x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კონსტიტუციური წესრიგი რუსულად – ჩეჩნეთის მეორე ომი
image


კრემლი დიდი ხანი ემზადებოდა ჩეჩნეთის დასალაშქრავად და ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად ამზადებდა ნიადაგს. ჩეჩნეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის, ნუხაევის აზრით რუსეთის ხელისუფლებამ მზადება ომისათვის ხასავიურთის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთანავე, 1996 წელს დაიწყო.


1996 წლის დეკემბერში, ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს სიცოცხლეს გამოასალმეს ექვსი ქალბატონი _ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომელი, რასაც დანაშაულთა მთელი სერია მოჰყვა. ჩეჩნეთში ნებისმიერი პიროვნების სიცოცხლეს, ვინც გაბედავდა მასხადოვის რეჟიმთან თანამშრომლობას, საფრთხე ემუქრებოდა. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი ხდებოდნენ ჟურნალისტები, საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან საქმიანი კავშირები ჰქონდათ.


image



კრემლმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სრული იზოლაციით თავის მიზანს მიაღწია და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მივიწყებულ ქვეყანაში ქაოტური სიტუაცია შექმნა. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყება არც ასლან მასხადოვის და არც ჩეჩენი ერის ინტერესებში არ შედიოდა. როდესაც 1999 წლის აგვისტოში, დაახლოებით 400 ჩეჩენი და არაბი ტერორისტი შამილ ბასაევის და ხატაბის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრა, მასხადოვმა რადიკალი ისლამისტების ეს უგუნური ქმედება დაგმო და ისინი ჩეჩენი ხალხის მოღალატეებად გამოაცხადა.


შამილ ბასაევის მიზანი კავკასიის ისლამური რესპუბლიკის შექმნა იყო, რომელსაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია უნდა მოეცვა. ბასაევის შეჭრა დაღესტანში რუსეთის ხელისუფლებამ საბაბად გამოიყენა ახალი ომის დასაწყებად ჩეჩენი ერის წინააღმდეგ.

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები სახელდება:


  • ბევრი რუსი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოეპოვებინა რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყება პუტინმა გამოიყენა, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა. მართლაც ომის დროს ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია გაიზარდა და მისი რეიტინიგი საგრძნობლად ამაღლდა.
ჩეჩენი მეამბოხეების დაღესტანში შეჭრით დაიწყო ყველასათვის უცნობი რუსეთის საიდუმლო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ პუტინის სწრაფი პოლიტიკური აღმასვლა. პუტინის პროპაგანდამ და ბრძოლამ “ჩეჩენი ბანდიტების“ წინააღმდეგ, მას დიდი პოპულარობა მოუპოვა. რუსი ექსპერტების ნაწილი თვლის რომ შამილ ბასაევი გრუ-ს აგენტი იყო და ის გრუ-ს ინსტრუქციებით მოქმედებდა. მართლაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩეჩენი ტეტორისტების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ და დაღესტანში შეჭრით ისინი რუსეთის ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. დაღესტანში შეჭრასთან ერთად იმ პერიოდში განხორციელდა ტერორისტული აქტები რუსეთში და საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში, რაც შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი ტერორისტების ჩადენილ ქმედებად გამოაცხადა და საბაბად გამოიყენა ჩეჩნეთში ანტიტერორისტული ოპერაციების დასაწყებად.


ცნობილი რუსი დისიდენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს დაწერილი წიგნიდან “ეფ-ეს-ბე აფეთქებს რუსეთს” ირკვევა, რომ ზემოთ ხსენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩეჩნებს არ აუფეთქებიათ. მათი აფეთქება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ეფ-ეს-ბე-ს მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო ასევე რადიკალი ისლამისტების დაღესტანში შეჭრა. ლიტვინენკოს აზრით რუსეთის ხელისუფლებას საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და დაღესტანში დაგეგმილი პროვოკაცია იმისათვის დასჭირდა, რომ შეეცვალათ საზოგადოებრივი აზრი და გაეძლერებინათ ანტი-ჩეჩნური განწყობა რუსეთში.


