x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჩეჩნეთის პირველი ომი
image


1991 წელს, როდესაც საბჭოთა იმპერია სულს ღაფავდა, ჩეჩნებმა ისევ განაახლეს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. “პერესტროიკისა” და “გლასნოსტის” პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ გორბაჩოვის მეთაურობით ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმისა და საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია დაიწყო. ეს მომენტი კარგად გამოიყენეს ნაციონალისტურმა ძალებმა კავკასიაში, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების ორგანიზება.


1990 წლის 27 ნოემბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირიდან გასვლა გადაწყვიტა. ჩეჩნეთ-ინგუშეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, გააუქმა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და ჩეჩენ-ინგუშეთს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა. ამ ნაბიჯის ინიციატორი იყო ჩეჩენი ხალხის საერთო-ნაციონალური კონგრესი, რომელსაც სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი ჯოხარ დუდაევი.


image



ჩეჩენი საზოგადო მოღვაწეების მტკიცებით საბჭოთა კანონმდებლობა ჩეჩნეთ-ინგუშეთს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა სუბიექტებს, უფლებას აძლევედა გასულიყო სსრკ-ს შემადგენლობიდან. ამ აზრს არ იზიარებდა რუსეთის ხელისუფლება ბორის ელცინის მეთაურობით, რომელიც ამტკიცებდა რომ ჩეჩნეთს არ ჰქონდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი სსრკ-ში, ის შედიოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, ამიტომაც საბჭოთა კონსტიტუციის თანახმად არ ჰქონდა რუსეთისგან გამოყოფის უფლება.


1991 წლის 27 ოქტომბერს საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით ჩეჩნეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეთა დაახლოებით ოთხმოც პროცენტზე მეტმა მხარი დუდაევს დაუჭირა და ჩეჩენმა ხალხმა სახელმწიფოს მეთაურად ჯოხარ დუდაევი გამოაცხადა. მან მიზნად დაისახა ჩეჩნეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.


1991 წლის 1-2 ნოემბერს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა “დე-იურედ” იქნა აღიარებული პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევისა და პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტებით.


1991 წლის 12 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკამ მიიღო კონსტიტუცია, რომლის პირველი მუხლის თანახმად ჩეჩნეთის რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც შეიქმნა ჩეჩენი ერის თვითგამორკვევის შედეგად. ამ კონსტიტუციით ჩეჩნეთის რესპუბლიკას უფლება აქვს დამოუკიდებლად წარმართოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა.


1992 წლის 31 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის შექმნის შესახებ. ამრიგად, ჩეჩნეთის რესპუბლიკამ განვლო ყველა სამართლებრივი ეტაპი, რომ გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო.


1992 წლის 25 მაისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ რუსეთის ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შესახებ. ჩეჩნეთი პირველი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საიდანაც 1992 წლის 7 ივლისს გამოყვანილ იქნა ამ ქვეყანაში მუდმივად დისლოცირებული რუსული სამხედრო შენაერთები.


ყველასათვის ცხადი იყო, რომ რუსეთი კავკასიიდან ასე მარტივად არ წავიდოდა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება კრემლთან მწვავე კონფრონტაციის დაწყების მიზეზი გახდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთს ასე ადვილად არ დათმობდა დანებისმიერი გზით შეეცდებოდა საკუთარი გავლენის შენარჩუნებას ამ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩეჩნებს მაინც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ებრძოლათ თავისუფლებისათვის.


ჩეჩენი საზოგადო მოღვაწეების აზრით რუსეთს არ გააჩნია არც ერთი იურიდიული დოკუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ჩეჩნეთი ნებაყოფილობით შევიდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. შესაბამისად ისინი თვლიან, რომ ჩეჩნეთი არასოდეს არ ყოფილა რუსეთის ან საბჭოთა კავშირის კანონიერი ნაწილი. რაც შეეხება თვითგამორკვევის უფლებას, ჩეჩნეთის რესპუბლიკა თვლის, რომ ამ უფლებას მას ანიჭებს საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წელს.


ამ პაქტის პირველ მუხლის თანახმად - “ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისაკენ. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისათვის თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრე და რესურსები ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებებისადმი ზიანის მიყე ნების გარეშე. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე ხალხს ჩამოერთვას საარსებო საშუალებები. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა, მათ შორის, რომელთაც ეკისრებათ არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.”


