x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი
image
შესავალი

XXI საუკუნეში აშშ-ჩინეთის ურთიერთობები რომ საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამას უკვე ყველა სპეციალისტი იაზრებს. მიუხედავად გასულ საუკუნეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სისუსტისა, ბევრმა მკვლევარმა ეს სახელმწიფო საბჭოთა კავშირზე უფრო დიდი საფრთხის მომტანადაც მიიჩნია და ეს ნამდვილად არ ყოფილა მცდარი მოსაზრება. ჩინეთის ყოველწლიურად მზარდმა ეკონომიკამ სულ მალე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და აშშ-ის პოლიტიკურ დებატებში „წითელ ჩინეთად“ წოდებულმა ამ სახელმწიფომ შეძლო კაპიტალიზმის შესისხლხორცება იმდენად, რომ მცირე დროში საფრთხე შეუქმნა როგორც თავის მეზობელ სახელმწიფოებს, ისე მსოფლიოს პირველი ეკონომიკის პატრონს, აშშ-ს. თუმცა, მიუხედავად ამ ორი ქვეყნის აშკარა დაპირისპირებისა, მათ შორის ურთიერთობების ისტორიული მიმოხილვისას ყველაფერი მარტივი როდია? მაო ძედუნის გამარჯვებამ ნამდვილად გააღიზიანა აშშ-ს მთავრობა, რადგანაც ეს ჩინეთის კომუნიზმთან მარცხს ნიშნავდა, რისი აღიარებაც ამერიკას ცალსახად არ სურდა, მაგრამ მისი მოკავშირის, ჩან კაიშის მარცხს ის უკვე ვეღარ შეცვლიდა და ჩინეთთან სამხედრო კონფლიქტიც არ სურდა. ბოლოს და ბოლოს თვით ცივი ომის დროსაც კი აშშ-ს სსრკ-თან პირდაპირი ომი არასდროს ჰქონია და ამიტომ დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით აშშ-ს მოუწია ამ აზიურ გიგანტთან ურთიერთობის დალაგება. (შვანგირაძე, 2018) ალბათ, აშშ-ს მთავრობა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ჩინეთი რამდენიმე ათეულ წელიწადში მისი მთავარი კონკურენტი გახდებოდა და შეეცილებოდა მას მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს სტატუსში. აღნიშნული მოვლენა მრავალ კითხვას აჩენს: რატომ გადაწყვიტა აშშ-მ კომუნისტურ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დამყარება? რა განვითარება ჰპოვა ამ კავშირმა და რა სარგებელი მიიღო ორივე ქვეყანამ ამ კავშირით? რამდენად ჰქონდა აშშ-ს მთავრობას გააზრებული ის რისკები, რაებიც შეიძლება ამ ურთიერთობებს მოეტანა? იქონია თუ არა გავლენა აშშ-თან ურთიერთობის დალაგებამ ჩინეთის ეკონომიკის ზრდაზე? აგრეთვე, აუცილებელია, რომ გამოვკვეთოთ საკვლევი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაც მიზნად აქვს დასახული ამ ესეს: „რა მიზეზებმა განაპირობეს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის დაწყება და რა ინტერესი გააჩნდა აშშ-ს ამ ომის დაწყებით?“ ბუნებრივია, რომ მოცემულ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია სავაჭრო ომამდე მათი მონაწილეების ისტორიული ურთიერთობების მიმოხილვა, ომის წინ განვითარებულ მოვლენათა განხილვა და მისი დაწყების მიზეზებისა და შედეგების გაანალიზება. აღნიშნული კვლევისთვის ყველაზე მეტად გამოსადეგი აღმოჩნდა თვისებრივი კონტენტ-ანალიზის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს წერილობითი წყაროები, მათი ძირითადი შინაარსი და მოწოდებული ცნობები შევაჯამოთ და გავაანალიზოთ. რაც შეეხება დასკვნების გამოტანას, ეს შესაძლებელია მოცემული მეთოდოლოგიითა და შესაბამისი თეორიული ჩარჩოს დახმარებით.