  • მეორე მიზეზად ხშირად სახელდება რუსეთის ხელისუფლების სურვილი გაეუქმებინა ხასავიურთის სამარცხვინო ზავის პირობები, აღედგინა რუსეთის არმიის შელახული პრესტიჟი და დაეცვა რუსეთის ტეტიროტიული მთლიანობა.

  • მესამე მიზეზი კი ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ეხება. ჩეჩნეთს როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ძალზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, ვინაიდან კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება რუსეთში შეუძლებელი იქნებოდა ჩეჩნეთზე კონტროლის დამყარების გარეშე. რუსეთის ხელისუფლებას ასევე სურდა, რომ არ დაეშვა ალტერნატიული ენერგოდერეფნის ფორმირება სამხრეთ კავკასიის გავლით, რასაც შეეძლო წერტილი დაესვა რუსეთის ჰეგემონობისათვის კავკასიაში.

1999 წლის ოქტომბერში ვლადიმერ პუტინმა ასლან მასხადოვის ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩეჩნეთში გაგზავნა და რუს ხალხს სწრაფ გამარჯვებას დაჰპირდა ჩეჩნეთის ომში, რამაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება მოუტანა.


1999 წლის 11 ოქტომბერს ასლან მასხადოვმა სამშვიდობო გეგმა შეადგინა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზა, რაზედაც ცივი უარი მიიღო. როდესაც დაინახა, რომ მოლაპარაკებები არანაირ შედეგს არ გამოიღებდა, მასხადოვმა საღვთო ომი _ ღაზავათი გამოუცხადა რუსებს და თავდაცვისთვის მზადებას შეუდგა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და ყველა რეზერვისტი გამოძახებულ იქნა სამშობლოს დასაცავად.


image


რუსეთმა საჰაერო თავდასხმების განხორციელება დაიწყო ჩეჩნეთის დასახლებულ პუნქტებზე. ბალისტიკური რაკეტებით ხდებოდა გროზნოს და სხვა ქალაქების დაბომბვა. საჰაერო თავდასხმებმა აიძულა დაახლოებით 100.000 ადამიანი სახლ-კარი მიეტოვებინა და ინგუშეთის რესპუბლიკისათვის შეეაფარებია თავი. ინგუშეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარებისათვის მიმართა, რათა ათობით ათასი ლტოლვილისთვის ღირსეული დახმარება გაეწია. ყოველ დღე ინგუშეთში 5.000-6.000 ჩეჩენი ლტოლვილი ჩადიოდა.


image


ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ქვეყნის დედაქალაქი მიწასთან იქნა გასწორებული რუსების მიერ. რუსებმა გროზნო ალყაში მოაქციეს 1999-2000 წლებში და ჩეჩნეთის დედაქალაქში “ქვა ქვაზე არ დასტოვეს.“

გროზნო “აღიგავა პირისაგან მიწისა”, რის გამოც 2003 წელს გააერთიანებული ერების ორგანიზაციამ ის მსოფლიოს ყველაზე დანგრეულ ქალაქად აღიარა. რუსები თვლიდნენ რომ გროზნოში რამოდენიმე დღეში შეწყდებოდა წინააღმდეგობა და ქალაქი მათ ხელში გადავიდოდა, მაგრამ მალე იმედები გაუცრუვდათ. გროზნო მათთვის აუღებელ ციხესიმაგრედ გადაიქცა. დიდი მსხვერპლისა და დანაკარგების შემდეგ, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა. მათ ლაპარაკი დაიწყეს ქალაქის გარშემო “რკინის რგოლის” ფორმირების შესახებ, საიდანაც ვერც ერთი “ტერორისტი” ვერ დააღწევდა თავს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ სრულ იზოლაციაში მოექციათ ქალაქის დამცველები, ორთვიანმა ალყამ მაინც ვერ გაამართლა. ჩეჩნეთის ქვედანაყოფმა ადვილად გაარღვია “რკინის რგოლი”, ორგანიზებულად დატოვა ქალაქი, კრემლის სცენარისტებს კი გეგმები ჩაუშალა.


image


ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაინაცვლეს სამხრეთით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ზონაში, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინათ მათი უპირატესობა მაღალმთიან რეგიონებში რუსეთის კბილებამდე შეიარაღებული არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ისინი თვლიდნენ, რომ ქალაქი დროებით დატოვეს და მალე ისევ გროზნოს დაუბრუნდებოდნენ, როგორც ეს მოხდა 1996 წლის აგვისტოს.