ჩეჩენი საზოგადო მოღვაწეები თვლიდნენ, რომ საერთაშორისო სამართალი ჩეჩენ ერს ანიჭებდა უფლებას თვითონ ემართა საკუთარი თავი და მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. კრემლისთვის კი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა ყოვლად მიუღებელი იყო, ამიტომაც კრემლმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგალურად გამოაცხადა.


image


1991 წლის 8 ნოემბერს ბორის ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ 2.000 რუსი ჯარისკაცი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაგზავნა „წესრიგისა და კანონიერების“ აღსადგენად. ამის საპასუხოდ, ჯოხარ დუდაევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და თავდაცვისთვის მზადებას აქტიურად შეუდგა. ათასობით ჩეჩენმა მამაკაცმა გროზნოში თავმოყრა დაიწყო, რათა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაეცვა. რუსეთმა ჩეჩნეთის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა გადაწყვიტა, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ქვეყანას და ჩეჩნეთის განვითარება მკვეთრად შეაფერხა.


image


80-იანი წლების დასასრულს, როდესაც უკვე ყველასათვის ნათელი იყო, რომ საბჭოთა წყობილებას მომავლის პერსპექტივა არ ჰქონდა, გორბაჩოვმა სცადა რეფორმების გატარება და დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა ღია საზღვრები, თავისუფალი ვაჭრობა და ხალხსაც ეკონომიკური მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება მიეცა. შექმნილი სიტუაციით ისარგებლეს ორგანიზებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც ხელ-ფეხი გაეხსნათ. მათ შორის „ჩეჩნურ მაფიასაც“ მიეცა შესაძლებლობა, რომ არალეგალური საქმიანობით (იარაღის ვაჭრობით, ნარკობიზნესით, ფულის გათეთრებით) დიდძალი შემოსავლის წყაროები შეეძინა. ყალბი ფულის მოჭრაც ზრდიდა მაფიის შემოსავლებს. რუსეთის ოფიციალური მონაცემების თანახმად რუსეთის ეკონომიკა ამ არალეგალურმა საქმიანობებმა დაახლოებით 15-20 მილიარდი დოლარით დააზარალა.


ფულის შოვნას მოწყურებული მრავალი რუსი სახელმწიფო მოხელე მაფიასთან იყო შეკრული და მათ არალეგალური საქმიანობების განხორციელებაში ეხმარებოდა. იმ პერიოდში მაფია მარტო ჩეჩნეთის პრობლემას არ წარმოადგენდა და რუსეთის ეკონომიკის 80 პროცენტს სინამდვილეში რუსული მაფია აკონტროლებდა. ჩეჩნების მიერ განხორციელებულმა არალეგალურმა ფინანსურმა ოპერაციებმა რუსეთის ფედერაცია 33 მილიარდი რუბლით დააზარალა, რის გამოც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 1992 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბანკებთან ანგარიშწორება დაიწყო. რუსეთმა ჩეჩნეთს სატრანსპორტო ბლოკადა გამოუცხადა, რასაც მოჰყვა საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის მნიშვნელოვნად შეფერხება. ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ ჩეჩნეთის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.


image


რუსეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა ბლოკადამ 1993 წლის დასაწყისისათვის ჩეჩნეთის მოსახლეობის ისედაც აუტანელი ცხოვრების პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. ეკონომიკურმა ბლოკადამ და კრიზისმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და ხელი შეუწყო პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის წინააღმდეგ ოპოზიციის წარმოშობას.

ამ დროიდან მოყოლებული ჩეჩნეთის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენი უკვე აკრიტიკებენ დუდაევს და მას ღიად უპირისპირდებიან. ოპოზიციის წარმოქმნამ პრეზიდენტ დუდაევის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეასუსტა. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ოპოზიციის მხარდაჭერა და მას ფულითა და იარაღით ინტენსიურად ამარაგებდა. ოპოზიციას ევალებოდა პრეზიდენტ დუდაევის დამხობა. თუ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა ჩაიშლებოდა და პრეზიდენტ დუდაევის დამხობა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ მოსკოვს სამხედრო ინტერვენციის გარდა სხვა ალტერნატივა აღარ დარჩებოდა. ოპოზიციამ ვერ მოახერხა დუდაევის ხელისუფლების დამხობა, ამიტომაც რუსეთს სხვა შესაძლებლობა აღარ დარჩა, გარდა იმისა რომ ოფიციალურად დაეწყო საომარი მოქმედებები ჩეჩნეთში.


