x
image
თორ ნიკე
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები (Caucasus hunter-gatherers / Caucasian hunter-gatherers - CHG) არის ადამიანთა ცალკეული მოდგმა, რომელიც ფორმირდა სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომში გავრცელდა როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში, ასევე ირანში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში და დიდი წვლილი შეიტანა ევროპელ ხალხთა ფორმირებაშიც. კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები იყვნენ შთამომავლები იმ ადამიანებისა, რომლებიც ძალიან ადრეულ პერიოდში - ძვ.წ. 48, 000 წლიდან გამოეყვნენ ბაზალურ, ძირეულ ევრაზიელებს და დასახლდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ადამიანები უსტ-იშიმის კაცის (Ust'Ishim man), ოაზ 1-სგან (Oase 1) და სხვა პირველი ევროპელი თანამედროვე ადამიანებისგან ანუ კრო-მანიონებისგან განსხვავებული მოდგმისანი იყვნენ - ამ მოდგმას შეიძლება ეწოდოს ადრეული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები ან ძუძუანას კლასტერი. შემდგომ ათასწლეულებში, კერძოდ ძვ.წ. 23, 000 წლიდან ისინი გამოეყვნენ ადრეული ანატოლიელი ფერმერების წინაპარ ანატოლიელ მონადირე-შემგროვებლებს და სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ საწურბლიას კლასტერად ანუ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებად. ისინი გადარჩნენ დასავლეთ საქართველოში სრულ იზოლაციაში ბოლო დიდი გამყინვარების დროს, რომელიც მიმდინარეობდა ძვ.წ. 29, 000 წლიდან ძვ.წ. 14, 000 წლამდე, ამის შემდგომ კი, როცა ყინულებმა დნობა დაიწყო, გარშემო მსოფლიოს მოედნენ. ძვ.წ. 8000 წლისთვის ისინი უკვე გავრცელებულნი იყვნენ მთელ სამხრეთ კავკასიაში და ჩრდილოეთ ირანში. ძვ.წ. 6000 წლისთვის კი გავრცელდნენ ირანის უფრო მეტ ტერიტორიაზე და მიაღწიეს პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთსაც, სადაც დიდწილად მიიღეს მონაწილეობა ინდის ველის ცივილიზაციის შემქმნელი ხალხის ფორმირებაში (Narasimhan et al. 2019. გვ. 11). შემდგომ პერიოდში, უკვე დაახლოებით ძვ.წ. 5000 წლიდან, სამხრეთ რუსეთის მიწებზე, პონტიურ-კასპიურ სტეპში მცხოვრებმა აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებმა დაიწყეს შერევა საქართველოდან უკვე ჩრდილოეთში მიგრირებულ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებთან, რასაც მოჰყვა ადამიანთა ახალი მოდგმის ფორმირება, ეს იყო: დასავლეთ სტეპის მესაქონლეები - პირველი ინდო-ევროპელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს იამნაიას კულტურა (Yamnaya culture - ძვ.წ. 3300-2600 წწ.) და შემდგომ საუკუნეებში მოედნენ ევროპასა და აზიას და ყველგან გაავრცელეს და დაამკვიდრეს ინდო-ევროპული ენები და დიალექტები ძვ.წ. მე-3 - მე-2 ათასწლეულებში (Jeong 2019).


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები - Caucasus hunter-gatherers / Caucasian hunter-gatherers - CHG


ჯონსის მიხედვით (Jones et al. 2015), რომელმაც გენეტიკური ანალიზი ჩაუტარა გვიან ზედა პალეოლითში მცხოვრებ ორ კავკასიელ მონადირე-შემგროვებელ მამაკაცს დასავლეთ საქართველოდან, რომელთაგან ერთ-ერთი ცხოვრობდა ძვ.წ. 11, 300 წლისთვის, ხოლო მეორე ძვ.წ. 7700 წლისთვის, მათ აღმოაჩნდათ ჰაპლოჯგუფები J* და J2a, შემდგომში დაზუსტებული, როგორც J1-FT345221 და J2-Y12379*. მათი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები იყო: K3 და H13c. მათმა ავტოსომურმა გენომმა ცხადყო, რომ ძვ.წ. 23, 000 წლამდე მათი შერევა არ იყო იშვიათი ისეთ ახლო აღმოსავლეთის ხალხთან, როგორიც იყო მაგალითად ადრეული ანატოლიელი და მესოპოტამიელი მონადირე-შემგროვებლები. შემდეგ კი ეს შერევა შეწყდა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორია გამოყოფილი იქნა გარესამყაროსგან ყინულის საფარის გაზრდის და გამყინვარების ინტენსიფიკაციის გამო ძვ.წ. 23, 000 წლიდან.



კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი - Caucasus hunter-gatherer / Caucasian hunter-gatherer - CHG


ყინულის საფარმა დნობა დაიწყო ძვ.წ. 14, 000 წლიდან და სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შერევა უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელებთან, ვინაიდან საწურბლიაში აღმოჩენილი ძვ.წ. 11, 000 წლისთვის მცხოვრები კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ავტოსომური გენომის კვლევით დადგინდა, რომ ის 64%-ით ატარებდა უძველესი კავკასიელი-მონადირე-შემგროვებლების გენომს, რომელიც შეგვიძლია ძოძუანას ან ორთვალა კლდის კლასტერად მოვიხსენიოთ, ხოლო 36%-ით - უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენომს (Lazaridis et al. 2018).


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები - Caucasus hunter-gatherers / Caucasian hunter-gatherers - CHG


წარმოგიდგენთ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენეტიკურ ისტორიას, თუ როგორ, სად და როდის ჩამოყალბდნენ ისინი: ჰაპლოჯგუფი A იყო დედამიწაზე არსებული ყველა Y-ქრომოსომული, იგივე მამისეული ჰაპლოჯგუფის წინაპარი. ის ჩამოყალიბდა აფრიკის ტერიტორიაზე, აფრიკის რქის რეგიონში ძვ.წ. 300, 000 - ძვ.წ. 268, 000 წლებში. მან წარმოშვა BT ჰაპლოჯგუფი ისევ აფრიკის ტერიტორიაზე ძვ.წ. 148, 000 - ძვ.წ. 143, 000 წლებში. მან კი თავის მხრივ, ჩამოაყალიბა CT ჰაპლოჯგუფი აფრიკის ტერიტორიაზე ძვ.წ. 100, 000 - ძვ.წ. 75, 000 წლებში. ეს ხალხი გადმოვიდა აფრიკიდან აზიაში და წარმოშვა CF ჰაპლოჯგუფი სამხრეთ ახლო აღმოსავლეთში ან ჩრდილოეთ აფრიკაში ძვ.წ. 73, 000 - 68, 000 წლებში. CF-მა წარმოშვა F ჰაპლოჯგუფი სამხრეთ აზიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძვ.წ. 60, 500 - ძვ.წ. 56, 000 წლებში. F-მა წარმოშვა GHIJK ჰაპლოჯგუფი აღმოსავლეთ აზიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძვ.წ. 59, 000 - ძვ.წ. 55, 000 წლებში. შემდგომში მან წარმოშვა HIJK ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 57, 000 - ძვ.წ. 47, 000 წლებში სადღაც აზიის ტერიტორიაზე. HIJK-მ წარმოშვა IJK ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 55, 000 - ძვ.წ. 46, 000 წლებში აზიის ტერიტორიაზე. IJK-მ წარმოშვა IJ ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 47, 700 - ძვ.წ. 42, 600 წლებში უკვე დანამდვილებით დასავლეთ აზიაში (სამხრეთ კავკასია - ჩრდილოეთ მესოპოტამია). IJ-მ წარმოშვა J (იგივე J-M304) ჰაპლოჯგუფი დასავლეთ აზიაში, სამხრეთ კავკასიისა ან/და ჩრდილოეთ მესოპოტამიის ტერიტორიებზე ძვ.წ. 40, 900 წლისთვის. მან კი წარმოშვა 2 ჰაპლოჯგუფი: J2 (იგივე J-M172) მესოპოტამიაში, ლევანტში, ჩრდილოეთ ირანში ან სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. 30, 000 წლისთვის. და მეორე ჰაპლოჯგუფი J1 (იგივე J-M267) დასავლეთ აზიაში ძვ.წ. 22, 000 წლისთვის.