გროზნოს დაცემის შემდეგ რუსეთმა კონტროლი აღადგინა სეპარატისტულ ანკლავზე, მაგრამ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები მაინც არ შეწყვეტილა. ასლან მასხადოვმა და ჩეჩენმა საველე მეთაურებმა ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში, კავკასიის მთებში გააგრძელეს პარტიზანული ბრძოლები რუსების წინააღმდეგ. აჯანყებულებმა პატარ-პატარა საბრძოლო დანაყოფების შექმნა დაიწყეს. თითოეული დანაყოფის შემადგენლობაში სულ ათიდან ორმოცდაათამდე მეომარი შედიოდა. ამ საბრძოლო დანაყოფებმა რუსეთის არმიაზე მოულოდნელი თავდასხმების ორგანიზება დაიწყეს, რომელთა განხორციელების დროსაც ხშირად მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობაც იღუპებოდა.


image


2000 წლიდან საღვთო ომში აქტიურად ებმებიან ქალი ტერორისტი-მკვლელები, რომლებიც თავიანთ თავს “შავ ქვრივებს” უწოდებენ. ამ ტერორისტ ქალებს ძირითადად რუსებზე შურისძიების სურვილი ამოძრავებდათ. მათ რუსეთ-ჩეჩნეთის ომში შვილები, ქმრები, მამები, საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს და ამიტომაც რუსებზე შურისძიება სწყუროდათ.


ჩეჩნურ საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული სისხლის აღების წესი. ამ წესის თანახმად მოკლულის ნათესავი ვალდებულია შური იძიოს მკვლელზე, მოკლას იგი და ამასთანავე სიხოცხლეს გამოასალმოს მისი გვარის რომელიმე წარმომადგენელი.

ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული “სისხლის აღების” წესი ჩეჩენ ქალებს აიძულებდა, რომ საომარ მოქმედებებში ჩაბმულიყვნენ და ოჯახის წევრის დაკარგვის გამო სამაგიერო გადაეხადათ რუსებისათვის. ბოლო ომის დროს ასეთი ქალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და მათ მონაწილეობა მიიღეს რუსების წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ ტორირისტულ აქტში.


image


2001 წელს რუსეთმა დაიწყო ეგრეთწოდებული „ანტი-ტერორისტული ოპერაცია”, რომლის მიზანი ჩეჩენი მეამბოხეების განადგურება იყო. ამ ოპერაციის განხორციელების დროს რუსებმა შესძლეს აჯანყებულთა ისეთი ცნობილი ლიდერების და საველე მეთაურების განადგურება, როგორებიც იყვნენ იბნ ალ- ხატაბი, აბუ ალ-ვალიდი, სალმან რადუევი, რუსლან გელაევი და ასლან მასხადოვი. ყველაზე საშიში ტერორისტის, შამილ ბასაევის განადგურება რუსებმა დიდი ხნის მანძილზე ვერ შესძლეს და მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაციის განხორციელების შემდეგ, 2006 წლის 10 ივლისს მოახერხეს მისი ლიკვიდაცია.

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხშირად ბრალს სდებდა ჩეჩენი ტერორისტების მფარველობაში, რომლებიც მათი აზრით პანკისის ხეობაში იყვნენ გამაგრებული და იქიდან აწარმოებდნენ პარტიზანულ ომებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩეჩნეთის ომმა საქართველოც მნიშვნელოვნად დააზარალა, ვინაიდან “ტერორისტების” განადგურების მიზნით რუსმა სამხედროებმა არაერთხელ დაბომბეს საქართველოს საზღვრისპირა სოფლები.


2000 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთში პირდაპირი რუსული მართველობა დაამყარა. გროზნოში შეიქმნა პრორუსული ორიენტაციის ხელისუფლება, რომელსაც სათავეში აჰმედ კადიროვი ჩაუდგა.