1994 წლის დეკემბერში რუსეთის ხელმძღვანელობამ გაგზავნა ჯარი ჩეჩნეთში „სამართლიანობისა და კანონიერების“ აღსადგენად. ჩეჩნეთში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა: ჩეჩნეთის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდა და მას შეეძლო საფრთხე შეექმნა რუსეთის ჰეგემონობისათვის არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ დსთ-ს სივრცეში.

იმისათვის რომ დსთ-ში თავისი გავლენა განემტკიცებია, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა ტრანსკავკასია და ცენტრალური აზია სამხედრო კონტროლს დაექვემდებარებია და შეექმნა სამხედრო ბაზების ფართო ქსელი მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში.

დამოუკიდებელი ჩეჩნეთი კი ამ გეგმის განხორციელებას საფრთხეს შეუქმნიდა. რუსეთს გააჩნდა ასევე ეკონომიკური ინტერესები ჩეჩნეთში: ჩეჩნეთზე გადის ძალზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალი და ნავთობსადენი, რომლის საშუალებითაც ხდება კასპიის ზღვიდან ნავთობის ტრანსპორტირება შავ ზღვაზე. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა ყოვლად მიუღებელია რუსეთისათვის არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს „დომინოს ეფექტი“ და საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

მოსკოვში ფრთხილობენ, რომ ქვეყანაში არ გაჩნდეს სეპარატისტული მოძრაობების ახალი კერები და ამიტომაც არ უნდათ რომ შექმნან საშიში პრეცედენტი. ჯერ კიდევ პირველი ჩეჩნური ომის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა რამოდენიმეჯერ, საჯაროდ გამოსვლისას თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა უფლება გასულიყო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა განაცხადა, რომ ფედერაციიდან გასვლის მცდელობა განიხილებოდა, როგორც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.


image


1994 წლის 11 დეკემბერს დაიწყო რუსეთის არმიის სამხედრო ინტერვენცია ჩეჩნეთში. დაახლოებით 40.000 კაციანი არმია ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და დაღესტანის მხრიდან ჩეჩნეთში შეიჭრა, რათა გროზნო ალყაში მოექციათ. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. რუსები ჩეჩნების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ, როგორც ჩეჩნეთში, ასევე ინგუშეთში.


ჩეჩნები გააფთრებით იბრძოდნენ და იმისათვის რომ დუდაევის წინააღმდეგობა ჩაეხშოთ, რუსებმა დაიწყეს გროზნოს მასირებული დაბომბვა, ასევე საზღვრების ჩაკეტვა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა. რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ, 1995 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა ჩეჩნეთის დედაქალაქი აიღეს. გროზნოში ხელჩართული ბრძოლების შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი დაინგრა და გროზნოს თითქმის ყველა მაცხოვრებელმა ქალაქი დატოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ 1995 წლის იანვრის ბოლოს დაახლოებით 400.000 ადამიანი ლტოლვილად იქცა.


image


1995 წლის ივლისში ჩეჩენი მეთაური შამილ ბასაევი 100 მეომრით სამხრეთ რუსეთის ქალაქ ბუდიონოვსკში შეიჭრა, სადაც მან 1.000 ადამიანი ტყვედ აიყვანა. ბასაევმა დაბომბვების შეწყვეტა და რუსული არმიის ჩეჩნეთიდან სასწრაფოდ გაყვანა მოითხოვა. მას შემდეგ რაც რუსმა ჯარისკაცებმა სააავადმყოფოს შტურმით აღება ვერ შესძლეს, ვიქტორ ჩერნომირდინი იწყებს მოლაპარაკებებს შამილ ბასაევთან და აღწევს მასთან შეთანხმებას ტყვეების განთავისუფლებისა და ზავის თაობაზე. მაგრამ რუსეთმა ზავი დაარღვია და საომარი მოქმედებები ჩეჩნეთში გააგრძელა.


image


1996 წლის 22 აპრილს სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს ჩეჩნეთის პრეზდენტი ჯოხარ დუდაევი ვერაგულად იქნა მოკლული რუსების მიერ. ის საუბრობდა, როდესაც რაკეტა დაეცა, რის გამოც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.