ლიტერატურის მიმოხილვა

ჩინეთის განვითარების მთავარი „საიდუმლო“, რაღა თქმა უნდა, გეგმიური ეკონომიკის თავისუფალი ბაზრით ჩანაცვლებაში იმალება. 1978 წელს ეკონომიკური მოდერნიზაციის ახალი გეგმით ჩინეთმა ადგილობრივი ბაზრის დახურული კარი ფაქტობრივად გახსნა უცხოური ბიზნესებისათვის და დასაბამი მისცა აშშ-ჩინეთის ურთიერთობათა წამოწყებას. (რურუა, ხორავა, 2020) თუმცა ჩინეთმა გეგმიური ეკონომიკა უარყო, ამას არსებითად არ უმოქმედია დანარჩენ მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ ინსტიტუტებზე, რომლებიც მეტწილად კვლავ კომუნისტურ ელემენტებს შეიცავდა და მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს საკუთარი ინტერესებისთვის მარტივად ლახავდა. თავისთავად ეს პროცესი აფერხებდა ჩინეთ-აშშ ურთიერთობებს და ეს უკანასკნელი ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დროში ახანგრძლივებდა, რაც თავის მხრივ პეკინის ახლადგამოღვიძებული ეკონომიკისთვის არ იყო სასურველი. მომდევნო წლების განმავლობაში ჩინეთის მიმართ ვაშინგტონის უკმაყოფილება მხოლოდ იზრდებოდა, 1994 წელს სავაჭრო წარმომადგენლობის მდივნის, შარლენ ბარშეფსკის თქმით, ჩინეთი გარეული იყო ამერიკისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების მუსიკების, კომპიუტერული პროგრამებისა და ვიდეოების მოპარვის საქმეში. აგრეთვე, პეკინს დაედო ბრალი აშშ-ს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რასაც ვაშინგტონმა ჩინეთის პროდუქტზე 100%-იანი ტარიფის დადებით უპასუხა. (ფიფია, 2019) იმდროინდელ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჯერ კიდევ არ შეეძლო მსგავსი ნაბიჯებისგან მიღებული ზარალისთვის გაეძლო, მას აშშ ძალიან სჭირდებოდა მსოფლიოში ადგილის დასამკვიდრებლად და ეკონომიკის გასავითარებლად, ამიტომ მალევე წავიდა დათმობაზე და დაიწყო მუშაობა, როგორც მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, აგრეთვე, არალეგალური სამუშაო ადგილებსა და ადამიანური შრომის იძულებით გამოყენების აღკვეთაზე, რაც მთავარია პეკინმა მაქსიმალურად ღია გახადა ეს პროცესი აშშ-თვის და ამ უკანასკნელის კეთილგანწყობა მალევე მოიპოვა, ხოლო საბოლოო „ბეჭდის“ დასასმელად 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ჩინეთმა მხარდაჭერაც კი აღუთქვა აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში. (რურუა, ხორავა, 2020) 2011 წლის შემდეგ ამ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირი მხოლოდ გამყარდა. 2012 წლისთვის ორმხრივმა ბრუნვამ 536 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2014 წელს ეს რიცხვი 592 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2016 წელს ნიშნული ასცდა 600 მილიარდს. (შვანგირაძე, 2018) ყველაფერმა ამან ჩინეთის განვითარება მრავალმხრივ გამოიწვია, მან მოახერხა იაპონიის ჩანაცვლება აშშ-ს ნომერ პირველი პარტნიორის სტატუსში სავაჭრო ურთიერთობებში და გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მარაგი გააჩნდა უცხოური ვალუტისა (ეს რიცხვი 3.4 ტრილიონი დოლარი იყო). ყველაფერმა ამან განაპირობა ჩინეთის მეტად გაძლიერება და შესაბამისად მეტი ამბიციის გაჩენაც, პეკინი მეტად გააქტიურდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში თავისი ინტერესების დაცვის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო სტრუქტურები უკვე ისეთ ბარიერს აღარ წარმოადგენდა ჩინეთის იმდროინდელი ლიდერის, სი ძინპინისათვის. პეკინი დაინტერესდა როგორც რესურსებით მდიდარი სამხრეთ ჩინეთის ზღვით, ისე მთლიანად რეგიონში არსებული პოლიტიკითა და შორეული ევროპით. რეგიონში ახალი ძალის გაჩენა არც მთლად მისასალმებელი ამბავი იყო ვაშინგტონისათვის და 2017 წლამდე მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები მალე აშშ-თვის არც ისეთი მიმზიდველი გახდა, ხოლო პეკინის მისწრაფებებმა მსოფლიოს ლიდერობისკენ მისცა ნიშანი ამერიკას, რომ მის პირველობას შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა ჩინეთის დიდი მოწინააღმდეგე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ჯერ კიდევ წინასაპრეზიდენტო კამპანიისას საუბრობდა ჩინეთთან „ბრძოლის“ აუცილებლობაზე. (რურუა, ხორავა, 2020)



აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი: ურთიერთობების ისტორიული მიმოხილვა, ომის წინაპირობა, მიმდინარეობა და შედეგები

როგორც უკვე აღინიშნა, აშშ-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აპოგეა მალევე შეიცვალა მათს შორის დაპირისპირებაში, რომელიც სავაჭრო ომის სახელით არის ცნობილი. თუმცა იქამდე სანამ განვიხილავდეთ უშუალოდ ამ ომის მიმდინარეობას, აუცილებელია გავიაზროთ ის პოლიტიკა და წინაპირობა, რაც ამ დაპირისპირებას წინ უსწრებდა. ბუნებრივია, რომ ჩინეთის მზარდმა ეკონომიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ზოგიერთ ამერიკელ მოქალაქეში, კომუნისტური ქვეყნის გაძლიერებას ისინი საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ და ამიტომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ანარქიული ხასიათის იყო, რაც მხოლოდ მოსახლეობის განწყობით, რა თქმა უნდა, არ ყოფილა გამოწვეული, არამედ აშშ-ს ორი ძირითადი პარტიითაც. დიახ, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები, მიუხედავად მათ შორის ინტერესთა კვეთისა, აშკარად განსხვავდებოდნენ თავიანთი ხედვით როგორც ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ საკითხებში, ისე საგარეო და მაშასადამე ჩინეთთან მიმართულ საკითხებში. ამ ორ პარტიას შორის რესპუბლიკელთა დამოკიდებულება პეკინისადმი ცალსახად უარყოფითია. მათთვის აშშ სავაჭრო ურთიერთობებსა და ეკონომიკის სიდიდეში ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს, რასაც, მათივე აზრით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ყველანაირად უშლის ხელს და ცდილობს ევროპული და ამერიკული პროდუქტის წვდომა ადგილობრივ ბაზარზე განზრახ შეზღუდოს ან ამერიკელი ბიზნესმენები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს. (შვანგირაძე, 2018) რაც შეეხება დემოკრატებს, ისინი ჩინეთთან საუბრის უფრო რბილ ფორმას არჩევდნენ, მაგალითად, ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, ვაშინგტონმა საბოლოოდ აღიარა ჩინეთი „პასუხისმგებლიან მოთამაშედ“, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მსოფლიოს თვალში ამ აზიური გიგანტისადმი ნდობის გაზრდასა და თანამშრომლობის სურვილის გაჩენას, აქედან გამომდინარე კი, მის გაძლიერებასაც. (თანდაშვილი, 2019) მკვლევართა ნაწილისთვის მსგავსი დათმობა ვაშინგტონის მხრიდან მოულოდნელი იყო, თუმცა, ოპტიმისტთა აზრით, ეს ნაბიჯი პრაგმატული იყო, რადგანაც მსოფლიოში ახალი ძალის გამოჩენას მითუმეტეს, რომ მას სათავეში კომუნისტური პარტია ედგა, შესაძლოა ქაოსის მომტანი გამხდარიყო, ხოლო დანარჩენ განვითარებულ სამყაროსთან ამ უკანასკნელის დაახლოებას აუცილებლად მოჰყვებოდა მჭიდრო ეკონომიკური კავშირი, რისგანაც ყველა მხარე იპოვიდა სარგებელს, ხოლო მისი გაწყვეტის სურვილი სასწორის მეორე მხარე კეთილდღეობის სანაცვლოდ არავის ენდომებოდა. (გვალია, 2018) თითქოს ეს არგუმენტი ლოგიკური უნდა იყოს, მაგრამ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ დაიწყო მათ შორის სავაჭრო ომი? გამოდის, რომ ეს ოპტიმისტური არგუმენტი არ იყო საკმარისად მყარი და ამის საპირწონედ პირველი მსოფლიო ომის წინმსწრები მოვლენების გახსენება შეგვიძლია, როდესაც სახელმწიფოები ეკონომიკურად საკმაოდ გადაჯაჭვული იყვნენ ერთმანეთზე და ამას ომის დაწყებისთვის ხელი არ შეუშლია. აშშ-მ მაინც განაგრძო გარკვეულწილად ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების ჩატარება, 2011 წელს ობამას განცხადებით, ამერიკას ყურადღება უნდა მიექცია დიდი პოტენციალის მქონე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის, რომელშიც იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები და ტაილანდი გაიყვანა. ეს ერთგვარი ალიანსის შეკვრის მცდელობა იყო აშშ-ის მხრიდან, რითაც ჩინეთი შეიძლება ითქვას, რომ არასამართლიან მდგომარეობაში, დაჩაგრული აღმოჩნდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგადად აზიის რეგიონში. (თანდაშვილი, 2019) აქედან დაიწყო მათ შორის ნდობის დაკარგვის პროცესი, აშკარა იყო ლიდერობისთვის ბრძოლის სურვილი, რაც უკვე სცდებოდა ეკონომიკის საზღვრებს და სხვა სფეროებშიც გადადიოდა, თუმცა ეკონომიკა ჯერ მაინც რჩებოდა საკვანძო საკითხად, რომლის ერთი მხრისკენ გადაწონვაც გამარჯვებისკენ გზას გაუკვალავდა მათ.

ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ ორი სახელმწიფოს ურთიერთობები და ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც სავაჭრო ომის აუცილებლობა მოიტანეს, თუმცა ვინ იცის ეს ომი დაიწყებოდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ არ ყოფილიყო?! ტრამპი შეპყრობილი იყო თავისი ლოზუნგით: „Make America great again!”. მიზი აზრით, აშშ-ს მთავარი მოწინააღმდეგე ახლა რუსეთი აღარ იყო და მის ადგილს ჩინეთი იკავებდა, ხოლო ვაშინგტონს პოზიციები არ უნდა დაეთმო. ტრამპი მიიჩნევდა, რომ ჩინეთი სხვადასხვა მანიპულაციას ეწეოდა, რათა აშშ-ს მეტი რესურსის დახარჯვა დასჭირვებოდა, როგორც პოლიტიკური ამინდის შემქმნელს. ზოგიერთი მისი თეორია ღიმილსაც კი ჰგვრიდა ადამიანებს და ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება მან გლობალური დათბობის თაობაზე გამოთქვა, რაც ჩინეთის მთავრობის მოგონილი იყო, რათა ვაშინგტონს დამატებითი საზრუნავი გასჩენოდა ფინანსების მხრივ. ასეა თუ ისე, ჩინეთი მისთვის ძირითად საფრთხედ რჩებოდა და სწორედ ამიტომ 2018 წლის 22 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ტარიფები დაადო 60 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტს, რომელიც ჩინეთიდან ამერიკაში ექსპორტდებოდა, აგრეთვე, ეს თარიღი ითვლება ომის დასაწყისადაც. ამ პროდუქციაში შედიოდა: სამედიცინო მოწყობილობები, საჰაერო ხომალდების ნაწილები, სატელიტები და სხვა. პეკინმა პასუხი არ დააყოვნა და ამერიკულ 128 პროდუქტს გაუზარდა ტარიფი, რომელთა შორის ვხვდებით: სოიოს, მანქანებს, ღორის ხორცსა და ა.შ. თუმცა ეს აშშ-თვის ზიანის მომტანი არ აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნული პროდუქცია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3% იყო და ჩინეთის ზარალს ვერ გაუტოლდებოდა. (ფიფია, 2019) ტრამპი არ აპირებდა გაჩერებას, მეტიც, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მას ეწვივნენ ვაშინგტონში და შეეცადნენ მოლაპარაკებოდნენ მას სავაჭრო დეფიციტის მაქსიმალურად შემცირებასა და მეტი ამერიკული პროდუქტის შესყიდვაზე ომის შესაჩერებლად, ტრამპმა უარყო სავაჭრო ომის არსებობა. პრეზიდენტის ამ განცხადებას ბევრი ბიზნესმენი და თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის დირექტორი, პიტერ ნავარო, დაეთანხმა, მათი აზრით, ყველა ზომა თავდაცვით ხასიათს ატარებდა, ხოლო ბიზნესისთვისა და თავისუფალი ბაზრისთვის ტარიფებით მანიპულირება ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს რაიმე განსაკუთრებული მოვლენისთვის არ უნდა მიეწერათ. ბუნებრივია, რომ ტრამპის მსგავსმა არადიპლომატიურმა მიდგომამ ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია. ვაშინგტონმა 29 მაისს 25%-იანი ტარიფები დაადო 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტს, ხოლო იგივე გაიმეორა 15 ივნისს დამატებით 50 მილიარდი დოლარის პროდუქტზეც. სულ მალე პეკინმა საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მან ოფიციალურად დასდო ბრალი აშშ-ს სავაჭრო ომის დაწყებაში და დაემუქრა იდენტური ტარიფებით, რასაც ტრამპის ადმინისტრაციამ 10 ივლისს 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე 10%-იანი ტარიფების დადებით უპასუხა. მსგავსი პოლიტიკა 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა, რასაც მსოფლიო შიშით ადევნებდა თვალს და ეს ბუნებრივიც იყო, გამომდინარე იქედან, რომ ორივე ქვეყანა წამყვანი ეკონომიკის მფლობელები იყვნენ და ეს შესაძლოა არცთუ სახარბიელოდ დანარჩენ ქვეყნებზე ასახულიყო. (ფიფია, 2019) რთული იყო იმის გარჩევა, თუ ვინ გაიმარჯვა ამ ომით, თუმცა პირველ ეტაპზე აშშ ნამდვილად ძლიერ ნაბიჯებს დგამდა ჩინეთის წინააღმდეგ, 30 ნოემბერს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-კანადა-მექსიკის სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუშლიდა ჩინეთს ამ შეთანხმების ბოროტად გამოყენებაში, მან ფაქტობრივად შეკრა ეკონომიკური ალიანსი პეკინის წინააღმდეგ. მართლაც, ჩინეთის პოლიტიკით უკმაყოფილო მხოლოდ ტრამპი არ ყოფილა, მექსიკის ყოფილმა ელჩმა, ხორხე გუახარდომ, პეკინში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო უკვე დაიღალა ჩინეთის შეუსრულებელი პირობებითა და ეკონომიკური თამაშებით.