კადიროვი ჩეჩნური ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ის აქტიურად ებრძოდა რუსებს ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, მაგრამ მეორე ომის დროს მან რუსეთის მხარეზე გადასვლა გადაწყვიტა. ფიქრობენ რომ ეს ნაბიჯი კადიროვს ჩეჩნეთში შექმნილმა სავალალო მდგომარეობამ გადაადგმევინა და ჩეჩენი ხალხის სრული განადგურებისგან გადარჩენის სურვილმა.


ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, 2003 წლის 5 ოქტომბერს ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებმა პუტინისთვის სასურველი შედეგები აჩვენა. მან მოახერხა რომ ეს არჩევნები მისი ფავორიტის, აჰმედ კადიროვის გამარჯვებით დასრულებულიყო. ეუთომ, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და დასავლეთის პოლიტიკოსებმა ჩეჩნეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.


image


პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კადიროვის მოკვლა ჩეჩნებმა არეართხელ სცადეს და მისი ლიკვიდაცია მალე მოახერხეს. 2004 წლის 9 მაისს, როდესაც გროზნოში დინამოს საფეხბურთო სტადიონზე ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, უეცრად ბომბი აფეთქდა და კადიროვი სოცოცხლეს გამოასალმა. აჰმედ კადიროვის სიკვდილის შემდეგ რუსებმა ჩეჩნეთის პრეზიდენტად ალუ ალხანოვი დანიშნეს. ის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2007 წლამდე დარჩა. ალხანოვი აჰმედ კადიროვის შვილმა რამზან კადიროვმა შეცვალა, რომელიც ჯერ ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტად დაინიშნა.


რამზან კადიროვმა შესძლო წესრიგის დამყარება ჩეჩნეთში, მაგრამ ყველაფერ ამას მან მიაღწია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით, ადამიანების წამებით, მკვლელობებით, გატაცებებით.

კრემლმა კადიროვის რეჟიმს ფართო ავტონომია და საშინაო საქმეების დამოუკიდებლად წარმართვის უფლება მიანიჭა. რუსეთის ხელისუფლებამ მას ნება დართო, რომ ისლამური წესების მიხედვით მართოს ჩეჩნეთი. (მაგ. კადიროვს უფლება აქვს აკრძალოს ალკოჰოლის რეალიზაცია და მოხმარება ჩეჩნეთში).

ადამიანის უფლებათა აქტივისტები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში ქალთა უფლებები საგრნობლად გაუარესდა ისლამური წესების შემოღების შემდეგ. მათ აიძულებენ რომ ისლამური ტრადიციები დაიცვან და ისლამური წესების თანახმად შეიმოსონ. ქალებს უფლება არა აქვთ თავსაბურავის გარეშე იმუშაონ სამთავრობო უწყებებში. მათ ასევე ეკრძალებათ თავსაფრის გარეშე სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლა.


image


კადიროვის რეჟიმის დამყარების შემდეგ კრემლმა თავისი სტრატეგია ჩეჩნეთის მიმართ შეცვალა. რუსეთის ხელისუფლება უკვე ძალით კი არ ცდილობს ჩეჩნეთზე კონტროლის დამყარებას, არამედ ფულის მეშვეობით ახერხებს ჩეჩნების გულის მოგებას. მოსკოვმა დაიწყო გროზნოს რეკონსტრუქცია და ერთ დროს მიწასთან გასწორებული და მთლიანად დანგრეული ჩეჩნეთის დედაქალაქი, კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად აქცია. მიუხედავად ამისა გროზნოში სტაბილურობა და მშვიდობა მაინც მოჩვენებითია. ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ჩრდილოეთ კავკასიაში.

ავტომატებით აღჭურვილ და კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებს უწევთ ძალზე დაძაბულ რეჟიმში მუშაობა.


