x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ამოვკაწრავდი ამ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, რომ შემეძლოს"- ნახეთ, რას წერს ირინა სარიშვილი

image


ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 27 წელი გავიდა. პოლიტიკოსი 1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად იქნა მოკლული. გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის წლებშიც. პოლიტიკოსის ქვრივი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და მეუღლის მკვლელობის საბედისწერო დღეს ასე იხსენებს.


"1994 წლის 3 დეკემბერი. 27 წელი გავიდა. მე "გადავრჩი". ამოვკაწრავდი ამ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, რომ შემეძლოს.


რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე რომ თვით მე სამყაროს მერვე საოცრება მოვევლინე ქვეყნიერებას დეკემბერში, ეს თვე ყველაზე დატვირთული და წინააღმდეგობრივი გრძნობების თვეა ჩემს ცხოვრებაში.


3 დეკემბერი – ტერაქტის დღე, როცა მოკლეს გია და მე გადავრჩი.

4 დეკემბერი – დაიღუპა 3 დეკემბერს დაჭრილი მერაბ ბარამია, რომელიც მე გადამეფარა.

7 დეკემბერი, როცა გიას სიკვდილი გამაგებინეს. მანამდე მიმალავდნენ მძიმედ დაჭრილს, როგორც ექიმებმა მითხრეს იმიტომ რომ თურმე სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ დ მერეც ვყვიროდი თუ გია მკვდარია მე არ გადამარჩინოთთქო.მე ეს არ მახსოვს.

13 დეკემბერი, როცა სიცოცხლისკენ მობრუნებული ჩემი პატარა რიჟიკა გიორგი ადამიანთა გულგრილობამ მოკლა.

ამ 13 დეკემბრის შემდეგ სრული სიბნელე, სასოწარკვეთა და მხოლოდ მარტში ვიგებ რომ რიჟიკას ცაში გაფრენიდან 5 დღეში – 18 დეკემბერს ჩემი და ჩვენი ტყუპები ბარბარე და მარიამი დაბადებულან.

24 დეკემბერს როგორც გითხარით ჩემი დაბადების დღეა. 26 დეკემბერს ჩემი მესამე ბიჭი საბა დაიბადა... საბამ, ლუკამ და ირაკლიმ მომაბრუნეს მაშინ 3 დეკემბრის მერე სიცოცხლისკენ.


და ისევ დღევანდელ დღეს 3 დეკემბერს რომ დავუბრუნდე, ჩემი ცხოვრება ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა – გიამდე, გიას დროს და გიას შემდეგ. და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ჩემი ყველა შვილი – გიას სიკვდილის შემდეგ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში და ივლისში დაბადებულები, ჩემთვის გიას დროშია. ალბათ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, გია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ ლუკა, ირაკლი, საბა, ალექსანდრე, ბარბარე, მარიამი და რიჟიკა გიორგი გვეყოლებოდა შვილები. ეს ვიცი ზუსტად და ალბათ ამიტომ მე გიასნაირ კაცს არც შევხვედრივარ და ვერც შევხვდები...


სიცოცხლე მშვენიერია და გრძელდება"- ვკითხულობთ ირინა სარიშვილის პოსტში.


ცნობისთვის, 1994 წლის 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია. ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ჭანტურია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში განისვენებს.


0
721
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
721