2019 წელი მეტად აქტიური გამოდგა სავაჭრო ომის მიმდინარეობის პროცესისთვის. აქ უკვე მხოლოდ ტარიფების ზრდასთან არ გვქონდა საქმე, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჩინურ ბუმბერაზ კომპანიებზე თავდასხმასთან, რამაც შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთს დიდი პრობლემები შეუქმნა. აშშ-ს სამიზნე ამჯერად „Huawei”-ის კომპანია აღმოჩნდა, რომელიც უფრო მდიდარია, ვიდრე ყველა ის ქვეყანა ერთად აღებული, რომლებზეც აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული. კომპანიის სიმდიდრის მიზეზად ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალურ სუბსიდიებს, ჩინეთის მხარდაჭერასა და სხვა უარყოფითი შინაარსის მატარებელ მიზეზებს ასახელებდა. აშშ-მ იძულებით ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით აკრძალა „Huawei”-ის ტექნიკის გამოყენება ამერიკული კორპორაციებისათვის, მეტიც, კომპანიას გარკვეული დროით Android სისტემასთან წვდომაც კი შეეზღუდა და მილიონობით მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით მობილური ტელეფონი თუ სხვა მოწყობილობა შეფერხებით უმუშავებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ყველაფერი წმინდად ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული, ჩინური კომპანიები დაბალფასიანი პროდუქტის გამო მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან და “Huawei”-ის შემთხვევაში ის საფრთხეს ამერიკულ კომპანიას „Apple”-ის უქმნიდა, რასაც ტრამპმა ამგვარად უპასუხა. სავაჭრო ომი 2020 წელსაც გაგრძელდა, თუმცა არჩევნების მოახლოებამ და პანდემიის დასაწყისმა ტრამპის ადმინისტრაციას ახალი პრობლემები და ამოცანები გაუჩინა, რამაც მათი და მთელი მსოფლიოს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა, თუმცა ტრამპს არც ამის დაბრალება გაუჭირდა ჩინეთის მთავრობისათვის და ესეც პეკინის მორიგ დაფარულ გეგმასთან დააკავშირა. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს შესაძლოა კიდევ ჰქონდა გეგმები ჩინეთთან დაკავშირებით, თუმცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებამ საბოლოოდ ჩაშალა მისი გეგმები.