რამზან კადიროვი და მისი პირსისხლიანი რეჟიმი, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, არაერთ სერიოზულ დანაშაულში ამხილა რუსმა ჟურნალისტმა ანა პოლიტკოვსკაიამ, რომელიც 2006 წლის 7 ოქტომბერს ვერაგულად მოკლეს ქალაქ მოსკოვში. რუსეთის ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს ჩეჩნეთში. მსოფლიო საზოგადოება თავისი დუმილით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს აძლევს შანსს ჩაიდინონ კიდევ უფრო მეტი მძიმე დანაშაული ჩეჩნეთში: დახოცონ ან უკანონოდ დააკავონ მშვიდობიანი მოსახლეობა, გაანადგურონ ქვეყნის ინფრასტრუქტურა, მუდმივი ზეწოლა მოახდინონ ადამიანის უფლებების აქტივისტებზე, რომლებიც თვალს ადევნებენ ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებს. სწორედ საერთაშორისო თანამეგებრობის დუმილის გამო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუჩნდათ ისეთი განცდა, რომ ისინი საკუთარი ქმედებების გამო პასუხს არ აგებენ არავის წინაშე და რომ მათ შეუძლიათ ისე იმოქმედონ, როგოც თავად სურთ.


სიმპათიები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნდა ჩეჩნეთის პირველი ომის დროს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჩეჩენი მეომრების მიმართ, თანდათანობით გაქრა 1999 წლის შემდეგ.

მას შემდეგ რაც დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი საერთაშორისო თანამეგობრობა სიძულვილით განიმსჭვალა ჩეჩენი მებრძოლების მიმართ, რომლებიც თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელები იყვენ და ტერორისტულ აქტებს ხშირად აწყობდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. ომმა აჯანყებულ ჩეჩენთა რადიკალიზაცია გამოიწვია. საერთაშორისო თანამეგობრობამაც არ დააყოვნა და ჩეჩენი ერის ლიდერები და საველე მეთაურები, საშიში ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთში ხელ-ფეხი გაუხსნა. რუსეთმა “ტერორიზმის წინააღმდეგ” ბრძოლის საბაბით დაიწყო როგორც ჩეჩენი ბოევიკების, ასევე საეჭვო პირებისა და მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობის განადგურება.


რუსეთის ხელისუფლებამ 2002 წელს ჩეჩნეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ ეს უფრო რუსეთის მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა იყო, ვიდრე რეალობა. სინამდვილეში საომარი ოპერაციები 2002 წელს არ შეწყვეტილა და ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში პარტიზანული ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა. პარტიზანული ტაქტიკის გარდა ჩეჩენი აჯანყებულები ხშირად მიმართავდნენ და მიმართავენ ტერორიზმს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამის მაგალითია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2002 წლის 23-26 ოქტომბერს ორგანიზებული დუბროვკის ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც დაიღუპა 130 ადამიანი, ან კიდევ ჩრდილოეთ ოსეთში 2004 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ბესლანის ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც 350 მძევალი დაიღუპა.


image


2000 წლის ივნისიდან 2004 წლის სექტემბრამდე ჩეჩნებმა სულ 23 ტერორისტული აქტი განახორციელეს როგორც ჩეჩნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩეჩენ მეამბოხეთა ამჟამინდელი სტრატეგია გულისხმობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ტერორისტული აქტების განხორციელებას.


2009 წლის 16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჩეჩნეთს “ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის” სტატუსი მოუხსნა და 20.000 რუსი ჯარისკაცი რესპუბლიკიდან გაიყვანა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ამ სტატუსის მოხსნა ნაადრევად მოხდა, ვინაიდან ტერორისტული აქტები არ წყდება ჩეჩნეთში და პერიოდულად კვლავ მეორდება.

2009 წლის ზაფხულში ძალადობამ ჩეჩნეთში პიკს მიაღწია. ტერაქტები და მკვლელობები თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის ზაფხულთან შედარებით, როდესაც 150 კაცი გახდა ტერორისტული აქტების მსხვერპლი, 2009 წლის ზაფხულის თვეებში 436 კაცი დაიღუპა. თვითმკვლელი ტერორისტები კვლავ გამოჩნდნენ ჩეჩნეთში.