კოტიას სახის რეკონსტრუქცია - კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი - Caucasus hunter-gatherer

კოტიას გენეტიკის გავრცელების პროცენტულობა დღევანდელ დასავლეთ ევრაზიაში


დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავთან მდებარე საწურბლიას მღვიმეში ნაპოვნი ძვ.წ. 11, 000 წლისთვის მცხოვრები მამაკაცის გენომი ყველაზე ახლოს დგას ქართველებთან და ქართველთა გავლენით სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ მეზობელ ხალხებთან. გენეტიკურმა კვლევამ ცხადყო, რომ ის იყო შავი თმის, ყავისფერი თვალების და თეთრი კანის მქონე მამაკაცი. ასევე, დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში მდებარე კოტიას კლდის მღვიმეში ნაპოვნი იქნა ძვ.წ. 7700 წლისთვის მცხოვრები მამაკაცი.


საწურბლიას მღვიმე - იმერეთი,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი კოტიას კლდის მღვიმე - იმერეთი,  ჭიათურა,  სოფელი სვერი


ფუს მიხედვით (Fu et al. 2016) კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები და კრომანიონები ერთმანეთს გამოეყვნენ ძვ.წ. 43, 000 წლისთვის, რაც სწორედ ემთხვევა ევროპის დასახლებას პირველი ჰომო საპიენსების მიერ და იქ ანატოლიის გავლით გადასვლას. მისივე კვლევებით დადგინდა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები და ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები გაიყვნენ ძვ.წ. 23, 000 წლიდან.

მარგარიანის მიხედვით (Margaryan et. al 2017), რომელმაც უძველესი სამხრეთ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების დნმ გამოიკვლია, დადგინდა, რომ ძვ.წ. 16, 000 წლიდან კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების რაოდენობამ საგრძნობლად იწყო მატება.


იარდუმიანის მიხედვით (Yardumian et al. 2017) სვანების 78% ატარებს Y-ქრომოსომულ ჰაპლოჯგუფს G2a, ხოლო მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფებით ისინი მიეკუთვნებიან შემდეგ ჰაპლოჯგუფებს: U1, U7, H, K, W6.

ნარაშიმჰანის მიხედვით (Narashimhan et al. 2019, გვ. 11) ძვ.წ. 6000 წლიდან კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა მიაღწიეს პაკისტანამდე და ჩრდილოეთ ინდოეთამდე და დიდი წვლილი შეიტანეს ინდის ველის ცივილიზაციის ხალხის ჩამოყალიბებაში. მისი დასკვნით ამ დროისთვის კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები უკვე გავრცელებულნი იყვნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე მთელი ირანის პლატოზე, ირანის მთელ ტერიტორიაზე.


პროტო-ინდო-ევროპელები, იგივე იამნაიას კულტურის ხალხი და მისი მონათესავე კულტურები პონტიურ-კასპიურ სტეპში იყვნენ ჩამოყალიბებული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისა და აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების შერევის შედეგად ჩამოყალიბებულნი. ეს აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები იყვნენ მალტა-ბურეტის კულტურის ან მისი მონათესავე ციმბირული კულტურის ხალხი, რომელიც მიგრირდა ციმბირიდან დასავლეთით, რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთში (Haak et al. 2015. გვ. 3).

პროტო-ინდო-ევროპელების, იგივე დასავლეთ სტეპის მესაქონლეების ჩამოყალიბება ორივე ამ მოდგმის 50-50% გენეტიკით მოხდა (Mathieson 2015). კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრია მანიკამ განაცხადა: "კითხვა, თუ როგორი იყო იამნაიას ხალხის წარმომავლობა და გენეზისი, აქამდე უპასუხოდ რჩებოდა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ მათი გენეტიკა ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების და სამხრეთ კავკასიის იზოლირებულ ტერიტორიაზე (დასავლეთ საქართველოში) ჩამოყალიბებული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შერევით მოხდა."