თეორიული ჩარჩო

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეუძლებელია საერთაშორისო ურთიერთობებში

რომელიმე კონკრეტული მოვლენის ახსნა რელევანტური თეორიული ჩარჩოს გარეშე.

იმისათვის, რომ საკვლევ კითხვას პასუხი გავცე, სავაჭრო ომს რეალიზმის ჭრილში

განვიხილავ. რეალიზმი უძველესია საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიებს

შორის და ამ თეორიის მთავარი მიმდევრები ყოველთვის უსვამდნენ ხაზს, რომ

კონფლიქტები ადამიანური ბუნების ნაწილია და ამას ვერ გავექცევით. ჰანს

მორგენთაუს პირველი პრინციპი გვეუბნება, რომ პოლიტიკა ობიექტური კანონებით

იმართება და მათი ფესვები ადამიანის ბუნებაშია. (რონდელი, 2003) ეს ნიშნავს იმას,

რომ ლიდერს გარკვეულ ეტაპზე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს

გადაწყვეტილება მეტწილად, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან

გამომდინარე იქნება მიღებული. ინტერესები სხვადასხვა შეიძლება არსებობდეს,

თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, აქ უკვე

პასუხთა სიმრავლე მცირდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. სახელმწიფოები

ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში ძლიერებისკენ მიისწრაფვიან და ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ძლიერებისა, გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა,

სამხედრო ძლიერებისა და სხვა, არის ბუნებრივი რესურსები და შესაბამისად

ეკონომიკა. ამრიგად, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის დაწყების მიზეზი აღარც ისეთი

ბუნდოვანია, როგორც მანამდე. ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური ბრუნვის ზრდამ და

ერთმანეთზე დამოკიდებულებამ ვერ გაამართლა ოპტიმისტ მკვლევართა

მოლოდინები და დაპირისპირება გარდაუვალი იყო. აქაც რეალიზმი საინტერესო

პასუხს იძლევა. რეალისტთა შეხედულებით, ალიანსები და კავშირები მხოლოდ

დროებითი ზომაა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ცდილობენ გარკვეული

სარგებლის მიღებას, თუმცა წევრთა გაძლიერება ავტომატურად იწვევს შიშსა და

ბიძგს, რათა მეორეც გაძლიერდეს და საბოლოოდ ასეთი ალიანსები აუცილებლად

იშლებიან. (რონდელი, 2003) აქედან გამომდინარე, ჩინეთის ძლიერების ზრდამ

მსოფლიო ლიდერის, აშშ-ს, გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო იმჟამინდელმა

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მიიღო გადაწყვეტილება დაეცვა

სახელმწიფო ამ სტატუსის დაკარგვისგან, ეს თავდასხმითი რეალიზმის კარგი

მაგალითია, ხოლო „საუკეთესო თავდაცვა ჰო სწორედ თავდასხმაა“?



დასკვნა

ამრიგად, რეალიზმის ჭრილში საკითხის განხილვით ჩვენ მივიღეთ პასუხი საკვლევ კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი და რა ინტერესები გააჩნდა აშშ-ს ამ ომში. აშშ-ს მიერ ამ ომის წამოწყება რეალიზმის ჭრილში განხილვით აიხსნება მისი სურვილით შეინარჩუნოს წამყვანი როლი ეკონომიკის სფეროში, რაც ბევრ სხვა უპირატესობას ანიჭებდა მას. ომის წამოწყების ეს მიზეზი სრულიად გასაგებია და რაციონალური. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ლიდერების ფსიქოლოგიური პორტრეტებიც და ის ნაკლოვანებები, რომლებიც რეალიზმის აზრით, ადამიანის ბუნებაში დევს. რეალისტები ადამიანებს კონფლიქტურ არსებებად მიიჩნევენ, მათი აზრით, ხშირად ლიდერები პირად ინტერესსა და სახელმწიფო ინტერესებს ერთმანეთში ურევენ. ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის ამბიციებმა და სურვილმა, რომ დაეკნინებინა და შეეჩერებინა ჩინეთი, უბიძგა სავაჭრო ომისკენ, მიუხედავად მისი არაძალადობრიობისა და განაპირობა პეკინის გაღიზიანება, ჩართვა ამ დაპირისპირებაში. ეს ომი იყო სრულიად ლოგიკური და იმ ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა, თუ რომელია მსოფლიოს პირველი ეკონომიკა.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითბ
დავითბ
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0