ შექმნა შენი წინსვლა სხვისი გვერდზე გაწევის ხარჯზე. უბრალოდ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სიყვარულს შრომითა და მცდელობით ამყარებდე და შედეგიც აუცილებლად მოვა, ზედმეტი მოლოდინების გარეშე... და მოულოდნელი სიხარული ხომ ყველაფერზე სასიამოვნოა?
1
39
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
39
  
2021, 24 დეკემბერი, 1:07
0 1 1