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენეტიკის გავრცელება დღევანდელ დღეს


ძვ.წ. 5000 წლიდან დაიწყო პონტიურ-კასპიურ სტეპში აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებისა და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შერევა და მოგვიანებით ადრეული ევროპელი ფერმერების კომპონენტიც დაემატათ მცირედით. ხდებოდა უმეტესად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი მამაკაცების შერევა კავკასიელ მონადირე-შემგროვებელ ქალებთან, ამიტომ ახასიათებთ ინდო-ევროპელ ხალხებს და ყველაზე მეტად დღევანდელ ევროპელ ხალხებს დომინანტურად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი მამაკაცების დამახასიათებელი Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი R1a, R1b და სხვა R ჰაპლოჯგუფის ტოტები და მეორე მხრივ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისთვის დამახასიათებელი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები, როგორიცაა მაგალითად H და მისი ტოტები (Wang, 2019).


კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა დიდი წვლილი შეიტანეს ასევე ინდო-არიულ ენებზე მოსაუბრე ხალხების ჩამოყალიბებაში ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ აზიაში (Jones et al. 2015).

ვანგის მიხედვით (Wang et al. 2018), რომელმაც გენეტიკური ანალიზი ჩაუტარა ჩრდილოეთ კავკასიაში ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის დასაწყისიდან ძვ.წ. 1-ლი ათასწლეულის პერიოდში მცხოვრები ადამიანების ნაშთებს და დადო დასკვნა, რომ ამ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში განსახლებული ადამიანები იყვნენ გენეტიკურად უფრო ახლოს ქართველებთან და საერთოდ დღევანდელ სამხრეთ კავკასიელებთან, ვიდრე დღევანდელ ჩრდილოეთ კავკასიელებთან.

ლაზარიდისის მიხედვით (Lazaridis, 2017. Genetic origins of the Minoans and Mycenaeans) კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები ბრინჯაოს ხანაში გავრცელდნენ ანატოლიაში და იქიდან გადავიდნენ როგორც ბალკანეთში და ეგეოსისზღვისპირეთში, ასევე კუნძულ კრეტაზე და იქ მთელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეადგინეს.


რაც შეეხება პროტო-კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ძვ.წ. 23, 000 წლამდე, დაახლოებით ძვ.წ. 48, 000 წლიდან. ამ ხალხზე შეიძლება ვიმსჯელოთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალი პალეოლითური ძეგლით, მაგალითად დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანში მდებარე ორთვალა კლდის მღვიმის კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში ადრეული თანამედროვე ადამიანები, კავკასიის პირველი საპიენსი მონადირე-შემგროვებლები ცხოვრობდნენ მინიმუმ ძვ.წ. 48, 000 წლიდან. არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის (2021 წ.) ცნობით "მღვიმე ორთვალა კლდე, ჭიათურაში, სოფელ რგანის ტერიტორიაზე, უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არის დღეისათვის მთელ ევრაზიაში უძველესი ზედაპალეოლითური სადგომი დენისოვის მღვიმესთან (მთიანი ალტაი) და ზლატი კუნთან ("ოქროს ცხენი", ჩეხეთი) ერთად. ორთვალა კლდის მცირე დარბაზში დადგენილი ზედა პალეოლითური ფენის ასაკია დაახლოებით 48, 000 წელი. ჰომო საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ ამ დროს მაინც უკვე შემოსულები იყვნენ."


მღვიმე ორთვალა კლდე,  იმერეთი,  ჭიათურა,  სოფელი რგანი


ყველაზე თვალსაჩინოდ ამ ადამიანთა ცხოვრების წესი ძუძუანას მღვიმის აღმოჩენებით ხდება ცნობილი. ძუძუანას მღვიმე (ზოგჯერ წოდებული, როგორც ძოძუანას მღვიმე) მდებარეობს ასევე ცნობილ პალეოლითურ არქეოლოგიურ ადგილთან, ორთვალა კლდესთან ახლოს, 5 კილომეტრში, დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში. ის ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარეობს.


