x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რჩევა, რომელსაც ყველა მშობელი გაითვალისწინებს...
უამრავი სიტუაცია არსებობს, როცა ნაბიჯის გადადგმის წინ ან სიტყვის თქმის წინ არ გვიფიქრია, მერე გვინანია, გვიტირია, გვისწავლია... მერე ისევ დაგვიშვია შეცდომა მაგრამ... ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდება, ხან რომ ვნანობთ და ხან რომ ვამაყობთ ჩვენი ქმედებით.

ცხოვრებაშიც სწორედ ისაა რთული მიხვიდე იმ მდომარეობამდე, როცა ზუსტად იცი როდის როგორ მოიქცევი, როგორ შეინარჩუნებ სიმშვიდეს ასაღელვებელ სიტუაციაში, როდის არ იტირებ ან იყვირებ როცა ეს თითქოს ნორმალურია, როდის გაჩუმდები, როცა თითქოს სათქმელია.

ადამიანები ვნანობთ, მაგრამ განსაკუთრებით ვღელავთ იმ მომენტებზე, როცა საქმე შვილებს ეხება... რამე არ შეგვეშალოს, რაიმე არასწორად არ ვუთხრათ, პატივისცემა და რიდი არ დავკარგოთ.. ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, რომ იყო მომთმენი და მისაბაძი.

ხშირად მიფიქრია, რთულია ისწავლო სხვის შეცდომებზე ან ძნელია ისწავლო სხვების მოცემული რჩევებით, მაგრამ არის რაღაც რაც გვეხმარება, გვზრდის ... თუ მოვისმენთ, წავიკითხავთ და გავიზიარებთ გამოცდილი, საინტერესო და გონიერი ადამიანების რჩევებს.

image
შალვა ამონაშვილი გვიზიარებს ამბავს, რომელიც დასაფიქრებელია და არ არსებობს მსგავსი კეთილშობილური სიტუაციური გამოსავალი და რაც მთავარია სულშიჩამწვდომი და დამაფიქრებელი:

"ერთხელ, ჩემმა 11 წლის ბიჭმა, დედას აწყენინა. მეუღლემ ძალიან განიცადა და ტირილი დაიწყო. ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა ყვირილი, ჩხუბი, გინება, ბავშვის ცემა და ა.შ. ჩვენი იარაღი მხოლოდ სიტყვა და პირადი მაგალითი იყო.
ბავშვს უნდა გავუღვიძოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მას უნდა ეშინოდეს იმისა, რომ არ დაარღვიოს პასუხისმგებლობა. სინდისის წინაშე უნდა გვქონდეს შიში. არ მინდა თავი მოგაწონოთ ჩემი ქმედებით, მაგრამ აი, როგორ მოვიქეცი მოცემულ სიტუაციაში.

ჩემი ბიჭი ზის და მათემატიკის დავალებას წერს. ვეკითხები:

- რას აკეთებ?
- ამოცანას ვხსნი, - მიპასუხა.
- და ვის სჭირდება ეს ამოცანები?
- მე არ მჭირდება, მასწავლებელს სჭირდება.
- მაშინ მასწავლებელი მოიცდის, საქმე მაქვს შენთან. გთხოვ, წამოდი ქუჩაში, მინდა დაგელაპარაკო როგორც კაცი - კაცს.
(მამებს ვთავაზობ ამ მეთოდს - კაცური ლაპარაკი - ერთი-ერთზე). ეს პირველად მოხდა.
გაკვირვებული მეკითხება:
- აქ არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ?
- არა.

მივდივართ პარკის მიმართულებით. სკამზე ჩამოვსხედით. ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდა და ელოდებოდა, როდის დავიწყებდი საუბარს. ვეკითხები:

- შვილო, ახლა რამდენი წლის ხარ?
- 11-ის.
- იცი, უნდა გამიგო რასაც ახლა გეტყვი. შენი დახმარება მჭირდება. იყო დრო, როდესაც შემიყვარდა გოგონა და პირობა მივეცი, რომ თუ ცოლად გამომყვებოდა, არასდროს არავის მივცემდი მისი წყენინების უფლებას. როგორ ფიქრობ, სწორად მოვიქეცი?
- კი, რა თქმა უნდა.
- როდესაც შენ ცოლს მოიყვან, შენც ხომ არავის მისცემ მისი წყენინების უფლებას?
- არა, არავის.

ხელი ჩამოვართვი, მოვუწონე პასუხი და ვუთხარი, რომ ეს ნამდვილი კაცური საქციელი იყო. ისევ წამოვიწყე საუბარი.

- საფიქრალში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, როგორ მოვექცე ჩემს შვილს, რომელმაც აწყენინა ჩემს საყვარელ ქალს. ქალს, რომელსაც პირობა მივეცი, მაგრამ მისი დაცვა ვერ შევძელი...

ჩემი ბიჭი დიდხანს დუმდა. არ გეგონოთ, რომ ეს დუმილი ტყუილი დროის ხარჯვა იყო. რაც მის თავში და გულში ტრიალებდა, სწორედ ეგ იყო თერაპია. თავდახრილი იჯდა. უცებ, თავი ასწია და მითხრა:

- დამსაჯე!
- კი მაგრამ, ეგ ხომ ადვილია. მე მაშინვე შემეძლო შენი დასჯა. მითხარი, როგორ მოვიქცე, რითი ვიმართლო თავი მეუღლესთან?
დუმილი... ისევ მე დავარღვიე სიჩუმე:
- მოდი, ეს იყოს ჩვენი კაცური საუბარი. ოღონდ გახსოვდეს, ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი, ქალი რომელიც მიყვარს ვინმემ აწყენინოს. არც ის მინდა ჩემს შვილს ვაწყენინო. დამინდე...

ასე წამოვედით სახლისკენ..."
0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0