x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
ჯანდაცვის ექსპერტები ჯანმოს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მიმართ პოზიციის შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ

image
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი 80% დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად კი 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

მსოფლიოს 100-ზე მეტი ჯანდაცვის ექსპერტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან “თამბაქოს პანდემიის” პრევენციისათვის გადადგმულ ნაბიჯებს სკეპტიკურად უყურებს, - წერს ავსტრალიის წამყვანი საინფორმაციო სააგენტო და ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჯანმოსთვის შედგენილ ღია წერილის აქვეყნებს.

აღნიშნული წერილი შედგება შვიდი საკითხისგან და ექვსი რეკომენდაციისგან, რომელიც ჯანმოს მიდგომის “მოდერნიზაციას” ემსახურება.

“ჯანმო უარყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გადაარჩინოს მილიონობით მწეველის სიცოცხლე”, - წერია ჯანდაცვის ექსპერტთა წერილში.

როგორც ავსტრალიის თამბაქოს ზიანის შემცირების ასოციაციის დამფუძნებელი, დოქტორი კოლინ მენდელსონი აღნიშნავს, ჯანმო თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის წინააღმდეგ ამკრძალავ კამპანიას ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის შემცირება მისი ოფიციალური პოლიტიკის ნაწილია.

“ჯანმო არის უკიდურესად დეზინფორმირებული თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ და არ ესმის, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მოწევის ალტერნატივას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს უფრო მეტი მწეველის სიკვდილს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში”, - ამბობს მენდელსონი.

2021 წლის ივლისში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჯანმო მიიჩნევს, რომ ელექტრონული სიგარეტები წარმოადგენს საფრთხეს არასრულწლოვანთათვის, რადგან მათი მხრიდან ტრადიციული თამბაქოს მოხმარების ინიცირების საფრთხეს 3-ჯერ ზრდის.

“ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, ნიკოტინის მიმწოდებელი ელექტრონული სისტემები კი ზიანის შემცველია, ამიტომ საჭიროა მათი უკეთ რეგულირება. იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოწყობილობები არ არის აკრძალული, მთავრობებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ზიანისგან დაიცვან საკუთარი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები”, - აღნიშნავს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 32-მა ქვეყანამ აკრძალა ელექტრონული სიგარეტების გაყიდვები, 79-მა ქვეყანამ მიიღო ერთი რეგულაცია მაინც ამ მიმართულებით, ხოლო 84 ქვეყანა არ ახდენს ელექტრონული სიგარეტების რეგულირებასა თუ აკრძალვას.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს თამბაქოს კვამლი და მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები წარმოადგენს.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების სფეროში მუდმივად მიმდინარეობდა განვითარება, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია ნიკოტინის ახალი პროდუქტები, რომლებიც არ იყენებენ წვას, შესაბამისად, ნიკოტინის მისაღებად მომხმარებელი არ საჭროებს კვამლის ჩასუნთქვას”, - ვკითხულობთ წერილში.

ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები (როგორიც არის სნუსი) და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, ნიკოტინის ორალური მოხმარების პლასტერები და სხვა.

“მსოფლიოში არსებობს მუდმივად მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები ზიანის შემცველია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ სიგარეტების მოხმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ პოპულაციურ დონეზე”, - აღნიშნულია წერილში.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, მართალია, არსებობს დიდი რაოდენობით სამეცნიერო მტკიცებულება თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო სარგებელის შესახებ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გადაწყვეტით ვისაუბროთ მოწყობილობის ბენეფიტებსა თუ რისკებზე.

“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულება და არ მივცეთ ნება ზედმეტ სიფრთხილესა თუ ინფორმაციის ნაკლებობას, ხელი შეუშალოს მწეველთა შესაძლებლობას, გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე და თავი დაანებონ ტრადიციული თამბაქოს მოწევას - ჩვევას, რომელიც ვიცით, რომ ლეტალურია”, - აცხადებენ ჯანდაცვის ექსპერტები.

R

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0