ძუძუანას მღვიმე - დასავლეთ საქართველო,  იმერეთი,  ჭიათურა,  სოფელი მღვიმევი


ამ ადგილას ხალხი ცხოვრობდა როგორც პალეოლითის პერიოდში, ასევე სპილენძისა და ბრინჯაოს ხანაში და მათი გენეტიკა არ შეცვლილა, ერთი მოდგმის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ როგორც ამ, ასევე შემდგომ პერიოდებშიც, დღემდე. ყველაზე ღირსშესანიშნავი აქედან არის ზედა პალეოლითის ხანის ფენა. ეს არის 3.5 მეტრის სისქის ფენა და რადიონახშირბადული დათარიღებით თარიღდება ძვ.წ. 34, 000 - ძვ.წ. 29, 000 წლებით, შეიცავს ქვის იარაღებს, ცხოველთა ძვლებს და სხვა საინტერესო არტეფაქტებს, კერძოდ:

ფენა A - ძვ.წ. 4000 წ. ნეოლითური პერიოდი კავკასიაში. აღმოჩენილია 30 სელის ბოჭკო, აქედან 5 შეღებილი.

ფენა B - ძვ.წ. 14, 500 - ძვ.წ. 11, 200 წწ. ტერმინალური პალეოლითის პერიოდი. აღმოჩენილია ქვის დანები და სხვა იარაღების მჭრელი პირები, სელის 48 ბოჭკო, აქედან 3 შეღებილი (1 შავი და 2 ფირუზისფერი).

ფენა C - ძვ.წ. 25, 000 - ძვ.წ. 22, 000 წწ. ზედა პალეოლითი. აღმოჩენილია მჭრელი პირების მქონე ქვის იარაღები, მიკროლითები, ტყავის საფხეკები, საჭრისები ანუ ბურინები, კარინირებული ბირთვები, სელის 787 ბოჭკო, აქედან 18 დაწნული, 1 გაკვანძული, განასკვული და 38 შეღებილი (შავად, ნაცრისფრად, ფირუზისფრად და ერთიც ვარდისფრად).

ფენა D - ძვ.წ. 32, 500 - ძვ.წ. 30, 200 წწ. ზედა პალეოლითი. აღმოჩენილია მიკროლითები, ცალპირა საფხეკები, ორპირა საფხეკები, მჭრელპირიანი ქვის იარაღები, სელის 488 ბოჭკო, აქედან 13 დაწნული, 58 შეღებილი (ფირუზისფრად, ნაცრისფრად და შავად). მათგან ზოგიერთი ბოჭკო 200 მილიმეტრის სიგრძისაა, სხვები კი უფრო მცირე ნაწილებადაა დაშლილი.


რას მიირთმევდნენ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები? ამ კითხვაზე პასუხს ძუძუანას მღვიმეც გვაძლევს. მღვიმეში აღმოჩენილ ძვლებზე არის ცეცხლით დამუშავების და ქვის იარაღებით დამუშავების მრავალი კვალი. ის, ცხოველები, რომლებსაც ეს ადამიანები მიირთმევდნენ ზედა პალეოლითში იყო: მთის თხა, ცნობილი, როგორც კავკასიური თხა (Capra Caucasica), ასევე ახლა უკვე გადაშენებული სტეპის ბიზონი (Bison priscus), დომბა საქონელი "აუროხი", წითელი ირემი, გარეული ტახი, გარეული ცხენი, მგელი, ფიჭვის კვერნა.

შემდგომ პერიოდში, მეზოლითის ხანაში უფრო მეტად მიირთმევდნენ სტეპის ბიზონს დიდი რაოდენობით და კავკასიურ თხას. ასეთივე მონაცემებია ორთვალა კლდეშიც. ამ გამოქვაბულებში არ არის ნანახი ნეანდერტალელთა ბინადრობის კვალი და პირველად დაკავებული იქნა ადრეული თანამედროვე ადამიანების (EMH), პროტო-კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან.


