x
image
თეონა გორდეზიანი
გოდერძი ჩოხელის თვალით დანახული რეალობა...
image
გოდერძი ჩოხელის წერილიდან: "უცნაური კვერცხი"

"მგლებივით ყმუიან პარტიათა ლიდერები; ძაღლებივით გლეჯენ ერთურთს მათი მიმდევარნი. იხარჯება უამრავი ფული საარჩევნო კამპანიებისთვის, იბეჭდება უძვირფასეს ქაღალდზე გაფორმებული პლაკატები (ამ დროს მწერლებს ქაღალდი ენანებათ, რომ რაღაცა დაწერონ და ისე იხოცებიან, ერი ვერც გებულობს ამას).

სადღაც საქართველოს მახლობლად ყმუის ჩასაფრებული მგელი.
ყმუიან პარტიათა ლიდერები.
ყეფენ მათი მიმდევრები.
გაწევ-გამოწევა.
ჩხუბი და დედის გინება.
ცილისწამება და ორპირობა.
გაიძვერობა და – ტყუილი, ტყუილი, ტყუილი…
საქართველოს სახელით მკერდში მჯიღის ბრაგუნი და…

ყოველდღე დამშეული, გაწამებული, სულში ჩაწიხლული ხალხის ერთურთზე წაკიდება. ოღონდ თვითონ "გავიდნენ", მაღლა აცოცდნენ, მთავრობაში მოიკალათონ და რაც კიდევ დარჩა საქართველოს ნაწამებ ძვლებს გამოსახრავი, გამოხრან.

ქვეყანა ჰგავს ერთ დიდ ორმოს, საიდანაც ხალხს ამოსვლა უნდა, მაგრამ ამოსასვლელი კიბე თუ თოკი, არ არის. მოდიან "ზევით მძრომარენი" და ლაქარდიანი ენით საარჩევნო ხმებსა სთხოვენ ამ ორმოში ჩაყრილ, გაწამებულ ხალხს. სანაცვლოდ თოკებსა და ოქროს კიბეებს ჰპირდებიან ორმოდან ამოსასვლელად. მეტი რა გზა აქვს ხალხს; იქნებ მართლა ვინმემ მოუტანოს თოკი, იქნებ მართლა ვინმემ ჩააწოდოს კიბე, კი არ სჯერათ, კი აღარ აქვთ იმედი, მაგრამ, იქნებ?

დამთავრდა არჩევნები.
ხალხმა დაპირებული კიბეებისა და თოკების სანაცვლოდ აირჩია "ძვირფასი" დეპუტატები, "ძვირფასი" პარტიები, რომლებიც თავპირისმტვრევით გაიქცნენ პარლამენტის შენობისაკენ… იქ, ზევით!

ვიღას ახსოვს ხალხი. ვიღას ახსოვს თოკი. ვიღას ახსოვს კიბე.
"ჭირსაც წაუღია ორმო და ხალხი".
"თუ გაძლებენ, გაძლებენ, თუ არადა, მით უარესი, ანდა მით უკეთესი მათთვის".

ტელევიზორი და პრესა კი: ოო, რა საამურია ქართველთა ცხოვრება!
ოო, რა დიდებულად გამოხატა ხალხმა თავისი არჩევანი!
ოო, რა მსოფლიო დონის ხელმძღვანელები გვყავს! ოო, რა დემოკრატია სუფევს საქართველოში! ორმო?
რა ორმო?!
ხალხი?
რომელი ხალხი?!
ეგენი ხო "იმისტები" არიან. ბრმა უნდა იყო, რომ ეს "სამოთხე" ვერ დაინახო.

ორმოდან კი თანდათან ძლიერდება გოდების ხმა. ტირილი. კვნესა. მიცვალებულები. ისეთი სენი გავრცელდა, რომელსაც მედიცინის ენაზე თვითმკვლელობა ჰქვია.
– გადააფარეთ მაგ ორმოს ზემოდან…"

გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი ( 1954 — 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.


გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.
0
262
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0