1996 წლის 6 აგვისტოს ჩეჩენმა მებრძოლებმა მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს გროზნოზე, არგუნზე და გუდერმესზე. გროზნოდან დახლოებით 12.000 რუსი ჯარისკაცი გააძევეს და მოახერხეს ქალაქზე კონტროლის დამყარება. ამასთანავე ჩეჩნეთის დაბლობის ნაწილი დაიპყრეს და ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი აღადგინეს. რუსეთისათვის სამხედრო დანაკარგები იმდენად დიდი იყო, რომ ბორის ელცინი იძულებული შეიქმნა მოლაპარაკებები დაეწყო და ჩეჩნეთის პოლიტიკის კოორდინატორად


1996 წლის 10 აგვისტოს ალექსანდრე ლებედი დანიშნა. ორწლიანი ომი, რომლის დროსაც დაახლოებით 80.000 ადამიანი დაიღუპა, ხასავიურთის ცნობილი ხელშეკრულებით დამთავრდა. ალექსანდრე ლებედმა, პრეზიდენტ ბორის ელცინის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში და ჩეჩენი მეამბოხეების სამხედრო მეთაურმა, ასლან მასხადოვმა 1996 წლის 26 აგვისტოს ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას დაღესტნის ქალაქ ხასავიურთში. ეს ხელშეკრულება რუსეთს ავალდებულებდა, რომ სრული შემადგენლობით გაეყვანა თავისი სამხედრო ნაწილები ჩეჩნეთიდან. რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა _ ჩეჩნეთის მომავალი პოლიტიკური სტატუსი, ხელშეკრულების თანახმად 2001 წლამდე გადაიდო.


image


1997 წელს ასლან მასხადოვი ჩეჩენმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია. 1997 წლის 12 მაისს ბორის ელცინმა და ასლან მასხადოვმა კრემლში საბოლოო ზავს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მხარეები უარს ამბობდნენ ძალის გამოყენებაზე და ვალდებულებას კისრულობდნენ ყველა საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში გადაეწყვიტათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად. მასხადოვი თვლიდა, რომ დროთა განმავლობაში რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები დალაგდებოდა, მაგრამ მშვიდობიანი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიდხანს არ გაგრძელებულა. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხასავიურთის სამარცხვინო ზავის პირობებს ვერ შეურიგდებოდა და საომარი მოქმედებებისათვის დაიწყებდა მზადებას. რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში ემზადებოდა ახალი საომარი მოქმედებების დასაწყებად ჩეჩნეთში.


ასლან მასხადოვს ძალზე რთულ პერიოდში მოუხდა ხელისუფლების სათავეში ყოფნა. 1996 წლის ბოლოს ნახევარ მილიონზე მეტი ჩეჩენი უსახლკაროდ იყო დარჩენილი და ლტოლვილთა ბანაკებში უწევდათ ცხოვრება. დანგრეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენა უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა. მთელ ქვეყანაში ეპიდემიები და შიმშილი მძვინვარებდა. ათიდან ცხრა ოჯახს სურსათ-სანოვაგის მარაგი არ გააჩნდა და თავის გამოკვება არ შეეძლო. მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი უმუშევარი იყო. ხალხი ემიგრაციაში მიდიოდა და ქვეყანა მოსახლეობის განიცლებოდა.


image


ომმა ჩეჩნეთის მოსახლეობის 10 პროცენტი იმსხევრპლა. ომის შედეგად განადგურდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა: სავადმყოფოები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები და სკოლები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ეროვნული არქივები, დაზიანდა ყველა კომუნიკაციები. მარტო გროზნოში მთლიანად დაინგრა სასკოლო შენობების 80 პროცენტი. მთლიანად განადგურდა 11 დასახლება, ხოლო ნაწილობრივ _ 300. ქალაქი გროზნო ნანგრევებად იქცა (მოგვიანებით მას ჯოხარყალა ეწოდა ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად), ქალაქი გუდერმესი და შალი ძალიან დაზარალდა ხშირი დაბომბვების და საარტილერიო ცეცხლის შედეგად.