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები


ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ზემოთ აღნიშნული ბოჭკოები არის მსოფლიოში უძველესი მტკიცებულება, რომ ადამიანები იყენებდნენ ძაფის დამზადების, ქსოვის, მისი დაგრეხვით თოკების დამზადების, ტანსაცმლის კერვის ტექნოლოგიებს და მეტიც, ამ ტანსაცმელს ღებავდნენ სხვადასხვა ფერად ადგილობრივად ხელმისაწვდომი სხვადასხვა მცენარეული პიგმენტებით, სელის და სხვა მცენარეულობის დაწვნით ამზადებდნენ კალათებს, იყენებდნენ მატყლს სხვადასხვა ტანსაცმლის და თუნდაც თბილი ქვეშაგების დასამზადებლად, ამზადებდნენ სხვადასხვა ნადირობისთვის საჭირო იარაღს და ნაწარმს შემდეგი სახეობების მცენარეულობისგან: ცაცხვი, ტირიფი, მუხა, თელა, მურყანი, იუველი, ჭინჭარი, კანაფი და სხვ. და ეს ყველაფერი ხდებოდა საქართველოს, კერძოდ იმერეთის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითში, ამ კონკრეტული აღმოჩენის მიხედვით მინიმუმ ძვ.წ. 32, 000 წლიდან მოყოლებული ყველა შემდგომ ეპოქაში. ისინი მცენარეული ბოჭკოებით დამზადებულ ძაფებს იყენებდნენ არა მხოლოდ ტანსაცმლის, თოკების და კალათების, არამედ ფეხსაცმელების და თასმების დასამზადებლადაც. ნადირობისთვის კი ამზადებდნენ ცხოველების ხაფანგებს, ფრინველთა მახეებს და სათევზაო ბადეებს.

პალეოლითის ხანაში ამ ხალხის განსახლების არეალი არ იყო მხოლოდ იმერეთი, არამედ მოიცავდა 6 მთავარ რეგიონს: საქართველოს შავი ზღვის ზოლი და მისი მიმდებარე ენგურის ხეობა, რიონ-ყვირილას აუზი, შიდა ქართლი, მდ. მტკვრის დაბალმთიანეთი ქვემო ქართლში, ჯავახეთის ზეგანი და იორ-ალაზნის ზეგანი.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი პალეოლითური არქეოლოგიური ადგილები, სადაც სახლობდნენ პროტო-კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები ძვ.წ. 48, 000 წლიდან ძვ.წ. 6500 წლამდე (კავკასიურ ნეოლითის დაწყებამდე), არის: ძუძუანა, საწურბლია, კოტიას კლდე, ორთვალა კლდე იმერეთში, ასევე კისტრიკი, ოდიში, ურთა, გურიანთა, ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული, თეთრამიწა, საკაო რაჭაში, ფარავანი, ზემო ალვანი, გრაკლიანი და სხვ.

კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების პირდაპირი შთამომავლები კი ნეოლითში ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე უდიდესი გენეტიკური გავლენა აქვთ ქართველების ჩამოყალიბებაში ანატოლიელ მონადირე-შემგროვებლებთან ერთად. ნეოლითში მათი შთამომავლების განსახლების რამდენიმე არეალს დავასახელებთ მაგალითად, რომელიც დღემდე აღმოჩენილებს და არქეოლოგიურად გამოკვლეულებს შორისაა: მაჭარა, ამირანის გორა, ბერიკლდეები, ჟინვალი, ბოდორნა, წითელი გორები, შულავერი, იმირის გორა, სიონი და სხვა მრავალი.


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები (Caucasus hunter-gatherers / Caucasian hunter-gatherers - CHG)


რა დაამტკიცა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ორთვალა კლდის მღვიმეში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა? ჰომო საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 500 საუკუნის წინანდელი პერიოდიდან (ძვ.წ. 48, 000 წლიდან) მოყოლებული უწყვეტად სახლობენ. ევროპის დანარჩენ ტერიტორიებზე საპიენსები მხოლოდ 50 ან 30 საუკუნის შემდეგ გავრცელდნენ. არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის მიერ ზემო იმერეთში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების ანალიზმა აჩვენა შემდეგი შედეგები:

"ორთვალა კლდე შეიძლება მოვიაზროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პალეოლითურ ძეგლად საერთაშორისო მასშტაბით, რომელზეც დადგინდა შუა და ზედა პალეოლითის ეპოქების ცოდნისთვის მეტად საგულისხმო საკითხთა ერთობლიობა:

1. შუა პალეოლითურ ფენაში აღმოჩნდა ნეანდერტალელი ადამიანის კბილი, აგრეთვე ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენს საპიენსის გენომები.

2. თანამედროვე ადამიანი პირველად კავკასიის ტერიტორიაზე გამოჩნდა მინიმუმ 50, 000 წლის წინ ორთვალა კლდეში, შესაძლოა უფრო ადრე.

