x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„განვიცდი, რომ გრიგოლიას სტრესი მიადგა... მეც მქონდა ტრავმა, განცდები და მაღალი სიცხე“ - სააკაშვილი

image

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე და ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუზე ისაუბრა. სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის მოისმინოს ყველას პრეტენზია, ასევე, იკამათოს ყველა მათგანთან, თუმცა ამ სასამართლოში სიმართლის მტკიცებას აზრი არ აქვს.

„ახლა ვიმყოფები ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გთხოვთ გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ. ახლა ვუყურებ ინგა გრიგოლიას, მინდა ვთქვა რომ მან ისაუბრა 7 ნოემბერზე.

მან აღნიშნა, რომ როდესაც პოლიცია შევიდა და სტრესი განიცადა, მოხვდა კლინიკაში. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ, მთავრობის სახლში დიდი ვრცელი ინტერვიუ მივეცი ინგას, ძალიან განვიცდიდი იმას, რომ მას ასეთი სტრესი მიადგა, თუმცა ამ დროს მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მქონდა: ძალიან მწვავე ანთება, მაღალი სიცხე ინტერვიუს მიცემის დროს ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრამვისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზედაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე.

მე მინდა ეს ინგამ იცოდეს, არასდროს მითქვამს. ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ მისი ხარჯებით შეტანილია და ბოტოქსი ჰქვია იმასაც, ის რამდენიმე დღე ცდილობდა ჩემს განკურნებას.

ამიტომ მეგობრებო, ვინც ჩემ ბოდიშს ან არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არაა საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით.

სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას, ან სადაც მართალი არ ვიქნები მე დაგეთანხმებით. ეს იქნება ჩემთვის, ასევე, კათარზისი და გაწმენდის პროცესი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა პუტინის ტყვეობაში იმყოფება და როცა მისგან მეტ სინანულს მოითხოვენ, უნდა გაიგონ რა მდგომარეობაშია ის. მიხეილ სააკაშვილმა განმარტა თუ რატომ არ მოიხადა ბოდიში 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

„ჩემი წინა გამოსვლის კრიტიკა მოვისმინე. 2003 წელს ჩარჩენილი ადამიანის გამოსვლა მოვისმინეთო ამბობდნენ. გიგი უგულავა რაზედაც დაიჭირეს და რაც თქვა მან, იმაში მართალი იყო. იმიტომ რომ ჩვენ გავაქრეთ გაი, შევქმენით პოლიცია, რომლითაც სამართლიანად ვამაყობდით, მაგრამ შემდეგ ნაწილში მოხდა ის რაც მოხდა.

ასევე ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემს გამოსვლაში და მეტი სინანული. როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია ეს მათთვის ისეთივე სინანულია როგორც სტალინი აწყობა ღია პროცესებს.

ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სინანული არ მაქვს, რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებასთან ბევრი მაქვს სალაპარაკო.

თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონა და აწონა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი იმაზე რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად.

გარწმუნებთ ეს რეფლექსია მთელი ეს წლებია მაქვს და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა პუტინის ტყვეობაში ვიმყოფები მეგობრებო, რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ფუჭად დასახარჯი დრო არ აქვს, რადგან უკრაინასა და საქართველოში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

„ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, ეტყობა თქვენ ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში, რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო.

ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ ფუჭად ვხარჯო, არ მაქვს დრო 4 საათი სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს ხოლმე დროზე. ეს არის იმ საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ ან ეკრანებთან არის და მათ სჭირდებათ პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ინფორმაციისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება 29 ნოემბერსაც მიეცა. ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.


0
407
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0