საგრძნობლად იმატა ინვალიდების და დასახიჩრებულების რაოდენობამ. ომის შედეგად დაინვალიდდა 74 ათასი ადამიანი, მათ შორის 19 ათასი ბავშვი. ორი ათასი კაცი დაბრმავდა, ხოლო 1500 დაყრუვდა. 12 ათასი ბავშვი დაობლდა. 1582 ადამიანი უგზო-უკვლო დ დაიკარგა. მთელ ქვეყანაში ეკოლოგიური კატასტროფა მძვინვარებდა. ჰაერის დაბინძურება ნორმას ასჯერ აჭარბებდა. ბავშვების სიკვდილიანობა ახალშობილების 50 პროცენტს შეადგენდა. ომის შემდეგ საგრძნობლად იმატა საშიში სნეულებების რიცხვმა, განსაკუთრებით ტუბერკულოზმა და ონკოლოგიურმა დაავადებებმა.


ჩეჩნეთის ეკონომიკა განადგურდა, ჩეჩენ საველე მეთაურებს კი არ სურდათ შეიარაღებული ფორმირებების დათხოვნა და ხელისუფლებისადმი მორჩილების გამოცხადება. მასხადოვის ძალაუფლება თანდათანობით დასუსტდა, ვინაიდან მან დაკარგა კონტროლი ბასაევზე და სხვა ჩეჩენ საველე მეთაურებზე. მან ასევე ვერ შესძლო ჩეჩნეთის დანგრეული ეკონომიკის აღდგენა და ქვეყნის ფეხზე დაყენება. მასხადოვს ძალზე ბევრი მოწინააღმდეგე და მეტოქე გამოუჩნდა. ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი, არსანოვიც კი მის მტრად იქცა.

ქვეყანაში კორუფცია და ორგანიზებული დანა შაული მძვინვარებდა. ყველგან გახშირებული იყო ადამიანის გატაცებები, ყაჩაღობა, მოსახლეობის ძარცვა და სხვა უკანონო ქმედებები. ხელისუფლება კი შიდა დაპირისპირების გამო იმდენად იყო დასუსტებული, რომ ამ დანაშაულების აღკვეთა არ შეეძლო. ასევე უშედეგო იყო ასლან მასხადოვის მცდელობა აღეკვეთა ვაჰაბიზმის და ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელება რესპუბლიკაში. ვაჰაბიზმს და ისლამურ ფუნდამენტალიზმს მხარს შამილ ბასაევი უჭერდა. მისი მიზანი იყო ისლამური სახელმწიფოს შექმნა ჩეჩნეთში.


image


ვაჰაბიზმის გავრცელებამ ჩეჩნეთში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ორ ბანაკად გაყოფა გამოიწვია: ერთ მხარეზე იყვნენ ისლამური ფუნდამენტალისტები, ხოლო მეორეზე ჩეჩენი ნაციონალისტები.


ასლან მასხადოვი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და 1999 წლის თებერვალში რადიკალი ისლამისტების მოთხოვნის საფუძველზე შემოიღო შარიათის კანონები ქვეყანაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული შარიათის კანონების მიხედვით ხდებოდა ხალხის გასამართლება ჩეჩნეთში და მათთვის სიკვდილის მისჯა სხვადასხვა დანაშაულებების გამო.


რუსეთის სპეცსამსახურებმა 1998-1999 წლებში რამოდენიმეჯერ სცადეს მასხადოვის მოკვლა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დუდაევის ლიკვიდაციის შემდეგ, რუსებს რატომღაც ეგონათ, რომ ასლან მასხადოვი უფრო დამთმობი იქნებოდა, მაგრამ მასხადოვიც ისეთივე პრინციპული აღმოჩნდა, როგორც დუდაევი და მან მცირედითაც არ გადაუხვია დამოუკიდებლობის კურსს. მისი წინამორბედის მსგავსად, მასხადოვის მიზანი სრული თავისუფლება და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა იყო.


მასხადოვის ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ ვერ მოახერხა შამილ ბასაევის და სხვა ჩეჩენი ფუნდამენტალისტების დამორჩილება, ვერ შესძლო ჩეჩენი საზოგადოების ერთ ბანაკში გაერთიანება და ვერც ვაჰაბიზმის აღმოფხვრა ჩეჩნეთში.



ვალერი მოდებაძის წიგნიდან - ჩეჩენი ერის ბრძოლა თავისუფლებისათვის.

0
557
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0