ტერორს ვერც რუსეთი გადაურჩა. თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა მოსკოვი-სანქტ პეტერბურგის რკინიგზაზე, რამაც იმსხვერპლა 28 ადამიანი, უამრავი მგზავრი დაიჭრა და დასახიჩრდა. დაიწყო ტერორიზმის ახალი ერა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩეჩნეთით და რუსეთის სხვა მხარეებსაც ხშირად წვდება. 2010 წელს მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა 39 კაცი, ხოლო 70-ზე მეტი დაიჭრა.


image


ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო დოკუ უმაროვმა, რომელიც “ურჯულოთა” წინააღმდეგ გლობალური ჯიჰადის დაწყების მომხრე იყო.

2010 წლის ოქტომბერში ტერორისტები შეიჭრნენ გროზნოს პარლამენტში და სულ მცირე სამი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ხოლო რამოდენიმე ათეული დაჭრეს. 2011 წლის აგვისტოში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შვიდი პოლიციელი და ერთი სასწრაფოს თანამშრომელი მოკლა. ტერაქტი განხორციელდა გროზნოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს.


ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნაადრევია. რუსებს პერიოდულად კვლავ უწევთ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება ამ ქვეყანაში.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2010 წელს ჩეჩნეთში მოხდა 37 აფეთქება და 12 ტერაქტი, რომელთა უმრავლესობა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო მოწყობილი. შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, რომელიც მოხდა ჩეჩენ ბოევიკებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის, დაიღუპა 124 და დაიჭრა 123 ადამიანი. მარტო 2010 წელს ჩეჩნეთში სამჯერ ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია. რუსეთის სპეცსამსახურებმა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და ჩეჩნეთში ანტიტერორისტულ ოპერაციებს დასასრული არ უჩანს.


2012 წლის თებერვალში ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე კვლავ ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაციები, რომლის დროსაც დაიღუპა რუსეთის ძალოვანი უწყების 17 და დაიჭრა 24 თანამშრომელი. როგორც ზემოთ ვახსენეთ ომმა ჩეჩნების რადიკალიზაცია გამოიწვია. თუ ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის მიზანი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა იყო, ამჟამინდელ ჩეჩენ ლიდერებს უფრო რადიკალური მიზნები ამოძრავებთ და მათ მთავარ ამოცანას კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს.


ახლანდელი ჩეჩენი ლიდერებისაგან განსხვავებით, არც დუდაევი და არც მასხადოვი არ გამოირჩეოდა ფუნდამენტალისტური აზროვნებით. მათ თავიანთი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ათეისტურ სახელმწიფოში, საბჭოთა კავშირში გაატარეს და ამიტომაც მათთვის არ იყო დამახასიათებელი რელიგიური ფანატიზმი. მასხდოვი საერთოდ არ იზიარებდა ჩეჩენი ბოევიკების, განსაკუთრებით ბასაევის ომის წარმოების ტაქტიკას და ტერორისტული აქტების განხორციელების წინააღმდეგი იყო.

თუ ჩეჩნეთის პირველ ომს დანამდვილებით შეგვიძლია ვუწოდოთ ჩეჩნების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ჩეჩნეთის მეორე ომზე, რომლის დროსაც უფრო რადიკალური ისლამური მიზნები ოყო წინა პლანზე წამოწეული ვიდრე დამოუკიდებლობა.


image


ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მთელი მოსახლეობა მხარს უჭერდა ჩეჩენ ლიდერებს და სრულიად იზიარებდა მათ იდეებს, რასაც ვერ ვიტყვით ჩეჩნეთის მეორე ომზე, რომლის დროსაც მოსახლეობა უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი მათი რადიკალი ლიდერების მიმართ. დამოუკიდებლობა ჩეჩენი ხალხისათვის აღარ არის პრიორიტეტული, ვინაიდან თავისუფლებისათვის ბრძოლამ ჩეჩენ ერს ნგრევის, დიდი მსხვერპლისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანა.



წყარო: ვალერი მოდებაძის წიგნიდან - ჩეჩენი ერის ბრძოლა თავისუფლებისათვი
1
192
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
192
  
2021, 15 დეკემბერი, 19:44
ვალერი მოდებაძის წიგნიდან - ჩეჩენი ერის ბრძოლა თავისუფლებისათვის.
0 1 1