3. ფორმულა "შუა პალეოლითური არტეფაქტები = ნეანდერტალელს", იცვლება ფორმულით "შუა პალეოლითური არტეფაქტები = ნეანდერტალელს ან ჰომო საპიენს საპიენსს."

4. საქართველოს სინამდვილეში პირველი შემთხვევაა, ძვლის ნამზადების საფუძვლიანი ტრასოლოგიური შესწავლისა. მის შედეგად დადგინდა, რომ შუა და ზედა პალეოლითში ადამიანები ძვლის არტეფაქტებს ძირითადად ერთნაირი მეთოდით იღებდნენ.

5. კიდევ ერთხელ დადასტურდა მიწისძვრის კვალი და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან მომავალი ნემრუტის ვულკანის ვულკანური ფერფლით დათარიღებამ გაამართლა ჩვენ მიერ ნავარაუდევი პალეომიწისძვრის თარიღები, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ნემრუტის ვულკანურ ამოფრქვევებთან - ძვ.წ. 30, 000 - 25, 000 წლებში.

6. ძვ.წ. 41, 000 წლის ფენაში აღმოჩნდა მაკაკას ნაშთი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოს პალეოგარემო შესასწავლია ხელახლა.

7. კვლევის შედეგები ადასტურებს ჩვენ მიერ მრავალჯერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ნეანდერტალელები და თანამედროვე ადამიანები, ანუ ორი პოპულაცია სახლობდა ორთვალა კლდეში - ერთდროულად თუ მორიგეობით, ეს ისევ კვლევის საგანია. შესაბამისად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ეს ორი სახეობა თანაარსებობდა. რაც შეეხება იმ საკითხს, ხდებოდა თუ არა მათი შეჯვარება, ეს მომავალი გენეტიკური კვლევების საგანია." ("თანაარსებობის თეორია". ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი)


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები


როგორც ჩანს, ევროპის ტერიტორიაზე უძველესი ჰომო საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე სახლობდნენ. ჯერ კიდევ მინიმუმ ძვ.წ. 48, 000 წლიდან და ეს მოსახლეობა არასოდეს შეწყვეტილა, მაშინაც კი, როცა მიმდინარეობდა ბოლო დიდი გამყინვარება ძვ.წ. 23, 000 - 14, 000 წლებში. ამ დროს კოლხეთის, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი იყო ისეთი არეალები სადაც ადამიანები, სწორედ უძველესი კავკასიის მონადირე-შემგროვებლები აგრძელებდნენ ცხოვრებას და მეტიც, ძვ.წ. 18, 000 წლიდან გამრავლებაც დაიწყეს საკმაოდ შესამჩნევი ტემპებით, გადაიტანეს გამყინვარების პერიოდი და სათავე დაუდეს გამყინვარების შემდგომ არსებულ, ნეოლითური, სპილენძის, ბრინჯაოს და რკინის ხანის სამხრეთ კავკასიურ და შემდგომში ჩრდილოეთ კავკასიურ კულტურებს - გამყინვარების პერიოდში გარშემო ტერიტორიებზე მცირე აზიასა და მესოპოტამიაში დარჩენილ და გამყინვარების დასრულების შემდგომ კავკასიაში შემოსულ G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელ ანატოლიელ და მესოპოტამიელ თანამოძმეებთან ერთად, რომელთაც ძვ.წ. 23, 000 წლიდან დაშორებულნი იყვნენ ბუნებრივი პირობების გაუარესების, კერძოდ გამყინარების გამო. ქართველური ოჯახის ენების ხალხები სწორედ კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა (J2a, J1) და ანატოლიელმა მონადირე-შემგროვებლებმა (G2a) ჩამოაყალიბეს.


საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ასევე ძვ.წ. 23, 000 წლისთვის მცხოვრები ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომები გაიშიფრა 2021 წელს. დნმ-ის წყარო ქანებში დალექილი ორგანული მასალა იყო. ამიტომაც გახდა აქედან შესაძლებელი არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მგლის და ბიზონის გენომების სეკვენირება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გენეტიკურ მოდგმას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი ევროპის მოსახლეობის გენეტიკის ჩამოყალიბებაში. შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა საწურბლიას გენეტიკური მასალა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი გააჩნია. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დასავლეთ ევრაზიის ტერიტორიაზე (ევროპა და ახლო აღმოსავლეთი) უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში (ძვ.წ. 12, 500 წლიდან) ძირითადი მოსახლეობა კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენეტიკის მატარებელია.


