x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პრაქტიკული მაგია – როგორ აყალბებდნენ ოქროს ძველ ეგვიპტეში

ისტორიაში, ოქროს შესახებ, არსებობს ერთი, ე. წ. გვერდითი განშტოება - ალქიმია, რომელიც კულტურის ერთგვარი ფენომენია და ქიმიის, ფილოსოფიის, მეტალურგიის და პრაქტიკის ნაზავია. ხოლო, მისი მთავარი ამოცანა, ლითონის გარდაქმნა - "ტრანსმუტაცია" არის. მეცნიერების ეს დარგი, ძველ ეგვიპტეში ჩაისახა...


image


ის არაერთი საუკუნეა რაც არსებობს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მისი გაქრობა, ამოძირკვა მაინც ვერ მოხერხდა. რა იზიდავს ხალხს ამ სფეროში? ალბათ ის, რომ უამრავი ლეგენდის გარდა, ბევრი ისტორიული ფაქტიც არსებობს, რომლის ჭეშმარიტებას ე. წ. ფუნდამენტალური მეცნიერების წარმომადგენლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

ჩვენს დროში უნივერსიტეტებს ცოდნის ტაძრებს ეძახიან. ძველ ეგვიპტეში კი, ტაძრები ემსახურებოდა ერთდროულად, როგორც რელიგიას, ისე მეცნიერებას. ტაძრებში იყო მუზეუმები და ლაბაორტორიები. იქვე ასწავლიდნენ საინჟინრო და სამშენებლო ხელოვნებას, ამზადებდნენ ზედამხედველებს სამთო და მეტალურგიული წარმოებისთვის. ზოგიერთი ქურუმი ბუნების ნამდვილი მკვლევარი იყო, რომელიც ბუნებრივ მოვლენებში და მათ შინაგან კავშირებშიც კარგად ერკვეოდა. გარდა ამისა, ქურუმებისთვის ცნობილი იყო ქიმიური რეაქციებიც, რა დროსაც, ერთი სახის ნივთიერება, მეორედ გარდაიქმნებოდა.

ქურუმების მიერ დაგროვილი ცოდნა, ლითონების, მათი წარმოების და თვისებების შესახებ, ეგვიპტის ე. წ. «წმინდა ხელოვნება», თავისი პირვანდელი სახით, ჩვ. წ. აღრ. III – IV საუკუნემდე არსებობდა. ლითონის ოქროდ გადაქცევის საიდუმლო კი, მხოლოდ რჩეულებს გადაეცემოდათ, ისიც ქურუმების ან ფარაონის თანხმობის შემთხვევაში. ხოლო, ამ გზით მიღებული, ოქროს მოხმარების უფლება მხოლოდ ფარაონებს ჰქონდათ და მათ გარდა, არავის!

ძვ. წ. აღრ. 718 წელს ეგვიპტეში ეთიოპიის არმია შეიჭრა. ეთიოპიის მეფეს განსაკუთრებით, ოქრო იზიდავდა, რომელიც ეგვიპტეში თვალშისაცემად ბევრი იყო...

გავიდა ორი საუკუნე და ეგვიპტეში, ახლა მიდიელები და სპარსები შეიჭრნენ. დამპყრობლებმა მაღაროები დაიკავეს, მაგრამ ექსპლუატაციისთვის ცოდნა არ გააჩნდათ. მათ ქურუმებიც დაატყვევეს, მაგრამ ამ უკანასკნელებმა, მეტალურგიული ოპერაციების საიდუმლო არ გაამხილეს და მტერს მხოლოდ ოქროს მოპოვების რამდენიმე ხერხი გააცნეს.

ეგვიპტურ ალქიმიასთან და ალქიმიკოსებთან დაკავშირებით, ჩვენამდე მხოლოდ ორმა დოკუმენტმა მოაღწია, რომელიც ნათელს ჰფენს ეგვიპტის უძველესი ხელოვნების ზოგიერთ საიდუმლოს. მათ შორის, ერთ–ერთი, ე. წ. სტოკჰოლმის პაპირუსია (სტოკოლმში ინახება), რომელშიც «ძვირფასი ქვების» შექმნის ინსტრუქციას შეიცავს, უფრო ზუსტად კი, მინის სხვადასხვა ფრად შეღებვის ტექნოლოგიას. ხოლო, მეორე — ლეიდენის (ნიდერლანდები) პაპირუსი — რეცეპტების ნაკრებია, რომელსაც ოქრომჭედლები და მეტალურგები იყენებდნენ.

მასში მოცემულია ინფორმაცია ვერცხლიდან ოქროს მიღების და ოქროს «გაორმაგების», ანუ შენადნობის მიღების შესახებ, რომელიც ფერით ოქროს ჰგავდა, მაგრამ ძვირფასი ლითონი არ იყო. დოკუმენტი ასევე შეიცავდა ინფორმაციას, ვერცხლის ოქროთი დაფარვის ტექნოლოგიის შესახებ. ორივე დოკუმენტი ბერძნულ ენაზეა შედგენილი და ჩვ. წ. აღრ. III საუკუნით არის დათარიღებული. თუმცა, იქ მოცემული ინფორმაცია, სავარაუდოდ, ეგვიპტეში მიდიელების და სპარსების შეჭრის პერიოდს ეხება. უკვე იმ დროში, ეგვიპტელები იაფფასიანი შენადნობების შექმნის ტექნოლოგიას ფლობდნენ, რომლიდანაც ღარიბი მოსახლეობისთვის, მათი «სიკვდილის შემდგომ სიცოცხლისთვის», ყალბ ოქროს ნივთებს ამზადებდნენ და სავარაუდოდ, ეგვიპტის დამპყრობლებს, დატყვევებულმა ქურუმებმა, სწორედ ყალბი ოქროს მიღების საიდუმლო გაუმხილეს.


image


imageimageimageimage




0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0