ამავე კვლევამ ასევე გამოავლინა სავარაუდოდ გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი. ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის პირდაპირი შთამომავალიც გახლავთ ბიზონის თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიანი პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების "shotgun" მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ქართველთა და სხვა მრავალი ხალხის წინაპრების შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მისი ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას. სამხრეთ კავკასიამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა კაცობრიობის დიდ ნაწილზე.


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები


2015 წელს "National communication"-ში გამოქვეყნდა სტატია "Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians", მას შემდეგ, რაც განისაზღვრა საწურბლიას მღვიმის გვიანზედაპალეოლითური ხანის, ძვ.წ. 11, 300 წლის და კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის კავკასიელი მონადირე-შემგროვებელის ძვ.წ. 7700 ადამიანის გენეტიკა და შედარდა შვეიცარიის ტერიტორიაზე ნანახი თანადროული ადამიანის გენეტიიას. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების მოდგმა არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი, რომლის მემკვიდრეებიც არიან უკანასკნელი გამყინვარების შემდგომი ევროპელები. კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (CHG) მიეკუთვნება განსხვავებულ უძველეს შტოს, რომელიც აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ადამიანის (homo sapiens) ორი მიგრაციული ტალღის ახლო ნათესავი და განაყოფია: პირველი, კრო-მანიონების, რომლებიც ძვ.წ. 43, 000 წლისთვის ევროპაში გადავიდნენ ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიიდან და მეორე, ძვ.წ. 23, 000 წლისთვის ჩამოყალიბებული ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლების, რომლებმაც სათავე დაუდეს ევროპაში ნეოლითური ხანის მწარმოებლურ მეურნეობას ძვ.წ. 6500 წლიდან ევროპაში ანატოლიიდან მიგრაციის შემდგომ. ეს ორივე მოდგმა გამოეყო ადგილზე დარჩენილ სამხრეთ კავკასაში, მესოპოტამიაში და ანატოლიაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე განუწყვეტლად ცხოვრობდნენ, თავის გარშემო მცხოვრებ ნათესავ ადამიანებს გამოეყვნენ ძვ.წ. 23, 000 წლიდან დაწყებული გამყინვარების უფრო მძაფრი პერიოდის გამო, შემორჩნენ მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩამოაყალიბეს გარშემო ნათესავებისგან კიდევ უფრო განსხვავებული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები და გამყინვარების დასრულების შემდგომ, ძვ.წ. 12500 წლიდან გავრცელდნენ სამხრეთით ირანისკენ, დაასახლეს ირანი და საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორია, მიაღწიეს პაკისტანს, ძვ.წ. 5000 წლიდან ავიდნენ ჩრდილოეთში პონტიურ-კასპიურ სტეპში, ამავე დროს გადავიდნენ ბალკანეთში ანატოლიის გავლით, ბრინჯაოს ხანაში გადავიდნენ კუნძულ კრეტაზეც და შექმნეს მინოური ცივილიზაცია.





წყარო 1: Dzudzuana, 30, 000 Year old cave in Georgia - ThoughtCo;

წყარო 2: Caucasus hunter-gatherer - Wikipedia;

წყარო 3: Haplogroup J2 (Y-DNA) - Eupedia;

წყარო 4: Haplogroup J1 (Y-DNA) - Eupedia;

წყარო 5: Yamanaya culture - Archeogenetics;

წყარო 6: მეცნიერებმა გაშიფრეს საქართველოში აღმოჩენილი 25000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი - radiotavisupleba.ge;

წყარო 7: საწურბლიას მღვიმის ნიადაგში 25000 წლის წინანდელი ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაიშიფრა - museum.ge;

წყარო 8: Human environmental genome recovered in the absence of skeletal remains - sciencedaily;

წყარო 9: Distribution maps of Austosomal admixture in Europe, The middle east and North Africa - Eupedia;



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
434
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
434
  
2021, 2 დეკემბერი, 3:08
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1